ᲧᲣᲠᲘ
სმენის ორგანო, რომელიც შექმნილია იეჰოვას მიერ (ფს. 94:9; იგ. 20:12). ყური სამი ნაწილისგან შედგება: გარე, შუა და შიდა ყური. შუა ყური არის დაფის აპკით შემოსაზღვრული მცირე ზომის ღრუ, რომელიც გადადის არხების ლაბირინთში, რაც შიდა ყურს შეადგენს. სმენითი ფუნქციის გარდა, შიდა ყურს აგრეთვე აქვს წონასწორობის ორგანოები. ორი ყურის წყალობით ადამიანს შეუძლია განსაზღვროს, საიდან მოდის ხმა.
ადამიანის ყურს შეუძლია წამში დაახლოებით 20—20 000-მდე ჰერცის სიხშირის ბგერები აღიქვას. ბევრი ცხოველის ყურს უფრო მაღალი სიხშირის ბგერების აღქმა შეუძლია, რომელთაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. მართლაც გასაოცარია, რომ ადამიანის ყურს სმენის ასეთი დიაპაზონის აღქმა შეუძლია! ყველაზე მაღალი ბგერა, რომლის აღქმაც ადამიანის ყურს სმენის დაუზიანებლად შეუძლია, 2 მილიონჯერ მილიონ აღემატება ყველაზე დაბალ ბგერას, რომელსაც ყური აღიქვამს. ადამიანის ყური იმდენად მგრძნობიარეა, რამდენიც პრაქტიკულად არის საჭირო. თუ უფრო მეტად მახვილი სმენა ექნებოდა, ადამიანი ჰაერში მოლეკულების უწყვეტი მოძრაობის ხმასაც კი გაიგონებდა.
ვინაიდან ყურის შემოქმედს თავადაც ესმის, ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამია, რომ მას ყურები აქვს (რც. 11:18; ფს. 116:1, 2). ამით იეჰოვა აჩვენებს, რომ მართალი ადამიანების ლოცვების, სათხოვრის და ღაღადის მიმართ ყური გახსნილი აქვს (ფს. 10:17; 18:6; 34:15; 130:2; ეს. 59:1; 1პტ. 3:12). ის ისმენს მომჩივანთა დრტვინვასა და მისი მტრების მზაკვრულ საუბარს (რც. 11:1; 2მფ. 19:28). მაგრამ ის არ ისმენს მათ ღაღადს, როცა განაჩენის აღსრულების დროს შველას სთხოვენ (ეზკ. 8:18). მიუხედავად იმისა, რომ კერპებზე ყურებია გამოსახული ან გამოკვეთილი, მათ არ შეუძლიათ თავიანთი თაყვანისმცემლების ლოცვების მოსმენა და მათზე პასუხის გაცემა (ფს. 115:6).
სიმბოლური მნიშვნელობა. ბიბლიაში სიტყვა „ყური“ ძლიერმოქმედი ფიგურალური მნიშვნელობით გვხვდება და სმენის სრულ პროცესს გულისხმობს. ის გამოიყენება სმენის უნართან დაკავშირებით და ნათქვამის მნიშვნელობისა და იმის შესაფასებლად, რამდენად შეესაბამება ის სიმართლეს (იობ. 12:11; 34:3). გამოთქმა „ყურის დაგდება“ მიუთითებს მოსმენილის თანახმად მოქმედებაზე (ფს. 78:1; 86:6; ეს. 51:4). სიტყვები „ყურის გახსნა“ ნიშნავს, რომ ადამიანი ჩასწვდა საქმის არსს (ეს. 50:5). გამოთქმა „ყურის გახსნა“ შესაძლოა მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ აღმოსავლეთში ნათქვამის უკეთ გასაგებად თავსაბურავს ყურზე გადაიწევდნენ ხოლმე. სიტყვა „გამხელა“ გულისხმობს ინფორმაციის პირისპირ მიწოდებას ან საიდუმლოს განდობას ან მანამდე უცნობი რამის მოყოლას (1სმ. 9:15; 20:2, 12, 13; 2სმ. 7:27).
ფრაზა „აღვიძებს ჩემს ყურს“ იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი მზად არის ყურადღებით მოსასმენად (ეს. 50:4). ასეთი ყური შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ადრე მათ შორის იყო, რომელთაც პირდაპირი გაგებით ყურები აქვთ, მაგრამ სულიერი გაგებით ყრუები არიან (ეს. 43:8). ბიბლიაში მართალ ადამიანზე ნათქვამია, რომ ის ღმერთს უსმენს, მაგრამ ყურს არ უგდებს ბოროტებას (ეს. 33:15). მსგავსად, ბერძნული სიტყვა, რომელიც „მოსმენად“ ითარგმნება, შესაძლოა ნიშნავდეს ყურადღების მიქცევას, გაგებას და მოსმენილის თანახმად მოქმედებას, როგორც ეს იესოს სიტყვებიდან ჩანს: „ჩემი ცხვრები ისმენენ ჩემს ხმას“ და „უცხოს კი არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან ვერ ცნობს უცხოთა ხმას“ (ინ. 10:27, 5).
ამის საპირისპიროდ, ურჩ ადამიანებზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ მათ ყურები დახშული აქვთ (ეს. 6:10; სქ. 28:27). ასეთი ბოროტები შედარებული არიან კობრას, რომელიც სმენას იხშობს, რათა არ გაიგონოს მომნუსხველის ხმა (ფს. 58:4).
თავისი მსახურების მეშვეობით იეჰოვა ელაპარაკა ჯიუტ და ურჩ ისრაელებს, რომლებიც ყურით წინადაუცვეთელნი იყვნენ (იერ. 6:10; სქ. 7:51). მათ თითქოს ყურები რაღაცით ჰქონდათ დაცული, რაც მოსმენაში უშლიდათ ხელს. მათი ყურები არ იყო იეჰოვას მიერ გახსნილი, რომელიც გამგებ და მორჩილ ყურს აძლევს მის მაძიებელთ, მაგრამ ნებას რთავს, რომ სულიერი სმენა დაუქვეითდეთ ურჩებს (კნ. 29:4; რმ. 11:8). პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა იმ დროზე, როცა ზოგი, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებდა, ჭეშმარიტ რწმენას განუდგებოდა და აღარ ექნებოდა ღვთის სიტყვიდან ჭეშმარიტების მოსმენის სურვილი. ნაცვლად ამისა, ისინი ყურის მაამებელ ცრუ მასწავლებლებს მოუსმენდნენ (2ტმ. 4:3, 4; 1ტმ. 4:1). აგრეთვე ადამიანს შეიძლება „ყურებმა შუილი“ დაუწყოს შემაძრწუნებელი, განსაკუთრებით უბედურების მომტანი ამბების მოსმენის დროს (1სმ. 3:11; 2მფ. 21:12; იერ. 19:3).
როცა ტარსოსელი სავლე ზებუნებრივი სინათლით დაბრმავდა, ესმოდათ თუ არა მასთან მყოფებს ხმა, რომელიც სავლემ მოისმინა?
იმის მაგალითი, თუ რა განსხვავებაა პირდაპირი გაგებით ხმის მოსმენასა და მოსმენილის აღქმას შორის, შეგვიძლია დავინახოთ ბიბლიაში ტარსოსელი სავლეს შესახებ მონაკვეთიდან და მოგვიანებით მისი მონათხრობიდან (სქ. 9:3—8; 22:6—11). საქმეების 9:7-ში წერია, რომ სავლესთან მყოფებს „ხმა ესმოდათ“ ანუ რაღაც ბგერები ესმოდათ. მაგრამ საქმეების 22:9-ში თავად პავლე ამბობს, რომ მასთან მყოფები ვერ იგებდნენ, რას ეუბნებოდა ხმა. თუ სწორად გავიგებთ ამ ორ მუხლში ჩაწერილ სიტყვებს, დავინახავთ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. საქმეების 9:7-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა ფონე, რომელიც ნიშნავს „ხმას“, ზის ნათესაობით ბრუნვაში ფონეს და ამ მუხლში გადმოსცემს აზრს, რომ ვიღაცას ესმის რაღაც ხმა, მაგრამ ვერ იგებს ნათქვამს. ხოლო საქმეების 22:9-ში სიტყვა ფონე დგას ბრალდებით ბრუნვაში ფონენ: ხალხი ვერ იგებდა — მათ კი ესმოდათ ხმა, მაგრამ ვერ არჩევდნენ სიტყვებს და ვერ სწვდებოდნენ ნათქვამის მნიშვნელობას. მათ ვერ გაიგეს, რა უთხრა იესომ სავლეს, ეს მხოლოდ სავლემ გაიგო (სქ. 9:4). იმის ცოდნა, რომ ბიბლიაში სიტყვა „მოსმენა“ ორი მნიშვნელობით გამოიყენება, გვეხმარება, ნათელი მოვფინოთ იმას, რაც სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა.
ისრაელში სამღვდელოების დანიშვნის დროს მოსემ მიიღო მითითება, აეღო დანიშვნის ვერძის სისხლი და წაესვა ის აარონისა და მისი ვაჟებისთვის მარჯვენა ყურის ბიბილოზე და მარჯვენა ხელისა და ფეხის ცერებზე იმის ნიშნად, რომ მათ მღვდლად დანიშვნას გავლენა უნდა მოეხდინა იმაზე, თუ როგორ მოისმენდნენ, შეასრულებდნენ საქმეს და როგორ ივლიდნენ (ლვ. 8:22—24). მსგავსად ამისა, კეთროვნის განწმენდის დროს მღვდელს კანონის თანახმად მარჯვენა ყურის ბიბილოზე უნდა წაესვა დანაშაულის შესაწირავად მიყვანილი ვერძის სისხლი და შესაწირავად მიტანილი ზეთი (ლვ. 14:14, 17, 25, 28). მსგავსად იქცეოდნენ მაშინაც, როცა ადამიანს სურდა, სამუდამოდ დარჩენილიყო თავისი ბატონის მონა. ამ შემთხვევაში მონას აყენებდნენ კართან და ბატონი ყურს უხვრეტდა სადგისით. ეს შესამჩნევი ნიშანი სმენის ორგანოზე, როგორც ჩანს, იმაზე მოწმობდა, რომ მონას სურდა, კვლავაც თავისი ბატონის მორჩილი ყოფილიყო (გმ. 21:5, 6).
ადამიანისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, მოუსმინოს ღმერთს ანუ დიდი ყურადღებით მოეკიდოს მის სიტყვებს და დაემორჩილოს მათ, როგორც ამაზე ბიბლია მიუთითებს. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთები ღვთის დანახვას აუცილებლობად მიიჩნევენ, პროფესორი რ. დენტანი ერთ-ერთ ლექსიკონში აღნიშნავს: „ბიბლიაში ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის აღმნიშვნელ მთავარ სიტყვად გამოყენებულია „მოსმენა“ და არა „დანახვა“… მისტიკურ რელიგიებში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ღვთის დანახვას ენიჭება, მაგრამ ბიბლიაში, სადაც უმთავრესია ღვთის სიტყვების მორჩილება, აქცენტი კეთდება მისი ხმის მოსმენაზე. აღსანიშნავია, რომ ისრაელის რელიგიაში ძირითადი აზრების ფორმულირება იწყება სიტყვებით: „ისმინე ისრაელო“. „ვინც ღვთისგან არის“, მისტიკურ ხილვებს კი არ ხედავს, არამედ „ისმენს ღვთის სიტყვებს“ (იოანე 8:47)“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, edited by G. Buttrick, 1962, ტ. 2, გვ. 1; იხ. ᲡᲘᲧᲠᲣᲔ).