რუთი
მოაბელი ქალი, რომელიც მას შემდეგ გაჰყვა ცოლად მახლონს, რაც მახლონის მამა ელიმელექი გარდაიცვალა და მახლონი დედასთან, ნაომისთან და ძმასთან, ქილიონთან ერთად მოაბში ცხოვრობდა. შიმშილობის გამო ოჯახმა დატოვა იუდაში მშობლიური ქალაქი ბეთლემი. რუთის მაზლმა ქილიონმა ცოლად მოიყვანა მოაბელი ორფა. დროთა განმავლობაში ძმები დაიხოცნენ და დაქვრივებული ქალები უშვილოდ დარჩნენ. როცა ნაომიმ გაიგო, რომ იეჰოვა კვლავაც წყალობას ავლენდა ისრაელის მიმართ, რძლებთან ერთად დაადგა იუდას გზას (რთ. 1:1—7; 4:9, 10).
ერთგულება. ნაომის რჩევით ორფა თავის ხალხთან დაბრუნდა, რუთი კი მიეკრა თავის დედამთილს. ნაომისადმი ძლიერმა სიყვარულმა და იეჰოვასთვის მის ხალხთან ერთად მსახურების გულწრფელმა სურვილმა აღძრა რუთი, დაეტოვებინა მშობლები და მშობლიური მიწა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნის დიდი იმედი არ ჰქონდა (რთ. 1:8—17; 2:11). მას ისე უყვარდა დედამთილი, რომ მოგვიანებით ხალხი ამბობდა, ნაომის ის შვიდ ვაჟს ურჩევნიაო (რთ. 4:15).
რუთი და ნაომი ბეთლემში ქერის მკის დასაწყისში ჩავიდნენ. საკვები რომ ეშოვა, რუთი მინდორში წავიდა სამუშაოდ. შემთხვევით ის ელიმელექის ნათესავის, ბოაზის მინდორში აღმოჩნდა და მომკელთა მეთვალყურეს სთხოვა, დაცვენილი თავთავების აკრეფის უფლება მიეცა. როგორც ჩანს, ის გულმოდგინედ მუშაობდა, რაზეც მოწმობს მეთვალყურის სიტყვები, რომლებიც მან რუთის შესახებ უთხრა ბოაზს (რთ. 1:22—2:7).
როცა ბოაზმა სიკეთე გამოავლინა მის მიმართ, რუთმა მადლიერება გამოხატა და თავმდაბლად აღნიშნა, რომ მის მხევალთაგან ვერც ერთს ვერ უტოლდებოდა. სადილობის დროს ბოაზმა იმდენი ქუმელი მიაწოდა, რომ რუთმა ნაწილი ნაომის წაუღო (რთ. 2:8—14, 18). თუმცა ბოაზმა იზრუნა, რომ რუთისთვის ადვილი ყოფილიყო თავთავების აკრეფა, რუთი საღამომდე შრომობდა, „შემდეგ გაცეხვა, რაც აკრეფილი ჰქონდა, და ქერი ერთ ეფამდე [22 ლ] გამოვიდა“. ბოაზმა შესთავაზა რუთს, კვლავაც მის ყანაში აეკრიფა თავთავები. რუთიც ასე იქცეოდა, ვიდრე ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა (რთ. 2:15—23).
სთხოვს ბოაზს, გახდეს გამომსყიდველი. ნაომის უნდოდა, თავისი რძლისთვის თავშესაფარი მოეძებნა, ამიტომ დაარიგა რუთი, ბოაზისთვის ეთხოვა, მისი გამომსყიდველი გამხდარიყო. ამისთვის რუთი ბოაზის კალოზე წავიდა. როცა კაცი დასაძინებლად დაწვა, რუთი ჩუმად მივიდა, ფეხებთან გადახადა და დაწვა. შუაღამისას ბოაზი კანკალმა გააღვიძა. მან წამოიწია და, რადგან ვერ იცნო რუთი სიბნელეში, ჰკითხა: „ვინა ხარ?“. მან მიუგო: „რუთი ვარ, შენი მხევალი. გადმოაფარე შენს მხევალს შენი მოსასხამის კალთა, რადგან შენა ხარ გამომსყიდველი“ (რთ. 3:1—9).
რუთი ისე მოიქცა, როგორც ნაომიმ დაარიგა. ეს იყო იმდროინდელი ჩვეულება, როცა ქალები მაზლის ვალდებულების შესრულებას ითხოვდნენ. ბიბლეისტი პაულუს კასელი რუთის 3:9-ის შესახებ ამბობს: „უეჭველია, ამგვარი სიმბოლური მეთოდით ყველაზე დელიკატური უფლების მოთხოვნაში ჩანდა პატრიარქალური წყობისთვის დამახასიათებელი უბრალოება და მაღალზნეობრიობა. ქალი დარწმუნებული იყო კაცის პატიოსნებაში. თუმცა ამ მეთოდით საკუთარი უფლების მოთხოვნა ადვილი არ იქნებოდა. თუ მის განზრახვას წინასწარ გაიგებდნენ ან მიუხვდებოდნენ, საიდუმლოს ფარდა აეხდებოდა და ქალი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. როცა ქალი ასეთი სახით მოითხოვდა თავის უფლებას, უარის თქმა არცხვენდა ან მას, ან იმ კაცს. უეჭველია, ნაომი ისე არ გაუშვებდა თავის რძალს ამ საქმეზე, თუ ბოლომდე დარწმუნებული არ იქნებოდა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა. სხვა ყველაფერთან ერთად ამ შემთხვევაში იყო კიდევ ერთი სირთულე: რუთმა იცოდა, რომ ბოაზი არ იყო ერთადერთი გოელი [გამომსყიდველი]. ბოაზის პასუხიდანაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მოთხოვნა მისთვის მოულოდნელი არ იყო. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ნაომისთან იყო მორიგებული და ამიტომ დარჩა კალოზე მარტო; ის, რომ უეცრად გაეღვიძა, იმაზე მიანიშნებს, რომ ღამით იქ არავის ელოდებოდა. თუმცა ის აზრი, რომ რუთი მისგან სისხლით ნათესავის უფლების შესრულებას მოითხოვდა, შეიძლება მისთვის უცხო არ იყო. მაგრამ მას რომც ევარაუდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რუთს თავად უნდა გამოეყენებინა ეს სიმბოლური მეთოდი თავისი ნება-სურვილის გამოსახატავად“ (Lange’s Commentary on the Holy Scriptures, მთარგმნელი და რედაქტორი ფ. შაფი, 1976, გვ. 42).
ბოაზის რეაქციიდან გამოჩნდა, რომ რუთის საქციელი უზნეობად არ მიაჩნდა. მან უთხრა რუთს: „იეჰოვამ გაკურთხოს, შვილო. ახლა უფრო მეტი სიკეთე გამოავლინე, ვიდრე პირველად, რომ ახალგაზრდებიდან არავის გაჰყევი, არც მდიდარს და არც ღარიბს“. რუთი ეგოისტურად არ მოქცეულა. მან თავისი გარდაცვლილი ქმრისა და დედამთილისთვის შთამომავლობის აღსადგენად საკმაოდ ხანში შესული ბოაზი აირჩია, რადგან ის იყო გამომსყიდველი. ბუნებრივი იქნებოდა, რომ ახალგაზრდა რუთს ახალგაზრდა კაცი აერჩია, ამიტომ ბოაზმა ეს უფრო დიდ სიკეთედ ჩათვალა, ვიდრე თავის დროზე მოხუც დედამთილთან დარჩენა (რთ. 3:10).
უეჭველია, რუთი გარკვეულწილად ღელავდა, რაც მის ხმაშიც შეიმჩნეოდა. ამიტომ ბოაზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია შვილო. რაც მთხოვე, ყველაფერს შეგისრულებ, რადგან ჩემი ხალხის ქალაქში ყველამ იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ“. რადგან გვიანი იყო, მან რუთს უთხრა, წოლილიყო გათენებამდე. ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა ორივე ადგა, როგორც ჩანს, მითქმა-მოთქმა რომ არ გამოეწვიათ და სახელი არ გასტეხოდათ. ბოაზმა რუთს ექვსი საწყაო ქერი მისცა. შესაძლოა ამით უნდოდა დაენახვებინა, რომ, როგორც ექვს სამუშაო დღეს მოსდევს დასვენების დღე, ისე დადგებოდა რუთისთვის მალე დასვენების დღე, რადგან ბოაზი იზრუნებდა, რომ მას თავშესაფარი ჰქონოდა (რთ. 3:1, 11—15, 17, 18).
ნაომიმ, როგორც ჩანს, ვერ იცნო რუთი სიბნელეში და ჰკითხა: „ვინა ხარ, შვილო?“. ან შესაძლოა ნაომის ამ კითხვით იმის გაგება უნდოდა, მიიღო თუ არა რუთმა გამომსყიდველის თანხმობა (რთ. 3:16).
მოგვიანებით, როცა უფრო ახლო ნათესავმა უარი თქვა გამოსყიდვაზე, ბოაზი დაუყოვნებლივ შეუდგა ამ საქმეს. რუთსა და ბოაზს ობედი შეეძინათ. რუთი მეფე დავითისა და იესო ქრისტეს წინაპარი გახდა (რთ. 4:1—21; მთ. 1:5, 16).