დაუახლოვდით ღმერთს
„შენი სამეფო, მარადიულად განმტკიცდება“
ისტორიის მანძილზე ბევრმა მმართველმა დაკარგა მაღალი მდგომარეობა. ზოგი ხალხმა არჩევნების დროს აღარ აირჩია, ზოგს კი გადადგომა აიძულეს. რა შეიძლება ითქვას ზეციერი სამეფოს მეფეზე, იესო ქრისტეზე? ხომ არ ემუქრება ღვთის დანიშნული მეფის მმართველობას საფრთხე? ამ კითხვაზე პასუხს ვიგებთ 2 სამუელის მე-7 თავში ჩაწერილი სიტყვებიდან, რომლებიც იეჰოვამ ისრაელის მეფე დავითს უთხრა.
მე-7 თავის პირველი სიტყვებიდან ჩანს, რომ დავითი, რომელიც ულამაზეს სასახლეში ცხოვრობდა, შეწუხდა იმის გამო, რომ ღვთის კიდობანიa უბრალო კარავში იყო დავანებული. დავითს ძალიან სურდა, რომ იეჰოვასთვის საკადრისი სახლი ანუ ტაძარი აეგო (მუხლი 2). მაგრამ იეჰოვასთვის მას არ უნდა აეგო სახლი. ნათან წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ უთხრა დავითს, რომ ამის პატივი მის ძეს ექნებოდა (მუხლები 4, 5, 12, 13).
დავითის გულწრფელმა სურვილმა იეჰოვა არ დატოვა გულგრილი. დავითის ერთგულების სანაცვლოდ იეჰოვამ შეასრულა თავისი განზრახვა და მასთან დადო შეთანხმება. ამ შეთანხმების თანახმად, დავითის საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა აღთქმული მმართველი, რომლის მეფობასაც ბოლო არ ექნებოდა. ღვთის ეს უტყუარი დანაპირები ნათანმა გაუმხილა დავითს: „მარადიულად განმტკიცდება შენი სახლი და შენი სამეფო, მარადიულად განმტკიცდება შენი ტახტი“ (მუხლი 16). ვინ იქნებოდა მემკვიდრე, რომელიც სამუდამოდ იმეფებდა? (ფსალმუნი 89:20, 29, 34—36).
დავითის შთამომავალი იესო ნაზარეთელი იყო. როცა ანგელოზმა მარიამს იესოს დაბადების შესახებ აცნობა, თქვა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:32, 33). ასე რომ, დავითთან დადებული შეთანხმება იესო ქრისტეს მეშვეობით შესრულდა. იესო ადამიანებმა კი არ აირჩიეს, არამედ თავად ღმერთმა, რომელმაც აღუთქვა დავითს, რომ სწორედ მას გაამეფებდა სამუდამოდ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღვთის დაპირებები ყოველთვის სრულდება (ესაია 55:10, 11).
2 სამუელის მე-7 თავიდან ორ რამეს ვსწავლობთ. პირველი, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესოს მეფობას არავითარი საფრთხე არ დაემუქრება. ღვთის სამეფო თავის მიზანს მიაღწევს, კერძოდ, ღვთის ნება შესრულდება დედამიწაზე, ისევე როგორც ზეცაში შესრულდა (მათე 6:9, 10).
მეორე, ჩვენ ვიგებთ, როგორი ღმერთია იეჰოვა. მან დაინახა დავითის გული და დააფასა მისი გულწრფელი სურვილი. ეს გვარწმუნებს, რომ იგი ჩვენს ერთგულებასაც აფასებს. ზოგჯერ ჩვენს ძალებს აღემატება ამა თუ იმ მდგომარეობის გამოსწორება, მაგალითად შერყეული ჯანმრთელობის ან ხანდაზმულობის გამო შეიძლება იმდენს ვეღარ ვაკეთებთ იეჰოვასთვის, რამდენიც გულით გვწადია. თუ ასეა, მანუგეშებელია ის, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენს გულს და მისი განდიდების გულწრფელ სურვილს.
[სქოლიო]
a შეთანხმების კიდობანი იყო ხის წმინდა სკივრი, რომელიც ღვთის მითითებით გააკეთეს. კიდობანი ისრაელ ერთან იეჰოვას ყოფნის სიმბოლო იყო (გამოსვლა 25:22).