ხანდაზმულო ქრისტიანებო, იეჰოვა აფასებს თქვენს ერთგულებას!
მთელ მსოფლიოში უხუცესები ძალიან აფასებენ იმ დავალებებს, რომლებიც ღვთის ორგანიზაციაში აქვთ. ისინი ჩვენთვის ნამდვილ კურთხევას წარმოადგენენ! თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ გარკვეული ცვლილებები მოხდა. ასაკოვან უხუცესებს სთხოვეს, რომ თავიანთი პასუხისმგებლობები, რომელთა შესრულებაც დიდ ენერგიას მოითხოვდა, შედარებით ახალგაზრდა უხუცესებისთვის გადაებარებინათ. რას მოიცავდა ეს?
ამ ცვლილების თანახმად, სარაიონო ზედამხედველები და თეოკრატიული სკოლების მასწავლებლები ასეთი სახის მსახურებას 70 წლამდე შეასრულებენ. ამასთანავე, 80 წელს მიღწეული უხუცესები შედარებით ახალგაზრდა უხუცესებს გადააბარებენ ისეთ საქმეებს, როგორიცაა ფილიალის კომიტეტისა და კრების უხუცესთა საბჭოს კოორდინატორობა. როგორი რეაქცია ჰქონდათ ჩვენ საყვარელ ასაკოვან უხუცესებს ამ ცვლილებაზე? მათ ერთგულება დაუმტკიცეს იეჰოვას და მის ორგანიზაციას.
„სრულიად ვეთანხმები ამ ახალ გადაწყვეტილებას. სწორედ იმ დილით, სანამ ამ ამბავს გავიგებდი, იეჰოვას ლოცვაში ვეუბნებოდი, რომ კარგი იქნებოდა, შედარებით ახალგაზრდა ძმას ემსახურა კოორდინატორად“, — ამბობს კენი, რომელმაც ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად თითქმის 49 წელი იმსახურა. კენის სიტყვები მთელ მსოფლიოში მცხოვრები ბევრი ერთგული ხანდაზმული ძმის გრძნობებს გამოხატავს. მიუხედავად ამისა, თავიდან ზოგს გულგატეხილობა დაეუფლა, რადგან სიამოვნებდათ და-ძმების მომსახურება.
„ცოტა გული დამწყდა“, — ამბობს ესპერადიო, რომელიც თავის კრებაში უხუცესთა საბჭოს კოორდინატორად მსახურობდა. თუმცა ის მიხვდა, რომ შერყეულ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მეტი დრო სჭირდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ესპერადიო ერთგულად აგრძელებს იეჰოვასადმი მსახურებას და კრებისთვის დიდ კურთხევას წარმოადგენს.
რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, მაგრამ ახლა სხვა სახის მსახურებას აგრძელებს? ალანი, რომელიც 38 წლის მანძილზე მიმომსვლელი ზედამხედველი იყო, გულწრფელად ამბობს: „როცა ამის შესახებ გავიგე, გავოგნდი“. თუმცა ის აცნობიერებს, რამხელა საქმის გაკეთება შეუძლია შედარებით ახალგაზრდა ძმების მომზადებით და ერთგულად განაგრძობს მსახურებას.
რასელი, რომელმაც მიმომსვლელ ზედამხედველად და თეოკრატიული სკოლების მასწავლებლად მთლიანობაში 40 წელი იმსახურა, ამბობს, რომ თავიდან მას და მის მეუღლეს იმედგაცრუება დაეუფლათ. „ჩვენ ძალიან მოგვწონდა ასეთი მსახურება და ვფიქრობდით, რომ ჯერ კიდევ საკმარისი ენერგია გვქონდა ამ საქმის გასაგრძელებლად“. დღეს რასელი და მისი მეუღლე თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ადგილობრივი კრების წევრებს უზიარებენ, რომლებსაც ძალიან სიამოვნებთ მათთან თანამშრომლობა.
მაშინაც კი, თუ პირადად თქვენ არ შეგხებიათ ზემოხსენებული ცვლილებები, მეორე სამუელის წიგნში მოთხრობილი შემთხვევა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რას გრძნობენ ეს ხანდაზმული ძმები.
მოკრძალებული და რეალისტი
გავიხსენოთ ბიბლიური შემთხვევა, როცა მეფე დავითს თავისი ვაჟი, აბესალომი აუჯანყდა. დავითი იერუსალიმიდან მახანაიმში გაიქცა, რომელიც მდინარე იორდანის აღმოსავლეთით მდებარეობდა. გახსოვთ, რა მოხდა, როცა დავითსა და მის თანმხლებთ საკვები და საარსებოდ აუცილებელი ნივთები დასჭირდათ?
იმ ტერიტორიაზე მცხოვრებმა სამმა მამაკაცმა გულუხვად გაიღო საკვები, საწოლები და ჭურჭელი. ერთ-ერთი მათგანი ბარზილაი იყო (2 სამ. 17:27—29). როცა აბესალომის აჯანყება ჩაახშეს, დავითმა იერუსალიმში დაბრუნება გადაწყვიტა და ბარზილაიმ ის მდინარე იორდანემდე მიაცილა. დავითი მას იერუსალიმში გაყოლას სთხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ბარზილაი „ძალიან მდიდარი კაცი“ იყო და დავითის დახმარება არ სჭირდებოდა, მეფე ჰპირდებოდა, რომ არაფერს მოაკლებდა (2 სამ. 19:31—33). როგორც ჩანს, დავითს სურდა, ბარზილაი გვერდში ჰყოლოდა, რადგან დიდი გამოცდილება ჰქონდა და მისთვის ბრძნული რჩევების მიცემა შეეძლო. ცხადია, სასახლეში ცხოვრება და სამეფო კარზე მსახურება ბარზილაისთვის დიდი პატივი იქნებოდა.
ბარზილაიმ რეალურად შეაფასა თავისი მდგომარეობა და მოკრძალებით თქვა, რომ ის უკვე 80 წლისა იყო, შემდეგ კი დასძინა: „განა კიდევ გავარჩევ კარგსა და ცუდს“. რას გულისხმობდა ის? ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ის დიდ გამოცდილებას შეიძენდა და კვლავაც შეძლებდა კარგი რჩევის მიცემას ისევე, როგორც მოგვიანებით უხუცესებმა მისცეს რჩევა მეფე რობოამს (1 მეფ. 12:6, 7; ფსალმ. 92:12—14; იგავ. 16:31). ბარზილაის ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებდა, რომ ასაკის გამო ფიზიკურად ბევრის გაკეთება აღარ შეეძლო. მან თქვა, რომ ასაკმა მის სმენასა და გემოს შეგრძნებას თავისი კვალი დააჩნია (ეკლ. 12:4, 5). ბარზილაიმ დავითს თავად შესთავაზა, რომ იერუსალიმში შედარებით ახალგაზრდა კაცი, ქიმჰამი წაეყვანა, რომელიც, სავარაუდოდ, მისი ვაჟი იყო (2 სამ. 19:35—40).
მომავლისთვის მომზადება
ზემოხსენებული ცვლილებების მიზეზი სწორედ ასაკთან დაკავშირებული პრობლემებია, რომლებიც ბარზილაიმ მოიხსენია. ცხადია, ჩვენს დროში ბარზილაის შემთხვევისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ადამიანის მდგომარეობა და შესაძლებლობები არ იყო გასათვალისწინებელი. საჭირო იყო, რეალურად შეგვეფასებინა, რა იქნებოდა საუკეთესო მთელ მსოფლიოში მცხოვრები ერთგული უხუცესებისთვის.
ამ მოკრძალებულ ხანდაზმულ ქრისტიან მამაკაცებს ესმით, რომ იეჰოვას ორგანიზაცია უკეთ იქნება მომზადებული მომავალი ზრდისთვის, თუ შედარებით ახალგაზრდა ძმებს მოამზადებენ და თავიანთ პასუხისმგებლობებს მათ გადააბარებენ. უმეტეს შემთხვევაში სწორედ ასაკოვანი ძმები ამზადებენ ახალგაზრდებს ისევე, როგორ ბარზილაიმ მოამზადა თავისი ვაჟი, მოციქულმა პავლემ კი — ტიმოთე (1 კორ. 4:17; ფილ. 2:20—22). ამ ახალგაზრდა ძმებმა დაამტკიცეს, რომ არიან „ძღვენი ადამიანთა სახით . . . ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად“ (ეფეს. 4:8—12; შეადარეთ რიცხვების 11:16, 17, 29).
სხვადასხვა საქმის შესრულების შესაძლებლობები
მსოფლიოში ღვთის ხალხის კრებებში ბევრს, ვინც გარკვეული პასუხისმგებლობები სხვებს გადააბარა, შესაძლებლობა მიეცა, რომ ახალი პასუხისმგებლობები აეღო ან მსახურების სხვადასხვა სფეროში მიეღო მონაწილეობა.
„ამ ახალმა მდგომარეობამ იმის საშუალება მომცა, რომ კრებაში ჩვენი დების მეუღლეების მიმართ, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, მეტი ყურადღება გამომევლინა“, — ამბობს მარკო, რომელიც 19 წელი მიმოსვლით მსახურებაში იყო.
„მიზნად დავისახეთ, რომ არააქტიურებს დავხმარებოდით და მეტი ბიბლიის შესწავლა დაგვეწყო“, — ამბობს ჟერალდუ, რომელიც 28 წლის მანძილზე მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. ის ცოლთან ერთად 15 ბიბლიის შესწავლას ატარებს და არააქტიურთაგან, რომელთაც ის დაეხმარა, ბევრი დღეს კრების შეხვედრებს ესწრება.
ზემოთ მოხსენიებული ალანი აღნიშნავს: „ახლა საშუალება გვაქვს, რომ მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობას უფრო მეტი დრო დავუთმოთ; ვქადაგებთ სტენდით, საქმიან ტერიტორიაზე და მეზობლებთან, რომელთაგან ორი კრების შეხვედრას დაესწრო“.
ერთგულ და უნარიან ძმებს, რომელთაც ახალი დავალება აქვთ, შეუძლიათ განსაკუთრებული სახით შეიტანონ წვლილი ღვთის საქმეში. მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ღვთის საქმეს იმით, რომ თავიანთი ფასდაუდებელი გამოცდილება კრებაში შედარებით ახალგაზრდა მამაკაცებს გაუზიარონ. ზემოხსენებული რასელი ამბობს: „იეჰოვა ასწავლის და იყენებს შესანიშნავ ნიჭიერ ახალგაზრდებს. საძმოსთვის დიდი სარგებლობა მოაქვს იმას, რომ ისინი აქტიურად ასწავლიან და მწყემსავენ“ (იხილეთ ჩარჩო „დაეხმარეთ ახალგაზრდა ძმებს, სრულად გამოიყენონ თავიანთი უნარი“).
იეჰოვა აფასებს თქვენს ერთგულებას
თუ თქვენც შეგეხოთ ეს ცვლილება, შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა. თქვენი გულითადი მსახურებით უკვე უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინეთ გავლენა და კვლავაც შეგიძლიათ ამის გაკეთება. თქვენ ბევრს უყვარხართ და კვლავაც ბევრი შეგიყვარებთ.
რაც მთავარია, თქვენ მარადიულად დაიმკვიდრეთ იეჰოვას გულში ადგილი. ის არასდროს დაივიწყებს „თქვენს შრომასა და სიყვარულს, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს“ (ებრ. 6:10). ეს ღვთივშთაგონებული სიტყვები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა მხოლოდ ჩვენ მიერ წარსულში გაკეთებულ საქმეებს კი არ აფასებს, არამედ იმასაც, რასაც ახლა ვაკეთებთ. თქვენ იმდენად ძვირფასები ხართ იეჰოვასთვის, რომ ყოველთვის ემახსოვრება როგორც წარსულში გაკეთებული საქმეები, ისე ის, რასაც დღეს აკეთებთ მისთვის!
რის თქმა შეიძლება თქვენზე ძმებო, თუ ზემოხსენებული ცვლილებები უშუალოდ არ შეგხებიათ? ეს საკითხი შეიძლება გარკვეულწილად მაინც გეხებოდეთ. რა გაგებით?
თუ თქვენ გვერდითაც არის ერთგული ასაკოვანი ძმა, რომელსაც ახლა სხვა პასუხისმგებლობა აქვს, ბევრის სწავლა შეგიძლიათ მისგან, როგორც მოწიფული და გამოცდილი ქრისტიანისგან. ჰკითხეთ მას რჩევა. გაიგეთ მისი აზრი და დააკვირდით, რა ერთგულად იყენებს თავის გამოცდილებას ახალი დავალების შესასრულებლად.
თუ იმ ხანდაზმულებს შორის ხართ, რომლებიც ახალ დავალებებს ასრულებენ, ან კრების წევრი ხართ, რომელიც მათგან ბევრს სწავლობს, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა აფასებს იმ ერთგულ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ მას და კვლავაც ასე განაგრძობენ.