იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მსაჯულთა“
როგორ რეაგირებს იეჰოვა, როდესაც თავისი ხალხი ზურგს აქცევს და ცრუ ღმერთებისადმი თაყვანისცემას იწყებს? რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი გამუდმებით უხვევენ ღვთის გზებიდან და იეჰოვას მხოლოდ მაშინ მიმართავენ დახმარებისთვის, როცა უჭირთ? ასეთ შემთხვევაშიც ეხმარება მათ იეჰოვა? წიგნში „მსაჯულთა“ შეიძლება ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების პოვნა. დაახლოებით ძვ. წ. 1100 წელს წინასწარმეტყველ სამუელის მიერ დაწერილი ეს წიგნი დაახლოებით 330 წელს მოიცავს — იესო ნავეს ძის სიკვდილიდან ისრაელის პირველ მეფემდე.
წიგნი „მსაჯულთა“ ღვთის ძლიერმოქმედი სიტყვის, ანუ ცნობის, ნაწილია და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის (ებრაელები 4:12). მასში ჩაწერილი ამაღელვებელი ცნობა ღრმად გვახედებს ღვთის პიროვნებაში. ყველაფერი, რასაც ამ წიგნიდან ვსწავლობთ, რწმენას გვიძლიერებს და გვეხმარება, მტკიცედ ჩავეჭიდოთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ ანუ მარადიულ სიცოცხლეს ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 6:12, 19; 2 პეტრე 3:13). თავისი ხალხის დასახსნელად იეჰოვას მოქმედება გვიჩვენებს, თუ როგორ მოუტანს ის მომავალში უფრო დიდ ხსნას ერთგულ ადამიანებს თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.
რატომ იყვნენ საჭირო მსაჯულები?
იესო ნავეს ძის მეთაურობით ისრაელები ამარცხებენ ქანაანის მეფეებს და ცალკეული შტოები თავიანთ სამკვიდროს იღებენ. მაგრამ ისრაელები ბოლომდე ვერ ათავისუფლებენ ამ ქვეყანას ადგილობრივ მკვიდრთაგან. ეს კი მათთვის ნამდვილი მახე ხდება.
იესო ნავეს ძის შემდგომ მოსული თაობა ‘არ იცნობს უფალს და იმ საქმეს, რაც მან მოიმოქმედა ისრაელისთვის’ (მსაჯულთა 2:10). გარდა ამისა, ისინი ქორწინდებიან ქანაანელებზე და ემსახურებიან მათ ღმერთებს. ამიტომ იეჰოვა მათ მტრების ხელში ყრის. მაგრამ, როდესაც მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება, ისრაელები დახმარებისთვის ჭეშმარიტ ღმერთს უხმობენ. აი ასეთ რელიგიურ, სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში ხდება ცნობაში მოხსენიებულ იმ მსაჯულთა მსახურება, რომლებსაც იეჰოვა მტრებისგან თავისი ხალხის დასაცავად ნიშნავს.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:2, 4. რატომ მიენიჭა იუდას უფლება, გამხდარიყო პირველი ტომი, რომელიც თავის კუთვნილ მიწას დაიმკვიდრებდა? ჩვეულებრივ, ეს უპირატესობა რეუბენის, იაკობის პირმშოს, ტომს ეკუთვნოდა. მაგრამ სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ რეუბენი დაკარგავდა თავის პირმშოობას და ამასთან ერთად თავის უფლებებსაც. სიმონი და ლევი, რომლებიც სასტიკად მოიქცნენ, მთელ ისრაელში იქნენ გაბნეულნი (დაბადება 49:3—5, 7). ასე რომ, რიგით შემდგომი იუდა, იაკობის მეოთხე ვაჟი, იყო. სიმონმა იუდას დიდ ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას მიწის პატარა მონაკვეთები დაიმკვიდრაa (იესო ნავეს ძე 19:9).
1:6, 7. რატომ ჭრიდნენ დამარცხებულ მეფეებს ხელისა და ფეხის ცერა თითებს? როგორც ჩანს, ადამიანი, რომელსაც ცერა თითები არ ჰქონდა, ბრძოლისთვის ვეღარ გამოდგებოდა. მათ გარეშე როგორღა შეძლებდა მეომარი ხმლის ან შუბის ხმარებას? ცერა თითის გარეშე ადამიანი სათანადოდ წონასწორობასაც ვერ შეინარჩუნებდა.
რას ვსწავლობთ:
2:10—12. უნდა გვქონდეს ბიბლიის რეგულარულად შესწავლის გეგმა, რათა ‘არ დავივიწყოთ, რაც კეთილი გვიყო’ იეჰოვამ (ფსალმუნები 102:2). მშობლებმა შვილებს გულებში უნდა ჩაუნერგონ ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება (მეორე რჯული 6:6—9).
2:14, 21, 22. იეჰოვა უშვებს, რომ ცუდი რამ შეემთხვას თავის ურჩ ხალხს, რათა დასაჯოს ისინი, გაწმინდოს და აღძრას, კვლავ დაუბრუნდნენ მას.
იეჰოვა ნიშნავს მსაჯულებს
ისრაელში მსაჯულთა მსახურების შესახებ აღმაფრთოვანებელი ცნობა იმით იწყება, თუ როგორ უღებს ბოლოს ღოთენიელი ისრაელებზე მესოპოტამიელი მეფის რვაწლიან ბატონობას. მსაჯული ეჰუდი გაბედულად მოქმედებს და კლავს მოაბის მსუქან მეფეს, ყეგლონს. გულადი შამგარი მარტო ხოცავს 600 ფილისტიმელს მენახირის ჯოხით, რომელსაც მახვილი ბოლო აქვს. წინასწარმეტყველ დებორას წაქეზებითა და იეჰოვას დახმარებით, ბარაკი მსუბუქად შეიარაღებული ათი ათასკაციანი ჯარით იმარჯვებს სისარას ძლიერ არმიაზე. იეჰოვა ირჩევს გედეონს და 300 კაცთან ერთად მას მიდიანელებზე ამარჯვებინებს.
იფთახის მეშვეობით იეჰოვა ისრაელებს ყამონელებისგან ათავისუფლებს. ისრაელის თორმეტ მსაჯულთა შორის არიან: თოლა, იაირი, იბცანი, ელონი და ყაბდონიც. მსაჯულთა პერიოდი მთავრდება სამსონის დროს, რომელიც ფილისტიმელთა წინააღმდეგ იბრძვის.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
4:8. რატომ ითხოვდა ბარაკი დაჟინებით, რომ ბრძოლის ველზე წინასწარმეტყველი დებორა გაჰყოლოდა? როგორც ჩანს, ბარაკი თავს საიმისოდ შეუფერებლად მიიჩნევდა, რომ მარტო გასულიყო სისარას ჯარის წინააღმდეგ. წინასწარმეტყველ დებორას თანხლება მას და მის მეომრებს იმისადმი რწმენას განუმტკიცებდა, რომ ღმერთი უწევდათ ხელმძღვანელობას, და გულდაჯერებულობას შეჰმატებდათ. ის ფაქტი, რომ ბარაკი დაჟინებით ითხოვდა დებორას თანხლებას, მისი სისუსტის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ მტკიცე რწმენის.
5:20. როგორ იბრძოდა ზეციდან ვარსკვლავები ბარაკის სასარგებლოდ? ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, ეხმარებოდნენ თუ არა მას ომში ანგელოზები; იყო თუ არა ეს მეტეორიტების ცვენა, რომელიც სისარას ბრძენკაცების მიერ უბედურების მომასწავებლად იქნებოდა მიჩნეული, თუ ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ ის, რაც ასტროლოგებმა სისარას უწინასწარმეტყველეს, არასწორი აღმოჩნდებოდა. ასე იყო თუ ისე, ცხადია, ამ საქმეში ღმერთი ჩაერია.
7:1—3; 8:10. რატომ თქვა იეჰოვამ, რომ გედეონის 32 000 კაცი ძალიან ბევრი იყო 135 000–იან მტერთან საბრძოლველად? იმიტომ რომ გამარჯვება გედეონსა და მის კაცებს იეჰოვამ მოაპოვებინა. ღმერთს არ უნდოდა, მათ ეფიქრათ, რომ საკუთარი ძალით დაამარცხეს მიდიელები.
11:30, 31. ადამიანური შესაწირავი ჰქონდა მხედველობაში იფთახს აღთქმის დადებისას? მსგავსი აზრი იფთახს თავში არ მოუვიდოდა, რადგან რჯულში ნათქვამია: „არ იპოვებოდეს შენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი“ (მეორე რჯული 18:10). მაგრამ იფთახს აღთქმის დადებისას ადამიანი ჰყავდა მხედველობაში და არა ცხოველი. სავარაუდოა, რომ შესაწირავად ვარგისი ცხოველები ისრაელებს სახლში არ ეყოლებოდათ. აგრეთვე ცხოველური შესაწირავის აღვლენა არაფრით იქნებოდა განსაკუთრებული. იფთახმა იცოდა, რომ მოსალოდნელი იყო, შესახვედრად თავისი ქალიშვილი გამოსულიყო. სწორედ ის, ვინც გამოვიდოდა, უნდა ყოფილიყო ‘სრულადდასაწველად აღსავლენი’ იმ გაგებით, რომ საწმინდარში იეჰოვასადმი განსაკუთრებული მსახურება შეესრულებინა.
რას ვსწავლობთ:
3:10. სულიერ საქმეებში წარმატებები დამოკიდებულია არა ადამიანურ სიბრძნეზე, არამედ იეჰოვას სულზე (ფსალმუნები 126:1).
3:21. ეჰუდმა მარჯვედ და გაბედულად იშიშვლა ხმალი. ჩვენც მსგავსად უნდა ვიყოთ დახელოვნებული „სულის მახვილის ანუ ღვთის სიტყვის“ გამოყენებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მსახურებაში საღვთო წერილი გაბედულად უნდა გამოვიყენოთ (ეფესოელები 6:17; 2 ტიმოთე 2:15).
6:11—15; 8:1—3, 22, 23. გედეონის მოკრძალებულობიდან სამ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: 1) როდესაც მსახურებაში რაღაც უპირატესობა გვენიჭება, უნდა ვიფიქროთ იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ უპირატესობასთან არის დაკავშირებული და არა სახელსა და პრესტიჟზე, რომელიც შეიძლება ამან მოგვიტანოს. 2) ისეთ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებსაც შარიანობა ახასიათებთ, მოკრძალებას გონივრულად მოქმედებით გამოვავლენთ. 3) მოკრძალება დაგვეხმარება, რომ მეტისმეტად არ გავამახვილოთ ყურადღება მსახურებაში ჩვენს დანიშნულებაზე.
6:17—22, 36—40. ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ და „ყველა შთაგონებული სიტყვა“ არ უნდა ვირწმუნოთ. ნაცვლად ამისა, საჭიროა ‘შევამოწმოთ შთაგონებული სიტყვები, რათა დავინახოთ, ღვთისგან არის თუ არა’ ისინი (1 იოანე 4:1). როდესაც ახალბედა ქრისტიანი უხუცესი რჩევის მიცემას აპირებს, კარგი იქნებოდა აზრი გამოცდილი უხუცესებისთვის ეკითხა, რათა დარწმუნებულიყო, რომ რჩევა უშუალოდ ბიბლიაზეა დაფუძნებული.
6:25—27. გედეონმა გამჭრიახობა გამოავლინა და ზედმეტად არ გააღიზიანა თავისი მოწინააღმდეგენი. სასიხარულო ცნობის ქადაგებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი ლაპარაკით სხვები ზედმეტად არ გავაღიზიანოთ.
7:6. იეჰოვას მსახურებაში ჩვენც გედეონის 300 კაცის მსგავსნი უნდა ვიყოთ — ფხიზელნი და ყურადღებიანნი.
9:8—15. დიდი უგუნურებაა ამპარტავნულად მოქმედება და განსაკუთრებული მდგომარეობისა თუ ძალაუფლებისკენ ამბიციურად ლტოლვა.
11:35—37. რა თქმა უნდა, იფთახის კარგმა მაგალითმა გარკვეული როლი შეასრულა იმაში, რომ მის ქალიშვილს მტკიცე რწმენა და თავგანწირვის სულისკვეთება განუვითარდა. დღეს მშობლებმა მსგავსი მაგალითი უნდა მისცენ შვილებს.
11:40. ადამიანისთვის გამამხნევებელია, როდესაც სხვები იეჰოვას მსახურებაში გამოვლენილი მზადყოფნის სულისკვეთებისთვის აქებენ.
13:8. როდესაც შვილებს ასწავლიან, მშობლებმა იეჰოვას უნდა სთხოვონ ხელმძღვანელობა და მიჰყვნენ მის მითითებას (2 ტიმოთე 3:16).
14:16, 17; 16:16. ზეგავლენის მოსახდენად ტირილმა და გულის გამაწვრილებელმა ჭირვეულობამ შეიძლება ურთიერთობაზე საზიანოდ იმოქმედოს (იგავები 19:13; 21:19).
ისრაელთა სხვა არასწორი ქმედებები
„მსაჯულთა“ წიგნის ბოლო ნაწილი ორ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს. პირველი ეხება კაცს, მიქას, რომელიც სახლში კერპს იდგამს და მღვდლად ლევიანს იყვანს. ლაიშის, ანუ ლეშემის, განადგურების შემდეგ დანელები აგებენ საკუთარ ქალაქს და დანის სახელს არქმევენ. მიქას კერპისა და მისი მღვდლის გამოყენებით ისინი დანში განსხვავებულ თაყვანისმცემლობას იწყებენ. როგორც ჩანს, ლაიშს ისრაელები იესო ნავეს ძის სიკვდილამდე იპყრობენ (იესო ნავეს ძე 19:47).
მეორე ცნობა იესო ნავეს ძის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ მომხდარ შემთხვევას ეხება. ბენიამინის ქალაქ გიბყაში (გიბა) ზოგი მამაკაცი სქესობრივ ბოროტებას ჩადის, რასაც თითქმის მთელი ბენიამინის შტოს განადგურება მოჰყვება; გადარჩება მხოლოდ 600 კაცი. მაგრამ მათ ეძლევათ საშუალება, რომლის წყალობითაც შეუძლიათ ცოლები შეირთონ; შედეგად მათი რაოდენობა დავითის მეფობის პერიოდისთვის დაახლოებით 60 000–მდე იზრდება (1 ნეშტთა 7:6—11).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
17:6; 21:25. განა ანარქიას არ შეუწყობდა ხელს, თუ ‘ვისაც რა უნდოდა, იმას გააკეთებდა’? არა, რადგან იეჰოვას ხელმძღვანელობის გარეშე არ დაუტოვებია თავისი ხალხი. მან მისცა მათ რჯული და სამღვდელოება, რომელიც ხალხს ღვთის გზებს ასწავლიდა. ურიმისა და თუმიმის საშუალებით მღვდელმთავარს შეეძლო მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ღვთის თვალსაზრისის გაგება (გამოსვლა 28:30). აგრეთვე თითოეულ ქალაქს ჰყავდა თავკაცები, რომლებსაც საღი რჩევის მიცემა შეეძლოთ. როდესაც ისრაელი იყენებდა ყოველივე ამას, სინდისის საფუძველზე სამოქმედოდ ის სათანადო ხელმძღვანელობის გარეშე არ იყო დარჩენილი. თუ ვინმე ასეთი სახით იქცეოდა ‘ისე, როგორც უნდოდა [„როგორც სწორად მიიჩნევდა“, აქ]’, ამას სასიკეთო შედეგები მოჰქონდა. მეორე მხრივ, თუ ადამიანი უგულებელყოფდა რჯულს და მოქმედებისა თუ თაყვანისმცემლობის საკითხში გადაწყვეტილებებს საკუთარი შეხედულებისამებრ იღებდა, შედეგი სავალალო იყო.
20:17—48. რატომ მისცა იეჰოვამ ნება ბენიამინელებს დანარჩენი შტოები ორჯერ დაემარცხებინათ, მაშინ როდესაც უნდა დასჯილიყვნენ? თავიდან იეჰოვამ დაუშვა, რომ ერთგულ შტოებს ორჯერ დიდი დანაკლისი განეცადათ; ამით მან გამოსცადა, ჰქონდათ თუ არა ერთგულ შტოებს მტკიცედ გადაწყვეტილი ისრაელიდან ბოროტების აღმოფხვრა.
რას ვსწავლობთ:
19:14, 15. გიბყას მკვიდრებმა სტუმართმოყვარეობა არ გამოავლინეს, რაც ცხადყოფდა, რომ მათი მორალური მდგომარეობა ცუდი იყო. ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს: „სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ“ (რომაელები 12:13).
მომავალი ხსნა
ძალიან მალე ღვთის სამეფო იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით გაანადგურებს ბოროტ წუთისოფელს და დიდ ხსნას მოუტანს მართალ და უდანაშაულო ხალხს (იგავები 2:21, 22, სსგ; დანიელი 2:44). მაშინ ‘დაიღუპება უფლის ყველა მტერი და მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდებიან’ (მსაჯულთა 5:31, სსგ). დაე გამოვიყენოთ ის, რასაც „მსაჯულთა“ წიგნიდან ვსწავლობთ და, ამგვარად, იეჰოვას მოყვარულთა შორის ვიყოთ.
ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც „მსაჯულთა“ წიგნში არაერთხელ გვხვდება, შემდეგია: იეჰოვასადმი მორჩილებას უხვი კურთხევები მოაქვს, ურჩობას კი საშინელი შედეგები (მეორე რჯული 11:26—28). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავხდეთ ღვთის ნებისადმი ‘გულით მორჩილები’ (რომაელები 6:17; 1 იოანე 2:17).
[სქოლიოები]
a ლევიანებს აღთქმულ ქვეყანაში მემკვიდრეობა არ მიუღიათ, თუ არ ჩავთვლით 48 ქალაქს, რომლებიც მთელ ისრაელში იყო მიმოფანტული.
[რუკა 25 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
„დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ“ (მსაჯულთა 2:16, სსგ).
მსაჯულები
1. ღოთენიელი მენაშე
2. ეჰუდი იუდა
3. შამგარი იუდა
4. ბარაკი ნაფთალი
5. გედეონი ისაქარი
6. თოლაყი მენაშე
7. იაირი მენაშე
8. იფთახი გადი
9. იბცანი აშერი
10. ელონი ზებულონი
11. ყაბდონი ეფრემი
12. სამსონი იუდა
დანი
მენაშე
ნაფთალი
აშერი
ზებულონი
ისაქარი
მენაშე
გადი
ეფრემი
დანი
ბენიამინი
რეუბენი
იუდა
[სურათი 26 გვერდზე]
რას სწავლობთ იმ ფაქტიდან, რომ ბარაკი დაჟინებით სთხოვდა დებორას, ბრძოლის ველზე გაჰყოლოდა?