წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 1
ეგვიპტე ბიბლიურ ისტორიაში
ბიბლია დაახლოებით 1 600 წლის განმავლობაში იწერებოდა. მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები და ისტორია შვიდ მსოფლიო იმპერიას — ეგვიპტეს, ასურეთს, ბაბილონს, მიდია-სპარსეთს, საბერძნეთს, რომსა და ანგლო-ამერიკას უკავშირდება. თითოეული მათგანი განხილული იქნება ამ სერიის შვიდ სტატიაში. რა არის ამ სტატიების მიზანი? იმის ჩვენება, რომ ბიბლია სანდოა და ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. მასში ჩაწერილია იმედის მომცემი ცნობა, რომ ადამიანთა არასწორი მმართველობის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღება.
პირამიდებითა და ნილოსის მდინარით განთქმული ეგვიპტე პირველია იმ მსოფლიო იმპერიებს შორის, რომლებსაც ბიბლიურ ისტორიაში ვხვდებით. სწორედ მის წიაღში ჩამოყალიბდა ისრაელი ერი. მოსე, რომელმაც ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი დაწერა, ეგვიპტეში დაიბადა. მან განათლებაც იქ მიიღო. ეთანხმება არქეოლოგიური და ისტორიული წყაროები იმ ცნობებს, რომლებიც მოსემ მოგვაწოდა ამ უძველესი ქვეყნის შესახებ? განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
სანდო ისტორია
ტიტულები და ტერმინები.
ისტორიის სიზუსტეს ხშირ შემთხვევაში მასში მოხსენიებული დეტალები ადასტურებს, მაგალითად წეს-ჩვეულებები, ეტიკეტი, ოფიციალურ პირთა სახელები, წოდებები თუ სხვა. რა შეიძლება ითქვას ამ მხრივ ბიბლიის პირველ ორ წიგნზე „დაბადებასა“ და „გამოსვლაზე“? პატრიარქ იაკობის ვაჟის, იოსების შესახებ „დაბადებაში“ მოთხრობილი ისტორიისა და წიგნ „გამოსვლის“ შესახებ, ჯ. გაროუ დანკანი თავის წიგნში წერს: „[ბიბლიის დამწერი] როგორც ჩანს, კარგად იყო გაცნობილი ეგვიპტურ ენას, ტრადიციებს, რელიგიურ შეხედულებებს, სამეფო კარის ცხოვრებას, ეტიკეტს და მმართველობის სისტემას“. ის დასძენს: „[მწერალი] ზუსტად მოიხსენიებს ტიტულებს და თანაც იმ ფორმით, რომელიც იმ დროს იყო მიღებული . . . თვითონ ის ფაქტი, რომ სიტყვა ფარაონი სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ტექსტებში გვხვდება, საუკეთესო დასტურია იმისა, რომ ძველი აღთქმის მწერლებისთვის უცხო არ იყო ეგვიპტის ცხოვრება და მათ მიერ მოწოდებული ცნობები სანდოა“. დანკანი აღნიშნავს: „[მწერლის] მიერ აღწერილ ისტორიებში, მისი გმირები ფარაონის წინაშე წარდგომისას სამეფო კარზე მიღებულ ეტიკეტს იცავენ და მიმართვის შესაბამის ფორმას იყენებენ“ (New Light on Hebrew Origins).
აგურების დამზადება.
ეგვიპტეში მონობის დროს, ისრაელები აგურების დასამზადებლად თიხას ზელდნენ და სიმკვრივისთვის ბზეს უმატებდნენ (გამოსვლა 1:14; 5:6—18).a წლების წინ ერთ წიგნში ნათქვამი იყო: „არსად ისე აქტიურად არ იყვნენ დაკავებული [აგურების დამზადებით], როგორც ეგვიპტეში, სადაც ჰაერზე გამომშრალი აგურები ყოველთვის იყო და არის ამ ქვეყანაში გავრცელებული ერთ-ერთი სამშენებლო მასალა“. წიგნში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „ეგვიპტეში მიღებული იყო ბზის გამოყენება აგურების დასამზადებლად“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიბლიაში მოხსენიებული ამ დეტალის სიზუსტეს (Ancient Egyptian Materials and Industries).
პარსვა.
ძველად ებრაელი მამაკაცები წვერს ატარებდნენ. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ იოსებმა ფარაონის წინაშე წარდგომამდე პირი გაიპარსა (დაბადება 41:14). რატომ? მან გაითვალისწინა ეგვიპტური ჩვეულება და ეტიკეტი, რომლის თანახმადაც სახეზე თმა უსუფთაობის ნიშანი იყო. „[ეგვიპტელებს] თავი იმით მოჰქონდათ, რომ სუფთად იყვნენ პირგაპარსულნი“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Everyday Life in Ancient Egypt). ეგვიპტურ სამარხებში აღმოჩენილი იქნა სამართებლები, პინცეტები, სარკეები და მათი შესანახი ბუდეები. აშკარაა, რომ მოსე კარგი მემატიანე იყო. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიის სხვა დამწერებზეც, რომლებმაც ძველ ეგვიპტესთან დაკავშირებული ინფორმაცია შემოგვინახეს.
საქმიანი ურთიერთობები.
იერემია, რომელმაც მეფეთა ორი წიგნი დაწერა, დეტალურად აღგვიწერს, როგორ ხორციელდებოდა მეფე სოლომონის დროს ცხენებითა და ეტლებით ვაჭრობა ეგვიპტელებთან და ხეთელებთან. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „ეტლი ექვსას ვერცხლად შემოჰქონდათ ეგვიპტიდან, ცხენი კი ას ორმოცდაათ ვერცხლად“, ანუ ეტლის მეოთხედ ფასად (1 მეფეები 10:29).
ერთ-ერთი წიგნის თანახმად, ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე და არქეოლოგიური აღმოჩენები გვიდასტურებს იმას, რომ მეფე სოლომონის მმართველობის დროს აქტიური ვაჭრობა მიდიოდა ცხენებითა და ეტლებით. „დადგენილი სტანდარტის თანახმად, ერთ ეგვიპტურ ეტლში ოთხ ცხენს იძლეოდნენ“, — ნათქვამია წიგნში, რაც ზუსტად შეესაბამება ბიბლიაში მოცემულ ინფორმაციას (Archaeology and the Religion of Israel).
ომები.
იერემია და ეზრა მოიხსენიებენ იუდაზე ფარაონ შიშაკის თავდასხმას და გვისახელებენ ამ თავდასხმის ზუსტ დროს, კერძოდ „[იუდას] მეფე რობოამის მეფობის მეხუთე“, ანუ ძვ. წ. 993 წელს (1 მეფეები 14:25—28; 2 მატიანე 12:1—12). დიდი ხნის განმავლობაში ბიბლიის გარდა ამ ლაშქრობის დამადასტურებელი არც ერთი წყარო არ მოიპოვებოდა, ვიდრე კარნაკის (ძველი თებე) ეგვიპტური ტაძრის კედელზე რელიეფი არ აღმოაჩინეს.
რელიეფზე გამოსახულია შიშაკი, რომელიც ღვთაება ამონის წინაშე დგას, და ხელი აქვს აღმართული ტყვეების გასამათრახებლად. რელიეფზე აგრეთვე ვხვდებით დაპყრობილი ისრაელის ქალაქების სახელებს, რომელთაგან მრავალი ბიბლიაშიც არის მოხსენიებული. აქვეა ნახსენები „აბრაამის მინდორი“. ეგვიპტურ ჩანაწერებს შორის ეს არის უძველესი წყარო, სადაც ბიბლიური პატრიარქი აბრაამი მოიხსენიება (დაბადება 25:7—10).
ფაქტია, რომ ბიბლიის დამწერები გამოგონილ ისტორიებს არ წერდნენ. ისინი პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ღვთის წინაშე, ამიტომ სიმართლეს წერდნენ მაშინაც კი, როცა არასასიამოვნო ფაქტების მოხსენიება უწევდათ, მაგალითად შიშაკის მიერ იუდას დამარცხება. ბიბლიის დამწერები თავიანთი გულწრფელობით მკვეთრად განსხვავდებიან ძველი ეგვიპტელი მემატიანეებისგან, რომლებიც აზვიადებდნენ და ალამაზებდნენ ფაქტებს და არ მოიხსენიებდნენ ისეთ დეტალებს, რომლებიც მათ მმართველებსა და ხალხს არ ეამებოდათ.
უტყუარი წინასწარმეტყველება
მხოლოდ იეჰოვა ღმერთს, ბიბლიის ავტორს, შეუძლია უშეცდომოდ იწინასწარმეტყველოს მომავალი. მაგალითად, განვიხილოთ ღვთის შთაგონებით, რა უწინასწარმეტყველა იერემიამ ორ ეგვიპტურ ქალაქს — მემფისსა და თებეს. მემფისი, იგივე ნოფი, ერთ დროს სავაჭრო, პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. მაგრამ ღმერთმა მის შესახებ თქვა: „ხალხს გააოგნებს ნოფი, ცეცხლს მიეცემა და არავინ იცხოვრებს იქ“ (იერემია 46:19). ყველაფერი ასეც მოხდა. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ „მემფისის უზარმაზარი ნანგრევები“ არაბმა დამპყრობლებმა ჩაიგდეს ხელში და საშენ მასალად გამოიყენეს. როგორც წიგნშია ნათქვამი, „ამ ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ერთ ქვასაც ვერ იპოვით“ (In the Steps of Moses the Lawgiver).
თებემ, რომელსაც ძველად ნო-ამონს ან უბრალოდ ნოს უწოდებდნენ, და მისმა უსულო ღმერთებმა იგივე ბედი გაიზიარეს. ამ ქალაქის შესახებ, რომელიც ერთ დროს ეგვიპტის დედაქალაქი და ღვთაება ამონის თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „აი, განვიკითხავ . . . ამონს, ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებს . . . ჩავაგდებ მათ . . . ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის . . . ხელში“ (იერემია 46:25, 26). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ბაბილონის მეფემ დაიპყრო ეგვიპტე და მისი სახელგანთქმული ქალაქი ნო-ამონი. ძვ. წ. 525 წელს ქალაქს კიდევ ერთი დარტყმა სპარსეთის მეფე კამბისე II-მ მიაყენა, რის შემდეგაც ქალაქმა თანდათანობით დაკარგა ძველი დიდება, ბოლოს კი რომაელებმა მიწასთან გაასწორეს. უტყუარი წინასწარმეტყველებები ბიბლიას შეუდარებელს ხდის და იმ ინფორმაციის უტყუარობაშიც გვარწმუნებს, რაც ჩვენს მომავალს ეხება.
უტყუარი იმედი
ბიბლიაში პირველი წინასწარმეტყველება მოსემ იმ დროს ჩაწერა, როცა ეგვიპტე მსოფლიო იმპერია იყო.b დაბადების 3:15-ში ჩაწერილ ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ღმერთი მოავლენდა „შთამომავალს“, რომელიც გაანადგურებდა სატანასა და მის „შთამომავლობას“ ანუ ყველას, ვინც სატანას ჰბაძავს ბოროტებაში (იოანე 8:44; 1 იოანე 3:8). ღვთის აღთქმული „შთამომავლის“ მთავარი წარმომადგენელი მესია, ანუ იესო ქრისტე აღმოჩნდა (ლუკა 2:9—14).
ქრისტეს მეფობა მთელ დედამიწაზე გავრცელდება და მოსპობს ადამიანთა ბოროტ და უსამართლო მთავრობებს. ადამიანი აღარ იბატონებს ადამიანზე (ეკლესიასტე 8:9). როგორც იესო ნავეს ძემ შეიყვანა ძველად ისრაელი აღთქმულ მიწაზე, იესოც ასევე უვნებლად „შეიყვანს“ ღვთისმოშიშ „უამრავ ხალხს“ უკეთეს „აღთქმულ მიწაზე“, ანუ განწმენდილ დედამიწაზე, რომელიც სამოთხედ გადაიქცევა (გამოცხადება 7:9, 10, 14, 17; ლუკა 23:43).
ამ იმედთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი წინასწარმეტყველება, რომელიც ძველი ეგვიპტის დროს წარმოითქვა. იობის 33:24, 25-ში ჩაწერილია, რომ ღმერთი „საფლავიდან“ დაიხსნის ადამიანებს, ანუ მკვდრეთით აღადგენს მათ. დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემათ არა მარტო მათ, ვინც ბოროტთა მომავალ განადგურებას გადაურჩება, არამედ იმ მილიონობით გარდაცვლილს, რომლებსაც ღმერთი მკვდრეთით აღადგენს (საქმეები 24:15). გამოცხადების 21:3, 4-ში ნათქვამია: „ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“.
სანდო ისტორიისა და წინასწარმეტყველების შესახებ ამ სერიის მომდევნო სტატიაშიც ვისაუბრებთ. ამჯერად ყურადღებას ასურეთზე, მომდევნო მსოფლიო იმპერიაზე გავამახვილებთ.
a თუ არა გაქვთ ბიბლია და ხელი მიგიწვდებათ ინტერნეტზე, ბიბლიური მუხლები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე www.watchtower.org.
b მოსეს მიერ დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ღმერთმა ედემის ბაღში წარმოთქვა.