ᲑᲔᲔᲠᲝᲗᲘ
[ჭები] — ხიველთა ოთხი ქალაქიდან ერთ-ერთი, რომელთა მაცხოვრებლებმაც, როგორც ჩანს, გაბაონელების თაოსნობით ცბიერულად დადეს შეთანხმება იესო ნავეს ძესთან (იეს. 9:3—17). ამის შემდეგ ეს ქალაქი ბენიამინის ტომის საკუთრება გახდა (იეს. 18:21, 25). მონათხრობში ბეეროთელი კაცების ხელით საულის ვაჟის, იშ-ბოშეთის, მკვლელობის შესახებ ნათქვამია, რომ „ბეეროთი ბენიამინის ნაწილად ითვლებოდა“. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ეს ქალაქი სხვა ტომის საზღვართან ახლოს მდებარეობდა, რის გამოც საჭირო გახდა იმის დაკონკრეტება, რომელ ტომს მიეკუთვნებოდა (2სმ. 4:2—6). იქვე ნათქვამია, რომ ბეეროთელები გითაიმს შეეხიზნენ, თუმცა უცნობია, რა მიზეზით. შესაძლოა ამის მიზეზი ის გამხდარიყო, რომ გილბოას მთაზე საულის ჯარის დამარცხების შემდეგ ფილისტიმელები იქ დათარეშობდნენ ან შესაძლოა იმიტომ გაიხიზნენ, რომ იშ-ბოშეთის მკვლელობის შემდეგ მათზე შური არ ეძიათ. მოგვიანებით ბეეროთელები მოხსენიებულნი არიან ბაბილონის გადასახლებიდან იუდას მიწაზე დაბრუნებულთა შორის (ეზრ. 2:1, 25; ნემ. 7:29).
ზოგს მიაჩნია, რომ ეს იგივე ხირბეთ-ელ-ბურჯი ან მის სამხრ.-ით მდებარე ნაბი-სამვილია. ზოგიც ფიქრობს, რომ ეს დღევანდელი რამალის მეზობლად მდებარე ელ-ბირაა, რომელიც იერუსალიმის ჩრდ.-ით დაახლ. 14 კმ-ში, ხოლო გიბეონის ჩრდ. ჩრდ.-აღმ.-ით დაახლ. 8 კმ-ში ეფრემის საზღვართან მდებარეობს. ამ ადგილას წყალუხვი წყაროა. ძველი ქარვასლის ნანგრევები იმაზე მიანიშნებს, რომ ოდესღაც იქ ქარავნები ჩერდებოდნენ.