ᲮᲝᲠᲛᲐ
(გასანადგურებელი).
ქალაქი იუდას სამხრეთში (1მტ. 4:30). თუმცა შესაძლებელია, რომ ამ სახელით წოდებული ყოფილიყო არა მხოლოდ ეს ქალაქი, არამედ სხვა ადგილი ან მთელი მხარეც კი.
კადეშიდან 12 მზვერავის დაბრუნების შემდეგ (რც. 13:26) ისრაელებმა თავიდან უარი თქვეს ქანაანში შეჭრაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მათ მსჯავრი დასდო მოჯანყე განწყობისა და რწმენის უკმარისობის გამო, გადაწყვიტეს, რომ თავს დასხმოდნენ ქანაანელებს — ოღონდ ეს იეჰოვას მითითების საწინააღმდეგოდ გააკეთეს. ისინი „ადგნენ დილაადრიანად“, რომ ასულიყვნენ იმ ადგილზე, რომელიც იეჰოვას ჰქონდა ნახსენები. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მათ „მთის წვერზე ასვლა დააპირეს“ (რც. 14:40). თუმცა თავიანთ სიტყვებში, რომ აპირებდნენ ასვლას „იმ ადგილზე, იეჰოვამ რომ თქვა“, ისინი შესაძლოა გულისხმობდნენ არა რომელიმე კონკრეტულ მთას, არამედ „ამორეველთა მთიან მხარეს“, რომელიც შემდგომში ზემოაღნიშნული მოვლენების აღწერისას მოიხსენია მოსემ (კნ. 1:19—21, 41—43). ბიბლიიდან არ ჩანს, თუ რა მანძილზე მოუწიათ მათ წასვლა, არც ის, ერთ დღეში განვითარდა თუ არა ეს მოვლენები; თუმცა, როგორც ბიბლიური მონათხრობიდან ირკვევა, ეს მოვლენები დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში უნდა განვითარებულიყო.
როგორც უნდა ყოფილიყო, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისრაელებს დახვდნენ ამალეკელები და ქანაანელები (კნ. 1:44-ის თანახმად, „ამორეველები“ — ქანაანელები ზოგადად ამ სახელით მოიხსენიებოდნენ; შდრ. დბ. 48:22; იეს. 24:15) და დაამარცხეს ისრაელები, მიმოფანტეს ისინი და „ხორმამდე სდიეს“ (რც. 14:45). კანონის 1:44-დან ვიგებთ, რომ ამორეველებმა სეირში მიმოფანტეს ისრაელები და ხორმამდე სდიეს მათ. სეირი ედომელთა სამფლობელოში შედიოდა და, როგორც ჩანს, მათი ტერიტორია იმ დროს უადი-არაბას დასავლეთიდან ნეგების მხარემდე ვრცელდებოდა (შდრ. რც. 20:14, 16; იეს. 11:17). ამ მარცხის შემდეგ ისრაელები კადეშში დაბრუნდნენ (კნ. 1:45, 46).
როდესაც ისრაელების უდაბნოში ხეტიალი დასასრულს უახლოვდებოდა, მათ კვლავ აიღეს გეზი ქანაანისკენ; ამ დროს მათ თავს დაესხა არადის ქანაანელი მეფე (იხ. არადი №2). უცნობია, რამდენად შორს წაიწია სამხრეთისკენ არადის მეფემ, სანამ ისრაელებს შეებრძოლებოდა, თუმცა ისრაელებმა, რომლებმაც იეჰოვას აღთქმა დაუდეს, დაამარცხეს ის და „გაანადგურეს მისი ქალაქები“, რის შემდეგაც იმ ადგილს „ხორმა“ უწოდეს (რც. 21:1—3; იხ. გასანადგურებელი, მიძღვნილი). მოსეს მანამდე უკვე ჰქონდა მოხსენიებული ეს სახელწოდება იმ მონაკვეთში, რომელშიც აღწერა ისრაელზე ქანაანელთა გამარჯვება. შესაძლოა მან ეს წინასწარ იმიტომ გააკეთა, რომ, როცა მოგვიანებით ამ სახელწოდებას გამოიყენებდა, მისი წარმოშობის ისტორიასაც აღწერდა (რც. 14:45). თუმცა ისრაელები არ დასახლებულან იმ მხარეში. მათ შემოუარეს ედომს, ჩრდილოეთისკენ იბრუნეს პირი და საბოლოოდ ქანაანში მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით მდინარე იორდანის გადაკვეთის შემდეგ შევიდნენ (რც. 21:4; 22:1).
იესო ნავეს ძის 12:14-ში, სადაც ჩამოთვლილია იესო ნავეს ძის მიერ დამარცხებული 31 მეფე, „ხორმის მეფე“ მოიხსენიება არადის მეფის შემდეგ. როგორც ჩანს, ეს გამარჯვება არ უნდა უკავშირდებოდეს იმ გამარჯვებას, რომელიც ისრაელმა ადრე, მოსეს სიცოცხლეში მოიპოვა, როდესაც იესო ნავეს ძე ისრაელებს ბრძოლებში მიუძღოდა, რადგან ეს ის გამარჯვებებია, რომლებიც ისრაელმა მდინარე იორდანის გადაკვეთისა და ქანაანში შესვლის შემდეგ მოიპოვა (იეს. 12:7, 8). იმის მიუხედავად, რომ იესო ნავეს ძის მიერ მოპოვებული ეს გამარჯვება კონკრეტულად არ არის აღწერილი, ის შესაძლოა იგულისხმება იესო ნავეს ძის 10:40—42-ში ჩაწერილ სიტყვებში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა დატოვა ის მხარე, რათა გვერდი აევლო ედომისთვის, ქანაანელები კვლავ დასახლდნენ იმ მიწაზე. მართალია, იესო ნავეს ძემ დაამარცხა ხორმის მეფე, მაგრამ ბიბლიაში არ წერია, რომ ისრაელები მალევე დასახლდნენ ხორმაში (შდრ. გეზერის შესახებ ინფორმაციას იეს. 12:12-სა და მსჯ. 1:29-ში).
ხორმა შედიოდა იმ ქალაქების ჩამონათვალში, რომლებიც „ედომის საზღვართან, სამხრეთით, იუდას ტომის ქალაქებად“ მოიხსენიება (იეს. 15:21, 30). თუმცაღა ის გადაეცა სიმონის ტომს, როგორც იუდას ტერიტორიის „სამკვიდროში გამოყოფილი ქალაქი“ (იეს. 19:1, 2, 4; შდრ. 16:9). როგორც ბიბლიიდან ჩანს, იესო ნავეს ძემ დაამარცხა ხორმის მეფე (არაფერია ნათქვამი ქალაქის დაპყრობის შესახებ), რის შემდეგაც იუდასა და სიმონის ტომებმა გაერთიანებული ძალებით „შეუტიეს ცეფათში მცხოვრებ ქანაანელებს და გაანადგურეს. იმ ქალაქს ხორმა უწოდეს“ (მსჯ. 1:17). ის ფაქტი, რომ მათ ამ ქალაქს „ხორმა“ უწოდეს, შესაძლოა მათი მხრიდან ამ ქალაქის ადრინდელი სახელწოდების დადასტურება ან გამეორება იყო. ზოგის აზრით, მოსეს დროს სახელწოდება „ხორმა“ გამოიყენებოდა მთლიანი მხარის და არა მხოლოდ ქალაქ ცეფათის აღსანიშნავად. ეს იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ მთელი ის მხარე გასანადგურებელი იყო და ადრე თუ გვიან განადგურდებოდა კიდეც (შდრ. Commentary on the Old Testament, by C. F. Keil and F. Delitzsch 1973, Vol. II, Joshua, Judges, Ruth, p. 256; იხ. ᲪᲔᲤᲐᲗᲘ).
ხორმის ადგილმდებარეობა უცნობია. ამის თაობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ის ადგილი, რომელსაც ხორმის სავარაუდო ადგილსამყოფლად მიიჩნევენ, ჩრდილოეთით 60 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული კადეშ-ბარნეადან, საიდანაც ისრაელები დაიძრნენ „დილაადრიანად“ (რც. 14:40), და რამდენადაც ბიბლიაში ნათქვამია, რომ დამარცხებულ ისრაელებს ხორმამდე, ანუ უკან, კადეშისკენ, სდიეს, ჩანს, რომ სიშორის გამო ხორმის მდებარეობასთან დაკავშირებით გამოთქმული არც ერთი მოსაზრება არ უნდა შეესაბამებოდეს ბიბლიურ მონათხრობს.
თუმცა დავითის დროს ხორმა კვლავაც სიმონის ტომის კუთვნილი ქალაქი იყო. ეს იყო ერთ-ერთი ადგილი, რომელსაც დავითი თავს აფარებდა, როცა მტრებს გაურბოდა, და ერთ-ერთი იმ ქალაქებიდან, რომლებსაც მან მოგვიანებით ძღვენი გაუგზავნა (1სმ. 30:26—31; 1მტ. 4:24, 28—31).