ახალმთვარობის დღესასწაული
ღვთის მითითებისამებრ ყოველი ახალმთვარობისას, რომლითაც ებრაული კალენდრით მთვარისმიერი თვე იწყებოდა, ისრაელებს საყვირები უნდა დაეყვირებინათ დასაწვავი შესაწირავისა და მშვიდობის მსხვერპლის შეწირვის დროს (რც. 10:10). ამ დღეს ყოველდღიური შესაწირავის გარდა სხვა სახის შესაწირავებიც უნდა მიეტანათ, კერძოდ, ორი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი მამალი თოხლი შესაბამის მარცვლეულ და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად და ერთი თიკანი ცოდვის შესაწირავად (რც. 28:11—15).
ხუთწიგნეულში ახალმთვარობის აღნიშვნასთან დაკავშირებით მხოლოდ ეს მითითებებია მოცემული, თუმცაღა დროთა განმავლობაში ახალმთვარობის დღესასწაული მნიშვნელოვან ეროვნულ ზეიმად იქცა. ესაიას 1:13, 14-ში ის შაბათებთან და სხვა დღესასწაულებთან ერთად მოიხსენიება. როგორც ამოსის 8:5-დან ჩანს, გვიანდელ წინასწარმეტყველთა პერიოდში ახალმთვარობისას ხალხი თავს იკავებდა სავაჭრო საქმეებისგან, თუმცა ეს კანონით არ მოეთხოვებოდათ. როგორც ზემოხსენებული მუხლებიდან ჩანს, ებრაელთათვის ახალმთვარობის აღნიშვნა ფორმალობად იქცა, რაც საძულველი იყო იეჰოვასთვის.
ახალმთვარობა ერთად შეკრებისა და მხიარულების დრო იყო. ამაზე მოწმობს საულის რეაქცია, როცა დავითი ახალმთვარობისას მის ნადიმზე არ გამოცხადდა. მეფეს ეგონა, რომ დავითმა „რაღაცით გაიუწმინდურა თავი და არ განწმენდილა“ (1სმ. 20:5, 18, 24, 26). მართალია, ახალმთვარობისას ისეთი საქმეების კეთებაც შეიძლებოდა, რაც შაბათს იკრძალებოდა, მაგრამ ზოგადად ის მაინც სულიერი საქმეებისთვის გამოყოფილ დღედ ითვლებოდა. ამ დროს შეკრებებსაც მართავდნენ (ეს. 1:13; 66:23; ფს. 81:3; ეზკ. 46:3) ან წინასწარმეტყველებს (ღვთის კაცებს) ინახულებდნენ (2მფ. 4:23).
ახალმთვარობა არ ყოფილა დაკავშირებული მთავრის კულტთან და ასტროლოგიასთან, როგორც ეს ზოგიერთ წარმართ ერში იყო (მსჯ. 8:21; 2მფ. 23:5; იობ. 31:26—28).
ესაია წინასწარმეტყველებდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ახალმთვარობისას ყოველი ხორციელი მოვიდოდა იეჰოვას თაყვანსაცემად (ეს. 66:23). ბაბილონის ტყვეობაში მყოფ წინასწარმეტყველ ეზეკიელს, რომელმაც ხილვაში ტაძარი იხილა, იეჰოვამ უთხრა: „შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებს, დაკეტილი უნდა იყოს ექვს სამუშაო დღეს, შაბათს და ახალმთვარობისას კი უნდა გაიღოს ... ამ მიწის ხალხი კი შაბათობით და ახალმთვარობების დროს ამ კარიბჭის შესასვლელთან დაემხობა იეჰოვას წინაშე“ (ეზკ. 46:1, 3).
დღესდღეობით ებრაელები ახალმთვარობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ზედმიწევნით ასრულებენ უამრავ რიტუალს. მაგრამ ქრისტიანებმა იციან, რომ მათ არ მოეთხოვებათ ახალმთვარობებისა თუ შაბათების დაცვა, რადგან ისინი მხოლოდ „მომავლის ჩრდილია“, სინამდვილე კი — იესო ქრისტესი. ებრაელთა დღესასწაულებს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და მოასწავებდა იმ კურთხევებს, რომელთა მიღებაც ღვთის ძის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი (კლ. 2:16, 17).