თავი 10
ის წმინდა თაყვანისმცემლობას იცავდა
1, 2. ა) რატომ იყო ისრაელი ქანცგაწყვეტილი? ბ) რა ხდებოდა ქარმელის მთაზე?
ელია ქარმელის მთიდან გადმოჰყურებდა, როგორ ადიოდა ფერდობზე ქანცგაწყვეტილი ხალხი. დილის ბინდბუნდშიც კი აშკარად ჩანდა, რომ ხალხი სიღარიბესა და შიმშილს წელში გაეწყვიტა. გვალვას, რომელმაც სამწელიწად-ნახევარი გასტანა, მათზე თავისი დაღი დაესვა.
2 ამ საწყალ ხალხს შორის ამაყად მოაბიჯებდა ბაალის 450 თავაწეული წინასწარმეტყველი, რომლებსაც საშინლად სძულდათ იეჰოვას წინასწარმეტყველი ელია. დედოფალმა იზებელმა იეჰოვას მრავალი მსახური დახოცა, მაგრამ ელია მაინც გაბედულად ილაშქრებდა ბაალის თაყვანისმცემლების წინააღმდეგ. მაგრამ როდემდე შეძლებდა ის წინააღმდეგობის გაწევას? შეიძლება ეს წინასწარმეტყველები ფიქრობდნენ, რომ ეს ერთი კაცი მათ ვერაფერს დააკლებდა (1 მეფ. 18:4, 19, 20). სხვებთან ერთად სამეფო ეტლით მეფე ახაბიც მოვიდა. არც მას უყვარდა ელია.
3, 4. ა) რატომ დაეუფლებოდა ელიას შიში? ბ) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ?
3 ელიას, რომელიც იქ მისულთა შორის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთადერთი მომხრე იყო, წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი დღე ელოდა. მალე იგი და მის ირგვლივ მყოფნი კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ მოვლენათა შორის ყველაზე საინტერესო მოვლენის მოწმე გახდებოდნენ — ისინი საკუთარი თვალით იხილავდნენ, როგორ შეერკინებოდა ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება. რას გრძნობდა წინასწარმეტყველი, რაც უფრო ახლოვდებოდა ეს გადამწყვეტი წუთი? ვერ ვიტყვით, რომ მას არ ეშინოდა, რადგან „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი“ იყო (წაიკითხეთ იაკობის 5:17). მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რწმენადაკარგული ხალხის, მათი განდგომილი მეფისა და ბაალის სისხლისმსმელი წინასწარმეტყველების გარემოცვაში ელია მარტოსულად გრძნობდა (1 მეფ. 18:22).
4 რამ მიიყვანა ისრაელი ამ სავალალო მდგომარეობამდე? რის სწავლა შეიძლება დღეს ამ შემთხვევიდან? ახლა, მოდი განვიხილოთ ელიას მაგალითი და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მივბაძოთ მას.
დიდი ხნის ბრძოლა მწვავდება
5, 6. ა) რა ბრძოლა მიმდინარეობდა ისრაელში? ბ) როგორ გაანაწყენა მეფე ახაბმა იეჰოვა?
5 თითქმის მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ელია ხედავდა, როგორ უარყოფდნენ და ფეხქვეშ თელავდნენ მისი მშობლიური ქვეყნისა და ხალხისთვის ყველაზე ძვირფასს, იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. დიახ, ისრაელი უკვე დიდხანს იბრძოდა, რათა არჩევანი გაეკეთებინა წმინდა და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის, იეჰოვა ღმერთისთვის თაყვანისცემასა და ირგვლივ მცხოვრები ერების კერპთაყვანისმცემლობას შორის. ელიას დღეებში ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა.
6 მეფე ახაბმა ცოლად შეირთო იზებელი, სიდონის მეფის ასული. იზებელის მიზანი იყო, ბაალის თაყვანისცემა მთელ ისრაელში გაევრცელებინა და იეჰოვას თაყვანისმცემლობა აღმოეფხვრა. ახაბი მალევე მოექცა ცოლის გავლენის ქვეშ. მან ბაალს ტაძარი და სამსხვერპლო აუგო და ამ უცხო ღმერთს თაყვანს სცემდა. ახაბმა დიდად გაანაწყენა იეჰოვა (1 მეფ. 16:30—33).
7. ა) რატომ იყო ბაალის თაყვანისცემა ამაზრზენი? ბ) რატომ არ ეწინააღმდეგება ბიბლიური მუხლები ერთმანეთს, როცა ელიას დროს მომხდარი გვალვის ხანგრძლივობაზეა საუბარია? (იხილეთ ჩარჩო).
7 რატომ იყო ბაალის თაყვანისცემა ამაზრზენი? ბაალის თაყვანისმცემლებმა შეცდომაში შეიყვანეს მრავალი ისრაელი და ღმერთს ჩამოაშორეს. ბაალის თაყვანისცემა გახრწნილებითა და სისასტიკითაც გამოირჩეოდა. ბაალის ტაძარში ჰყავდათ როგორც მეძავი ქალები, ისე კაცები; ბაალის თაყვანისცემის რიტუალს თან ახლდა ორგიები — სექსუალური აღვირახსნილობა და ბაალისთვის ბავშვების მსხვერპლად შეწირვა. ყოველივე ამის გამო იეჰოვამ ელიას პირით ახაბს შეუთვალა, რომ გვალვა იქნებოდა ქვეყანაში მანამ, სანამ ღვთის წინასწარმეტყველი არ გააცხადებდა მის დასასრულს (1 მეფ. 17:1). თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ელია კვლავ მივიდა ახაბთან და უთხრა, რომ ქარმელის მთაზე შეეკრიბა ხალხი და ბაალის წინასწარმეტყველები.a
ბაალის თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელი თავისებურებები დღესაც ფართოდ არის გავრცელებული
8. რა მხრივ არის ეს ისტორია ჩვენთვის საყურადღებო?
8 რატომ არის საყურადღებო ეს ბრძოლა ჩვენთვის? ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ბაალის თაყვანისცემას მათთან არანაირი კავშირი არა აქვს, რადგან აღარც ბაალის ტაძარი არსებობს და აღარც სამსხვერპლო. მაგრამ ეს ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ისტორია (რომ. 15:4). სიტყვა „ბაალი“ „პატრონს“ ან „ბატონს“ ნიშნავს. იეჰოვამ თავის ხალხს უთხრა, რომ ის თავიანთ „ბაალად“ ანუ ქმრად უნდა აერჩიათ (ეს. 54:5). განა არ დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ხალხი დღემდე ყოვლისშემძლე ღვთის ნაცვლად მრავალ „ბატონს“ ემსახურება? ზოგისთვის შეიძლება „ბატონი“ გახდეს ფული, კარიერა, გართობა, სექსი თუ სხვა უამრავი ღვთაება, რომელთაც იეჰოვას ნაცვლად სცემენ თაყვანს (მათ. 6:24; წაიკითხეთ რომაელების 6:16). ასე რომ, ბაალის თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, გარკვეულწილად, დღესაც ფართოდაა გავრცელებული. თუ კარგად გავაანალიზებთ ისტორიას, რომელიც იეჰოვასა და ბაალის დაპირისპირებას ეხება, გონივრულ არჩევანს გავაკეთებთ, თუ ვის ვემსახუროთ.
როგორ „კოჭლობდნენ“ ისრაელები?
9. ა) რატომ იყო ქარმელის მთა საუკეთესო ადგილი იმის გამოსააშკარავებლად, რომ ბაალი ცრუ ღვთაება იყო? (იხილეთ სქოლიო) ბ) რა უთხრა ელიამ ხალხს?
9 ქარმელის მთის მწვერვალზე ასულ ადამიანს თვალწინ გადაეშლებოდა საოცარი ხედი — კიშონის ხევი, რომელიც დიდ ზღვამდე (ხმელთაშუა ზღვამდე) იყო გადაჭიმული, ხოლო შორს, ჩრდილოეთით ლიბანის მთები.b ამ გადამწყვეტ დღეს, როცა მზე ამოვიდა, კარგად გამოჩნდა, რა საშინელ მდგომარეობაში იყო ეს მიდამო. იეჰოვას მიერ აბრაამის შვილებისთვის მიცემული ერთ დროს ნაყოფიერი მიწა, ახლა უნაყოფო გამხდარიყო, მცხუნვარე მზის სხივებს კი ის მთლიანად გადაეხრუკა, რაშიც ბრალი უგუნურ ისრაელებს მიუძღოდათ! მას შემდეგ, რაც ხალხმა თავი მოიყარა, ელია მივიდა მათთან და უთხრა: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით“ (1 მეფ. 18:21).
10. რა გაგებით კოჭლობდა ისრაელი ორივე ფეხით და რა გამორჩათ მათ მხედველობიდან?
10 რას გულისხმობდა ელია, როცა ხალხს უთხრა, რომ „ორივე ფეხით კოჭლობდნენ“? ისრაელ ერს არ ესმოდა, რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა და გადაეწყვიტა, იეჰოვასთვის ეცა თაყვანი, თუ ბაალისთვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამაზრზენი რიტუალებით ბაალსაც ასიამოვნებდნენ და, ამავე დროს, დახმარებისთვის იეჰოვა ღმერთსაც მიმართავდნენ. შეიძლება მათ ეგონათ, რომ ბაალი აკურთხებდა მათ მოსავალსა და საქონელს, „ლაშქართა . . . იეჰოვა“ კი ომში დაიცავდა (1 სამ. 17:45). მათ დაავიწყდათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღესაც მრავალს რჩება მხედველობიდან — იეჰოვა თავის დიდებას არავის მისცემს, რადგან ის მოითხოვს და იმსახურებს კიდეც განსაკუთრებულ ერთგულებას. ღვთისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, როცა მისი თაყვანისმცემლები მის გარდა სხვა ვინმეს ან რამეს სცემენ თაყვანს! (წაიკითხეთ გამოსვლის 20:5).
11. როგორ გვეხმარება ელიას სიტყვები დავფიქრდეთ, როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს და რას ვანიჭებთ უპირატესობას?
11 ამგვარად, ელიას თანამედროვე ისრაელები იმ ადამიანივით „კოჭლობდნენ“, რომელიც ერთდროულად ორ ბილიკზე სიარულს ცდილობს. დღეს მრავალი ადამიანი უშვებს მსგავს შეცდომას და მის ცხოვრებაში ჭეშმარიტი ღვთის ადგილს „ბაალი“ იკავებს! ელიას სიტყვები გვეხმარება, დავფიქრდეთ, როგორ ვცემთ ღმერთს თაყვანს და რას ვანიჭებთ ცხოვრებაში უპირატესობას.
უმნიშვნელოვანესი გამოცდა
12, 13. ა) რა გამოცდა მოაწყო ელიამ? ბ) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ჩვენც ისევე ვენდობით იეჰოვას, როგორც ელია ენდობოდა?
12 ელიამ ბაალის ქურუმებს შესთავაზა, გამოეცადათ, თუ ვისი ღმერთი იყო ჭეშმარიტი. გამოცდა ძალიან მარტივი იყო. ბაალის ქურუმებს უნდა გაეკეთებინათ სამსხვერპლო, დაედოთ მასზე მსხვერპლი, შემდეგ კი ღვთისთვის ლოცვაში ეთხოვათ, ზეციდან ცეცხლი გამოეგზავნა. ელიაც იმავეს გააკეთებდა. მან თქვა: „ის იქნება ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ცეცხლით უპასუხებს“. ელიამ კარგად იცოდა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. მას იმდენად მტკიცე რწმენა ჰქონდა, რომ ბაალის წინასწარმეტყველებს ყველა ხელსაყრელი პირობა შეუქმნა და საშუალება მისცა, ჯერ მათ შეეწირათ მსხვერპლი. ასე რომ, მათ შეეძლოთ თავად აერჩიათ შესაწირავი ხარი და პირველად მათ მიემართათ თავიანთი ღმერთისთვის ლოცვით (1 მეფ. 18:24, 25).c
13 ჩვენ სასწაულების ეპოქაში არ ვცხოვრობთ. მაგრამ იეჰოვა არ შეცვლილა. ჩვენც შეგვიძლია ისევე გვჯეროდეს მისი, როგორც ელიას. მაგალითად, როდესაც სხვები გვეკამათებიან ბიბლიურ სწავლებაზე, არ უნდა შეგვეშინდეს და უნდა მივცეთ საშუალება, პირველად მათ გამოთქვან თავიანთი აზრი. ელიას მსგავსად, ჩვენც ჭეშმარიტ ღმერთს უნდა მივენდოთ. ამ დროს საკუთარ თავზე კი არ ვართ დაიმედებული, არამედ ღვთის შთაგონებით დაწერილ მის სიტყვაზე, რომელიც „სასარგებლოა . . . გამოსასწორებლად“ (2 ტიმ. 3:16).
ელიასთვის ბაალის თაყვანისმცემლები სასაცილო თვითმარქვიები იყვნენ და მას სურდა, ღვთის ხალხს მათი ნამდვილი სახე დაენახა
14. როგორ დასცინოდა ელია ბაალის წინასწარმეტყველებს, და რატომ?
14 ბაალის წინასწარმეტყველებმა აღმართეს სამსხვერპლო და მოუხმეს თავიანთ ღმერთს. „ბაალ, გვიპასუხე!“ — ყვიროდნენ ისინი. გადიოდა წუთები, საათები, „მაგრამ არც ხმა ისმოდა და არც პასუხი“, — ნათქვამია ბიბლიაში. შუადღისას ელიამ დაცინვა დაუწყო მათ და ირონიულად ეუბნებოდა, რომ ბაალი, ალბათ, მეტისმეტად იყო დაკავებული და მათთვის პასუხის გასაცემად არ ეცალა ან საპირფარეშოში იყო გასული, ან ჩაეძინა და გასაღვიძებელი იყო. „მთელი ხმით დაუძახეთ“, — მოუწოდებდა ელია თვითმარქვიებს. ცხადია, ელიასთვის ბაალის თაყვანისმცემლები სასაცილო თვითმარქვიები იყვნენ და წინასწარმეტყველს სურდა, ღვთის ხალხს მათი ნამდვილი სახე დაენახა (1 მეფ. 18:26, 27).
15. როგორ გამოჩნდა ბაალის ქურუმების მაგალითიდან, რომ იეჰოვას გარდა სხვა ბატონის არჩევა უგუნურებაა?
15 საპასუხოდ ბაალის ქურუმები კიდევ უფრო გახელდნენ, „მთელი ხმით ეძახდნენ და, ჩვეულებისამებრ, სისხლის დენამდე ისერავდნენ სხეულს ხანჯლებითა და შუბებით“. მაგრამ ამაოდ! „არც ხმა იყო, არც პასუხი და არც არანაირი გამოხმაურება“ (1 მეფ. 18:28, 29). ცხადია, არავითარი ბაალი არ არსებობდა. ის სატანის მიერ იმ მიზნით იყო გამოგონილი, რომ ხალხი მოეტყუებინა და იეჰოვასგან ჩამოეშორებინა. როგორც წარსულში, ისე დღესაც იეჰოვას გარდა სხვა ბატონის არჩევას იმედგაცრუება და სირცხვილი მოჰყვება (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:3; 115:4—8).
პასუხი
16. ა) რა შეახსენა ხალხს ელიამ, როცა ქარმელის მთაზე იეჰოვასთვის სამსხვერპლო აღადგინა? ბ) კიდევ როგორ გამოავლინა ელიამ ღვთისადმი ნდობა?
16 ნაშუადღევს ელიას ჯერიც დადგა. მან აღადგინა იეჰოვას სამსხვერპლო, რომელიც, ეჭვგარეშეა, ღვთის თაყვანისმცემლების მტრებმა დაანგრიეს. მან აიღო 12 ქვა, რითაც ისრაელის ათტომიანი სამეფოს მკვიდრთათვის შეეხსენებინა, რომ 12 ტომისთვის მიცემული კანონის შესრულება მათაც ევალებოდათ. შემდეგ სამსხვერპლოზე მსხვერპლი დადო და ყველაფერს გადაასხა წყალი, რომელიც, ალბათ, მახლობლად მდებარე ხმელთაშუა ზღვიდან მოზიდეს. მან სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილიც კი შემოავლო და წყლით აავსო. ელია იმდენად იყო თავის ღმერთში დარწმუნებული, რომ მან ბაალის თაყვანისმცემლებს ყველანაირად გაუადვილა საქმე, ხოლო იეჰოვას ყველანაირად გაურთულა (1 მეფ. 18:30—35).
ელიას ლოცვიდან გამოჩნდა, რომ ის მაინც ფიქრობდა თავის ხალხზე, რადგან მთელი გულით სურდა, იეჰოვას „მოექცია მათი გული“
17. როგორ გამოჩნდა ელიას ლოცვიდან, რა იყო მისთვის უმნიშვნელოვანესი, და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
17 როცა ყველაფერი გაამზადა, ელიამ ილოცა. ეს ლოცვა უბრალო სიტყვებით იყო წარმოთქმული, მაგრამ მასში აშკარად ჩანდა, რა იყო წინასწარმეტყველისთვის უმნიშვნელოვანესი. პირველ რიგში, მას უნდოდა, ყველას გაეგო, რომ „ღმერთი ისრაელში“ იეჰოვა იყო და არა ბაალი. აგრეთვე, ყველასთვის ცხადი გაეხადა, რომ ის მხოლოდ იეჰოვას მსახური იყო და მთელი დიდება იეჰოვას ეკუთვნოდა. და ბოლოს, მან აჩვენა, რომ ის მაინც ფიქრობდა თავის ხალხზე, რადგან მთელი გულით სურდა, რომ იეჰოვას „მოექცია მათი გული“ (1 მეფ. 18:36, 37). მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხმა ურწმუნოების გამო საშინელ დღეში ჩაიგდო თავი, ელიას მაინც უყვარდა ისინი. კარგი იქნება, თუ ჩვენი ლოცვებიდანაც გამოჩნდება, რომ გვსურს განიწმინდოს ღვთის სახელი, ვართ თავმდაბლები და თანავუგრძნობთ მათ, ვისაც დახმარება ესაჭიროება.
18, 19. ა) როგორ უპასუხა იეჰოვამ ელიას ლოცვაზე? ბ) რა უბრძანა ხალხს ელიამ, და რატომ არ იმსახურებდნენ ბაალის ქურუმები შეწყალებას?
18 ელიას ლოცვამდე ხალხს შეიძლება ეფიქრა, რომ იეჰოვას მიმართ აღვლენილი ლოცვაც ისევე ამაო აღმოჩნდებოდა, როგორიც ბაალის მიმართ აღვლენილი. მაგრამ ლოცვის შემდეგ ფიქრისთვის დროც კი აღარ დარჩათ. ბიბლიაში ნათქვამია: „ჩამოვარდა იეჰოვას ცეცხლი და შთანთქა დასაწვავი შესაწირავი, შეშა, ქვები, მტვერი და თხრილიდან წყალი ამოაშრო“ (1 მეფ. 18:38). რა დიდებული პასუხია! როგორი იყო ხალხის რეაქცია?
19 „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ — წამოიძახეს მათ ერთხმად (1 მეფ. 18:39). ბოლოს და ბოლოს მათ დაინახეს, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ ხალხმა ნამდვილი რწმენა გამოავლინა. მათ იეჰოვა ჭეშმარიტ ღმერთად მხოლოდ იმიტომ აღიარეს, რომ ლოცვის პასუხად ციდან ცეცხლი ჩამოვარდა. ამიტომ ელიამ მათ მოუწოდა, რომ თავიანთი რწმენა საქმით დაემტკიცებინათ. მან იმის გაკეთება მოსთხოვა მათ, რაც მრავალი წლის წინ უნდა გაეკეთებინათ — დამორჩილებოდნენ იეჰოვას კანონს. ღვთის კანონის თანახმად, ცრუ წინასწარმეტყველები და კერპთაყვანისმცემლები უნდა დაეხოცათ (კან. 13:5—9). ბაალის წინასწარმეტყველები იეჰოვა ღმერთის მტრები იყვნენ და მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ღვთის განზრახვის წინააღმდეგ. იმსახურებდნენ ისინი შეწყალებას? ვინ გამოავლინა გულმოწყალება იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც ბაალისთვის შესაწირავად ცოცხლად წვავდნენ? (წაიკითხეთ იგავების 21:13; იერ. 19:5). ეს წინასწარმეტყველები არ იმსახურებდნენ შეწყალებას. ამიტომ ელიამ ბრძანა, დაეხოცათ ისინი, და ეს ასეც მოხდა (1 მეფ. 18:40).
20. რატომ არის დღეს ზოგიერთი კრიტიკოსის მოსაზრება უსაფუძვლო?
20 დღეს ზოგი აკრიტიკებს იმას, რომ დაპირისპირება ქარმელის მთაზე ასე დასრულდა. ზოგი ფიქრობს, რომ რელიგიურმა ფანატიკოსებმა შეიძლება რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი ძალადობა ამ ბიბლიური მაგალითით გაამართლონ. სამწუხაროდ, დღეს ბევრი მოძალადე რელიგიური ფანატიკოსი არსებობს. მაგრამ ელია ფანატიკოსი არ იყო. ის იეჰოვას ნებისამებრ მოქმედებდა და სამართლიანი განაჩენი აღასრულა. გარდა ამისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ მათ არა აქვთ უფლება ელიასავით იშიშვლონ მახვილი და ბოროტები დახოცონ. მესიის მოსვლის შემდეგ იესოს ყველა მიმდევარმა უნდა იხელმძღვანელოს პრინციპით, რომელიც ქრისტეს მიერ პეტრესთვის ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათ. 26:52). ღვთის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად იეჰოვა თავის ძეს გამოიყენებს მომავალში.
21. როგორ უნდა მიჰბაძონ ელიას ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა?
21 ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა რწმენა უნდა გამოავლინონ (იოან. 3:16). ამაში კი ის დაეხმარებათ, თუ ელიასა და იეჰოვას სხვა ერთგულ მსახურებს მიჰბაძავენ და მათსავით ძლიერ რწმენას გამოავლენენ. ელია იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენდა და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა. ის გაბედულად ამხელდა იმ ცრუ რელიგიას, რომელსაც სატანა იეჰოვასგან ხალხის ჩამოსაშორებლად იყენებდა. ის საკუთარ თავზე კი არ იყო მინდობილი, არამედ იეჰოვაზე და მისი ნების შესაბამისად მოქმედებდა. მართლაც, ელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამცველი იყო. მოდი, თითოეულმა მივბაძოთ მას!
a იხილეთ ჩარჩო „რამდენ ხანს გაგრძელდა გვალვა?“.
b ქარმელის მთა, ჩვეულებრივ, უხვი მცენარეული საფარით იყო დაფარული, რადგან ზღვიდან მონაქროლი ქარის წყალობით ხშირად წვიმდა და მთის კალთები კარგადაც ინამებოდა. ვინაიდან ბაალს წვიმის ღმერთად მიიჩნევდნენ, როგორც ჩანს, ხალხი სწორედ ამ მთაზე იკრიბებოდა მის თაყვანსაცემად. ამგვარად, უნაყოფო და გადახრუკული ქარმელი საუკეთესო ადგილი იყო იმის გამოსააშკარავებლად, რომ ბაალი ცრუ ღვთაება იყო.
c საყურადღებოა ის, რაც ელიამ ბაალის წინასწარმეტყველებს უთხრა, რომ „ცეცხლი არ შეენთოთ“ შესაწირავისთვის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კერპთაყვანისმცემლები სამსხვერპლოს ქვემოდან უკეთებდნენ ხვრელს, სადაც ცეცხლს ანთებდნენ, და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ცეცხლი ზებუნებრივი ძალით ჩნდებოდა.