დაეხმარეთ სხვებს, სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი
„რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმ. 32:8).
1, 2. როგორ უყურებს იეჰოვა თავის მსახურებს?
მშობლები ხშირად გაოცებულნი არიან, როცა თამაშით გართულ თავიანთ პატარებს აკვირდებიან და მათ თანდაყოლილ ნიჭსა თუ უნარს ამჩნევენ. თუ მშობელი ხართ, ალბათ ეს განცდა არც თქვენთვისაა უცხო. შეიძლება თქვენი პატარებიდან ერთს სპორტული მონაცემები ჰქონდეს და უფრო სხარტი იყოს, მეორეს კი სამაგიდო თამაშები იზიდავდეს, ხატავდეს ან რაღაც-რაღაცების კეთება ემარჯვებოდეს. ერთი რამ ფაქტია: რა ნიჭითაც არ უნდა გამოირჩეოდნენ შვილები, მშობლებისთვის ყოველთვის სასიამოვნოა მათში არსებული პოტენციალის აღმოჩენა.
2 მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, იეჰოვაც გულმოდგინედ აკვირდება თავის მიწიერ შვილებს. ბიბლიაში ისინი „ხალხთა საუნჯეს“ არიან შედარებული (ანგ. 2:7). ღვთისთვის თავისი მსახურები განსაკუთრებულად ძვირფასნი მათი რწმენისა და ერთგულების გამო არიან. თუმცა ალბათ, ამჩნევთ, რომ კრებაში და-ძმები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნიჭითა თუ უნარით. ზოგ ძმას ორატორული ნიჭი აქვს, ზოგს კი — ორგანიზატორული. ბევრი და ადვილად ითვისებს უცხო ენებს და ამ ენებზე ქადაგებს კიდეც; ბევრიც თანაქრისტიანების გამხნევებისა და ავადმყოფებზე ზრუნვის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს (რომ. 16:1, 12). ძალიან ვაფასებთ, რომ კრებაში ასეთი სამაგალითო თანაქრისტიანების მხარდამხარ ვმსახურობთ.
3. რა კითხვებს გასცემს პასუხს ეს სტატია?
3 ზოგ ახალგაზრდას ან ახალმონათლულს შესაძლოა ჯერ კიდევ ისეთი განცდა აქვს, რომ კრებაში ვერ იპოვა საკუთარი ადგილი. ეს სტატია უპასუხებს შემდეგ კითხვებს: როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი? რატომ უნდა ვუყუროთ ასეთ და-ძმებს იეჰოვას თვალით და რატომ უნდა ვეძებოთ მათში კარგი?
იეჰოვა თავის მსახურებში კარგს ხედავს
4, 5. როგორ გვიჩვენებს მსაჯულების 6:11—16, რომ იეჰოვა ამჩნევს თითოეული თავისი მსახურის პოტენციალს?
4 ბიბლიაში მოთხრობილი არაერთი შემთხვევა ცხადყოფს, რომ იეჰოვა თავის მსახურებში არა მარტო კარგს ხედავს, არამედ მათ ფარულ პოტენციალსაც ამჩნევს. მაგალითად, ვნახოთ გედეონის შემთხვევა. ის იეჰოვამ აირჩია, რათა ისრაელი ერი მიდიანელთაგან ეხსნა. გედეონი ამ დავალების შესასრულებლად თავს შეუფერებლად მიიჩნევდა. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდა იგი, როცა ანგელოზი პირისპირ გამოეცხადა და ასე მიმართა: „იეჰოვაა შენთან, მამაცო ვაჟკაცო!“. თუმცა მოცემულ მომენტში გედეონი სულაც არ გრძნობდა თავს მამაცად. ანგელოზისთვის გაცემული პასუხიდან გამოჩნდა, რომ იგი ეჭვებს შეეპყრო და თავს უღირსად თვლიდა. მაგრამ იეჰოვა გედეონში გაცილებით მეტს ხედავდა, ვიდრე თავად გედეონი (წაიკითხეთ მსაჯულების 6:11—16).
5 ღმერთს შეუმჩნეველი არ დარჩენია გედეონის პოტენციალი და დარწმუნებული იყო, რომ გედეონი ისრაელების დახსნას შეძლებდა. მაგალითად, იეჰოვას ანგელოზმა დაინახა, რომ იგი საწნახელში მთელი ძალით ცეხვავდა ხორბალს. ანგელოზის ყურადღება ერთმა გარემოებამაც მიიპყრო. ბიბლიურ დროში, როგორც წესი, კალოზე ცეხვავდნენ ხორბალს და შემდეგ ანიავებდნენ, რომ ბზე ქარს გაეფანტა. მაგრამ გედეონი მალულად ცეხვავდა ხორბალს საწნახელში, რომ მისი მწირი მოსავალი მიდიანელებს არ ეგდოთ ხელთ. გედეონმა მართლაც ჭკვიანურ ხერხს მიმართა. იეჰოვამ მასში არა მარტო სიფრთხილე, არამედ გამჭრიახობაც შენიშნა. ნამდვილად, იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია გედეონის პოტენციალი და ხელი შეუწყო მას, რომ სრულად გამოეყენებინა იგი.
6, 7. ა) ზოგი ისრაელისგან განსხვავებით, რას ფიქრობდა იეჰოვა ამოსზე? ბ) რა მეტყველებს ამოსის განათლებულობაზე?
6 წინასწარმეტყველ ამოსის შემთხვევიდანაც ვხედავთ, რომ იეჰოვა ყოველთვის ამჩნევს, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ და უმნიშვნელო ადამიანის პოტენციალს. აი, რა თქვა ამოსმა საკუთარ თავზე: „მწყემსი ვიყავი და სიკომოროს ლეღვის მომყვანი“. ძველ ისრაელში ამ ჯიშის ლეღვს ძირითადად ღარიბები ჭამდნენ. როდესაც იეჰოვამ ამოსს კერპთაყვანისმცემლობაში გახვეული ისრაელის ათტომიანი სამეფოსთვის განაჩენის გაცხადება დაავალა, მის თანამემამულეთაგან ზოგი შესაძლოა ფიქრობდა, რომ ამოსი დავალებას თავს ვერ გაართმევდა (წაიკითხეთ ამოსის 7:14, 15).
7 მართალია, ამოსი ერთი მივარდნილი სოფლიდან იყო, მაგრამ ვინაიდან იგი იხსენიებს იმჟამინდელ მმართველებს და იმავდროულად ავლენს თავისი დროის ადათ-წესების ზედმიწევნით ცოდნას, ეს მის განათლებულობაზე მეტყველებს. იგი, როგორც ჩანს, კარგად იყო გაცნობილი ისრაელში არსებულ ვითარებას და შესაძლოა დიდვაჭრებისგან ისიც იცოდა, თუ რა მდგომარეობა იყო მეზობელ ერებში (ამოს. 1:6, 9, 11, 13; 2:8; 6:4—6). ზოგი ბიბლეისტის აზრით, ამოსი დახვეწილი და ლამაზი ენით წერს. წინასწარმეტყველი უბრალო, მაგრამ მრავლისმთქმელ სიტყვებს იყენებს; იგი ისეთ ლიტერატურულ ხერხებსაც მიმართავს, როგორიცაა: პარალელიზმი და კალამბური. იეჰოვა რომ არ შემცდარა თავის არჩევანში და სწორად შეაფასა ამოსის პოტენციალი, მაშინაც ნათლად გამოჩნდა, როცა წინასწარმეტყველმა გახრწნილ მღვდელს, ამაციას, გაბედულად გამოუცხადა იეჰოვას განაჩენი (ამოს. 7:12, 13, 16, 17).
8. ა) რაში დაარწმუნა იეჰოვამ დავითი? ბ) რატომ ამხნევებს ფსალმუნის 32:8 მათ, ვისაც საკუთარი თავის რწმენა აკლია და ფიქრობს, რომ დიდი ნიჭით არ გამოირჩევა?
8 ნამდვილად, იეჰოვას შესწევს უნარი, ჯეროვნად შეაფასოს თითოეული თავისი მსახურის პოტენციალი. მან მეფე დავითი დაარწმუნა, რომ ხელმძღვანელობას ყოველთვის გაუწევდა და თვალი ეჭირებოდა მასზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8). თქვენი აზრით, რატომ უნდა გვამხნევებდეს ეს სიტყვები? მაშინაც კი, თუ საკუთარი თავის რწმენა გვაკლია, იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს — ერთი შეხედვით შეუძლებელი შეგვაძლებინოს და მიგვაღწევინოს მიზნებს, რომელთა ახდენაზე ვერც კი ვიოცნებებდით. იეჰოვა, იმ მწვრთნელის მსგავსად, რომელიც ახალბედა მეკლდეურს თვალყურს ადევნებს და საუკეთესო ხელის მოსაჭიდ ადგილს უთითებს, გვხელმძღვანელობს, რომ სულიერ მოწიფულობას მივაღწიოთ. ღმერთი ჩვენი ძვირფასი თანაქრისტიანების მეშვეობითაც გვეხმარება, სრულად გამოვიყენოთ ჩვენში არსებული პოტენციალი. საინტერესოა, როგორ აკეთებს ამას?
სხვებში კარგი ეძებეთ
9. როგორ შეგვიძლია მივყვეთ პავლეს მითითებას?
9 პავლემ მოუწოდა თანაქრისტიანებს, რომ ეზრუნათ და-ძმების კეთილდღეობაზე (წაიკითხეთ ფილიპელების 2:3, 4). მისი რჩევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სხვებში არსებული ნიჭი თუ უნარი შევამჩნიოთ და არ გაგვიჭირდეს ამის აღნიშვნა. რა მხრივ აისახება ჩვენზე, როცა ვინმე ჩვენს სულიერ წარმატებას ამჩნევს? ეს ჩვენში არსებული პოტენციალის სრულ რეალიზებაში გვეხმარება. ასე რომ, როდესაც და-ძმებს ყურადღებას ვუმახვილებთ მათ უნარ-ჩვევებზე, ამით სულიერ წინსვლაში ვეხმარებით.
10. განსაკუთრებით ვინ საჭიროებს ყურადღებას?
10 ვის სჭირდება ყურადღების მიქცევა? დროდადრო ყურადღება ყველას გვჭირდება. თუმცა ახალგაზრდები და ახალმონათლულები განსაკუთრებით საჭიროებენ ყურადღებას — მათ უნდა დავეხმაროთ, ჩაებან კრების საქმიანობაში, იგრძნონ კრების მაჯისცემა და ამგვარად, საკუთარი ადგილი იპოვონ კრებაში. მაგრამ, თუ ისინი უყურადღებოდ დაგვრჩებიან, შესაძლოა, პასუხისმგებლობებისკენ სწრაფვის სურვილი დაკარგონ, რისკენაც მათ ღვთის სიტყვა მოუწოდებს (1 ტიმ. 3:1).
11. ა) როგორ დაეხმარა ერთი უხუცესი ახალგაზრდა ძმას სიმორცხვის დაძლევაში? ბ) რას გასწავლით ჟულიენის შემთხვევა?
11 ერთმა უხუცესმა, ლუდოვიკმა, ახალგაზრდობაში საკუთარ თავზე გამოსცადა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ძმების მიერ გამოვლენილ სითბოსა და ყურადღებას. ის ამბობს: „როცა გულწრფელად ვინტერესდები ძმებით, ეს მათ ეხმარება, სულიერად სწრაფად გაიზარდონ“. ახალგაზრდა ძმაზე, ჟულიენზე, რომელიც ერთ დროს ძალიან მორცხვი იყო, ლუდოვიკი ამბობს: „მართალია, იგი სხვებს ეხმარებოდა, მაგრამ ახალგაზრდული გამოუცდელობის გამო ეს ხისტად და უტაქტოდ გამოსდიოდა. თუმცა ის გულკეთილი ბიჭი იყო და მთელი გულით სურდა და-ძმების დახმარება. ვცდილობდი, მისი მოტივები ეჭვქვეშ არ დამეყენებინა, ყურადღება მის დადებით თვისებებზე გადამეტანა და რამენაირად წამეხალისებინა“. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ ჟულიენი მომსახურე გახდა და ახლა პიონერად მსახურობს.
დაეხმარეთ და-ძმებს, სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი
12. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სხვებს თავიანთი პოტენციალის სრულად გამოყენებაში დავეხმაროთ? მოიყვანეთ მაგალითი.
12 ბუნებრივია, სხვებს რომ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოყენებაში დავეხმაროთ, დაკვირვებული თვალი უნდა გვქონდეს. როგორც ჟულიენის შემთხვევამ დაგვანახვა, ადამიანის ნაკლოვანებებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს იმ დადებითი თვისებების, ნიჭისა თუ უნარის აღმოჩენაში, რომელიც მასში შესაძლოა სამომავლოდ განვითარდეს. სწორედ ასეთი თვალით უყურებდა იესო მოციქულ პეტრეს. მართალია, პეტრეს ხანდახან სიმტკიცე ღალატობდა, მაგრამ იესომ იწინასწარმეტყველა, რომ საბოლოოდ ის კლდესავით მტკიცე გახდებოდა (იოან. 1:42).
13, 14. ა) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბარნაბა გამჭრიახი იყო? ბ) რა მხრივ წაადგა, მარკოზის მსგავსად, ერთ ახალგაზრდა ძმასაც გაწეული დახმარება? (იხილეთ სურათი 28-ე გვერდზე)
13 ბარნაბაც იესოს მსგავსად ავლენდა გამჭრიახობას; მან შენიშნა პოტენციალი იოანეში, რომელსაც რომაული სახელი, მარკოზიც, ერქვა (საქ. 12:25). პავლესა და ბარნაბას პირველ მისიონერულ მოგზაურობაში დამხმარედ მარკოზიც ახლდათ. იგი შესაძლოა მათ ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნავდა. თუმცა, როცა პამფილიაში ჩავიდნენ, მარკოზმა თანამსახურები განსაცდელში მიატოვა. პავლესა და ბარნაბას გეზი ჩრდილოეთისკენ უნდა აეღოთ. მათ გზად ედოთ მხარე, რომელიც ავაზაკების სიმრავლით გამოირჩეოდა (საქ. 13:5, 13). თუმცა მოგვიანებით ბარნაბამ ხელიდან არ გაუშვა მარკოზის სულიერად აღზრდის შესაძლებლობა. მას კარგად ახსოვდა, როგორი მოშურნე იყო იგი ერთ დროს იეჰოვას მსახურებაში (საქ. 15:37—39). შედეგად, ეს ახალგაზრდა კაცი იეჰოვას მოწიფული მსახური გახდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მარკოზი დაპატიმრებულ პავლესთან ერთად იმყოფებოდა რომში და მასთან ერთად შეუთვალა მოკითხვა კოლოსელ ქრისტიანებს; ისიც აღსანიშნავია, რომ ამ წერილში პავლე მას დადებითად ახასიათებს (კოლ. 4:10). წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდა ბარნაბა, როდესაც პავლე მას იმასაც შეუთვლიდა, რომ მარკოზიც ჩაეყვანა რომში, რათა მსახურებაში დახმარებოდა (2 ტიმ. 4:11).
14 ერთი ახალბედა უხუცესი, ალექსანდრე, იხსენებს, როგორ დაეხმარა მას თავის დროზე ერთი ყურადღებიანი უხუცესი ძმა. ის გვიყვება: „ახალგაზრდობაში აუდიტორიის წინაშე ლოცვა ძალიან მიჭირდა. ამ ძმამ პრაქტიკულად დამანახვა, როგორ მოვმზადებულიყავი ლოცვისთვის და როგორ ამეყვანა საკუთარი თავი ხელში. იმის ნაცვლად, რომ საერთოდ აღარ მოეცა ჩემთვის საჯაროდ ლოცვის წარმოთქმის საშუალება, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე რეგულარულად მალოცვინებდა ხოლმე. ამან, დროთა განმავლობაში, თვითრწმენა შემძინა“.
15. როგორ გამოხატა პავლემ მადლიერება და-ძმების მიმართ?
15 როდესაც თანაქრისტიანში კარგ თვისებას ვამჩნევთ, ვაქებთ მას? რომაელების მე-16 თავში პავლე იხსენიებს 20-ზე მეტ თანამორწმუნეს და საქებარ სიტყვებს არ იშურებს მათთვის იმ თვისებების გამო, რომელთა წყალობითაც მის გულში თითოეულ მათგანს თავისი ადგილი ჰქონდა (რომ. 16:3—7, 13). მაგალითად, პავლე აღნიშნავს, რომ ანდრონიკე და იუნია მასზე დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდნენ ქრისტეს და მათაც ბევრი რამის გადატანა მოუხდათ. პავლემ რუფუსის დედაც სიყვარულით მოიხსენია, რომელსაც, როგორც ჩანს, მასზე დიდი ამაგი ჰქონდა.
16. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ახალგაზრდის შექებას?
16 გულწრფელ შექებას შესაძლოა მართლაც შესანიშნავი შედეგი მოჰყვეს. ამას ადასტურებს საფრანგეთში მცხოვრები ერთი ბიჭუნას, რიკოს, შემთხვევა. იგი გულგატეხილი იყო, რადგან მამას არ სწამდა იეჰოვა და უფრო მეტიც, მისი ნათლობის წინააღმდეგი იყო. ის ფიქრობდა, რომ სრულწლოვანებამდე მოცდა მოუწევდა. მას გულს ისიც სტკენდა, რომ სკოლაში დასცინოდნენ. კრების ერთ-ერთი უხუცესი, ფრედერიკი, რომელიც რიკოს ბიბლიას ასწავლიდა, იხსენებს: „ვაქებდი რიკოს, რადგან ასეთი სირთულეების მიუხედავად, მაინც ჰყოფნიდა გამბედაობა, რომ თავის რწმენაზე ექადაგა“. შექებამ რიკო გაამხნევა და იმისკენ უბიძგა, რომ კვლავაც სანიმუშო ყოფაქცევის ბავშვი ყოფილიყო; ამასთანავე, ის მამასაც დაუმეგობრდა და 12 წლის ასაკში მოინათლა.
17. ა) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ძმებს სულიერი წარმატების მიღწევაში? ბ) როგორ ეხმარებოდა ერთი მისიონერი ახალგაზრდებს და რა შედეგი გამოიღო ამან?
17 როდესაც ვხედავთ, რომ და-ძმები ბოლომდე იხარჯებიან დავალებული საქმის ღირსეულად შესასრულებლად და ვაქებთ, ეს მათ სტიმულს აძლევთ, რომ იეჰოვასთვის მეტი აკეთონ. სილვიამa, რომელიც წლებია, საფრანგეთის ბეთელში მსახურობს, აღნიშნა, რომ დებსაც შეუძლიათ ძმების შექება. მან ისიც თქვა, რომ ქალები უკეთ ამჩნევენ და აფასებენ ცალკეულ წვრილმანებს. სილვია დასძენს: „დების საქებარი სიტყვები საკმაზივითაა, რომელიც ერთგვარად ავსებს გამოცდილი ძმების ქების სიტყვებს. ამიტომ პირად მოვალეობად მიმაჩნია ძმების შექება“ (იგავ. 3:27). ჟერომი, რომელიც საფრანგეთის გვიანაში მისიონერად მსახურობს, ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა მისიონერული მსახურების დაწყებაში. ის საკუთარი გამოცდილებიდან გვიზიარებს: „როცა ახალგაზრდებს მსახურებაში რაღაც კარგად გამოსდიოდათ ან გააზრებულ კომენტარებს ამბობდნენ, მე მათ ყოველთვის ვაქებდი. ამან მათ თვითრწმენა შესძინა და წაახალისა, რომ სრულად გამოეყენებინათ თავიანთი პოტენციალი“.
18. რატომ მოაქვს კარგი შედეგი ახალგაზრდა ძმებთან თანამშრომლობას?
18 და-ძმებს სულიერ ზრდაში იმითაც შევუწყობთ ხელს, თუ მათთან ვითანამშრომლებთ. მაგალითად, უხუცესმა შესაძლოა სთხოვოს ახალგაზრდა ძმას, რომელიც კომპიუტერში ერკვევა, რომ ხანდაზმულებს, რომელთაც კომპიუტერზე ხელი არ მიუწვდებათ, ამოუბეჭდოს მასალა ჩვენი ვებ-გვერდიდან; ასეთმა საქციელმა შესაძლოა დიდად გაამხნეოს ისინი. თუ სამეფო დარბაზის მოვლა-პატრონობაში იღებთ მონაწილეობას, კარგი იქნება, თუ საქმეში ახალგაზრდა ძმას დაიხმართ. თუ ასეთ ინიციატივას გამოიჩენთ, უკეთ გაიცნობთ მას, შექების შესაძლებლობა მოგეცემათ და სასურველი შედეგიც არ დაახანებს (იგავ. 15:23).
მყარი საძირკველი მომავლისთვის
19, 20. რატომ უნდა დავეხმაროთ სხვებს სულიერ ზრდაში?
19 როდესაც იეჰოვამ მოსეს ისრაელის წინამძღოლად იესო ნავეს ძის დანიშვნა დაავალა, ისიც უთხრა, რომ გაემხნევებინა და განემტკიცებინა იგი (წაიკითხეთ მეორე კანონის 3:28). დღეს მსოფლიო საძმოს უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება. უხუცესებთან ერთად ყველა გამოცდილ ქრისტიანს შეუძლია დაეხმაროს ახალგაზრდებსა და ახალმონათლულებს, რომ სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი. მაშასადამე, რაც უფრო ბევრი ქრისტიანი დაიწყებს სრული დროით მსახურებას, მით უფრო მეტი გახდება გამოსადეგი იმისთვის, რომ სხვებს ასწავლოს (2 ტიმ. 2:2).
20 ამრიგად, დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული კრების წევრები ვართ თუ პატარა ჯგუფისა, რომელიც შესაძლოა ხვალ კრებად იქცეს, მყარი საძირკველი ჩავუყაროთ მომავალს! ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მივბაძავთ იეჰოვას, რომელიც ყოველთვის კარგს ხედავს თავის მსახურებში.
a სახელი შეცვლილია.