აშანი
[შესაძლოა ნიშნავს ბოლს]
ქალაქი შეფელაში, იუდას დაბლობზე; თავდაპირველად ის იუდას ტომს ხვდა წილად, შემდეგ კი იუდას სამკვიდროს სიდიდის გამო სიმონის ტომს გადაეცა (იეს. 15:42; 19:7, 9; 1 მტ. 4:32). სიმონელებისგან ეს ქალაქი ლევიან კეჰათელებს მიეცათ (1 მტ. 6:54, 59). ზოგის აზრით, 1 სამუელის 30:30-ში მოხსენიებული ამავე მხარეში მდებარე ქალაქი ბორაშანი, რომელსაც დავითმა ამალეკელების დამარცხების შემდეგ ნადავლი გაუნაწილა, იგივე აშანია. იესო ნავეს ძის 21:16-ში კეჰათელებისთვის განაწილებული ქალაქების ჩამონათვალი ემთხვევა 1 მატიანის 6:59-ში მოცემულ ჩამონათვალს. თუმცა წიგნ „იესო ნავეს ძეში“ აშანის ნაცვლად აინია მოხსენიებული. ბიბლიის ერთ კომენტარში ამ მუხლზე ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, ამ ქალაქის სრული სახელი აინ-აშანი იყო (Soncino Books of the Bible, ლონდონი, 1950).
ბევრი აშანს ხირბეთ-ასანთან აიგივებს, რომელიც დღევანდელ ბეერ-შებადან ჩრდ.-დას-ით დაახლოებით 2,5 კმ-ში მდებარეობს, ნაჰალ-აშანთან ახლოს. არქეოლოგი იოჰანან აჰარონის აზრით, აშანი ბეერ-შებადან ჩრდ.-ჩრდ.-აღმ-ით 25 კმ-ში მდებარე თელ-ბეთ-მირშამია.