მღვდელმთავარი
ღვთის წინაშე ხალხის მთავარი წარმომადგენელი. მას სხვა მღვდლებზე ზედამხედველობაც ევალებოდა.
ბიბლიაში მღვდელმთავარი სხვადასხვა წოდებით არის მოხსენიებული, მაგალითად, „მღვდელმთავარი [სიტყვასიტყვით დიდი მღვდელი]“ (რც. 35:25, 28; იეს. 20:6), „ცხებული მღვდელი“ (ლვ. 4:3), „უფროსი [სიტყვასიტყვით მთავარი] მღვდელი“ (2მტ. 26:20; 2მფ. 25:18), „თავკაცი“ (2მტ. 24:6) ან უბრალოდ „მღვდელი“ (2მტ. 26:17). ამ უკანასკნელის შემთხვევაში კონტექსტიდან ჩანს, რომ მასში მღვდელმთავარი იგულისხმება. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „უფროს მღვდლებში“, როგორც ჩანს, იგულისხმებიან სამღვდელოების თავკაცები, რომელთა შორისაც, შესაძლოა, იყვნენ ყოფილი მღვდელმთავრები და 24 ჯგუფად დაყოფილი მღვდლების თავკაცები (მთ. 2:4; მრ. 8:31).
ისრაელის პირველი მღვდელმთავარი, აარონი, ღმერთმა დანიშნა (ებ. 5:4). აარონის დანიშვნის დროს ისრაელში დასაბამი მიეცა მღვდელმთავრობას. ეს თანამდებობა მამიდან უფროს ვაჟზე გადადიოდა, თუ ის მამაზე ადრე არ მოკვდებოდა ან მსახურებისთვის შეუფერებელი არ გახდებოდა, როგორც ეს აარონის ორი უფროსი ვაჟის შემთხვევაში მოხდა, რომლებმაც იეჰოვას წინაშე შესცოდეს და დაიხოცნენ (ლვ. 10:1, 2). მეფე სოლომონმა უფლება ჩამოართვა მღვდელმთავარს და მის ადგილას აარონის საგვარეულოდან შესაფერისი კაცი დანიშნა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო (1მფ. 2:26, 27, 35). მოგვიანებით, უცხოტომელთა ბატონობის დროს, უცხოელი მმართველები მღვდელმთავრებს თანამდებობიდან ხსნიდნენ და ვინც მოესურვებოდათ, იმათ ნიშნავდნენ. მიუხედავად ამისა, ისრაელის მთელი ისტორიის მანძილზე, ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებამდე, მღვდელმთავრები, როგორც ჩანს, ძირითადად აარონის საგვარეულოდან იყვნენ, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, მაგალითად, როგორიც იყო მენელაოსი, იგივე ონიასი, რომელზეც 2 მაკაბელთა 3:4, 5-სა და 4:23-ში მინიშნებულია, რომ ბენიამინელი იყო („იუდეველთა სიძველენი“, წ. XII, თ. 5, აბზ. 1).
მოთხოვნები მღვდელმთავრისთვის. მღვდელმთავარს საპატიო თანამდებობა ეკავა, იეჰოვას უახლოვდებოდა, როგორც ხალხის წარმომადგენელი, და უფრო დიდებულ მღვდელმთავარს განასახიერებდა, ამიტომ მისთვის წაყენებული მოთხოვნები მკაცრი იყო.
ლევიანების 21:16—23-ში ჩამოთვლილია ფიზიკური ნაკლოვანებები, რომელთა გამოც ადამიანს არ შეეძლო მღვდლად მსახურება. ამასთან, მღვდელმთავარი მხოლოდ ისრაელ ქალწულზე უნდა დაქორწინებულიყო. მას არ უნდა მოეყვანა ცოლად ქვრივი (ლვ. 21:13—15). მღვდელმთავარს არ უნდა გაეუწმინდურებინა თავი მკვდართან შეხებით, თუნდაც ეს მშობლის ცხედარი ყოფილიყო. მკვდრის გამო მას არც მოუვლელი თმით უნდა ევლო და არც ტანსაცმელი უნდა შემოეხია (ლვ. 21:10—12).
ბიბლიაში მოხსენიებული არ არის, რა ასაკამდე შეეძლო მღვდელმთავარს მსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ლევიანები მხოლოდ 50 წლამდე მსახურობდნენ, მღვდლებზე არაფერია ნათქვამი. ბიბლიიდან ჩანს, რომ მღვდელმთავარი სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა (რც. 8:24, 25). აარონი 83 წლისა იყო, როდესაც მოსესთან ერთად ფარაონის წინაშე წარდგა. როგორც ჩანს, მისი მღვდელმთავრად ცხება მომდევნო წელს მოხდა (გმ. 7:7). აარონი 123 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთელი ამ ხნის მანძილზე ის მღვდელმთავრად მსახურობდა (რც. 20:28; 33:39). ადამიანი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდებოდა ვინმე, მღვდელმთავრის სიკვდილამდე თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მღვდელმთავარი სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა თავის მოვალეობას (რც. 35:25).
მღვდელმთავრად დანიშვნა. ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შემდეგ მალევე აარონისთვის მიცემული დავალებები მიანიშნებდა, თუ რა პასუხისმგებლობის დაკისრებას აპირებდა იეჰოვა მისთვის. უდაბნოში, სინასკენ მიმავალ გზაზე, აარონს დაევალა, მანანით სავსე ქილა მოწმობის კიდობნის წინ დაედგა შესანახად. ეს დავალება მას შეხვედრის კარვისა და შეთანხმების კიდობნის დამზადებამდე მიეცა (გმ. 16:33, 34, სქ.). მოგვიანებით აარონი სრულად გახდა პასუხისმგებელი წმინდა კარავსა და კიდობანზე. აარონს, მის ორ ვაჟსა და ისრაელის 70 უხუცესს წილად ხვდათ პატივი, მიახლოებოდნენ ხორების მთას, სადაც მათ ხილვაში იეჰოვა იხილეს (გმ. 24:1—11).
პირველად იეჰოვამ მაშინ გააცხადა, რომ აარონისა და მისი ვაჟების მღვდელმსახურებისთვის გამოყოფა სურდა, როცა მოსეს მღვდლების ტანსაცმლის დამზადების შესახებ მითითებები მისცა (გმ. 28). შემდეგ ღმერთმა მოსეს უთხრა, როგორ უნდა ჩატარებულიყო მღვდლად დანიშვნის რიტუალი და თქვა: „მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით“ (გმ. 29:9).
იეჰოვას სიდიადიდან და სიწმინდიდან გამომდინარე, აარონსა და მის ვაჟებს არ შეეძლოთ მღვდლის მოვალეობების შესრულება, ვიდრე არ განიწმინდებოდნენ და მსახურებისთვის არ დაინიშნებოდნენ (გმ. 29). მოსემ, როგორც კანონის შეთანხმების შუამავალმა, დანიშვნის რიტუალი შეასრულა. განწმენდის რიტუალი შვიდ დღეს გაგრძელდა, ძვ. წ. 1512 წლის 1—7 ნისანამდე. ამ დროს მღვდლები მსახურებისთვის დაინიშნენ, ანუ მათი ხელი ძალაუფლებით აივსო (ლვ. 8). მომდევნო დღეს, 8 ნისანს, პირველად შესრულდა გამოსყიდვის წესი ერისთვის (იმ დღეს შესრულებული მსახურება ჰგავდა გამოსყიდვის დღის მსახურებას, რომელიც ყოველწლიურად თიშრის 10 რიცხვში უნდა აღნიშნულიყო; მღვდლების მიერ გამოსყიდვის წესის პირველად შესრულება აღწერილია ლევიანების მე-9 თავში). გამოსყიდვის წესის შესრულება აუცილებელი იყო, რადგან ისრაელი ერი ცოდვებისგან განწმენდას საჭიროებდა, მათ შორის არც თუ ისე დიდი ხნით ადრე ოქროს ხბოს თაყვანისცემით ჩადენილი ცოდვისგან (გმ. 32).
მღვდელმთავრის დანიშვნის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალი, რომელიც მოსეს უნდა შეესრულებინა, იყო აარონის ცხება. მას ღვთის მითითებით დამზადებული წმინდა საცხები ზეთი უნდა დაესხა მისთვის თავზე (ლვ. 8:1, 2, 12; გმ. 30:22—25, 30—33; ფს. 133:2). აარონის შემდგომ მომსახურე მღვდელმთავრებზე ნათქვამია, რომ ისინიც ცხებულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში არსად მოიხსენიება პირდაპირი გაგებით ზეთის დასხმით მათი ცხება, მასში ჩაწერილია კანონი: „აარონის წმინდა ტანსაცმელი მის შემდეგ მისი შვილებისა იქნება, რომ მასში სცხონ ისინი და ძალაუფლებით აუვსონ ხელი. შვიდ დღეს ატაროს ის მღვდელმა, რომელიც მას შეცვლის, მისი ვაჟებიდან ერთ-ერთმა, და რომელიც შევა შეხვედრის კარავში წმინდა ადგილას მსახურებისთვის“ (გმ. 29:29, 30).
მღვდელმთავრის ტანსაცმელი. გარდა იმისა, რომ მღვდელმთავარს ჩვეულებრივი მოვალეობების შესრულებისას სხვა მღვდლებივით სელის ტანსაცმელი ეცვა, ის განსაკუთრებული შემთხვევების დროს ძვირფას და ლამაზ ტანსაცმელს იცვამდა. გამოსვლის 28-ე და 39-ე თავებში აღწერილია ეს ტანსაცმელი და მოსეს ხელმძღვანელობით მათი დამზადება იმ მითითებების თანახმად, რომლებიც მან ღვთისგან მიიღო. თუ არ ჩავთვლით „თეძოებიდან ბარძაყებამდე“ დაშვებულ სელის ქვედა საცვლებს, რომლებიც ყველა მღვდელს „სხეულის დასაფარავად“ ეცვა (გმ. 28:42), მღვდელმთავარს შიგნით ეცვა ძვირფასი, შესაძლოა თეთრი სელისგან დამზადებული უჯრედებიანი გრძელი სამოსელი (ებრ. ქუთთონეთ). როგორც ჩანს, ეს სამოსელიც გრძელმკლავიანი იყო და კოჭებამდე სწვდებოდა. სავარაუდოდ, ის უნაკერო იყო. მღვდელმთავარი იკეთებდა (შესაძლოა, წელს ზემოთ) ძვირფასი გრეხილი სელის, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალისა და ალისფერი ნართისგან დამზადებულ სარტყელს (გმ. 28:39; 39:29).
მღვდელმთავრის თავსაბურავი, რომელიც, როგორც ჩანს, განსხვავდებოდა მღვდლების ჩალმებისგან, ძვირფასი სელისა იყო (გმ. 28:39). თავსაბურავის წინა მხარეს მიმაგრებული იყო სუფთა ოქროს ბზინვარე ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო სიტყვები: „სიწმინდე იეჰოვასია“ (გმ. 28:36). ფირფიტას „მიძღვნის წმინდა ნიშანი“ ეწოდებოდა (გმ. 29:6; 39:30).
სელის გრძელ სამოსელზე მღვდელმთავარს ეცვა ლურჯი მოსასხამი (ებრ. მეʽილ). სავარაუდოდ, ისიც უნაკერო იყო და ზედა ნაწილის შუაში გაკეთებულ ჭრილს არშია ჰქონდა შემოვლებული, რომ არ დახეულიყო. ეს მოსასხამი ზემოდან უნდა ჩამოეცვა მღვდელმთავარს. ის სელის გრძელ სამოსელთან შედარებით მოკლე იყო და ქვედა კიდეზე შემოვლებული ჰქონდა ოქროს ზანზალაკები, რომელთა შორისაც ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალისა და ალისფერი ნართისგან დამზადებული ბროწეულები ეკიდა. როცა მღვდელმთავარი საწმინდარში დადიოდა, ზანზალაკების ხმა ისმოდა (გმ. 28:31—35).
ეფოდი, რომელიც წინსაფარს ჰგავდა, წინა და უკანა ნაწილებისგან შედგებოდა და წელს ქვემოთ მთავრდებოდა. ასეთ ეფოდს ატარებდნენ მღვდლები და ზოგჯერ არასამღვდელო პირები (1სმ. 2:18; 2სმ. 6:14). მღვდელმთავრის ეფოდი საუცხოოდ იყო მოქარგული. ის დამზადებული იყო ძვირფასი გრეხილი სელისგან, მოშინდისფრო შალისგან, ალისფერი ნართისა და ოქროს ძაფისგან, რისთვისაც ოქროს თხელ ფურცლებს ჭრიდნენ (გმ. 39:2, 3). სამხრეები ზურგის მხარეს, შესაძლოა, სარტყლამდე ეშვებოდა. სამხრეებზე დამაგრებული ჰქონდა ორი ოქროს ბუდე, რომლებშიც ონიქსის ქვები იყო ჩასმული. ამ ქვებზე ამოტვიფრული იყო ისრაელის (იაკობის) ძეების სახელები, ექვსი — ერთზე, ექვსი — მეორეზე, ასაკის მიხედვით. იმავე მასალისგან დამზადებული სარტყლის წყალობით ეფოდი მჭიდროდ იყო წელზე მომდგარი. სარტყელი „ზედ“ ჰქონდა ეფოდს, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდა, რომ ის ეფოდზე იყო მიმაგრებული, როგორც მისი ნაწილი (გმ. 28:6—14).
გასამართლების სამკერდე, უდავოა, მღვდელმთავრის სამოსლის ყველაზე ძვირფასი და საუცხოო ნაწილი იყო. ის იმავე მასალით იყო დამზადებული, რითაც ეფოდი. მას მართკუთხედის ფორმა ჰქონდა — სიგრძე ორჯერ აღემატებოდა სიგანეს, თუმცა გადაკეცილი 22-სანტიმეტრიან კვადრატულ ჯიბეს ქმნიდა (იხ. სამკერდე). სამკერდე გაწყობილი იყო ოქროს ბუდეებში ჩასმული 12 ძვირფასი ქვით. თითო ქვაზე ისრაელის ძეებიდან თითოს სახელი იყო ამოტვიფრული. ლალი, ტოპაზი, ზურმუხტი და სხვა ძვირფასი ქვები ოთხ რიგად იყო ჩასმული. სამკერდეს გაუკეთეს ორი ოქროს წნული ძეწკვი, ბაწრის მსგავსი და კუთხეებზე მიამაგრეს ოქროს რგოლები. ზედა კუთხეების რგოლები ოქროს ბაწრით მიმაგრებული იყო ეფოდის სამხრეებზე. ქვემო კუთხეების რგოლები ლურჯი თასმით იყო მიმაგრებული ეფოდის სამხრეებზე ქვემოდან წინა მხარეს, სარტყლის ზემოთ (გმ. 28:15—28).
მოსემ „სამკერდეში ურიმი და თუმიმი ჩაუდო“ აარონს (ლვ. 8:8). დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, თუ რას წარმოადგენდნენ ისინი. ზოგი ბიბლეისტის აზრით, მათში იგულისხმება კენჭები, რომლებსაც ან სამკერდიდან იღებდნენ, ან კენჭის საყრელად იყენებდნენ, და დასმულ კითხვაზე იეჰოვასგან პასუხად ან დიახს, ან არას იღებდნენ. ასეთ შემთხვევაში ისინი, შესაძლოა, სამკერდის „ჯიბეში“ ინახებოდა (გმ. 28:30). როგორც ჩანს, ამაზე მიუთითებს 1 სამუელის 14:41, 42-ში ჩაწერილი სიტყვებიც. ამასთან, ზოგი მიიჩნევს, რომ ურიმი და თუმიმი სამკერდის ქვებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეხედულება სიმართლეს შეესაბამებოდეს. ურიმი და თუმიმი აგრეთვე მოიხსენიება რიცხვების 27:21-ში, კანონის 33:8-ში, 1 სამუელის 28:6-სა და ნეემიას 7:65-ში (იხ. ურიმი და თუმიმი).
მღვდელმთავარს ეს საუცხოო ტანსაცმელი ეცვა, როცა იეჰოვას რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გამო ეკითხებოდა (რც. 27:21; მსჯ. 1:1; 20:18, 27, 28). გარდა ამისა, გამოსყიდვის დღეს ცოდვის შესაწირავის მიტანის შემდეგ ის სელის თეთრ ტანსაცმელს იხდიდა და ამ ძვირფას და ლამაზ ტანსაცმელს იცვამდა (ლვ. 16:23, 24). როგორც ჩანს, ის სხვა შემთხვევებშიც იმოსებოდა ამ ტანსაცმლით.
ლევიანების მე-16 თავში გამოსყიდვის დღესთან დაკავშირებულ მითითებებში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ ამ საუცხოო ტანსაცმლით შემოსვის შემდეგ მღვდელმთავარს ხელები ზეცისკენ უნდა აღეპყრო და ხალხისთვის კურთხევა წარმოეთქვა. თუმცა სამღვდელოების დანიშვნის დასრულების შემდეგ, მეორე დღეს, გამოსყიდვის წესის შესრულებასთან (ძალიან ჰგავდა გამოსყიდვის დღეს შესასრულებელ მსახურებას) დაკავშირებით ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაიწოდა აარონმა ხელები ხალხისკენ, აკურთხა ისინი“ (ლვ. 9:22). იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის, თუ რა უნდა ეთქვათ ხალხის კურთხევისას: „უთხარი აარონსა და მის ვაჟებს: ასე აკურთხეთ ისრაელის ძეები: გაკურთხოს იეჰოვამ და დაგიფაროს. მოგაფინოს იეჰოვამ თავისი სახის ნათელი და შეგიწყალოს. მოგაპყროს იეჰოვამ თავისი სახე და მშვიდობა მოგცეს“ (რც. 6:23—27).
პასუხისმგებლობა და მოვალეობები. მღვდელმთავრის მსახურება რომ ძალიან საპატიო, სერიოზული და საპასუხისმგებლო იყო, იქიდანაც ჩანს, რომ მისი ცოდვების გამო ხალხიც შეიძლებოდა დამნაშავე გამხდარიყო (ლვ. 4:3). წმინდათაწმინდაში წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს, მხოლოდ მღვდელმთავარი უნდა შესულიყო (ლვ. 16:2). ამ დღეს შეხვედრის კარავში შესვლა სხვა მღვდლებს ეკრძალებოდათ (ლვ. 16:17). მისი ხელმძღვანელობით სრულდებოდა გამოსყიდვის დღის მსახურება. განსაკუთრებულ შემთხვევებში ის გამოსყიდვის წესს ასრულებდა თავისი სახლეულობისა და მთელი ხალხისთვის (ლვ. 9:7) და იეჰოვას წინაშე შუამდგომლობდა ხალხს, როცა იეჰოვას რისხვა ინთებოდა მათზე (რც. 15:25, 26; 16:43—50). ეროვნული მნიშვნელობის საკითხების წამოჭრისას ის იეჰოვას ურიმისა და თუმიმის მეშვეობით მიმართავდა (რც. 27:21). ის ხელმძღვანელობდა წითელი ძროხის დაკვლასა და დაწვას, რომლის ფერფლსაც განმწმენდი წყლისთვის იყენებდნენ (რც. 19:1—5, 9).
როგორც ჩანს, მღვდელმთავარს სურვილისამებრ შეეძლო მღვდლის ნებისმიერი მოვალეობის ან რიტუალის შესრულება. მეფე დავითის დროს სამღვდელოების რაოდენობა საგრძნობლად იყო გაზრდილი. ყველას რომ მისცემოდა მსახურების შესაძლებლობა, დავითმა მღვდლები 24 ჯგუფად დაყო (1მტ. 24:1—18) და ეს ასე იყო სამღვდელოების არსებობის ბოლომდე. მღვდელმთავარს ნებისმიერ დროს შეეძლო საწმინდარში მსახურება სხვა მღვდლებისგან განსხვავებით, რომლებიც იქ მხოლოდ განსაზღვრულ დროს მსახურობდნენ (მღვდლებს შეეძლოთ, სხვა დროსაც გაეწიათ დახმარება, თუმცა ზოგიერთი მოვალეობის შესრულება მხოლოდ იმ მღვდლებს შეეძლოთ, რომელთაც იმ პერიოდში მორიგეობა უწევდათ). დანარჩენი მღვდლების მსგავსად მღვდელმთავარიც დღესასწაულების დროს ძალიან დაკავებული იყო.
მღვდელმთავარი პასუხისმგებელი იყო საწმინდარზე, მასში შესრულებულ მსახურებასა და საგანძურზე (2მფ. 12:7—16; 22:4). ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად მას, როგორც ჩანს, „მეორე მღვდელი“ ეხმარებოდა (2მფ. 25:18). მოგვიანებით ეს თანაშემწე, რომელსაც „საგან“ ეწოდებოდა, ენაცვლებოდა მღვდელმთავარს, როცა ის ამა თუ იმ მიზეზის გამო მოვალეობას ვერ ასრულებდა (The Temple, ა. ედერშაიმი, 1874, გვ. 75). აარონის ვაჟ ელეაზარს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა (რც. 4:16).
მღვდელმთავარი აგრეთვე პასუხისმგებელი იყო ერის სულიერ დამოძღვრაზე (ლვ. 10:8—11; კნ. 17:9—11).
მმართველებთან ერთად (იესო ნავეს ძე, მსაჯულები და მოგვიანებით მეფეები) ის ერის უზენაესს სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენდა (კნ. 17:9, 12; 2მტ. 19:10, 11). უფრო გვიანდელ პერიოდში დაარსებულ სინედრიონს მღვდელმთავარი თავმჯდომარეობდა (ზოგი გადმოცემის თანახმად, ის ამას სურვილისამებრ აკეთებდა) (მთ. 26:57; სქ. 5:21). მღვდელმთავარმა ელეაზარმა ისრაელის 12 ტომს აღთქმული მიწა იესო ნავეს ძესთან ერთად დაუნაწილა (იეს. 14:1; 21:1—3).
მღვდელმთავრის სიკვდილის შესახებ უნდა გამოეცხადებინათ ყველა თავშესაფარ ქალაქში, რადგან ეს თავისუფლებას ნიშნავდა ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც უნებლიე მკვლელობის გამო თავშესაფარი ქალაქების საზღვრებს ვერ სცილდებოდნენ (რც. 35:25—29).
მღვდელმთავრის გენეალოგიური ხაზი. თანდართული ცხრილი შეიცავს მღვდელმთავრის გენეალოგიურ ნუსხას. მასში ჩამოთვლილია იმ მამაკაცთა სახელები, რომლებიც მღვდელმთავრებად მსახურობდნენ. ბიბლიაში მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავრის სახელი არის მოხსენიებული, თუმცა მასში მოყვანილია აარონის გენეალოგიური ნუსხა. უეჭველია, გენეალოგიურ ნუსხებში ჩამოთვლილთაგან ბევრი მსახურობდა მღვდელმთავრად, თუმცა ბიბლიაში არ არის აღწერილი მათი საქმეები და არც ის არის ნათქვამი, ეკავათ თუ არა მათ ეს თანამდებობა. ბიბლიაში მოხსენიებული რამდენიმე მღვდელმთავარი ვერ შეძლებდა ძვ. წ. 1512 წელს სამღვდელოების დაარსებიდან ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე მსახურებას. მიუხედავად იმისა, რომ გენეალოგიურ ნუსხებში, ჩვეულებრივ, ზოგიერთის სახელი გამოტოვებულია, შესაძლებელია, ისინიც მსახურობდნენ მღვდელმთავრებად. ასე რომ, ეს ცხრილი არ შეიცავს სრულ და ბოლომდე ზუსტ ჩამონათვალს. მისი მიზანია, მკითხველს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას მღვდელმთავრის გენეალოგიურ ხაზზე.
მელქისედეკის მღვდლობა. ბიბლიაში მოხსენიებულ მღვდელთაგან პირველი იყო მელქისედეკი, „უზენაესი ღვთის მღვდელი“ და სალემის (იერუსალიმი) მეფე. აბრაამი ამ მეფე-მღვდელს შეხვდა, როცა ელამის მეფე ქედარლაომერისა და მასთან მყოფი სამი მეფის დამარცხების შემდეგ უკან ბრუნდებოდა. მელქისედეკისგან კურთხევის მიღებით და მისთვის ნადავლიდან მეათედის მიცემით აბრაამმა ცხადყო, რომ მელქისედეკი ღვთისგან უფლებამოსილი იყო. ბიბლია არ შეიცავს ინფორმაციას მელქისედეკის წარმოშობაზე, დაბადებასა თუ სიკვდილზე. მას არც წინამორბედი ჰყავდა და არც საქმის გამგრძელებელი (დბ. 14:17—24; იხ. მელქისედეკი).
იესო ქრისტეს მღვდელმთავრობა. ებრაელების მიმართ წერილიდან ჩანს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ „მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით“ (ებ. 6:20; 7:17, 21). იმის საჩვენებლად, რომ იესოს მღვდლობა აარონის საგვარეულოს მღვდლობაზე უფრო დიდებული და აღმატებულია, დამწერს მოჰყავს მელქისედეკის მაგალითი, რომელმაც მეფობა და მღვდლობა უზენაესი ღვთისგან მიიღო და არა მემკვიდრეობით. იესო ქრისტეს, რომელიც დავითის ხაზით იუდასტომელი იყო და არა ლევისტომელი, მემკვიდრეობით არ მიუღია ეს მსახურება, როგორც აარონის შთამომავალს. მელქისედეკის მსგავსად მან ის პირდაპირ ღვთისგან მიიღო (ებ. 5:10). ქრისტე ზეციერი მეფე-მღვდელია იმ დაპირების თანახმად, რომელიც ჩაწერილია ფსალმუნის 110:4-ში: «იეჰოვამ დაიფიცა (და არ ინანებს): „შენ ხარ მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით!“». ის სამეფო ძალაუფლებას იმ გაგებითაც ფლობს, რომ დავითის შთამომავალია. ამიტომ ის დავითთან სამეფოზე დადებული შეთანხმების მემკვიდრეცაა (2სმ. 7:11—16). ამგვარად, მელქისედეკის მსგავსად, ის მეფეც არის და მღვდელიც.
ქრისტეს მღვდელმთავრობის აღმატებულება იქიდანაც ჩანს, რომ ლევიმ, რომლისგანაც წამოვიდა ისრაელის სამღვდელოება, ფაქტობრივად, მეათედი გადაუხადა მელქისედეკს, რადგან ჯერ კიდევ თავისი წინაპრის, აბრაამის საზარდულში იყო, როცა მან სალემის მეფე-მღვდელს მეათედი მისცა. უფრო მეტიც, ამ გაგებით ლევიმ კურთხევაც მიიღო მელქისედეკისგან იმ პრინციპის თანახმად, რომ „მცირე იკურთხება დიდის მიერ“ (ებ. 7:4—10). მოციქული პავლე აღნიშნავს, რომ მელქისედეკი იყო „უმამო, უდედო, უგვარტომო“, რომელსაც არც დღეთა დასაწყისი ჰქონდა და არც სიცოცხლის დასასრული ექნებოდა, და ამგვარად „მოუსპობელი სიცოცხლისთვის“ მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს მარადიულ მღვდლობას განასახიერებდა (ებ. 7:3, 15—17).
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს აარონისგან მემკვიდრეობით არ მიუღია მღვდლობა, არც წინამორბედი ჰყოლია და არც საქმის გამგრძელებელი, მან შეასრულა ყველაფერი, რასაც ისრაელის მღვდელმთავრობა ასიმბოლოებდა. ეს ნათლად ცხადყო მოციქულმა პავლემ, როცა თქვა, რომ უდაბნოში გაკეთებული წმინდა კარავი განასახიერებდა „ჭეშმარიტ კარავს, რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“, და ლევიანი მღვდლები წმინდა მსახურებას ასრულებდნენ იმ ადგილას, რომელიც ზეციურის სიმბოლო და ჩრდილი იყო (ებ. 8:1—6; 9:11). ის ამბობს, რომ იესო ქრისტემ, რომელმაც ცხოველური შესაწირავი კი არ მიიტანა, არამედ საკუთარი სრულყოფილი სხეული, გააუქმა ცხოველური შესაწირავების მიტანის აუცილებლობა. შემდეგ მან ზეცა გაიარა და „თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მხოლოდ ერთხელ შევიდა წმინდა ადგილას და მარადიული ხსნა მოგვიპოვა“ (ებ. 4:14; 9:12; 10:5, 6, 9). ის შევიდა წმინდა ადგილას, რომელსაც წმინდათაწმინდა განასახიერებდა და სადაც აარონი შედიოდა, ანუ „ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარდგეს“ (ებ. 9:24).
აარონის საგვარეულოს მღვდელთა მიერ მიტანილი მსხვერპლისგან განსხვავებით, იესომ, როგორც მღვდელმთავარმა, ერთხელ შესწირა მსხვერპლი, რადგან საკუთარი თავის შეწირვით სამუდამოდ მოაშორა ცოდვა (ებ. 9:13, 14, 25, 26). გარდა ამისა, აარონის საგვარეულოდან არც ერთ მღვდელს, რომლებიც ზეციერის ნიმუში და ჩრდილი იყვნენ, არ უცხოვრია ისე დიდხანს, რომ სრულად ეხსნა და გაესრულყოფილებინა ისინი, ვისაც ემსახურებოდა, ქრისტეს კი „შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებ. 7:23—25).
მსხვერპლშეწირვის გარდა, ისრაელის მღვდელმთავარი აკურთხებდა ხალხს. მას აგრეთვე მოეთხოვებოდა მათთვის ღვთის სამართლიანი კანონების სწავლა. იმავეს თქმა შეიძლება იესო ქრისტეზეც. ზეცაში მამის წინაშე წარდგომისას მან „სამუდამოდ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის და ღვთის მარჯვნივ დაჯდა. მას შემდეგ ელის იმ დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცევიან. ამ მსჯელობის არსი კი ეს არის: ჩვენ სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვყავს და ის სიდიადის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში“ (ებ. 10:12, 13; 8:1). „მეორედ რომ გამოჩნდება მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის ხსნას მისგან, ეს ცოდვის გამო აღარ იქნება“ (ებ. 9:28).
იესო ქრისტე სხვა გაგებითაც არის უფრო აღმატებული მღვდელმთავარი. ის თავისი „ძმების“ მსგავსად ხორცი და სისხლი გახდა (ებ. 2:14—17) და ბოლომდე გამოიცადა. მას ყოველგვარი წინააღმდეგობის, დევნისა და სამარცხვინო სიკვდილის გადატანაც კი მოუწია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუმცა ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა, და მას შემდეგ, რაც სრულყოფილი გახდა, თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე გახდა პასუხისმგებელი“ (ებ. 5:8, 9). პავლე გვიხსნის, რა სასიკეთო შედეგები მოაქვს ჩვენთვის იესოს ამგვარად გამოცდას. ის წერს: „რაკი თვითონ იტანჯა, როცა იცდებოდა, შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“ (ებ. 2:18). მას, ვისაც დახმარება სჭირდება, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იესო მის მიმართ გულმოწყალე და თანამგრძნობი იქნება. როგორც პავლე ამბობს, „ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში, არამედ ვინც ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო“ (ებ. 4:15, 16).
ქრისტესთან ერთად მომსახურე მღვდლები. მხოლოდ იესო ქრისტე არის „მელქისედეკის წესით“ დანიშნული მღვდელი (ებ. 7:17), თუმცა ისრაელის მღვდელმთავრის, აარონის მსგავსად, მას თავისი მამისგან, იეჰოვასგან ჰყავს დამხმარეებად სხვა მღვდლები. ღმერთმა მათ ზეცაში ქრისტეს თანამემკვიდრეებად ყოფნა აღუთქვა, სადაც ისინი მის სამეფო ძალაუფლებასაც გაიზიარებენ (რმ. 8:17). მათ „სამეფო სამღვდელოება“ ეწოდებათ (1პტ. 2:9). წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილ ხილვაში ისინი ახალი სიმღერის მღერისას აცხადებენ, რომ ქრისტემ ისინი საკუთარი სისხლით იყიდა, „ღვთის სამეფოდ და მღვდლებად“ გახადა და ისინი „მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გმც. 5:9, 10). მოგვიანებით იმავე ხილვიდან ვიგებთ, რომ მათი რიცხვი 144 000-ს შეადგენს. ამასთან, ხილვის თანახმად, მათ, როგორც კრავის მიმდევრებს, „დედამიწიდან ნაყიდნი“ ეწოდებათ და ისინი „ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“ (გმც. 14:1—4; შდრ. იაკ. 1:18) „გამოცხადების“ იმავე თავში მოცემულია გაფრთხილება მხეცის ნიშნის შესახებ და ნაჩვენებია, რომ ნიშნის თავიდან ასარიდებლად „საჭიროა წმინდათა მოთმინება“ (გმც. 14:9—12). ადამიანთაგან ნაყიდ 144 000-ში შედიან ისინი, ვინც ყველაფრის ბოლომდე გადატანის შემდეგ გაცოცხლდებიან, ქრისტესთან ერთად გამეფდებიან და „ღვთისა და ქრისტეს მღვდლები [იქნებიან] და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გმც. 20:4, 6). ამ დიდებულ მდგომარეობას ისინი იესოს მღვდელმთავრობის წყალობით მიაღწევენ.
ვის სასიკეთოდ იმსახურებს ზეციერი სამღვდელოება. წიგნ „გამოცხადებაში“ ახალი იერუსალიმის შესახებ ჩაწერილი ხილვიდან ვიგებთ, თუ ვის სასიკეთოდ იმსახურებენ დიდებული მღვდელმთავარი და მისი ზეციერი სამღვდელოება. აარონი, მისი საგვარეულო და ლევის სამღვდელო ტომი პალესტინაში მცხოვრებ 12-ტომიან ერს ემსახურებოდნენ, ახალ იერუსალიმზე კი ნათქვამია, რომ „ხალხები მისი სინათლით ივლიან“ (გმც. 21:2, 22—24).
იხ. აგრეთვე მღვდელი.
[ჩარჩო]
ისრაელის მღვდელმთავრის გენეალოგიური ხაზი
მღვდელმთავრის გენეალოგიური ნუსხები ჩაწერილია 1 მატიანის 6:1—15, 50—53-სა და ეზრას 7:1—5-ში. მათში ყველა სახელი არ არის მოხსენიებული. ებრაელთა გენეალოგიურ ნუსხებში ჩვეულებრივია ზოგიერთი სახელის გამოტოვება. იოსებ ფლავიუსი და ებრაელი რაბინები სხვა სახელებსაც მოიხსენიებენ, თუმცა ამ ინფორმაციის უტყუარობა დამტკიცებული არ არის. კითხვის ნიშნები მათთან არის გამოყენებული, ვინც შესაძლოა მღვდელმთავრად მსახურობდა (ზოგიერთის შემთხვევაში ეს სავსებით შესაძლებელია), თუმცა ბიბლიაში მათი სახელები მხოლოდ მღვდელმთავრის საგვარეულო ნუსხაში მოიხსენიება და დაკონკრეტებული არ არის, მსახურობდნენ თუ არა ისინი მღვდელმთავრებად.
ლევი (იაკობის ვაჟი [დბ. 29:34])
კეჰათი (დბ. 46:11; გმ. 6:16; 1მტ. 6:1)
იცჰარი
ხებრონი
უზიელი
გერშონი
მერარი
ძვ. წ. 1512 წელი — ისრაელის სამღვდელოების დასაწყისი
მოსე
აარონი (გმ. 6:20; 1მტ. 23:13)
ელეაზარი (გმ. 6:23; ლვ. 10:1—7; რც. 20:25—28; 1მტ. 6:3)
ნადაბი (მოკვდა) (გმ. 6:23; 1მტ. 24:1, 2)
აბიჰუ (მოკვდა)
ითამარი
(შეთანხმების კიდობანი შილოში იდგა აღთქმული მიწის დაპყრობიდან [დ. ძვ. წ. 1467] ელის დღეებამდე, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა ის ბეთელში იყო [იეს. 18:1; მსჯ. 20:18, 26—28])
ფინხასი (იეჰოვამ მღვდლობის შეთანხმება მის საგვარეულოსთან დადო [გმ. 6:25; რც. 25:10—13; იეს. 22:13; მსჯ. 20:27, 28])
აბიშუა? (1მტ. 6:4, 5; ეზრ. 7:5)
უზი? (1მტ. 6:5, 6; ეზრ. 7:4)
მერაიოთი (1მტ. 6:6, 7; ეზრ. 7:3, 4)
ამარია (1მტ. 6:7)
ახიტუბი (2სმ. 8:17; 1მტ. 6:7, 8; 18:16)
(როგორც ჩანს, ამ პერიოდში მღვდელმთავრებად ითამარის შთამომავლები მსახურობდნენ)
ელი (პირველი მღვდელმთავარი ითამარის საგვარეულოდან; იოსებ ფლავიუსის თანახმად, ის აბიშუას ან უზის შემდეგ მსახურობდა [„იუდეველთა სიძველენი“, V, 361, 362 [xi, 5]; VIII, 12 [i, 3], ინგლ.; შდრ. 1მტ. 24:3])
ხოფნი
ფინხასი
(ფილისტიმელებმა წაიღეს კიდობანი. ელი და მისი ვაჟები დაიხოცნენ. კიდობანი 7 თვეს დარჩა ფილისტიმელთა ტერიტორიაზე [1სმ. 4:17, 18; 6:1]. კიდობანი უკან დააბრუნეს. ის დროებით ბეთ-შემეშში იდგა, შემდეგ კი — წლების მანძილზე, დავითის მიერ სიონის დაპყრობამდე, კირიათ-იეარიმში [ბაალე-იუდა] აბინადაბის სახლში [1სმ. 6:14, 15; 7:2; 2სმ. 6:2, 3])
იქაბოდი (1სმ. 4:19—22)
ახიტუბი? (1სმ. 14:3; 22:9)
ახია (შესაძლოა, ეს იყო ახიმელექის ძმა. ის მსახურობდა, როცა კარავი შილოში იდგა [1სმ. 14:3])
(დავითის მიერ კიდობნის იერუსალიმში გადატანის მცდელობის დროს უზა მოკვდა. დავითმა კიდობანი გათელი ობედ-ედომის სახლში გადაიტანა, სამი თვის შემდეგ კი — იერუსალიმში [2სმ. 6:1—11])
ახიმელექი (ის დაეხმარა დავითს. საულის მითითებით მოკლულ 85 ნობელ მღვდელს შორის იყო [1სმ. 21:1—6; 22:9—18])
აბიათარი (მან გაქცევით უშველა თავს და დავითთან მივიდა [1სმ. 22:20—23; 23:6, 9; 30:7]. მოგვიანებით ადონიას მიემხრო. ამიტომ სოლომონმა მას უფლებამოსილება ჩამოართვა. იეჰოვას მიერ 1 სამუელის 2:30—36-ში წარმოთქმული წინასწარმეტყველების თანახმად, ელის სახლიდან მეტად აღარავინ იმსახურებდა მღვდელმთავრად [1მფ. 2:27, 35])
მღვდელმთავრობა ელეაზარის საგვარეულოს დაუბრუნდა
ცადოკი (შესაძლოა, ის იყო დავითის მმართველობის დროს ე. წ. „მეორე მღვდელი“ [იხ. 2მფ. 25:18; იერ. 52:24]. დავითის ერთგული დარჩა, როცა ადონიამ ტახტის ხელში ჩაგდება სცადა. სოლომონმა ის აბიათარის ნაცვლად დანიშნა მღვდელმთავრად [2სმ. 8:17; 15:24—29; 19:11; 1მფ. 1:7, 8, 32—45; 2:27, 35; 1მტ. 24:3])
(კიდობანი სოლომონის მიერ ახლად აშენებულ ტაძარში დადგეს [1მფ. 8:1—6])
ახიმააცი? (2სმ. 15:27, 36; 17:20; 1მტ. 6:8)
აზარია (I)? (1მფ. 4:2; 1მტ. 6:9)
(მომდევნო სამი სახელი — ამარია, იეჰოიადა და ზაქარია, როგორც ჩანს, გამოტოვებულია 1მტ. 6:1—15-ში).
ამარია (მსახურობდა მეფე იეჰოშაფატის დროს [2მტ. 19:11])
იეჰოიადა (მსახურობდა ახაზიას, ათალიასა და იეჰოაშის დროს [2მფ. 11:4—12:9; 2მტ. 22:10—24:15])
ზაქარია? (მეფე იეჰოაშის ბრძანებით ჩაქოლეს [2მტ. 24:20—22])
იოხანანი? (1მტ. 6:10)
აზარია (II) (შესაძლოა, ის აღუდგა მეფე უზიას, როცა ის კადნიერად მოიქცა [1მტ. 6:10; 2მტ. 26:17—20])
(მომდევნო ორი სახელი — ურია და აზარია, როგორც ჩანს, გამოტოვებულია 1მტ. 6:1—15-ში)
ურია? (მღვდელი, რომელმაც მეფე ახაზის მითითებით დამასკოს წარმართული სამსხვერპლოს ნიმუშის მიხედვით ააგო სამსხვერპლო [2მფ. 16:10—16])
აზარია (II ან III) (ცადოკის საგვარეულოს წარმომადგენელი, რომელიც მეფე ხიზკიას დროს მსახურობდა. შესაძლოა, ის არის ზემოთ მოხსენიებული აზარია II, ან უბრალოდ სხვა კაცი იმავე სახელით [2მტ. 31:10—13])
ამარია? (1მტ. 6:11; ეზრ. 7:3)
ახიტუბი (ნემ. 11:11; 1მტ. 6:11, 12; 9:11; ეზრ. 7:2)
მერაიოთი? (ის იყო ახიტუბის შთამომავალი და მსახურობდა მღვდლად, თუმცა შესაძლოა, მას მღვდელმთავრად არ უმსახურია [1მტ. 9:11; ნემ. 11:11])
ცადოკი? (1მტ. 6:12; 9:11; ეზრ. 7:2; ნემ. 11:11)
შალუმი? (მეშულამი) (1მტ. 6:12, 13; 9:11; ეზრ. 7:2; ნემ. 11:11)
ხილკია (მსახურობდა მეფე იოშიას დროს [2მფ. 22:4—14; 23:4; 1მტ. 6:13; 2მტ. 34:9—22])
აზარია (III ან IV)? (1მტ. 6:13, 14)
სერაია (ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაცემის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა ის რიბლაში მოკლა [2მფ. 25:18—21; 1მტ. 6:14; ეზრ. 7:1; იერ. 52:24—27])
იეჰოცადაკი? (ძვ. წ. 607 წელს ნაბუქოდონოსორმა ის ბაბილონში გადაასახლა. იეშუა [იეჰოშუა] და, შესაძლოა, სხვა ვაჟებიც მას გადასახლებაში შეეძინა. ცხადია, ის ტაძარში ვერ იმსახურებდა [1მტ. 6:14, 15; ეზრ. 3:2])
(შეთანხმების კიდობანი გაუჩინარდა. მოგვიანებით იერუსალიმში აშენებულ ტაძრებში კიდობანი აღარ იდგა)
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ
იეჰოშუა (იეშუა) (ძვ. წ. 537 წელს ის ზერუბაბელთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა [ეზრ. 2:2; 3:2; ნემ. 12:10; ანგ. 1:1; ზქ. 3:1; 6:11])
იოიაკიმი? (ნემ. 12:10, 12; იოსებ ფლავიუსის თანახმად, ის მღვდელმთავრად მსახურობდა, როცა ეზრა იერუსალიმში დაბრუნდა [„იუდეველთა სიძველენი“, წ. XI, თ. 5, აბზ. 1])
ელიაშიბი (მსახურობდა ნეემიას დროს [ნემ. 3:20; 12:10, 22; 13:4, 6, 7])
იოიადა? (ნემ. 12:10, 11, 22; 13:28)
იოხანანი (იონათანი?) (ნემ. 12:11, 22, 23)
იადუა? (სავარაუდოდ, მსახურობდა სპარსელი დარიოსის მეფობამდე ან მისი მმართველობის დროს [ნემ. 12:11, 22])
სპარსელი დარიოსის (II) გამეფების შემდეგ
(დარიოსის მმართველობიდან მაკაბელების ეპოქამდე მომსახურე მღვდელმთავრების ჩამონათვალი ეფუძნება აპოკრიფულ წიგნებსა [1 და 2 მაკაბელები] და იოსებ ფლავიუსის ნაშრომს — „იუდეველთა სიძველენი“ [წ-ები XI—XX]. 1 მაკაბელებთან შედარებით იოსებ ფლავიუსის ნაშრომში მეტი სახელია მოხსენიებული. მაკაბელთა ეპოქიდან ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებამდე მომსახურე მღვდელმთავართა ჩამონათვალი ძირითადად იოსებ ფლავიუსის ცნობებს ეფუძნება. ბიბლია მოიხსენიებს მხოლოდ სამ მათგანს [ანა, იოსებ კაიაფა და ანანია]. როგორც ჩანს, ამ თანამდებობაზე უმეტეს შემთხვევაში მღვდელმთავრის საგვარეულოს წარმომადგენლებს ნიშნავდნენ, თუმცა წარმართი მმართველები სურვილისამებრ ნიშნავდნენ მღვდელმთავრებს ან ართმევდნენ მათ უფლებამოსილებას)
ონიას I
სიმონ I
ელეაზარი
მენაშე
ონიას II (გრძელდება მარჯვენა სვეტში)
სიმონ II
ონიას III
იეჰოშუა (ბერძ., იესო); იგივე იასონი
ონიასი (ეწოდებოდა აგრეთვე მენელაოსი)
იაკიმი (ბერძ., ეწოდებოდა ალკიმოსი); იგივე იაქიმოსი
მაკაბელი მეფე-მღვდლები
იონათანი
სიმონი (იონათანის ძმა)
იოანე ჰირკანოსი
არისტობულე I
ალექსანდრე იანაი
ჰირკანოს II (არისტობულე II-მ დროებით წაართვა ტახტი)
ანტიგონე
ჰეროდე დიდის გამეფების შემდეგ (მთ. 2:1)
(ჰეროდეს დანიშნულნი)
ხანანელი (ლათინიზებული ბერძ., ანანელოსი)
არისტობულე III
ხანანელი (მეორედ)
იოშუა (ფაბეტის ძე)
სიმონი (ბოეთეს ძე)
მატთია (მატათიასი) (ბოეთეს სიძე)
იოაზარი (ბოეთეს ძე)
(იუდეის მეფე არქელაეს დანიშნულნი [მთ. 2:22])
ელეაზარი (ბოეთეს ძე)
იოშუა (სიეს ძე) (ხალხმა დააბრუნა იოაზარი)
(სირიის გამგებელ კვირინიუსის დანიშნულნი [ლკ 2:2])
ანა (ანანი) (შეთის [სეტის] ძე) (კვირინიუსის დანიშნული; იუდეის გამგებელმა ვალერიუს გრატუსმა დ. ახ. წ. 15 წელს გადააყენა თანამდებობიდან. ის კაიაფას სიმამრი იყო. მას ამის შემდეგაც დიდი გავლენა ჰქონდა [ლკ. 3:2; ინ. 18:13, 24; სქ. 4:6])
(იუდეის გამგებელ ვალერიუს გრატუსის დანიშნულნი)
ისმაელი (ფაბის [ფიაბის] ძე)
ელეაზარი (ანას ძე)
სიმონი (კამითუსის ძე)
იოსებ კაიაფა (მღვდელმთავარი იყო იესოს დედამიწაზე მსახურების დროს და მოციქულების მსახურების დასაწყისში. იესოს გასამართლების დროს ის, როგორც მღვდელმთავარი, თავის სიმამრ ანასთან ერთად თავმჯდომარეობდა სინედრიონს [მთ. 26:3, 57; ლკ. 3:2; ინ. 11:49, 51; 18:13, 14, 24, 28]. მან და ანამ მოაყვანინეს პეტრე და იოანე და უბრძანეს, შეეწყვიტათ ქადაგება [სქ. 4:6, 18]. მღვდელმთავარმა კაიაფამ ქრისტიანების დასაპატიმრებლად წერილები გაატანა სავლეს დამასკოს სინაგოგებში [სქ. 9:1, 2, 14])
(სირიის გამგებელ ვიტელიუსის დანიშნულნი)
იონათანი (ანას ძე)
თეოფილე (ანას ძე)
(ჰეროდე აგრიპა I-ის დანიშნულნი)
სიმონი (კანთერასი) (ბოეთეს ძე)
მატთია (მატათიასი) (ანას ძე)
ელიონეუსი (კანთერასის ძე)
(ქალკიდის მეფე ჰეროდეს დანიშნულნი)
იოსები (კამიდუსის ძე)
ანანია (ნედებეუსის ძე) (პავლეს გასამართლების დროს თავმჯდომარეობდა სინედრიონს [სქ. 23:2; 24:1])
(ჰეროდე აგრიპა II-ის დანიშნულნი)
ისმაელი (ფაბის [ფიაბის] ძე)
იოსები (კაბი) (ყოფილი მღვდელმთავრის, სიმონის ძე)
ანა (ანანი) (ანას ძე)
იოშუა (დამნეუსის ძე)
იოშუა (გამალიელის ძე)
მატთია (მატათიასი) (თეოფილეს ძე)
ფანასი (ფანიასი ან ფინხასი; სამუელის ძე) (დანიშნა არა ჰეროდე აგრიპამ, არამედ ხალხმა რომთან ომის დროს)
[ჩარჩო]
ისრაელის მღვდელმთავრის ტანსაცმელი