მიჰბაძეთ მათ რწმენას
მან ბოლომდე მოითმინა
ელია ახალ ამბავს იგებს, მეფე ახაბი ცოცხალი აღარ არის. წარმოიდგინეთ ეს ხანდაზმული წინასწარმეტყველი, რომელიც ჩაფიქრებული წვერზე ხელს ისვამს, თვალებით ერთ წერტილს მისჩერებია და იხსენებს, რა სირთულეები გადახდა თავს ამ ბოროტი მეფის გამო. ელიამ მართლაც ბევრი ტკივილი გამოიარა! ახაბისა და დედოფალ იზებელის ბრძანებით მას მოსაკლავად ეძებდნენ. მათ გამო ელიამ სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში. მეფე ახაბმა არაფერი იღონა იზებელის შესაჩერებლად, რათა ამ უკანასკნელს იეჰოვას წინასწარმეტყველთა დახოცვის ბრძანება არ გაეცა. სიხარბით დაბრმავებულმა ახაბმა და იზებელმა ერთად დაგეგმეს მართალი კაცის, ნაბოთის და მისი ვაჟების სიკვდილი. ამის შემდეგ ელია იეჰოვას განაჩენს უცხადებს ახაბს და ეუბნება, რომ მას და მის ოჯახს ღვთის რისხვა დაატყდებათ თავს. იეჰოვას სიტყვები სრულდება. ახაბი ზუსტად ისე კვდება, როგორც იეჰოვა წინასწარმეტყველებს (1 მეფეები 18:4; 21:1—26; 22:37, 38; 2 მეფეები 9:26).
ახაბის სიკვდილის მიუხედავად, ელიას კვლავ სჭირდება მოთმინების გამოვლენა. იზებელი ჯერ კიდევ ცოცხალია და ცუდ გავლენას ახდენს თავის ოჯახსა თუ ერზე. ელიას წინ დიდი განსაცდელები ელის. ამასთან, მან ბევრი რამ უნდა ასწავლოს თავის თანამსახურ ელისეს, რომელიც მის საქმეს გააგრძელებს. მოდი დავფიქრდეთ იმ სამ დავალებაზე, რომლებსაც ელია ელისესთან ერთად მსახურების ბოლო პერიოდში ასრულებს. ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ დაეხმარა რწმენა ელიას, ბოლომდე მოეთმინა და ჩვენ რა დაგვეხმარება, გავიძლიეროთ რწმენა თავსდატეხილი სირთულეების დროს.
ღმერთს ახაზიასთვის განაჩენი გამოაქვს
ისრაელში ახლა ახაბისა და იზებელის ვაჟი ახაზია მეფობს. ნაცვლად იმისა, რომ მშობლების შეცდომებიდან ისწავლოს, ის მათ კვალს მიჰყვება (1 მეფეები 22:52). ახაზიაც ბაალის თაყვანისმცემელია. ბაალის თაყვანისმცემლობა ხალხს გამხრწნელი საქმეებისკენ უბიძგებს — ისინი ტაძარში მეძაობენ და ბავშვებსაც კი მსხვერპლად სწირავენ. შეიცვლება კი მეფე ახაზია და დაეხმარება თავის ხალხს, მიატოვონ უწმინდური თაყვანისმცემლობა და იეჰოვას დაუბრუნდნენ?
ერთხელ მეფე მოულოდნელად ზემოთა ოთახის სარკმლიდან ვარდება და სერიოზულად შავდება. თუმცა სიკვდილის პირას მყოფიც კი არ მიმართავს იეჰოვას დახმარებისთვის. ამის საპირისპიროდ, ის მაცნეებს გზავნის ქალაქ ეკრონში, სადაც მათი მტრები, ფილისტიმელები, ცხოვრობენ. მაცნეებმა ცრუ ღვთაებას, ბაალ-ზებუბს, უნდა ჰკითხონ, გამოჯანმრთელდება თუ არა მეფე. იეჰოვა ურისხდება ახაზიას ამ უგუნური საქციელისთვის. ის ანგელოზს უგზავნის ელიას და ავალებს, მაცნეები მეფესთან გააბრუნოს, რათა მას ავისმომასწავებელი სიტყვები გადასცენ. წინასწარმეტყველი ელია ხვდება მაცნეებს და ეუბნება, რომ ახაზიამ დიდი ცოდვა ჩაიდინა, რადგან ისე მოიქცა, თითქოს ისრაელს ღმერთი არ ჰყავდეს. ამიტომ იეჰოვას გადაწყვეტილებით ახაზია ვეღარ გამოჯანმრთელდება (2 მეფეები 1:2—4).
მონანიების ნაცვლად ახაზია მაცნეებს ეკითხება: „როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, თქვენ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?“ მაცნეები ეუბნებიან, რომ მას ბეწვის სამოსი ემოსა. მეფე ახაზია მაშინვე ხვდება მის ვინაობას და ამბობს: „ელია ყოფილა“ (2 მეფეები 1:7, 8). როგორც ჩანს, ელია იმდენად უბრალოდ ცხოვრობს, რომ მას სამოსითაც კი ცნობენ. ამ წინასწარმეტყველს მთელი ყურადღება ღვთის მსახურებაზე აქვს გადატანილი; ახაზია კი, მშობლების მსგავსად, ქონებას არის დახარბებული. ელიას მაგალითი შეგვახსენებს, მივყვეთ იესოს მითითებას — ვიცხოვროთ უბრალოდ და მთელი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანს მივაპყროთ (მათე 6:22—24).
შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ახაზია ელიას დასაჭერად ორმოცდაათისთავს აგზავნის მეომრებთან ერთად. ისინი პოულობენ ელიას, რომელიც მთის წვერზე ზის. ორმოცდაათისთავი წინასწარმეტყველს მეფის სახელით უბრძანებს მთიდანa ჩამოსვლას. შესაძლოა მათ განზრახული აქვთ, ელია სიცოცხლეს გამოასალმონ. მართალია, მეომრებმა იციან, რომ ელია ჭეშმარიტი ღვთის კაცია, მაგრამ თავს უფლებას აძლევენ, მუქარით მიმართონ, რაც დიდი შეცდომაა. ელია ორმოცდაათისთავს ეუბნება: „თუ მე ღვთის კაცი ვარ, ცეცხლი ჩამოვარდეს ციდან და გშთანთქათ შენცა და შენი ორმოცდაათიც“. ასეც ხდება. „ჩამოვარდა ცეცხლი ციდან და შთანთქა ის და მისი ორმოცდაათი“ (2 მეფეები 1:9, 10). ეს შემთხვევა შეგვახსენებს, რომ იეჰოვა არ იწონებს, როდესაც მის მსახურებს არად აგდებენ და უპატივცემულოდ ექცევიან (1 მატიანე 16:21, 22).
ახაზია სხვა ორმოცდაათისთავს აგზავნის თავის ორმოცდაათთან ერთად. ეს ორმოცდაათისთავი წინამორბედზე უარესად იქცევა. მან ვერაფერი ისწავლა იმ 51 მამაკაცის შემთხვევიდან, რომელთა ფერფლიც შესაძლოა ჯერ კიდევ მთის ფერდობზე იყო მიმოფანტული. ის ელიას მთიდან ჩამოსვლას უბრძანებს; მეტიც, მოითხოვს, რომ იგი სასწრაფოდ დაემორჩილოს ბრძანებას. რამხელა უგუნურებაა! ეს ორმოცდაათისთავი და მისი მეომრებიც ცეცხლმა შთანთქა. ყველაფრის მიუხედავად, მეფე კვლავ უგუნურად იქცევა და მესამედ აგზავნის მეომრებს ელიას შესაპყრობად. საბედნიეროდ, მესამე მეთაური გონივრულად მოქმედებს. ის თავმდაბლობას ავლენს და ევედრება ელიას, რომ მისი და მისი მეომრების სიცოცხლე დაინდოს. ელია იეჰოვას ჰბაძავს და გულმოწყალებას ავლენს. იეჰოვას ანგელოზი ელიას ეუბნება, რომ მეომრებს გაჰყვეს. ელია ემორჩილება მითითებას, მიდის მეფესთან და იეჰოვას განაჩენს უცხადებს. ღვთის სიტყვის თანახმად, მეფე ახაზია კვდება. მისმა მეფობამ ორ წელს გასტანა (2 მეფეები 1:11—17).
ელიას ჯიუტ და ურჩ ხალხს შორის უწევდა ცხოვრება. რა დაეხმარა მას, რომ ბოლომდე მოეთმინა და ჩვენ რა დაგვეხმარება ამაში? ზოგჯერ შესაძლოა ის, ვინც ძალიან გვიყვარს, რჩევას არ იღებს და ჯიუტად განაგრძობს არასწორის კეთებას. რა დაგვეხმარება, ამ დროს გული არ გაგვიტყდეს? ელიას მაგალითიდან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. ის მეომრებმა მთის წვერზე იპოვეს. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რატომ ავიდა ელია მთის წვერზე, მაგრამ დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რომ ელიას, რომელიც ხშირად მიმართავდა ღმერთს ლოცვით, ამ ადგილას შეეძლო განმარტოებულიყო და თავის ღმერთს კიდევ უფრო დაახლოებოდა (იაკობი 5:16—18). ელიას მსგავსად ჩვენც შეგვიძლია განვმარტოვდეთ, სახელით მოვუხმოთ ღმერთს და ჩვენი საწუხარი გავანდოთ. ეს დაგვეხმარება, არ დავითრგუნოთ, როდესაც ახლობლები ურჩობას ავლენენ და არასწორ გზას ადგებიან.
ელია თავის მოსასხამს ელისეს გადასცემს
დგება დრო, როდესაც ელიამ უნდა დაასრულოს თავისი დავალების შესრულება. ის და ელისე ქალაქ გილგალს ტოვებენ. ელია ელისეს ეუბნება, რომ ქალაქში დარჩეს, თავად კი მარტო წავა ბეთელში, რომელიც გილგალიდან დაახლოებით 11 კილომეტრით არის დაშორებული. ამაზე ელისე მტკიცედ პასუხობს: „ცოცხალია იეჰოვა და ცოცხალია შენი სული, არ მიგატოვებ“. ბეთელში რომ ჩადიან, ელია კვლავ ეუბნება ელისეს, რომ მარტო აპირებს იერიხონში წასვლას, რომელიც ბეთელიდან დაახლოებით 22 კილომეტრში მდებარეობს. ელისე ამჯერადაც იმავეს პასუხობს ელიას. მესამედაც იგივე მეორდება — ელია ამბობს, რომ მდინარე იორდანესთან უნდა მივიდეს, რომელიც იერიხონიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს; ახალგაზრდა ელისე არც ამჯერად იცვლის აზრს. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ მიატოვოს ელია (2 მეფეები 2:1—6).
ელისემ ელიას მიმართ ძვირფასი თვისება, ურყევი სიყვარული, გამოავლინა. ასეთი სიყვარული გამოავლინა რუთმა ნაომის მიმართ. ეს არის თვისება, რომელიც გვეხმარება, ბოლომდე ვუერთგულოთ საყვარელ ადამიანებს (რუთი 1:15, 16). დღეს, როგორც არასდროს, ღვთის ყველა მსახურს სჭირდება ეს თვისება. ჩვენც ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ თვისების გამოვლენა?
ელიას ალბათ გულს უხარებს, როცა ხედავს, რომ მისი ახალგაზრდა თანამსახური ასეთ სიყვარულსა და ერთგულებას ავლენს. სწორედ ამ თვისებების გამო ხვდა ელისეს პატივი, გამხდარიყო ელიას ბოლო სასწაულის თვითმხილველი. ისინი მდინარე იორდანეს უახლოვდებიან, რომელიც სწრაფია და ადგილ-ადგილ ღრმა. ელიამ დაჰკრა თავისი მოსასხამი მდინარეს და ორად გაყო! ამ სასწაულს თვალს ადევნებს 50 კაცი, „წინასწარმეტყველთა ძეები“, რომლებსაც სხვების მსგავსად იმისთვის ამზადებენ, რომ ხალხს წმინდა თაყვანისმცემლობის შესრულებაში დაეხმარონ (2 მეფეები 2:7, 8). როგორც ჩანს, მათი მომზადების პროცესს ელია ზედამხედველობს. წლების წინ იგი ფიქრობდა, რომ ერთადერთი იყო, ვინც ღმერთს ერთგულად ემსახურებოდა. მაგრამ იეჰოვამ აკურთხა ელიას მოთმინება და საშუალება მისცა, საკუთარი თვალით ეხილა, როგორ იზრდებოდა ღვთის თაყვანისმცემელთა რიცხვი (1 მეფეები 19:10).
იორდანის გადაკვეთის შემდეგ ელია ეუბნება ელისეს: „მთხოვე, რა გაგიკეთო, სანამ შენთან ვარ“. ელიამ იცის, რომ მალე ელისესთან განშორება მოუწევს. მას არ შურს თავისი მეგობრის, ახალგაზრდა ელისესი, რომელიც მალე დიდებულ საქმეებს მოიმოქმედებს. პირიქით, ის მზად არის, ყველანაირად დაეხმაროს მას. ელისე მხოლოდ ერთ რამეს სთხოვს ელიას: „შენი სულის ორი წილი გადმოვიდეს ჩემზე“ (2 მეფეები 2:9). ელისე იმას არ ითხოვს, რომ ორჯერ მეტი წმინდა სული მიიღოს. მას სულიერი მემკვიდრეობის მიღება სურს. ძველად ისრაელში პირმშო კანონით მემკვიდრეობის ორმაგ წილს იღებდა, რათა, როგორც ოჯახის თავს, ახალი პასუხისმგებლობები შეესრულებინა (კანონი 21:17). ელისე, ელიას სულიერი მემკვიდრე, ხედავს, რომ საქმის შესასრულებლად ისეთივე გაბედულება სჭირდება, როგორიც ელიას აქვს.
ელია თავმდაბლობას ავლენს და იეჰოვას ანდობს ელისეს სათხოვრის შესრულებას. თუ იეჰოვა ელისეს დაანახვებს, როგორ წაიყვანს ელიას, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ იეჰოვა შეუსრულებს ელისეს თხოვნას. ელია და ელისე, ეს ორი დიდი ხნის მეგობარი, გზას მიუყვებიან და ლაპარაკობენ. და აი, ხდება სასწაული! (2 მეფეები 2:10, 11).
ელია და ელისე, ეს ერთგული მეგობრები, ერთმანეთს ურთულესი განსაცდელების ატანაში დაეხმარნენ
უეცრად ცაზე უჩვეულო სინათლე ჩნდება, რომელიც ნელ-ნელა მათკენ ეშვება. მოულოდნელად ქარიშხალი იწყება და ამ ორ მამაკაცს ქუხილისა და გრიგალის გამაყრუებელი ხმა ესმის. ისინი ხედავენ, როგორ უახლოვდება რაღაც კაშკაშა და შეშინებულები უკან იხევენ. ეს ცეცხლოვანი ეტლია, რომელიც აშორებს მათ. ელია ხვდება, რომ იეჰოვა მის წაყვანას აპირებს. არ ვიცით, ავიდა თუ არა ელია ეტლზე, მაგრამ ბიბლიური მონათხრობიდან ვიგებთ, რომ ქარიშხალმა იგი ზეცაში აიტაცა!
ელისეს შიში იპყრობს. ის ხედავს ამ შთამბეჭდავ მოვლენას და ხვდება, რომ იეჰოვა მას ელიას სულის ორმაგ წილს მისცემს. ამავე დროს ელისე დამწუხრებულია, რადგან არ იცის, სად მიჰყავს იეჰოვას მისი ძვირფასი მეგობარი. ალბათ ფიქრობს, რომ ელიას ვეღარასოდეს ნახავს. ელისე ასეთი სიტყვებით ეძახის მას: „მამა, მამა! ისრაელის საომარი ეტლი და მისი მხედრები!“. ის ხედავს, როგორ შორდება მას ელია, მისი აღმზრდელი, და როგორ უჩინარდება ნელ-ნელა. დამწუხრებული ელისე თავის სამოსს შემოიხევს (2 მეფეები 2:12).
ესმის ელიას მეგობრის ტირილი? ან იქნებ თავადაც ცრემლით ევსება თვალები? როგორც არ უნდა იყოს, მან კარგად იცის, რომ სწორედ ასეთი მეგობრის მხარდაჭერით შეძლო არაერთ სირთულესთან გამკლავება. კარგი იქნება, თუ მივბაძავთ ელიას და მათთან ვიმეგობრებთ, ვისაც უყვარს იეჰოვა და ვისთვისაც მისი ნების შესრულება უმთავრესია ცხოვრებაში.
ბოლო დავალება
სად წაიყვანა იეჰოვამ ელია? ზოგიერთი რელიგია ასწავლის, რომ ღმერთმა ის ზეცაში თავისთან წაიყვანა. შეუძლებელია ასე მომხდარიყო. საუკუნეების შემდეგ იესომ თქვა, რომ ზეცაში არავინ ასულა (იოანე 3:13). ამიტომ როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ქარიშხალმა ზეცაში აიყვანა ელია“, ლოგიკურია, ვიკითხოთ, რა იგულისხმება ზეცაში (2 მეფეები 2:11). ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „ზეცა“ მიუთითებს არა მხოლოდ იეჰოვას ადგილსამყოფელზე, არამედ დედამიწის ატმოსფერულ სივრცეზე, სადაც მოძრაობენ ღრუბლები და დაფრინავენ ფრინველები (ფსალმუნი 147:8). სწორედ ამ ზეცაში ანუ ცაში იქნა აყვანილი ელია. მაგრამ რა ხდება შემდეგ?
იეჰოვას ელია იუდაში, მეზობელ სამეფოში, გადაჰყავს ახალი დავალების შესასრულებლად. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზემოხსენებული მოვლენიდან შვიდი წლის მერეც კი ელია იუდაშია და თავის დავალებას ასრულებს. იმ დროს იუდაში იეჰორამი მეფობს, რომელსაც ცოლად ჰყავს ბოროტი ახაბისა და იზებელის ქალიშვილი. მეფე და დედოფალი ახაბისა და იზებელის კვალს მიჰყვებიან და აგრძელებენ ბოროტების ჩადენას. იეჰოვა ავალებს ელიას, რომ მეფე იეჰორამს წერილობით შეატყობინოს განაჩენი. წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰორამი საშინელი სიკვდილით კვდება. მეტიც, ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისე წავიდა, რომ არავის დანანებია“ (2 მატიანე 21:12—20).
მართლაც რამხელა სხვაობაა ელიასა და ამ ბოროტ კაცს შორის! არ ვიცით, როდის და როგორ დაიღუპა ელია, მაგრამ ის ვიცით, რომ მისი სიკვდილი არ ჰგავდა იეჰორამის სიკვდილს, რომელიც კაციშვილს არ დანანებია. ელისეს ძალიან ენატრებოდა თავისი მეგობარი. უდავოდ, სხვა წინასწარმეტყველებიც განიცდიდნენ, რომ ელია გვერდით აღარ ჰყავდათ. იეჰოვაც ძალიან აფასებდა ამ წინასწარმეტყველს, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ დაახლოებით 1000 წლის შემდეგ იესოსა და მის მოწაფეებს ხილვაში ახილვინა ელია (მათე 17:1—9). გინდა, მიჰბაძო ელიას და სირთულეების დროს მოთმინება და ძლიერი რწმენა გამოავლინო? თუ ასეა, დაუმეგობრდი მათ, ვისაც იეჰოვა უყვარს, პირველ ადგილას დააყენე მისადმი მსახურება და ხშირად გადმოუღვარე მას გული ლოცვაში. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ელიას მსგავსად ჩვენც მარადიულად ვმკვიდრობდეთ იეჰოვას გულში!
a ზოგიერთი სწავლულის აზრით, აქ მოხსენიებულ მთაში ნაგულისხმევია ქარმელის მთა, სადაც რამდენიმე წლის წინ ღმერთმა ელიას ბაალის წინასწარმეტყველებზე გაამარჯვებინა. თუმცა ბიბლია კონკრეტულად არ მოიხსენიებს, რომელ მთაზეა აქ საუბარი.