ახაზი
[იეჰოახაზის შემოკლებული ფორმა, ნიშნავს: იეჰოვამ ხელი მოჰკიდოს, იეჰოვა ხელს ჰკიდებს].
1. იუდას მეფე იოთამის ვაჟი; ახაზი 20 წლის ასაკში გამეფდა და 16 წელი იმეფა (2მფ. 16:2; 2მტ. 28:1).
მისი ვაჟი ხიზკია 25 წლისა გამეფდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაბადების დროს ახაზი 12 წლამდე იქნებოდა (2მფ. 18:1, 2). ზომიერ კლიმატში ბიჭების სქესობრივი მომწიფება 12—15 წლამდე ხდება, თუმცა შედარებით თბილ კლიმატურ პირობებში ის შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს. დაქორწინებასთან დაკავშირებული ჩვეულებაც განსხვავდება. ერთ მეცნიერულ ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ პალესტინაში ბავშვებს შორის ქორწინება ახლაც საკმაოდ გავრცელებულია. მასში მოყვანილი იყო 8 წლისა და 12 წლის ღვიძლი ძმების მაგალითი. ორივე დაქორწინებული იყო და უფროსი ძმა თავის ცოლთან ერთად დადიოდა სკოლაში (Zeitschrift für Semitistik und verwandte Gebiete, ე. ლიტმანის რედაქციით, ლაიფციგი, 1927, ტ. 5, გვ. 132). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ებრაული ხელნაწერის, ფეშიტასა და სეპტუაგინტის რამდენიმე ხელნაწერის თანახმად, 2 მატიანის 28:1-ში ნათქვამია, რომ გამეფებისას ახაზი „ოცდახუთი წლისა“ იყო.
როგორც უნდა ყოფილიყო, ახაზი საკმაოდ ახალგაზრდა დაიღუპა და გამოუსწორებელი ბოროტმოქმედის სახელი დაიმკვიდრა. მიუხედავად იმისა, რომ მის დროს ესაია, ოსია და მიქა წინასწარმეტყველებდნენ, ახაზის მმართველობა საზიზღარი კერპთაყვანისმცემლობით გამოირჩეოდა. გარდა იმისა, რომ ნებას რთავდა ქვეშევრდომებს, კერპებისთვის ეცათ თაყვანი, თავადაც იღებდა მონაწილეობას წარმართულ მსხვერპლშეწირვაში და ჰინომის ველზე საკუთარი ვაჟიც (შესაძლოა ვაჟები) დაწვა ცეცხლში (2მფ. 16:3, 4; 2მტ. 28:3, 4). ვინაიდან ახაზი ცრუთაყვანისმცემლობას მიეცა, მისი მმართველობის პერიოდში პრობლემები არ წყდებოდა. ჩრდილოეთიდან მას სირიისა და ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს გაერთიანებული ძალები ესხმოდნენ თავს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ედომელები, ხოლო დასავლეთიდან — ფილისტიმელები. ახაზმა აკაბას ყურეში დაკარგა ელათის მნიშვნელოვანი პორტი. როცა ჩრდილოეთი სამეფო თავს დაესხა იუდას, ეფრემელმა ვაჟკაცმა, ზიქრიმ უფლისწული და ახაზის ორი მოხელე მოკლა. საბოლოო ჯამში ამ თავდასხმის დროს მათ 120 000 იუდეველი გამოასალმეს სიცოცხლეს, დაახლოებით 200 000 კი ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ წინასწარმეტყველი ოდედის ჩარევით, რომელსაც ზოგიერთი ეფრემელი თავკაცი ედგა მხარში, გაათავისუფლეს ტყვეები და მათ იუდაში დაბრუნების უფლება მისცეს (2მტ. 28:5—15, 17—19; 2მფ. 16:5, 6; ეს. 7:1).
ახაზის ათრთოლებული გული უნდა გაემაგრებინა ესაია წინასწარმეტყველის გადაცემულ ცნობას, რომლის თანახმადაც იეჰოვა მოკავშირე სირიელებსა და ისრაელებს არ მისცემდა იუდას განადგურებისა და ტახტზე ისეთი კაცის დასმის უფლებას, რომელიც დავითის საგვარეულოს არ მიეკუთვნებოდა. როცა ღმერთმა ახაზს მოუწოდა, ნიშანი ეთხოვა მისთვის, ამ კერპთაყვანისმცემელმა მეფემ თქვა: „არ ვთხოვ და არც გამოვცდი იეჰოვას“ (ეს. 7:2—12). თუმცა ესაიამ მაინც მისცა ნიშანი: ქალწული დაორსულდებოდა და ვაჟს გააჩენდა, რომელსაც ემანუელს („ჩვენთან არის ღმერთი“) დაარქმევდნენ და, ვიდრე ბავშვი გაიზრდებოდა, სირიელებისა და ისრაელების მხრიდან საშიშროება აღარ იარსებებდა (ეს. 7:13—17; 8:5—8).
იმ „სამოცდახუთი წელიწადის“ შესახებ, რომელთა განმავლობაშიც ესაიას 7:8-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად ეფრემი გაცამტვერდებოდა, ერთ ბიბლიურ კომენტარში ნათქვამია: „ისრაელების პირველი გადასახლება მოხდა [ესაიას წინასწარმეტყველებიდან] ორი წლის შემდეგ ტიგლათფილესერის მიერ (ესაია 7:8; 2 მეფეები 15:29), მეორე კი — დაახლოებით 20 წლის შემდეგ ჰოშეას მმართველობის დროს სალმანასარის მიერ (2 მეფეები 17:1—6). მაგრამ საბოლოო გადასახლება, რომლის დროსაც ისრაელი ისე გაცამტვერდა, რომ აღარ არსებობდა როგორც ხალხი და მათ ნაცვლად სამარიაში უცხოელები ჩაასახლეს, მოხდა ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 65 წლის შემდეგ ასარხადონის მიერ, რომელმაც იუდას მეფე მენაშეც ჩაიგდო ტყვედ მისი მეფობის ოცდამეორე წელს (ეზრას 4:2, 3, 10 შდრ. 2 მეფეების 17:24-ს; 2 მატიანე 33:11)“ (Commentary on the Whole Bible, ჯეიმისონი, ფოსეტი და ბრაუნი).
ასურეთის ვასალი; გარდაცვალება. იეჰოვაზე მინდობის ნაცვლად ახაზი სირიელებისა და ისრაელების შეთქმულების შიშით წინდაუხედავად მოიქცა და დახმარებისთვის ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ს ქრთამი მისცა (ეს. 7:2—6; 8:12). თუმცა სირიისა და ისრაელის დამარცხების შედეგად ასურეთის პატივმოყვარე მეფის მიერ მოტანილი შვება ხანმოკლე აღმოჩნდა. საბოლოოდ მან „შეავიწროვა ის [ახაზი] ნაცვლად იმისა, რომ გაეძლიერებინა“ (2მტ. 28:20). ახაზის გამო ასურეთმა მძიმე უღელი დაადგა იუდას.
ახლა უკვე ვასალი მეფე ახაზი, როგორც ჩანს, დამასკოში გამოიძახეს ტიგლათფილესერ III-ისთვის პატივის მისაგებად. დამასკოში ყოფნისას ის წარმართული სამსხვერპლოთი მოიხიბლა, მისი გეგმა შეადგინა და მღვდელ ურიას ზუსტად ისეთივე სამსხვერპლოს გაკეთება და იერუსალიმის ტაძრის წინ დადგმა დაავალა. შემდეგ უტიფარი ახაზი ამ „დიდ სამსხვერპლოზე“ თავად სწირავდა მსხვერპლს. მან ძველი სპილენძის სამსხვერპლო გვერდით გადაადგმევინა, ვიდრე მისთვის მოიცლიდა (2მფ. 16:10—16). „ასურეთის მეფის გამო“ მან ტაძარში არსებული სპილენძის მოწყობილობების დიდი ნაწილი დალეწა, ნაწილი კი გადაადგილა, შესაძლოა იმისთვის, რომ იუდასთვის დაკისრებული დიდი ხარკი გადაეხადა ან ამ ხარბი ასურელის თვალებისთვის ტაძრის სიმდიდრე დაემალა. ახაზმა ტაძრის კარები დაკეტა და „იერუსალიმის ყოველ კუთხეში დაიდგა სამსხვერპლოები“ (2მფ. 16:17, 18; 2მტ. 28:23—25).
ეს უვარგისი მმართველი და გამოუსწორებელი განდგომილი 16-წლიანი მეფობის შემდეგ მოკვდა. მიუხედავად იმისა, რომ ის თავისი მამა-პაპის მსგავსად „დავითის ქალაქში“ დამარხეს (2მფ. 16:20), მეფეთა სამარხში არ დაუკრძალავთ (2მტ. 28:27). მისი სახელი გვხვდება მეფეთა საგვარეულო ნუსხებში (1მტ. 3:13; მთ. 1:9).
ტიგლათფილესერ III-ის წარწერაში ახაზი მოხსენიებულია იაუხაზად.
2. მეფე საულის ვაჟის, იონათანის შვილთაშვილი (1მტ. 8:35, 36).