იეჰუ
[შესაძლოა ნიშნავს: იეჰოვაა ის].
1. ანათოთში მცხოვრები ბენიამინელი, რომელიც თავისი ნებით გადავიდა დავითის მხარეს, რომ ემსახურა მისთვის. ამ დროს საულისგან გაქცეული დავითი ციკლაგში იმალებოდა. იეჰუ და სხვა ძლიერი ვაჟკაცები „მშვილდით შეიარაღებულნი, მარჯვენა თუ მარცხენა ხელით ქვებისა და ისრების მსროლელნი“ იყვნენ (1მტ. 12:1—3).
2. წინასწარმეტყველი, ხანანის ვაჟი; მან იწინასწარმეტყველა ისრაელის მეფის, ბააშას სახლის განადგურება (1მფ. 16:1—4, 7, 12). 33 წელზე მეტი ხნის შემდეგ ამავე სახელის მქონე წინასწარმეტყველმა (შესაძლოა, იყო იგივე ადამიანი) გაკიცხა იუდას მეფე იეჰოშაფატი ისრაელის ბოროტი მეფე ახაბის დახმარებისა და დამეგობრებისთვის (2მტ. 19:1—3). 2 მატიანის 20:34-ში ნათქვამია, რომ იეჰოშაფატის დანარჩენი საქმეები „ისრაელის მეფეების წიგნშია ჩაწერილი, იეჰუს, ხანანის ძის, სიტყვებში“.
3. იეჰოშაფატის ვაჟი (არა იუდას მეფე იეჰოშაფატისა) და ნიმშის შვილიშვილი (2მფ. 9:14); იეჰუ ისრაელში მეფობდა დაახლოებით ძვ. წ. 904—877 წლებში. ისრაელში მეფე ახაბის მმართველობის დროს წინასწარმეტყველი ელია ხორების მთაზე გაიქცა, რათა ახაბის ცოლ იზებელს არ მოეკლა. ღმერთმა უბრძანა ელიას, დაბრუნებულიყო უკან და სამი კაცი ეცხო: ელისე — თავისი საქმის გამგრძელებლად, ხაზაელი — სირიის მეფედ, იეჰუ კი — ისრაელის მეფედ (1მფ. 19:15, 16). ელიამ სცხო ელისე (ანუ დანიშნა; იხ. ცხებული, ცხება), თუმცა იეჰუ უკვე ელიას საქმის გამგრძელებელმა ელისემ სცხო.
ხომ არ ნიშნავდა ეს იმას, რომ ელია აჭიანურებდა იეჰუს ცხებას? ცხადია, არა. ელიასთვის ამ მითითების მიცემიდან ცოტა ხანში იეჰოვამ უთხრა მას, რომ ახაბის სახლს უბედურება (რაც იეჰუს მეშვეობით აღსრულდებოდა) ახაბის დროს კი არა, მისი ვაჟის დროს დაატყდებოდა (1მფ. 21:27—29). აშკარაა, რომ ელია იეჰოვას მითითებით აყოვნებდა იეჰუს ცხებას და არა საკუთარი დაუდევრობით. იეჰოვას ზუსტად ჰქონდა გათვლილი, რომ იეჰუს ცხება მაშინ მოხდებოდა, როცა მასზე დაკისრებული დავალების შესასრულებლად ხელსაყრელი ვითარება შეიქმნებოდა. იეჰუ შეუპოვარი და ენერგიული ადამიანი იყო, ამიტომ დაუყოვნებლივ შეუდგა მოქმედებას.
დადგა იეჰოვას მიერ დანიშნული დრო. ისრაელსა და სირიას შორის ომი იყო. ახაბი უკვე მკვდარი იყო და მისი ვაჟი იეჰორამი მეფობდა. ისრაელის ჯარი გალაადის რამოთში იდგა სირიის მეფე ხაზაელის ჯარისგან თავის დასაცავად. იეჰუც იქ იყო, როგორც ჯარის ერთ-ერთი მეთაური (2მფ. 8:28; 9:14). მან და მისმა მხლებელმა ბიდკარმა, როგორც ახაბის ჯარის მეომრებმა, მოისმინეს, როგორ გაკიცხა ელიამ ახაბი და უწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა ნაბოთის მიწაზე გადაუხდიდა სამაგიეროს. ახაბი მას შემდეგ დაესაკუთრა ამ მიწის ნაკვეთს, რაც მისმა ცოლმა იზებელმა ნაბოთი მოაკვლევინა (1მფ. 21:11—19; 2მფ. 9:24—26).
ისრაელის ჯარი ისევ გალაადის რამოთში იდგა, ისრაელის მეფე იეჰორამი კი იზრეელში ჭრილობებს იშუშებდა, რომლებიც სირიელებმა რამაში მიაყენეს. იქ იმყოფებოდა იუდას მეფე ახაზიაც, ისრაელის მეფე იეჰორამის დისშვილი. დედამისი ათალია ახაბისა და იზებელის ქალიშვილი იყო. ახაზია იზრეელში თავისი ავადმყოფი ბიძის, იეჰორამის სანახავად იყო ჩასული (2მფ. 8:25, 26, 28, 29).
იეჰუს ცხება. ელისემ მოუხმო თავის მსახურს, წინასწარმეტყველთა ძეთაგან ერთ-ერთს, და დაავალა, წაეღო დოქით ზეთი, წასულიყო ისრაელთა ბანაკში გალაადის რამოთში, ეცხო იეჰუ და გაქცეულიყო იქიდან. ის ასეც მოიქცა, დაუძახა იეჰუს, სხვა მეთაურებისგან ცალკე გაიყვანა და სახლში შეიყვანა, სადაც სცხო იგი და გადასცა დავალება, გაენადგურებინა ახაბის მთელი სახლი, შემდეგ კი ელისეს მითითებისამებრ გაიქცა (2მფ. 9:1—10).
სახლიდან გამოსული იეჰუ ცდილობდა, არაფერი შეემჩნია, თითქოს წინასწარმეტყველს ისეთი არაფერი ეთქვას. მაგრამ გარშემო მყოფები მისი სახის გამომეტყველებიდან და საქციელიდან მიხვდნენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. როცა არ მოეშვნენ, იეჰუმ გაუმხილა მათ, რომ წინასწარმეტყველმა ის ისრაელის მეფედ სცხო. ამ სიტყვების მოსმენისთანავე ჯარმა იეჰუ მეფედ გამოაცხადა (2მფ. 9:11—14).
ახაბის სახლის განადგურება. იეჰუმ ბრძანა, ეს ამბავი იზრეელში არ გაევრცელებინათ, შემდეგ კი სასწრაფოდ გაემართა ქალაქისკენ (2მფ. 9:15, 16). მაცნეებს, რომლებიც იეჰორამმა გაგზავნა იზრეელიდან ამბის გასაგებად, იეჰუმ უბრძანა, უკან გაჰყოლოდნენ. როცა იეჰუს დიდძალი მხედრობა და ეტლები ქალაქს მიუახლოვდა, კოშკზე მდგომმა გუშაგმა იცნო იეჰუ იმით, რომ გიჟივით მოაჭენებდა. ისრაელის მეფე იეჰორამმა, ახაბის ვაჟმა, რაღაც იეჭვა, ამიტომ საომარი ეტლით გაემართა იეჰუსთან შესახვედრად. ისინი ნაბოთის მიწასთან შეხვდნენ ერთმანეთს. იეჰუმ ისრით განგმირა ის, გაიხსენა ელიას წინასწარმეტყველება და თავის მხლებელ ბიდკარს უბრძანა, ნაბოთის მიწაზე გადაეგდო მისი გვამი. შემდეგ გზა განაგრძო იზრეელისკენ. მაშინ იეჰორამთან ერთად ქალაქიდან გამოსულმა ახაბის შვილიშვილმა ახაზიამ სცადა თავის სატახტო ქალაქში, იერუსალიმში გაქცევა, მაგრამ ვერ მოასწრო და სამარიას შეაფარა თავი. მოგვიანებით ის შეიპყრეს და მიჰგვარეს იეჰუს იზრეელთან ახლომდებარე ქალაქ იბლეამთან. იეჰუმ მსახურებს უბრძანა, ის მისივე საომარ ეტლში მოეკლათ. თუმცა მათ სასიკვდილოდ დაჭრეს ის იბლეამთან ახლოს გურის გზაზე. ახაზიამ მოახერხა მეგიდოში გაქცევა და იქ მოკვდა. შემდეგ ის იერუსალიმში გადაასვენეს და დამარხეს (2მფ. 9:17—28; 2მტ. 22:6—9).
იზრეელში შესულ იეჰუს ახაბის ქვრივმა იზებელმა ჰკითხა: „მოემართა ხელი ზიმრის, თავისი ბატონის მკვლელს?“ (იხ. 1მფ. 16:8—20). მაგრამ იეჰუმ ყურადღება არ მიაქცია ამ ფარულ მუქარას და კარისკაცებს შესძახა, გადმოეგდოთ ის. მათ მაშინვე შეასრულეს მისი ბრძანება. იზებელის სისხლი კედლებს შეესხა, მისი გვამი კი იეჰუს ცხენებმა გათელეს. მოკლე წინადადება, რომელიც ამ მონათხრობს მოჰყვება, კარგად აჩვენებს იეჰუს ხასიათს: „შევიდა, ჭამა, დალია“, შემდეგ კი მისი დამარხვა ბრძანა. ამასობაში ძაღლებს შეეჭამათ იზებელი. იეჰუს გაახსენდა ელიას მიერ იზებელის სიკვდილზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება (2მფ. 9:30—37; 1მფ. 21:23).
იეჰუმ დრო არ დაკარგა და თავისი მისია ბოლომდე შეასრულა. მან სამარიელებს მოუწოდა, გაემეფებინათ ახაბის 70 ვაჟიდან ერთი და შებრძოლებოდნენ მას. შეშინებულმა სამარიელებმა იეჰუს ერთგულება შეჰფიცეს. მაგრამ მან გამოსაცდელად შეუთვალა მათ: „თუ ჩემები ხართ, . . ხვალ ამ დროს თქვენი ბატონის ვაჟების თავები იზრეელში მომიტანეთ“. მეორე დღეს მაცნეებმა კალათებით 70 თავი მიუტანეს იეჰუს, რომელმაც ბრძანა, რომ ისინი იზრეელის კარიბჭესთან ორ გროვად დაეხვავებინათ დილამდე. ამის შემდეგ იეჰუმ დახოცა ახაბის ყველა დიდებული, ახლობელი და ქურუმი. მან აგრეთვე დახოცა ახაბის შვილიშვილის, იუდას მეფე ახაზიას ძმები, 42 კაცი. ამგვარად მან გაანადგურა ბოროტი იზებელის ქალიშვილის, ათალიას ქმრის, იუდას მეფე იეჰორამის ვაჟები (2მფ. 10:1—14).
მიუხედავად იმისა, რომ იეჰუმ სერიოზული ზომები მიიღო ისრაელიდან ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად, მას ჯერ კიდევ ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი, რასაც მისთვის დამახასიათებელი სისწრაფითა და მოშურნეობით შეუდგა. სამარიის გზაზე ის შეხვდა რექაბელ იეჰონადაბს. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით იეჰოვამ წინასწარმეტყველი იერემიას პირით სწორედ იეჰონადაბის შთამომავლები შეაქო ერთგულებისთვის (იერ. 35:1—16). იეჰონადაბმა განაცხადა, რომ ბაალის თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ბრძოლაში იეჰუს მხარეს იყო და დასახმარებლად გაჰყვა მას. სამარიაში სიცოცხლეს გამოასალმეს ყველა, ვინც ენათესავებოდა ახაბს ან რაიმე კავშირი ჰქონდა მასთან (2მფ. 10:15—17).
ბაალის თაყვანისმცემლების გაჟლეტა. იეჰუმ ხრიკს მიმართა და ბაალის თაყვანსაცემად დიდი შეხვედრა მოაწყო. ბაალის სახლში მან ისრაელიდან ბაალის ყველა თაყვანისმცემელი შეკრიბა. იმაში დარწმუნებულმა, რომ იქ იეჰოვას არც ერთი თაყვანისმცემელი არ იყო, იეჰუმ თავის კაცებს უბრძანა, გაეჟლიტათ ბაალის სახლში მყოფნი. შემდეგ მათ მოსპეს წმინდა სვეტები, დაანგრიეს ბაალის სახლი და საპირფარეშოდ აქციეს, რაც მეფეების წიგნის დამწერის, იერემიას დროშიც ასე იყო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ასე მოსპო იეჰუმ ბაალი ისრაელში“ (2მფ. 10:18—28). მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ბაალის თაყვანისმცემლობამ ისევ იჩინა თავი ისრაელსა და იუდაში მათდა საუბედუროდ (2მფ. 17:16; 2მტ. 28:2; იერ. 32:29).
როგორც ჩანს, ისრაელის ათტომიანი სამეფო რომ იუდას სამეფოს არ შეერთებოდა, სადაც იეჰოვას ტაძარი იდგა იერუსალიმში, მეფე იეჰუმ დაუშვა, რომ ისრაელში კვლავ ხბოებისთვის ეცათ თაყვანი, რომლებიც დანსა და ბეთელში იდგა. „არ ცდილობდა იეჰუ, მთელი გულით ევლო ისრაელის ღვთის, იეჰოვას კანონით. არ მიუტოვებია მას იერობოამის ცოდვები, რითაც მან ცოდვაში გახვია ისრაელი“ (2მფ. 10:29, 31).
ბაალის თაყვანისმცემლობის გულმოდგინედ და ძირფესვიანად აღმოფხვრისა და ახაბის სახლზე იეჰოვას განაჩენის აღსრულებისთვის იეჰოვა დაჰპირდა იეჰუს, რომ მისი ვაჟები მეოთხე თაობამდე ისხდებოდნენ ისრაელის ტახტზე. იეჰოვას დაპირებისამებრ მისი შთამომავლებიდან ისრაელში მეფობდნენ — იეჰოახაზი, იეჰოაში, იერობოამ II და ზაქარია, რომლის მმართველობაც დაახლოებით ძვ. წ. 791 წელს მისი მკვლელობით დასრულდა. შედეგად, იეჰუს დინასტია ისრაელზე დაახლოებით 114 წელს მეფობდა (2მფ. 10:30; 13:1, 10; 14:23; 15:8—12).
რატომ უნდა ეგო იეჰუს სახლს პასუხი ღვთის წინაშე სისხლის ღვრისთვის, მაშინ როცა იეჰოვამ თავად დაავალა იეჰუს თავისი განაჩენის აღსრულება?
იეჰუს სიკვდილის შემდეგ იეჰოვამ წინასწარმეტყველი ოსიას პირით თქვა: „ცოტაც და პასუხს მოვთხოვ იეჰუს სახლს იზრეელში დაღვრილი სისხლისთვის და შევწყვეტ ისრაელის სახლის მეფობას“ (ოს. 1:4). შეუძლებელია, იეჰუს სახლს ახაბის სახლის განადგურების გამო დასდებოდა ბრალი სისხლის ღვრაში, რადგან ღმერთმა შეაქო ის ამ დავალების შესრულებისთვის. ის დამნაშავედ არც იუდას მეფე ახაზიასა და არც მისი ძმების განადგურების გამო ჩაითვლებოდა. ომრის ბოროტ სახლთან ნათესაურმა კავშირმა (იუდას მეფე იეჰოშაფატის ვაჟი იეჰორამი დაქორწინებული იყო ახაბისა და იზებელის ქალიშვილ ათალიაზე) იუდას სამეფო ხაზი წაბილწა.
როგორც ჩანს, ამ საკითხს ნათელს ჰფენს ის ფაქტი, რომ იეჰუმ ისრაელში ხბოს თაყვანისმცემლობა დატოვა და მთელი გულით არ დაიცვა იეჰოვას კანონი. შესაძლოა, მას ეგონა, რომ იუდასგან დამოუკიდებლობას მხოლოდ ასე შეინარჩუნებდა. ისრაელის სხვა მეფეების მსგავსად ის ძალაუფლების განმტკიცებას ხბოს თაყვანისმცემლობით ცდილობდა. მაგრამ ეს იეჰოვასადმი რწმენის ნაკლებობაზე მოწმობდა. ის ხომ იეჰოვას წყალობით გახდა მეფე. ასე რომ, თუ არ ჩავთვლით ახაბის სახლზე იეჰოვას განაჩენის აღსრულებას, არასწორმა მოტივებმა, რომელთა გამოც იეჰუმ ხბოს თაყვანისმცემლობა ქვეყანაში დატოვა, მას, როგორც ჩანს, სისხლის ღვრისკენაც უბიძგა.
იეჰუს სახლის დაცემის შემდეგ ისრაელის სამეფო საგრძნობლად დასუსტდა და სულ რაღაც 50 წელს იარსება. ტახტის მემკვიდრედ თავისი ვაჟი ჰყავდა მხოლოდ მენახემს, რომელმაც ზაქარიას მკვლელი შალუმი დასცა. მენახემის ვაჟი ფეკახია მოკლეს და ასეთივე ბედი ეწია მის მკვლელსა და ტახტის მემკვიდრეს, ფეკახს. ისრაელის უკანასკნელი მეფე ჰოშეა ასურეთის მეფემ ტყვედ წაიყვანა (2მფ. 15:10, 13—30; 17:4).
ისრაელის სამეფოს უმთავრესი ცოდვა მთელი მისი არსებობის მანძილზე ხბოს თაყვანისმცემლობა იყო. ამან იეჰოვასგან ერის ჩამოშორება და ქვეყნის დაკნინება გამოიწვია. ამგვარად, იზრეელში სისხლის ღვრა, აგრეთვე მკვლელობა, ქურდობა, მრუშობა და სხვა ბოროტი საქმეები სათავეს ცრუ თაყვანისმცემლობისგან იღებდა, რაშიც ხალხი მმართველების წაქეზებით მონაწილეობდა. საბოლოოდ, ღმერთი იძულებული გახდა, შეეწყვიტა „ისრაელის სახლის მეფობა“ (ოს. 1:4; 4:2).
სირია და ასურეთი ავიწროებენ ისრაელს. ვინაიდან მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან და მისი გზებით არ დადიოდა, იეჰუს მთელი მეფობის განმავლობაში ავიწროებდა სირიის მეფე ხაზაელი. ის ნაწილ-ნაწილ იტაცებდა ისრაელის მიწებს იორდანეს აღმოსავლეთ მხარეს (2მფ. 10:32, 33; ამ. 1:3, 4). ამავე დროს, იზრდებოდა საფრთხე ასურეთის მხრიდან.
იეჰუს სახელი ასურულ წარწერებში. ასურეთის მეფე სალმანასარ III თავის წარწერებში აცხადებდა, რომ ხარკს იღებდა იეჰუსგან: „იეჰუს (ია-უ-ა), ომრის (ხუ-უმ-რი) ძის ხარკი. მისგან მივიღე ვერცხლი, ოქრო, ოქროს საფლუ თასი, წაწვეტებული ოქროს ლარნაკი, ოქროს სასმისები, ოქროს სათლები, კალა, მეფის კვერთხი, (და) ხის ფურუხთუ [ამ უკანასკნელის მნიშვნელობა უცნობია]“ (Ancient Near Eastern Texts, ჯ. ბ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 281) (სინამდვილეში იეჰუ ომრის ვაჟი არ იყო. თუმცა ომრის შემდეგ ამ გამოთქმას იყენებდნენ ისრაელის მეფეების აღსანიშნავად, უეჭველად იმიტომ, რომ ომრი მამაცი კაცი იყო და ააგო სამარია, რომელიც ისრაელის დედაქალაქად რჩებოდა ასურეთის მიერ ათტომიანი სამეფოს განადგურებამდე).
ეგრეთ წოდებულ „შავ ობელისკზე“ ამ წარწერასთან სავარაუდოდ გამოსახულია იეჰუს მაცნე, რომელსაც ქედი აქვს მოხრილი სალმანასარის წინაშე და ხარკს აძლევს. ზოგი ბიბლეისტის აზრით, ეს არის ისრაელი კაცის ჩვენამდე მოღწეული გამოსახულებებიდან პირველი. თუმცა სალმანასარის განაცხადის სიმართლეში ბოლომდე ვერ ვიქნებით დარწმუნებული. ამასთან, ისრაელი კაცის გამოსახულება შეიძლება საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ეს ერები შესაძლოა თავიანთ მტრებს უშნოებად გამოსახავდნენ ისევე, როგორც დღეს ერთმანეთს გადამტერებული ერები მოწინააღმდეგეებს სუსტ, მახინჯ და საზიზღარ ადამიანებად წარმოაჩენენ.
4. ობედის ვაჟი იერახმეელის საგვარეულოდან, ფერეცის ვაჟ ხეცრონის შთამომავალი; ფერეცი იუდას თამართან შეეძინა. იეჰუს საგვარეულო ხაზი მოდის ეგვიპტელი მონა იარხადან. იერახმეელის შთამომავალ შეშანს არ ჰყავდა ვაჟი, ამიტომ იარხას მიათხოვა თავისი ქალიშვილი. მათ შეეძინათ ათაი, იეჰუს წინაპარი (1მტ. 2:3—5, 25, 34—38).
5. სიმონელი თავკაცი, იოშიბიას ვაჟი; იუდას მეფე ხიზკიას დროს მან და სიმონელთა საგვარეულოების სხვა თავკაცებმა მოსპეს გედორთან ახლოს მცხოვრები ქამელები და მეუნიმები და მათ ადგილას დასახლდნენ ფარებთან ერთად (1მტ. 4:24, 35, 38—41).