თაობა
ჩვეულებრივ „თაობა“ ეწოდება იმ ადამიანებს, რომლებიც დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაიბადნენ (გმ. 1:6; მთ. 11:16). მნიშვნელობით მისი მსგავსი სიტყვაა „თანამედროვენი“. დაბადების 6:9-ში ნოეს შესახებ ნათქვამია, რომ ის „მის დროს მცხოვრებ ხალხს [სიტყვასიტყვით თაობათა] შორის უბიწო“ იყო. ოჯახთან მიმართებით სიტყვა „თაობა“ შეიძლება ნიშნავდეს შთამომავლებს, მაგალითად ვაჟებსა და ასულებს ან შვილიშვილებს (იობ. 42:16).
სიტყვა „თაობა“ შეიძლება გამოიყენებოდეს დროის გარკვეული მონაკვეთის, წარსულის ან მომავლის აღსანიშნავად. დედამიწისგან განსხვავებით, რომელიც მარადიულად არსებობს, ცოდვილი ადამისგან წარმოშობილი თაობები წარმავალია (ეკ. 1:4; ფს. 104:5). თუმცა გამოთქმები „ათასი თაობა“ და „თაობიდან თაობაში“ გულისხმობს განუსაზღვრელ დროს ან მარადიულობას (1მტ. 16:15; ეს. 51:8). ებრაელებისთვის მიცემული მითითება, რომ აღენიშნათ პასექი „თაობიდან თაობაში“ იმაზე მიანიშნებდა, რომ ის განუსაზღვრელი დროით შეუწყვეტლად უნდა ეზეიმათ (გმ. 12:14). ღმერთმა უთხრა მოსეს, რომ სახელი „იეჰოვა“ მისი სახსენებელი იყო „თაობიდან თაობაში“ ანუ მარადიულად (გმ. 3:15). პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, ღმერთი უნდა განვადიდოთ „ყველა თაობაში მარადიულად“ (ეფ. 3:21).
თაობა შეიძლება ნიშნავდეს ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც ერთნაირი თვისებები ან მდგომარეობა აქვთ. ბიბლიაში მოხსენიებულია „მართალთა თაობა“ (ფს. 14:5; 24:6; 112:2) და „უსინდისო და უკუღმართი თაობა“ (კნ. 32:5, 20; იგ. 30:11—14). მსგავსად მოიხსენიებდა თავის თანამედროვე იუდეველებს იესო ქრისტე დედამიწაზე ყოფნის დროს. მოციქული პავლეც ამავე სიტყვებით ახასიათებდა მის დროს არსებულ, ღვთისგან გაუცხოებულ ქვეყნიერებას (მთ. 12:39; 16:4; 17:17; მრ. 8:38; ფლ. 2:14, 15).
თაობის აღმნიშვნელი ერთ-ერთი ებრაული სიტყვაა დორ, რომლის არამეული შესატყვისია დარ (დნ. 4:3, 34). დორ მომდინარეობს ზმნის ფუძიდან, რომელიც ნიშნავს შემოწყობას ან წრეზე ტრიალს (ეზკ. 24:5). ამგვარად, მისი ძირითადი მნიშვნელობაა წრე. მისი მონათესავე სიტყვაა დურ, რაც ნიშნავს ბურთს (ეს. 22:18), ბერძნული ეკვივალენტი კი — გენეა, რომელიც მომდინარეობს დაბადების აღმნიშვნელი ზმნის ფუძიდან.
სხვა ებრაული სიტყვაა თოლედოთ, რომელიც ზოგჯერ ითარგმნება „შთამომავლებად“ (რც. 3:1; რთ. 4:18; 1მტ. 7:2), აგრეთვე „წარმოშობად“, „წარმომავლობად“ (დბ. 2:4; 5:1; 1მტ. 5:7; 7:4, 9) და „ამბავად“ (დბ. 6:9; შდრ. AS, AT, KJ, Dy, RS და სხვა თარგმანები).
ხანგრძლივობა. როცა სიტყვა „თაობა“ კონკრეტულ პერიოდში მცხოვრები ადამიანების მიმართ გამოიყენება, შეუძლებელია ამ პერიოდის ხანგრძლივობის ზუსტად განსაზღვრა. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს პერიოდი გონივრულობის ფარგლებს არ სცდება. ამ ფარგლებს განსაზღვრავს ამა თუ იმ პერიოდში ან ამა თუ იმ ადგილას მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ადამიდან ნოემდე არსებულ ათ თაობაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 850 წელზე მეტი იყო (დბ. 5:5—31; 9:29). მაგრამ ნოეს შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირდა. მაგალითად, აბრაამმა მხოლოდ 175 წელი იცოცხლა (დბ. 25:7). მოსეს დროიდან დღემდე ხელსაყრელ პირობებში მცხოვრებლებმა შეიძლება 70—80 წლამდე იცოცხლონ. მოსემ დაწერა: „ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე; სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ“ (ფს. 90:10). მიუხედავად იმისა, რომ მოსემ ზოგადი პრინციპი ჩამოაყალიბა, ზოგმა შეიძლება უფრო დიდხანსაც იცოცხლოს. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა თავად მოსე, რომელმაც 120 წელი იცოცხლა, აგრეთვე მისი ძმა აარონი (123 წელი), იესო ნავეს ძე (110 წელი) და სხვები, რომლებიც უჩვეულო ჯანმაგრობითა და ენერგიულობით გამოირჩეოდნენ (კნ. 34:7; რც. 33:39; იეს. 24:29).
ქრისტეს წინასწარმეტყველებებში მოხსენიებული „თაობა“. ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში თაობაზე საუბრისას საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება იმის გასაგებად, თუ რომელი თაობა იგულისხმება. იუდეველი რელიგიური წინამძღოლების გაკიცხვის შემდეგ იესო ქრისტემ თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას“. ისტორიიდან ვიგებთ, რომ დაახლოებით 37 წლის შემდეგ (ახ. წ. 70) მაშინდელ თაობას ეწია იერუსალიმის ნაწინასწარმეტყველები განადგურება (მთ. 23:36).
იმავე დღეს მოგვიანებით იესომ ფაქტობრივად იგივე გაიმეორა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება“ (მთ. 24:34). ამ შემთხვევაში იესომ პასუხი გასცა კითხვას, რომელიც იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურებას, აგრეთვე მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს ეხებოდა. ასე რომ, ის გულისხმობდა ახ. წ. 70 წლამდე არსებულ თაობას. თუმცა ის სიტყვა „თაობას“ მათ მიმართაც იყენებდა, რომელთა სიცოცხლეშიც მისი მოსვლის შესახებ ნაწინასწარმეტყველები მოვლენებიდან ზოგი მაინც შესრულდებოდა (მთ. 24).