სარეფთელი ქვრივის რწმენა კურთხევებით დაგვირგვინდა
ღარიბი ქვრივი გულში იკრავს თავის ერთადერთ ბიჭუნას. საკუთარ თვალებს არ უჯერებს; სულ ცოტა ხნის წინ მას ხომ თავისი შვილის უსიცოცხლო სხეული მკლავებში ესვენა. მისი პატარა ისევ ცოცხალია; დედა უსაზღვრო სიხარულითა და გულის ფანცქალით შეჰყურებს ბიჭუნას მოღიმარ სახეს. „აი, ცოცხალია შენი შვილი!“, — ეუბნება სტუმარი ქვრივს.
ეს სასწაული თითქმის 3 000 წლის წინათ მოხდა. ამის შესახებ 1 მეფეების მე-17 თავი მოგვითხრობს. სტუმარი ღვთის წინასწარმეტყველი ელია იყო, ბიჭუნას დედა კი — ქალაქ სარეფთაში მცხოვრები ქვრივი; ამ ქალის სახელი ჩვენთვის უცნობია. შვილის გაცოცხლება ამ ქვრივისთვის, რა თქმა უნდა, აღმაფრთოვანებელი და რწმენის გამაძლიერებელი მოვლენა იქნებოდა. ამ ქალის მაგალითიდან ძალიან ბევრი კარგი რამის სწავლა შეგვიძლია.
ელია პოულობს ქვრივს, რომელსაც რწმენა აქვს
ღმერთს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბოროტი მეფის, ახაბის სამეფოსთვის, ისრაელისთვის, ხანგრძლივი გვალვა მოევლინა. მას შემდეგ, რაც ელიამ განუცხადა ეს ცნობა მეფეს, მას რომ ელიასთვის არაფერი ევნო, ღმერთმა წინასწარმეტყველი გადამალა და ყორნების მეშვეობით სასწაულებრივად კვებავდა პურითა და ხორცით. ამის შემდეგ იეჰოვამ ელიას უთხრა: „ადექი, სიდონის სარეფთაში წადი და იქ იცხოვრე. იქ ერთ ქვრივ ქალს ვუბრძანებ, რომ გამოგკვებოს“ (1 მეფ. 17:1—9).
როდესაც ელია სარეფთაში ჩავიდა, დაინახა ღარიბი ქვრივი, რომელიც შეშას აგროვებდა. ნუთუ ეს იყო ის ქვრივი, რომელსაც წინასწარმეტყველი უნდა გამოეკვება? და თუ ეს იყო, როგორ შეძლებდა ამას გაჭირვებული ქვრივი? შესაძლოა, ელიას გაუჩნდა კიდეც მსგავსი ეჭვები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც მივიდა ქალთან და გამოელაპარაკა. მან უთხრა: „ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო“. როდესაც ქვრივი მისთვის წყლის მოსატანად წავიდა, ელიამ კვლავ დაუძახა და სთხოვა: „იქნებ ცოტა პურიც წამომიღო“ (1 მეფ. 17:10, 11). უცხო ადამიანისთვის წყლის მიტანა ქვრივს არ გაუჭირდებოდა, მაგრამ მისთვის პურის მიტანა ცოტა რთული იქნებოდა.
„ცოცხალია იეჰოვა, შენი ღმერთი, — მიუგო ქვრივმა ელიას, — ერთი კვერიც კი არა მაქვს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს დიდ ქილაში და ცოტა ზეთი პატარა ქილაში. შეშას ვაგროვებ, რომ წავიდე, მოვამზადებ რამეს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, იმასღა შევჭამთ და დავიხოცებით“ (1 მეფ. 17:12). მოდი ქვემოთ ვისაუბროთ, რის დანახვა შეგვიძლია მათი საუბრიდან.
ქვრივი მიხვდა, რომ ელია ღვთისმოშიში ისრაელი იყო, რაც კარგად გამოჩნდა მისი სიტყვებიდან: „ცოცხალია იეჰოვა, შენი ღმერთი“. როგორც ჩანს, ამ ქალმა იცოდა, თუ ვინ იყო ისრაელის ღმერთი, მაგრამ როცა მან იეჰოვა მოიხსენია, არ უთქვამს „ჩემი ღმერთიო“. ეს ქვრივი ქალი ცხოვრობდა სარეფთაში, პატარა ქალაქში; სარეფთა, ფინიკიელთა ქალაქ სიდონს ეკუთვნოდა. იქაურები ბაალის თაყვანისმცემლები იყვნენ. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ რაღაც განსაკუთრებული დაინახა ამ ქვრივში.
მართალია, ეს ღარიბი ქვრივი კერპთაყვანისმცემლებს შორის ცხოვრობდა, მაგრამ მან ისრაელის ღვთისადმი რწმენა მაინც გამოავლინა. იეჰოვამ ელია ქვრივთან იმიტომ გაგზავნა, რომ ორივეს, ქვრივსაც და წინასწარმეტყველსაც, დახმარებოდა. ამ შემთხვევიდან უაღრესად მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ.
სარეფთაში ბაალის თაყვანისმცემლებს შორის ყველა არ ყოფილა ზნეობრივად დაცემული. როდესაც იეჰოვამ ქვრივთან გაგზავნა ელია, ამით აჩვენა, რომ მას შეუმჩნეველი არ რჩება ის ალალ-მართალი ადამიანები, რომლებიც ჯერ არ არიან მისი თაყვანისმცემლები. დიახ, ასეა: „ყოველ ხალხში მისი [ღვთის] მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:35).
დაფიქრდით, რამდენი სარეფთელი ქვრივის მსგავსი ადამიანი ცხოვრობს თქვენს ტერიტორიაზე. შესაძლოა, ეს ადამიანები ცრუ რელიგიის მიმდევართა გარემოცვაში ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება მათ სურთ, რომ უკეთესები გახდნენ. შესაძლოა მათ სმენიათ იეჰოვას შესახებ; თუმცა შესაძლოა ზოგს წარმოდგენაც კი არა აქვს ჭეშმარიტ ღმერთზე. ამიტომ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რათა გაერთიანდნენ წმინდა თაყვანისმცემლობაში. პირადად თქვენ, ეძებთ ასეთ ადამიანებს და ეხმარებით მათ?
„ჯერ მე გამომიცხვე პატარა კვერი“
ყურადღებით დავუკვირდეთ, რის გაკეთება სთხოვა ელიამ ქვრივს. ქვრივს ელიასთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მხოლოდ ერთ ჯერზე სამყოფი საჭმელი მოეპოვებოდათ, რომელსაც მოამზადებდა თავისთვის და თავისი შვილისთვის და შემდეგ დაიხოცებოდნენ. საინტერესოა, რა უპასუხა ელიამ ქვრივს; ბიბლიაში ვკითხულობთ: «ნუ გეშინია, წადი და შენი სიტყვისამებრ მოიქეცი, ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა კვერი, მომიტანე და მერე მოამზადე რამე შენთვის და შენი შვილისთვის. ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „დიდ ქილაში ფქვილი არ გამოილევა და პატარა ქილაში ზეთი არ დაიკლებს იმ დღემდე, სანამ არ აწვიმებს იეჰოვა მიწის პირს“» (1 მეფ. 17:11—14).
ამ ქალის ადგილას ზოგს შესაძლოა ასეთი რამ ეთქვა: „რას ამბობ? უკანასკნელ ლუკმას მართმევ?“. მაგრამ ქვრივს ამგვარი რეაქცია არ ჰქონია. ის თითქმის არ იცნობდა იეჰოვას, თუმცა ის ენდო ელიას და ზუსტად ის გააკეთა, რაც სთხოვა. ეს ქვრივის რწმენის მართლაც უდიდესი გამოცდა იყო. მან ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო!
ღმერთს ეს ღარიბი ქალი არ მიუტოვებია. როგორც ელია დაჰპირდა, იეჰოვამ ქვრივის მცირედი საზრდო ისე გაამრავლა, რომ გვალვის დამთავრებამდე მას, ელიას და ბიჭუნას არ მოშიებიათ. დიახ, ეს ნამდვილად ასე მოხდა! ბიბლია გვატყობინებს: „დიდ ქილაში ფქვილი არ ილეოდა და პატარა ქილაში ზეთი არ იკლებდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი ელიას პირით“ (1 მეფ. 17:16; 18:1). ქალი სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, მისი მცირედი ფქვილი და ზეთი მართლაც რომ უკანასკნელი ულუფა აღმოჩნდებოდა. მაგრამ მან რწმენა გამოავლინა, იეჰოვას მიენდო და ჯერ ელია დააპურა.
რას ვსწავლობთ აქედან? იმას, რომ ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც რწმენას ავლენს. თუ რწმენას გამოავლენთ მაშინ, როცა თქვენი ერთგულება იცდება, იეჰოვა აუცილებლად დაგეხმარებათ. იეჰოვა მოგევლინებათ დამხმარედ, მცველად და მეგობრად, რათა გაუმკლავდეთ განსაცდელებს (გამ. 3:13—15).
1898 წლის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ამ ქვრივის შესახებ ასეთი რამ ეწერა: „თუ ამ ქალს საკმარისი რწმენა ექნებოდა საიმისოდ, რომ მორჩილება გამოევლინა, მაშინ მას უფალი იმის ღირსად ჩათვლიდა, რომ წინასწარმეტყველის მეშვეობით დახმარებოდა. ხოლო თუ ის რწმენას არ გამოავლენდა, მაშინ სხვა ქვრივი გააკეთებდა ამას. ჩვენზეც იმავეს თქმა შეიძლება — ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უფალი უშვებს ამა თუ იმ განსაცდელს, რითაც ჩვენი მისდამი რწმენა იცდება. თუ რწმენას გამოვავლენთ, კურთხევებს მივიღებთ, და თუ არ გამოვავლენთ, მაშინ დავკარგავთ მათ“.
როდესაც განსაცდელები გვატყდება თავს, ამ დროს ღვთიური ხელმძღვანელობა წმინდა წერილებსა და ჩვენს პუბლიკაციებში უნდა ვეძიოთ. შემდეგ რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, უნდა მივყვეთ ღვთის ხელმძღვანელობას. ჩვენ ნამდვილად მივიღებთ კურთხევებს, თუ გავითვალისწინებთ იმ პრინციპს, რომელიც ჩაწერილია შემდეგ ბრძნულ იგავში: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავ. 3:5, 6).
„იმიტომ მოხვედი, რომ . . . შვილი მომიკლა?“
ქვრივის რწმენა კიდევ ერთხელ უნდა გამოცდილიყო. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ამის შემდეგ ავად გახდა იმ ქალის, დიასახლისის ვაჟი. მძიმე სენი შეეყარა; სუნთქვაც კი შეწყვიტა“. ტრაგედიით თავზარდაცემულსა და დამწუხრებულ დედას ვერ გაეგო, რატომ დატრიალდა მის თავს ასეთი უბედურება; ამიტომ მან ელიას უთხრა: „რა გინდა ჩემგან, ჭეშმარიტი ღვთის კაცო? იმიტომ მოხვედი, რომ დანაშაული გამიხსენო და შვილი მომიკლა?“ (1 მეფ. 17:17, 18). საინტერესოა, რის თქმა უნდოდა ამ სიტყვებით გამწარებულ დედას?
ამ ქალს რაიმე დანაშაული ხომ არ გაახსენდა, რაც წარსულში ჰქონდა ჩადენილი და რის გამოც სინდისი ქენჯნიდა? ხომ არ ფიქრობდა ის, რომ თავისი ვაჟის სიკვდილი ღვთის სასჯელი იყო, ხოლო ელია კი — ღვთისგან მოვლენილი სიკვდილის მაცნე? ამის შესახებ ბიბლია არაფერს ამბობს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ქვრივს ღმერთი უსამართლობაში არ დაუდანაშაულებია.
ელია გაოგნებული იქნებოდა, როცა დაინახავდა, რომ ქვრივს ერთადერთი ვაჟი მოუკვდა. წინასწარმეტყველს თავზარს ისიც დასცემდა, რომ ეს გამწარებული და გულმოკლული დედა თავისი ბიჭუნას სიკვდილში მას ადანაშაულებდა. ელიამ პატარა ბიჭის უსიცოცხლო სხეული ხელში აიყვანა და ზემოთა ოთახში ავიდა. წინასწარმეტყველმა ღმერთს შეჰღაღადა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ნუთუ უბედურებას დაატეხ ამ ქვრივსაც, ვისთანაც შეხიზნული ვარ, და შვილს მოუკლავ?“. ელიასთვის რთული ასატანი იქნებოდა, თუკი ღმერთი დაუშვებდა, რომ ამ სტუმართმოყვარე და კეთილ ქვრივს ცხოვრება უფრო გამწარებოდა და ამით ღვთის სახელი შეილახებოდა. ამიტომ მან ღმერთს შესთხოვა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ჩაუბრუნე ბავშვს სული“ (1 მეფ. 17:20, 21).
„აი, ცოცხალია შენი შვილი!“
იეჰოვამ შეისმინა ელიას ლოცვა. ქვრივმა ხომ რწმენა გამოავლინა და იზრუნა ღვთის წინასწარმეტყველზე?! როგორც ჩანს, ღმერთმა დაუშვა, რომ ბიჭი ავადმყოფობის გამო მომკვდარიყო; იეჰოვამ იცოდა, რომ მკვდრეთით აღადგენდა ბიჭუნას და ეს შემთხვევა ბიბლიაში ჩაიწერებოდა, რაც მომავალში მილიონობით ადამიანს ჩაუსახავდა იმედს; ეს იქნებოდა მკვდრეთით აღდგომის პირველი შემთხვევა ბიბლიაში. იეჰოვამ ელიას ვედრება შეისმინა და ბიჭუნას სიცოცხლე დაუბრუნა. წარმოგიდგენიათ, როგორი გაბრწყინებული და ბედნიერი სახე ექნებოდა ქვრივს, როცა წინასწარმეტყველი შემდეგ სიტყვებს ეტყოდა: „აი, ცოცხალია შენი შვილი!“. ამის შემდეგ ქვრივმა ელიას უთხრა: „ახლა კი ვიცი, რომ ჭეშმარიტი ღვთის კაცი ხარ და ჭეშმარიტია იეჰოვას სიტყვა, რომელიც შენს ბაგეზეა“ (1 მეფ. 17:22—24).
1 მეფეების მე-17 თავში მოთხრობილი ისტორია მეტს არაფერს გვიმხელს ამ ქალის შესახებ. თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ იესომ ეს ქვრივი დადებითად მოიხსენია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული მსახური დარჩა (ლუკ. 4:25, 26). ამ შემთხვევიდან ვიგებთ იმას, რომ ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც თავის მსახურებს სიკეთეს უკეთებს (მათ. 25:34—40). ბიბლიის ეს მონაკვეთი აგრეთვე დასტურია იმისა, რომ ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს უკიდურესად რთულ სიტუაციებშიც კი გვერდში უდგას (მათ. 6:25—34). ეს მონათხრობი იმაშიც გვარწმუნებს, რომ ღმერთს არა მარტო სურვილი აქვს, არამედ საიმისო ძალაც შესწევს, რომ მკვდრეთით აღადგინოს გარდაცვლილები (საქ. 24:15). ჭეშმარიტად, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები დაგვეხმარება, რომ ყოველთვის გვახსოვდეს სარეფთელი ქვრივი.