ეჰუდი
1. ბენიამინისტომელი იედიაელის შთამომავალი ბილჰანის ხაზით; მამაცი და ძლიერი ვაჟკაცი (1მტ. 7:6, 10, 11).
2. ბენიამინისტომელი გერას ვაჟი (მსჯ. 3:15); ეჰუდი ღმერთმა აირჩია, რომ ისრაელი ერი მოაბის მეფე ეგლონის 18-წლიანი ჩაგვრისგან გაეთავისუფლებინა. ღმერთმა დაუშვა ისრაელების ჩაგვრა, რადგან „ბოროტებას სჩადიოდნენ ისინი იეჰოვას თვალში“ (მსჯ. 3:12—14).
როცა ისრაელებმა შველა სთხოვეს იეჰოვას, დაუნიშნა მათ ღმერთმა მხსნელად ეჰუდი. მოგვიანებით ეჰუდის ხელით ისრაელებმა ხარკი გაუგზავნეს ეგლონს. ეჰუდმა ერთი წყრთის [ებრ. გომედ] სიგრძის ორლესული მახვილი გაიკეთა. უცნობია, რა ზომის წყრთაზეა საუბარი. ზოგს მიაჩნია, რომ ეს იყო მოკლე წყრთა ანუ დაახლოებით 38 სმ. ეჰუდი ცაცია იყო ანუ სიტყვასიტყვით „კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი შეკრული ჰქონდა (უშლიდა)“. ეს არ ნიშნავს, რომ ეჰუდი ინვალიდი იყო, რადგან იგივე ებრაული ფრაზა გამოყენებულია 700 ბენიამინელ მეომართან, რომელთაც ფიზიკური ნაკლი არ ექნებოდათ — უბრალოდ ცაციები იყვნენ და, სავარაუდოდ, ორივე ხელს ერთნაირად ხმარობდნენ (მსჯ. 3:15, 16; 20:16; შდრ. 1მტ. 12:2). ბიბლიაში პირდაპირ არ წერია, რომ ეჰუდი ორივე ხელს ერთნაირად იყენებდა, თუმცა ეს გამორიცხული არ არის. ყოველ შემთხვევაში, რადგან ცაცია იყო, მან მახვილი ტანსაცმლის ქვეშ, მარჯვენა ბარძაყზე შემოირტყა.
ხარკის გადაცემის შემდეგ ეჰუდმა გაუშვა ხარკის მიმტანები და გილგალის სამტეხლოდან უკან მიბრუნდა. ის მივიდა მოაბის მეფე ეგლონთან, რომელიც ზემოთა ოთახში იყო და უთხრა: „ღვთის სიტყვა მაქვს სათქმელი“. ეგლონი დაინტერესდა და ტახტიდან წამოდგა. „ეჰუდმა მარცხენა ხელი მარჯვენა ბარძაყზე იტაცა“, მახვილი მსუქან ეგლონს „მუცელში გაუყარა ვადიანად და ქონმა დაფარა მახვილი“. ადამიანი, რომელიც ცაცია არ არის, მახვილს მარცხენა მხრიდან ამოიღებდა. ამიტომ ეგლონი, სავსებით შესაძლებელია, არ ელოდა, რომ ეჰუდი მარცხენა ხელით ამოიღებდა მახვილს მარჯვენა მხრიდან. ეგლონი მოკვდა. ეჰუდმა ზემოთა ოთახის კარები გამოიხურა, ჩაკეტა და დერეფნიდან გავიდა. ბოლოს ეგლონის მსახურებმა კარები გააღეს და ნახეს, რომ მათი ბატონი მიწაზე ეგდო მკვდარი (მსჯ. 3:15—25).
ეფრემის მთიან მხარეს შეფარებულმა ეჰუდმა თავი მოუყარა ისრაელთა ლაშქარს და უთხრა: „მომყევით, ხელში ჩაგიგდოთ იეჰოვამ თქვენი მტერი, მოაბელები“. იორდანეს ფონების დაკავების შემდეგ ისრაელებმა სახლში დასაბრუნებელი გზა მოუჭრეს მოაბელებს. უეჭველია, მოაბელები სულიერად გატეხა მათი მეფის სიკვდილმა. ასე რომ, ისრაელებმა 10 000 მოაბელი დასცეს, „ყველა ძლიერი და მამაცი; არავინ გადარჩენილა“. მოაბი ისრაელის ხელქვეითი გახდა და ეჰუდის წინამძღოლობით „დაისვენა მიწამ ოთხმოცი წელი“ (მსჯ. 3:26—30).
ეჰუდზე პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ მსაჯული იყო, თუმცა მოხსენიებულია მხსნელად (მსჯ. 3:15). ვინაიდან ოთნიელს, რომელიც აგრეთვე მსაჯულების დროს ცხოვრობდა, მხსნელიც ეწოდებოდა და მსაჯულიც (მსჯ. 3:9, 10), ეჰუდიც, როგორც ჩანს, მხსნელიც იყო და მსაჯულიც.
3. სახელი მოხსენიებულია 1 მატიანის 8:1, 6-ში, ბენიამინის შთამომავლების ჩამონათვალში.