ელი (I)
ქართულად ასე გადმოდის სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ორი ებრაული სახელი.
1. [მაღლა ასული] — ისრაელის მღვდელმთავარი; სავარაუდოდ, მისი წინაპარი იყო ითამარი, რომელიც აარონის ვაჟების ჩამონათვალში მეოთხე მოიხსენიება (შდრ. 2სმ. 8:17; 1მფ. 2:27; 1მტ. 24:3; გმ. 6:23). მღვდელმთავარი ელი 40 წელიწადი იყო ისრაელის მსაჯული. სამუელმა მის სიცოცხლეში დაიწყო წინასწარმეტყველად მსახურება (1სმ. 4:18; 3:10—13, 19—21). ელის დროს ისრაელი სულიერად სავალალო მდგომარეობაში იყო, რადგან „იმ დროს იშვიათად ცხადდებოდა იეჰოვას სიტყვა; არც ხილვები იყო ხშირი“ (1სმ. 3:1).
ელის შესახებ პირველად ვკითხულობთ 1 სამუელის 1-ელ თავში. კარვის კარის წირთხლთან მჯდომმა ელიმ უსაყვედურა მართალ ხანას, რომელიც მთვრალი ეგონა. სინამდვილეში ხანა დიდხანს ლოცულობდა კარვის წინ. როცა ხანასგან შეიტყო, რომ ნასვამი კი არ იყო, არამედ დიდი წუხილი და სიმწარე ალაპარაკებდა, ელიმ მშვიდობით გაუშვა ის. იეჰოვამ შეისმინა ხანას ლოცვა. მას გაუჩნდა ვაჟი, რომელსაც სამუელი დაარქვა. როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, თავისი აღთქმისამებრ კარავში მიიყვანა, რომ იქ ემსახურა (1სმ. 1:9—18, 20, 24, 28; 2:11, 18).
ვაჟებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება. როგორც მამა და ისრაელის მღვდელმთავარი, ელი იეჰოვასგან მომდინარე აღმზრდელობით ზომებს არ მიმართავდა. მისი ვაჟები, ხოფნი და ფინხასი, მღვდლებად მსახურობდნენ, მაგრამ უვარგისები, მუცლის მონები და აღვირახსნილები იყვნენ. შესაწირავიდან ღვთის კანონით მათთვის განკუთვნილ წილს არ სჯერდებოდნენ და იეჰოვასთვის მსხვერპლის მიტანამდე და სამსხვერპლოზე ქონის აბოლებამდე თავიანთ დამხმარეს ეუბნებოდნენ, შემწირველისთვის უმი ხორცი წაერთმია. ელის ხარბი და გარყვნილი ვაჟები შეხვედრის კარავში თავიანთი მდგომარეობით იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას ქურდობითა და ბოროტებით აზარალებდნენ. მაშინაც კი, როცა ისინი კარვის შესასვლელთან მომსახურე ქალებთან უზნეობას ჩადიოდნენ, ელი უბრალოდ რბილად საყვედურობდა მათ და მღვდლობას არ ართმევდა. ის საკუთარ ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე იეჰოვას (1სმ. 2:12—17, 22—25, 29).
გავიდა დრო და ღვთის წინასწარმეტყველმა ელის განაჩენი გამოუცხადა: ელის საგვარეულო დაკარგავდა ძალაუფლებასა და გავლენას და მის სახლში მოხუცებული აღარ იქნებოდა; მისი გარყვნილი ვაჟები ერთ დღეს დაიხოცებოდნენ (1სმ. 2:27—36). ელის სახლს ეს განაჩენი იეჰოვამ სწორედ ყმაწვილი სამუელის პირით გაუმეორა (1სმ. 3:11—14). სამუელს ეშინოდა ცნობის გადაცემა, მაგრამ ელის თხოვნის შემდეგ ყველაფერი უთხრა. ელიმ თავმდაბლურად თქვა: „ეს იეჰოვაა. გააკეთოს, რასაც ინებებს“ (1სმ. 3:15—18).
იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ელის სახლზე. ელის სახლს სასჯელი ღვთის სიტყვისამებრ დაატყდა. ფილისტიმელებთან ბრძოლის დროს ისრაელმა დაახლოებით 4 000 მეომარი დაკარგა. ისრაელებმა გადაწყვიტეს, კიდობანი შილოდან ბანაკში გადაეტანათ, რადგან ეგონათ, რომ ის მტრისგან იხსნიდა მათ. მაგრამ ფილისტიმელებმა მთელი ძალით შეუტიეს და 30 000 ისრაელი მოკლეს. მათ წაიღეს კიდობანი და ხოფნი და ფინხასი დახოცეს. ბრძოლის ველიდან ბენიამინელი კაცი ელისთვის ამბის მისატანად გაიქცა. 98 წლის უსინათლო და დაუძლურებული ელი გზის პირას იჯდა და კიდობნის გამო წუხდა. როგორც კი კიდობნის წაღების ამბავი გაიგო, უკან გადავარდა, კისერი გადაუტყდა და მოკვდა (1სმ. 4:2—18).
მოგვიანებით ელის სახლზე მეფე საულმა აღასრულა სასჯელი, როცა დაუნდობლად მოაკვლევინა ნობში მცხოვრები მღვდლები, რომლებიც ელის შთამომავლები იყვნენ ფინხასის ვაჟის, ახიტუბის ხაზით (1სმ. 14:3; 22:11, 18). მხოლოდ ახიმელექის ვაჟი აბიათარი გადაურჩა სიკვდილს და დავითის მთელი მმართველობის განმავლობაში მღვდლად მსახურობდა (1სმ. 22:20; 2სმ. 19:11). თუმცა მოგვიანებით სოლომონმა მღვდლობა წაართვა აბიათარს, რადგან მეამბოხე ადონიას მიემხრო (1მფ. 1:7; 2:26, 27). ასე შესრულდა იეჰოვას მიერ ელის სახლისთვის გამოტანილი განაჩენი. ელის შთამომავლებს სამუდამოდ წაერთვა მღვდელმთავრობა (1სმ. 3:13, 14).
2. [ებრ-დან, ნიშნავს მაღალს (განდიდებულს)] — როგორც ჩანს, ის იყო მარიამის მამა და იესო ქრისტეს პაპა (ლკ. 3:23). იოსებს „ელის ვაჟი“ ეწოდებოდა, რაშიც სავარაუდოდ ის იგულისხმება, რომ ელის სიძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მარიამს არ მოიხსენიებს, ის როგორც ჩანს იესოს დედის გენეალოგიურ ხაზს დავითამდე მიჰყვება (ლკ. 3:31; იხ. იესო ქრისტეს გენეალოგია).