მიჰბაძეთ მათ რწმენას
„სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ“
რუთი და ნაომი მიუყვებიან გზას, რომელიც მოაბის ტრამალებზე მიიკლაკნება, სადაც გამუდმებით დათარეშობს ქარი. ამ უკიდეგანო მინდვრებში ისინი წერტილებივით მოჩანან. მზე ჩასვლას აპირებს. რუთი შეჰყურებს დედამთილს და ფიქრობს, რომ, ალბათ, უკვე დროა, ღამის გასათევი ადგილი ეძებონ. მას ძალიან უყვარს ნაომი და სურს, მასზე იზრუნოს.
ეს ორივე ქალი გულმოკლულია. უკვე კარგა ხანია, რაც ნაომს ქმარი მოუკვდა. თითქოს ეს არ კმაროდა, ახლა შვილებიც, ქილიონი და მახლონიც, გამოეცალნენ ხელიდან. რუთიც დარდსა და კაეშანს ატარებს გულით, რადგან თავის ქმარს, მახლონს დასტირის. ახლა ისინი ისრაელისკენ, ბეთლემისკენ მიმავალ გზას ადგანან. ნაომმა კი იცის, რომ სამშობლოში მიდის, მაგრამ რუთმა, რომელმაც მშობლიური მხარე, ოჯახი და თავისი ღმერთები დატოვა, არ იცის, წინ რა ელის (რუთი 1:3—6).
რატომ მიიღო ამ ახალგაზრდა ქალმა ასეთი გადაწყვეტილება? როგორ შეეგუება რუთი სრულიად ახალ გარემოს და როგორ შეძლებს ნაომიზე ზრუნვას? ამ კითხვებზე პასუხის გაგება უკეთ დაგვანახებს, როგორი ძლიერი რწმენა ჰქონდა მოაბელ რუთს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას. თავდაპირველად გავიგოთ, რატომ დაადგა ეს ორი ქალი ბეთლემისკენ მიმავალ გზას.
დაქვრივებული ქალები
რუთი მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქვეყანაში, მოაბში გაიზარდა. ეს მხარე, ძირითადად, მთაგორიანი, მეჩხერი ტყეებით დაფარული და ხევ-ხუვებით დასერილია. მოაბის მიწა ხშირად უხვ ნაყოფს იძლეოდა. კარგი მოსავალი იქ მაშინაც მოვიდა, როცა ისრაელში შიმშილობა მძვინვარებდა. სწორედ ამ დროს გაიცნო რუთმა მახლონი და მისი ოჯახის წევრები (რუთი 1:1).
როგორც ჩანს, ისრაელში ჩამოვარდნილი შიმშილობის გამო წაიყვანა ნაომის ქმარმა, ელიმელექმა, ცოლ-შვილი მოაბის ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში გადახიზვნა უსათუოდ შეუქმნიდა პრობლემებს ოჯახის თითოეულ წევრს, რადგან ისრაელებს მოეთხოვებოდათ, იეჰოვასთვის წმინდა ადგილზე ეცათ თაყვანი (კანონი 16:16, 17). ნაომის არ დაუკარგავს რწმენა. სწორედ რწმენამ გადაატანინა ქმრის სიკვდილი (რუთი 1:2, 3).
ნაომი, ალბათ, მაშინაც ინერვიულებდა, როცა მისმა ვაჟებმა მოაბელი ქალები მოიყვანეს ცოლად (რუთი 1:4). მას ეცოდინებოდა, რომ მისმა დიდმა წინაპარმა აბრაამმა შორიდან, თავისი ხალხიდან, მოაყვანინა ისაკს ცოლად იეჰოვას თაყვანისმცემელი ქალი (დაბადება 24:3, 4). მოგვიანებით, მოსეს კანონი აფრთხილებდა ისრაელებს, რომ არ მიეთხოვებინათ თავიანთი ასულები უცხოტომელებისთვის და არც მათ ვაჟებს მოეყვანათ მათგან ცოლები, რადგან ისინი ღვთის ხალხს კერპთაყვანისმცემლობაში ჩაითრევდნენ (კანონი 7:3, 4).a
მიუხედავად ამისა, მახლონმა და ქილიონმა მოაბელი ქალები მოიყვანეს ცოლად. რაც არ უნდა გულდაწყვეტილი ყოფილიყო ნაომი ამის გამო, მან გადაწყვიტა, თავის რძლებს, რუთსა და ორფას, კარგად მოქცეოდა. ალბათ, ის იმედოვნებდა, რომ ერთ დღესაც ისინი იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდებოდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, რუთსაც და ორფასაც შეუყვარდათ დედამთილი. სწორედ ასეთი თბილი ურთიერთობა დაეხმარა მათ მაშინ, როცა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. თუმცა, ორივე ისე დაქვრივდა, რომ შვილები არ ჰყოლიათ (რუთი 1:5).
დაეხმარა რუთს თავისი რელიგია ამ ტრაგედიის გადატანაში? როგორც ჩანს, არა. მოაბელები უამრავ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ, რომელთა შორის მთავარი იყო ქემოში (რიცხვები 21:29). მოაბელების რელიგიისთვის უცხო არ იყო სისასტიკე, მათ შორის ბავშვების მსხვერპლად შეწირვაც. ალბათ, რუთი ძალიან დიდ სხვაობას დაინახავდა თავის ღვთაებებსა და მოსიყვარულე და მოწყალე ისრაელის ღმერთ იეჰოვას შორის, რომლის შესახებაც არაერთხელ სმენოდა მახლონისგან ან ნაომისგან. იეჰოვა შიშის ზარს კი არ სცემდა თავის ხალხს, არამედ სიყვარულით ეპყრობოდა (კანონი 6:5). დაქვრივებული და სასოწარკვეთილი რუთი შეიძლება კიდევ უფრო მიეჯაჭვა ნაომის და, ალბათ, მთელი გულისყურით უსმენდა ამ ხანდაზმულ ქალს, როდესაც ის ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას, საოცარ საქმეებზე, იმ დიდ სიყვარულსა და წყალობაზე ესაუბრებოდა, რომელსაც ღმერთი თავისი ხალხის მიმართ ავლენდა.
ნაომის ძალიან სურდა, რაიმე ცნობა მიეღო სამშობლოდან. ერთხელაც მან, როგორც ჩანს, ვაჭრებისგან შეიტყო, რომ ისრაელში შიმშილობა აღარ იყო. იეჰოვას კვლავ მოწყალების თვალით გადმოეხედა თავისი ხალხისთვის. ბეთლემი, რომელიც „პურის სახლს“ ნიშნავს, ისევ ამართლებდა თავისი სახელის მნიშვნელობას. ნაომიმ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა (რუთი 1:6).
როგორ მოიქცეოდნენ რუთი და ორფა? (რუთი 1:7). საერთო საწუხარმა რძლები დედამთილთან კიდევ უფრო დააახლოვა. როგორც ჩანს, განსაკუთრებით რუთი მოიხიბლა ნაომის სიკეთითა და იეჰოვას მიმართ გამოვლენილი ძლიერი რწმენით. სამი ქვრივი იუდასკენ მიმავალ გზას დაადგა.
წიგნი „რუთი“ შეგვახსენებს, რომ ტრაგედიისგან არც კეთილი ადამიანები არიან დაზღვეული (ეკლესიასტე 9:2, 11). ამ შემთხვევიდან ვხედავთ, რომ მაშინაც კი, როცა ენით აუწერელი უბედურება გვატყდება თავს, კარგია, თუ განსაკუთრებით მათგან მივიღებთ ნუგეშს, ვისთვისაც თავშესაფარი ნაომის ღმერთი, იეჰოვაა (იგავები 17:17).
ერთგული და მოსიყვარულე რძალი
იუდასკენ მიმავალ ნაომის კიდევ ერთი საფიქრალი გაუჩნდა. ის წუხდა ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც მის გვერდით მიაბიჯებდნენ და ასეთ დიდ სიყვარულს ავლენდნენ მისი და მისი ვაჟების მიმართ. ნაომის არ უნდოდა, ისედაც სულგამწარებული ქალების ცხოვრება კიდევ უფრო დაემძიმებინა. თუ ისინი თავიანთ ქვეყანას დატოვებდნენ და ნაომისთან ერთად წავიდოდნენ, რის გაკეთებას შეძლებდა დედამთილი მათთვის ბეთლემში?
ბოლოს ნაომიმ უთხრა მათ: „წადით, დაბრუნდით თქვენს დედებთან, სახლში. იეჰოვამ გამოავლინოს სიკეთე თქვენ მიმართ, როგორც თქვენ გამოავლინეთ გარდაცვლილებისა და ჩემ მიმართ“. მან აგრეთვე დააიმედა, რომ იეჰოვას წყალობით ისინი კვლავ გათხოვდებოდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შემდეგ აკოცა მათ, ისინი კი ხმამაღლა ატირდნენ“. გასაკვირი არ არის, რატომ უყვარდათ ასე ძალიან ეს გულკეთილი და უანგარო ქალი რუთსა და ორფას. ორივე დაჟინებით ემუდარებოდა მას: „არა, შენ წამოგყვებით შენს ხალხთან“ (რუთი 1:8—10).
თუმცა, ადვილი არ იყო ნაომის გადარწმუნება. ის არწმუნებდა რძლებს, რომ ისრაელში მათ ვერაფრით დაეხმარებოდა, რადგან აღარ ჰყავდა ქმარი და აღარც ვაჟები ეყოლებოდა, რომლებსაც მისთხოვდებოდნენ, და არც არაფერი ებადა. მას არ უნდოდა, რომ რძლებს ტვირთად დასწოლოდა (რუთი 1:11—13).
ორფას ჭკუაში დაუჯდა ნაომის სიტყვები. მას მოაბში ჰყავდა დედა, რომელიც ელოდებოდა. მისთვის, ალბათ, უფრო მოსახერხებელი იყო, მოაბში დარჩენილიყო. დამწუხრებული ეამბორა ნაომის, დაემშვიდობა და უკან გაბრუნდა (რუთი 1:14).
როგორ მოიქცა რუთი? ნაომი მასაც იმავეს ეუბნებოდა, მაგრამ ნახეთ, რას ვკითხულობთ ბიბლიაში: „რუთი ჩაეკრა მას“. ალბათ, ნაომი კვლავ გაუდგა გზას, მაგრამ შეამჩნევდა, რომ რუთი უკან მიჰყვებოდა. მან უთხრა: „ნახე, დაუბრუნდა შენი ქვრივი რძალი თავის ხალხსა და ღმერთებს! შენც დაბრუნდი შენს ქვრივ რძალთან ერთად“ (რუთი 1:15). მკითხველისთვის ნაომის ეს სიტყვები განსაკუთრებით საყურადღებოა. როგორც ნაომის სიტყვებიდან ჩანს, ორფა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ თავის ღმერთებსაც დაუბრუნდა. ის თანახმა იყო, კვლავ ეცა თაყვანი ქემოშისა და სხვა ცრუ ღვთაებებისთვის. რუთიც ასე ფიქრობდა?
რუთს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ნაომის გაჰყოლოდა. მას მთელი გულით უყვარდა ნაომი და მისი ღმერთი. ამიტომ ასეთი რამ უთხრა: „ნუ მეხვეწები, მიგატოვო და წავიდე შენგან. სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ. სადაც შენ გაათევ ღამეს, მეც იქ გავათევ. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი. სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე, და კიდევ უარესიც მიყოს იეჰოვამ, თუ სიკვდილის გარდა სხვა რამემ დაგვაშოროს“ (რუთი 1:16, 17).
რუთის სიტყვები იმდენად შთამბეჭდავია, რომ 3 000 წლის გასვლის შემდეგაც კი აღფრთოვანებაში მოჰყავს მკითხველი! მისი სიტყვებიდან ჩანს, რაოდენ დიდი სიყვარული და ერთგულება გამოავლინა ამ ქალმა. ისე ძლიერ უყვარდა რუთს ნაომი და იმდენად ერთგული იყო მისი, რომ მზად იყო, ყველგან გაჰყოლოდა. მათ მხოლოდ სიკვდილი თუ დააშორებდა. ნაომის ხალხი მისი ხალხი გახდებოდა, რადგან რუთი მზად იყო, დაეტოვებინა ყველაფერი, რაც კი მოაბთან აკავშირებდა, მათ შორის მოაბელთა ღვთაებებიც. ორფასგან განსხვავებით, რუთს მთელი გულით სურდა, ნაომის ღმერთი, იეჰოვა, მისი ღმერთიც გამხდარიყო.b
ახლა ისინი ორნიღა მიუყვებოდნენ ბეთლემისკენ მიმავალ გზას. სავარაუდოდ, მათ ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდათ, იქამდე რომ მიეღწიათ. რასაკვირველია, ისინი გზაში ერთმანეთს ანუგეშებდნენ.
დღეს ბევრს ატყდება თავს უბედურება. ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ხელიდან გამოეცალოს საყვარელი ადამიანი (2 ტიმოთე 3:1). ამიტომ, დღეს, ისე როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთივე თვისებებს ვავლენდეთ, როგორსაც რუთი ავლენდა. ერთგული სიყვარული — გრძნობა, რომელიც ერთ ადამიანს მეორეს მიაჯაჭვებს — ამ ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში ძლიერი ძალაა. ასეთი სიყვარული უნდა გამოვავლინოთ მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების, მეგობრებისა თუ თანამორწმუნეების მიმართ. როდესაც ასეთ სიყვარულს ვავლენთ, რუთს ვბაძავთ.
ცხოვრება ბეთლემში
ერთია, თქვა, რომ გიყვარს და ერთგული ხარ, და მეორეა, ეს საქმით დაამტკიცო. რუთს შესაძლებლობა მიეცა, ერთგული სიყვარული გამოევლინა არა მხოლოდ ნაომის, არამედ იეჰოვა ღმერთის მიმართაც, რომელსაც თავისი ღმერთი უწოდა.
რძალ-დედამთილმა, როგორც იქნა, მიაღწია სოფელ ბეთლემამდე, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობდა. როგორც ჩანს, ნაომისა და მის ოჯახს სოფელში კარგად იცნობდნენ, რადგან ყველა მის დაბრუნებაზე ლაპარაკობდა. ერთმა ქალმა ნაომიზე თქვა: „ეს ნაომია?“ მოაბში გატარებულმა წლებმა მასზე თავისი კვალი დააჩნია. მას სახეზე აღბეჭდვოდა ჭირ-ვარამი, რომელიც მოაბში გამოევლო (რუთი 1:19).
ნაომიმ ნათესავებსა და მეზობლებს მოუყვა, თუ რამხელა სიმწარე ნახა. მან ისიც კი უთხრა მათ, რომ ნაომი („ჩემი სიამოვნება“) კი არა, მარა („მწარე“) დაეძახათ მისთვის. ამ საცოდავ ქალს იობის მსგავსად ეგონა, რომ იეჰოვა ღმერთმა დაატეხა თავს უბედურება (რუთი 1:20, 21; იობი 2:10; 13:24—26).
როდესაც ისინი ბეთლემში დასახლდნენ, რუთმა იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ რით უნდა ერჩინა საკუთარი თავი და დედამთილი. მან გაიგო, რომ კანონის თანახმად, იეჰოვას ხალხს უნდა ეზრუნა ღატაკებზე. მათ უფლება ჰქონდათ, მკის დროს ყანებში წასულიყვნენ, მომკელებს ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ, დაცვენილი აეკრიფათ და ყანების ნაპირებში დარჩენილი მოსავალიც მოემკათ (ლევიანები 19:9, 10; კანონი 24:19—21).c
როცა ქერის მკის დრო დადგა, რომელიც დღევანდელი კალენდრის მიხედვით აპრილის თვეში უნდა ყოფილიყო, რუთი ყანაში წავიდა იმის გასაგებად, თუ ვინ მისცემდა ყანაში დაცვენილის აკრეფის უფლებას. ის მიადგა ერთი მდიდარი მიწათმფლობელის, ბოაზის, ყანას, რომელიც ნაომის ქმრის, ელიმელექის, ნათესავი იყო. მართალია, კანონი აძლევდა მას დაცვენილის აკრეფის უფლებას, მაგრამ ყანაში მომუშავე ერთ ახალგაზრდა კაცს ნებართვა მაინც სთხოვა. მან ამის ნება დართო რუთს და ისიც საქმეს შეუდგა (რუთი 1:22—2:3, 7).
წარმოიდგინეთ, როგორ მიჰყვება რუთი მომკელებს. როცა ისინი ქერს ნამგლით მკიან, ის ჩერდება და დაცვენილ თავთავებს კრეფს. როდესაც მომკელები თავთავებს ძნებად კრავენ და კალოზე გასალეწად მიაქვთ, რუთს იქიდანაც შეუძლია მარცვლის აკრეფა. ეს ძალიან დამქანცველი საქმე იყო, რადგან მკა დილაუთენია იწყებოდა. მაგრამ რუთი მუხლჩაუხრელად მუშაობდა; ის მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როდესაც შუბლიდან ოფლს იწმენდდა და მუშებისთვის გაკეთებულ საჩრდილობელში წაიხემსებდა ხოლმე.
რუთს არ ეგონა, რომ ვინმე მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ ის შეუმჩნეველი არ დარჩენია ბოაზს, ძლიერი რწმენის მქონე კაცს. მან დაინახა ეს ახალგაზრდა ქალი და იკითხა, ვინ იყო. ბოაზი მიესალმა თავის მუშებს, რომელთა შორის ზოგი უცხოტომელიც იყო. მან მათ ასეთი სიტყვებით მიმართა: „იეჰოვა შეგეწიოთ“. მათაც იგივე მიუგეს ბოაზს. ამ ღვთისმოშიშმა მამაკაცმა მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა რუთის მიმართ (რუთი 2:4—7).
ბოაზმა, რომელმაც რუთს შვილოთი მიმართა, ურჩია, რომ ყოველთვის მის ყანაში მისულიყო მარცვლის ასაკრეფად და ახლოს ყოფილიყო მოსამსახურე ქალებთან, რათა ახალგაზრდა კაცებს თავი არ მოებეზრებინათ მისთვის. მან იმაზეც იზრუნა, რომ რუთს სადილიც ჰქონოდა. რაც მთავარია, იგი აქებდა რუთს და ამხნევებდა (რუთი 2:8, 9, 14).
როდესაც რუთმა ბოაზს ჰკითხა, რით დაიმსახურა უცხოტომელმა ქალმა მისი სიკეთე, მან მიუგო, რომ გაგონილი ჰქონდა, რა გააკეთა რუთმა თავისი დედამთილისთვის, ნაომისთვის. როგორც ჩანს, ნაომი თავის საყვარელ რძალს ბეთლემელ ქალებთან აქებდა და ამას ბოაზის ყურამდეც მიეღწია. ბოაზს ისიც გაგებული ჰქონდა, რომ რუთი იეჰოვას სცემდა თაყვანს, რადგან ასეთი სიტყვები უთხრა: „იეჰოვამ გადაგიხადოს შენი საქმისამებრ და სრული საზღაური მოგეგოს ისრაელის ღვთისგან, იეჰოვასგან, რომლის ფრთებქვეშაც მოიძიე თავშესაფარი“ (რუთი 2:12).
როგორ გაამხნევებდა ეს სიტყვები რუთს! მას ხომ გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვასთვის შეეფარებინა თავი ისევე, როგორც პაწაწინა ბარტყი პოულობს თავშესაფარს მშობლების ფრთებქვეშ. რუთმა მადლობა გადაუხადა ბოაზს ასეთი კარგი სიტყვებისთვის და საღამომდე განაგრძო მუშაობა (რუთი 2:13, 17).
რუთი, რომელმაც საქმეებით აჩვენა, რაოდენ დიდი რწმენა ჰქონდა, დღეს კარგ მაგალითს აძლევს მათ, ვისაც ეკონომიკურად უჭირს. რუთი არ თვლიდა, რომ ვინმე ვალდებული იყო, დახმარებოდა; ამიტომ, ყველაფერს მადლიერებით იღებდა. საყვარელი ადამიანი რომ ერჩინა, მას არ რცხვენოდა დიდხანს და მძიმედ ემუშავა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე, რომელსაც ის ასრულებდა, დამამცირებლად ითვლებოდა. მან მადლიერებით მიიღო და გაითვალისწინა გონივრული რჩევა, თუ ვის გვერდით უნდა ემუშავა, უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო. რაც ყველაზე მთავარია, მას არასდროს რჩებოდა მხედველობიდან ის, რომ მისი მფარველი, პირველ რიგში, ზეციერი მამა, იეჰოვა იყო.
თუ ჩვენც რუთივით ერთგულ სიყვარულს გამოვავლენთ, მასსავით თავმდაბლები, მუყაითები და მადლიერები ვიქნებით, სხვებს კარგ მაგალითს მივცემთ. როგორ იზრუნა იეჰოვამ რუთსა და ნაომიზე? ამის შესახებ ამ სერიის შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.
[სქოლიოები]
a იხილეთ სტატია რუბრიკიდან „მკითხველები გვეკითხებიან“, „რატომ მოითხოვდა ღმერთი ისრაელებისგან, რომ მხოლოდ თავიანთ თანამემამულეებზე დაქორწინებულიყვნენ?“ ამავე ჟურნალის 29-ე გვერდზე.
b აღსანიშნავია, რომ რუთი, სხვა უცხოტომელების მსგავსად, მხოლოდ ტიტულით კი არა, პირადი სახელით, იეჰოვათიც, მოიხსენიებდა ღმერთს. ერთ ცნობარში ვკითხულობთ: «ამგვარად, წიგნ „რუთის“ დამწერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს უცხოტომელი ჭეშმარიტი ღვთის მიმდევარი იყო».
c ასეთი კანონი რუთისთვის ძალიან უცხო იყო, რადგან თავის ქვეყანაში მსგავსი კანონი არ არსებობდა. ძველად ახლო აღმოსავლეთში ქვრივებს ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ. ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „როდესაც ქალს ქმარი მოუკვდებოდა, მასზე ვაჟებს უნდა ეზრუნათ. მაგრამ თუ არ ჰყავდა ვაჟები, მონად უნდა გაეყიდა თავი ან მეძაობა დაეწყო, თუ არადა, მოკვდებოდა“.
[ჩარჩო 26 გვერდზე]
მინიატურული შედევრი
წიგნი „რუთი“, რომელსაც პაწაწინა ძვირფას თვალს უწოდებენ, მინიატურული შედევრია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი მოცულობით ბევრად ჩამოუვარდება მის წინამორბედ წიგნ „მსაჯულებს“, საიდანაც ვიგებთ, თუ როდის და რა მოვლენების ფონზე ვითარდებოდა „რუთში“ მოთხრობილი ამბავი (რუთი 1:1). როგორც ჩანს, ორივე წიგნი წინასწარმეტყველმა სამუელმა დაწერა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მთლიან ბიბლიას წაიკითხავთ, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ წიგნი „რუთი“ პაწაწინა ძვირფასი თვალივით ამშვენებს ღვთის სიტყვას. წიგნ „მსაჯულების“ წაკითხვის შემდეგ, სადაც მოთხრობილია დაპყრობით ომებსა და თავდასხმებზე, მიადგებით პატარა წიგნს, რომელიც შეგახსენებთ, რომ იეჰოვას არასდროს რჩება მხედველობიდან ის, თუ როგორ უმკლავდება, ერთი შეხედვით, უბრალო და უწყინარი ხალხი ყოველდღიურ პრობლემებს. ამ დრამაში საუბარია საყვარელი ადამიანების სიკვდილით გამოწვეულ ტკივილზე, სიყვარულზე, რწმენასა და ერთგულებაზე. ჩვენ მართლაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ამ წიგნიდან!
[სურათი 24 გვერდზე]
რუთმა მგლოვიარე დედამთილი გასაჭირში არ მიატოვა
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
„შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი“
[სურათი 27 გვერდზე]
რუთი მზად იყო, მძიმედ ეშრომა, საკუთარი თავი და დედამთილი რომ ერჩინა