მკითხველები გვეკითხებიან
მკვიდრობს ღმერთი რომელიმე კონკრეტულ ადგილას?
ბევრი რელიგია ასწავლის, რომ ღმერთი ყველგან მყოფია ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია ერთდროულად ყველგან იყოს. მაგალითად, „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ ღმერთი „ყველგან და ყველაფერშია“. მსგავსად ამისა, ჯონ უესლიც, რომელმაც მეთოდისტურ ეკლესიას ჩაუყარა საფუძველი, თავის ქადაგებაში „ყველგან მყოფი ღმერთი“ აღნიშნავს: „არ არსებობს სამყაროში ისეთი ადგილი, სადაც ღმერთი არ იყოს“.
რას გვასწავლის ბიბლია ამ საკითხზე? არის ღმერთი ყველგან მყოფი? ერთდროულად ის ზეცაშიც არის და დედამიწაზეც?
ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი ზეცაში მკვიდრობს. ეს ჩანს მეფე სოლომონის მიერ წარმოთქმული ლოცვიდან: „მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან“ (1 მეფეები 8:43). იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ლოცვით „ზეციერი მამისთვის“ მიემართათ (მათე 6:9). აღდგომის შემდეგ იესო „შევიდა თვით ზეცაში“, რათა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარმდგარიყო (ებრაელები 9:24).
ამ მუხლებიდან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა ღმერთი ყველგან კი არ მკვიდრობს, არამედ მხოლოდ ზეცაში. რასაკვირველია, „ზეცაში“ არ იგულისხმება ატმოსფერო, რომელიც დედამიწას აკრავს ან უკიდეგანო სივრცე. სამყარო ვერ იტევს შემოქმედს, რომელიც თავად ამ სამყაროს შემქმნელია (1 მეფეები 8:27). ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთი სულია“ (იოანე 4:24). იგი მკვიდრობს ზეცაში, სულიერ სამყაროში, რომელიც ფიზიკური სამყაროს ნაწილი არ არის (1 კორინთელები 15:44).
მაგრამ რისი თქმა შეიძლება ბიბლიის იმ მუხლებზე, საიდანაც, ერთი შეხედვით, ჩანს, რომ თითქოს ღმერთი ყველგან მყოფია? მაგალითად, ფსალმუნის 139:7—10-ში ღვთის შესახებ ნათქვამია: „სად წავუვალ შენს სულს და სად გავექცევი შენს სახეს? ზეცაშიც რომ ავიდე, შენ იქა ხარ, სამარეშიც რომ გავიშალო ტახტი, იქაც შენა ხარ. განთიადის ფრთებიც რომ მქონოდა უშორეს ზღვაზე დასამკვიდრებლად, იქაც შენი ხელი წამიძღვებოდა“. მიანიშნებს ეს მუხლები იმაზე, რომ ღმერთი ყველგან მყოფია, ანუ ყველა იმ ადგილას არის, რომელიც ამ მუხლებშია ნახსენები?
ყურადღება მიაქციეთ, თავდაპირველად რა კითხვას სვამს დავითი: „სად წავუვალ შენს სულს?“a ღმერთი წმინდა სულის მეშვეობით ყველაფერს ხედავს და ამ სულს ნებისმიერ ადგილას თავის ნებას ასრულებინებს თანაც ისე, რომ არ საჭიროებს იქ ყოფნას. მაგალითისთვის: გასულ წელს მეცნიერებმა შეისწავლეს დედამიწიდან მილიონობით კილომეტრით დაშორებული პლანეტა მარსის ზედაპირი. ამისთვის მეცნიერებს არ დასჭირვებიათ უშუალოდ მარსზე გამგზავრება. მათ დეტალურად შეისწავლეს ის ფოტომასალა თუ სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მარსზე გაშვებული სპეციალური უპილოტო კოსმოსური ხომალდის მეშვეობით მიიღეს.
მსგავსად ამისა, სულაც არ არის საჭირო, იეჰოვა ღმერთი ყველგან იყოს იმისათვის, რომ გაიგოს, რა ხდება ნებისმიერ დროსა თუ ნებისმიერ ადგილას სამყაროში. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან“ (ებრაელები 4:13). დიახ, იეჰოვა თავის მოქმედ ძალას, წმინდა სულს ნებისმიერ ადგილას განავრცობს — ამ ძალის მეშვეობით მას შეუძლია არაფერი გამორჩეს მხედველობის არედან და თავისი სამყოფლიდან, ზეციდან შეასრულოს თავისი განზრახვა (კანონი 26:15).
a ებრაული სიტყვა, რომელიც „სულად“ არის ნათარგმნი, მიუთითებს ღვთის მოქმედ ძალაზე, რომლის მეშვეობითაც იგი თავის ნებას ასრულებს.