ახალგაზრდების შეკითხვები
რატომ უნდა ვისწავლო ბიბლია?
„სკოლიდან შინ დაბრუნების შემდეგ სწავლა უკვე აღარ მინდა. ერთი სული მაქვს, გარეთ გავიდე და მეგობრებთან ერთად ვიყო“! ასეთი აზრი გამოთქვა მოზარდმა კენიმ, როდესაც ურჩიეს, რომ ბიბლიის შესწავლისთვის გარკვეული დრო დაეთმო.
სხვა მრავალი მოზარდის მსგავსად, შენც შეიძლება არასდროს დაგითმია ბევრი დრო ბიბლიის პირადი შესწავლისთვის. შესაძლოა, გჯერა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. ალბათ, ქრისტიანულ შეხვედრებსაც ესწრები. მაგრამ იქნებ ფიქრობ, რომ უკვე იცი ბიბლიის სწავლებები. ან შეიძლება გიკვირს: „რატომ უნდა ვისწავლო ბიბლია? რას მივიღებ ჩემი ძალისხმევის სანაცვლოდ?“.
სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება
ასეთი კითხვების წამოჭრა არ არის არასწორი ან ბრიყვული. პირიქით, ეს შეიძლება იმაზეც კი მიანიშნებდეს, რომ იმის შეგრძნება დაიწყე, რასაც იესო „სულიერ მოთხოვნილებებს“ უწოდებდა (მათე 5:3, აქ). ეს მხოლოდ ფუჭი ცნობისმოყვარეობა არ არის. როგორც „ახალი ინგლისური ბიბლია“ თარგმნის ამ მუხლს, ეს არის „ღვთის საჭიროება“ — ღვთის ახლო გაცნობისა და მისი განზრახვების გაგების მოთხოვნილება. მაგალითად, როდესაც პატარა იყავი, მშობლებმა შეიძლება გასწავლეს ძირითადი ბიბლიური ჭეშმარიტებები. ალბათ, ეჭვის გარეშე იღებდი მათ ნათქვამს. მაგრამ, რაც უფრო გაიზარდე, იქნებ იგრძენი იმის მოთხოვნილება, რომ „ყველაფერი გამოსცადო“ — რათა გაიგო, სწორია თუ არა, რასაც გასწავლიდნენ (1 თესალონიკელთა 5:21).
გარდა ამისა, შეიძლება რელიგიურ ოჯახში არ აღზრდილხარ. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ გაგაჩნია სულიერი მოთხოვნილებები? რა თქმა უნდა, არა! განვიხილოთ ერთ ქვეყანაში მომხდარი ამბავი, სადაც ათეიზმი დიდი ხნის მანძილზე ბატონობდა. ბოლო წლებში აქ რელიგიის მიმართ ახალგაზრდების ინტერესი იზრდება. ერთმა ანტირელიგიურმა პროპაგანდისტმა სხვა საკითხებს შორის იმაზეც მიუთითა, რომ „ათეიზმის წარუმატებლობა ცხოვრებაში გულგატეხილობისა და ტანჯვის შესახებ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაუცემლობა იყო“. შენც შეიძლება დაგებადოს სწორედ ეს კითხვები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სულიერი მოთხოვნილებები გაქვს.
მაგრამ ყველა რელიგია არ იძლევა დამაკმაყოფილებელ პასუხებს. მაგალითად, ახალგაზრდა მენიში ინდუსად გაიზარდა და მილიონობით ღვთაება სწამდა. მაგრამ ის აღიარებს: «დროთა განმავლობაში დამაინტერესა იმან, თუ „ვინ არის ნამდვილი ღმერთი“»? ქრისტიანული სამყაროს რელიგიების მიხედვით აღზრდილი მრავალი ახალგაზრდა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხის ძებნას აზრი არა აქვს, რადგან მისი პოვნა შეუძლებელია. სად შეიძლება პასუხის პოვნა? იესო ქრისტე გვპასუხობს: „შენი [ღვთის] სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17).
ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ზუსტ შემეცნებას შეუძლია შენი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ის გიპასუხებს კითხვებზე ღვთის ვინაობის, მსოფლიოში დღევანდელი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზებისა და მომავლის პერსპექტივების შესახებ. სავსებით შესაძლებელია, რომ ისეთმა მშობლებმა აღგზარდეს, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან და, ალბათ, ფიქრობ, რომ „ჭეშმარიტება“ გარკვეულწილად უკვე იცი. მაგრამ შეგიძლია ‘ჩასწვდე’ ბიბლიური ჭეშმარიტებების ‘სიგანეს და სიგრძეს და სიმაღლესა და სიღრმეს’, თუ მხოლოდ ზედაპირული ცოდნა გაქვს? (ეფესელთა 3:18). თუ ზედაპირული ცოდნა გაქვს, საჭიროა ბიბლიის საფუძვლიანი შესწავლით ‘შეიცნო, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი’ (რომაელთა 12:2).
სწორი გზის პოვნა
შენთვის როდისმე შეცდომით თუ მიუსწავლებიათ გზა? ალბათ, დაკარგულ დროსა და ფუჭ ძალისხმევას გუნება გაუფუჭებია შენთვის. მაგრამ ბევრი ახალგაზრდის მთელი ცხოვრება არასწორი გზით მიემართება! ბიბლია ამბობს: „ზოგი გზა კაცის წინაშე სწორი ჩანს, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა“ (იგავნი 14:12).
მაგალითად, განვიხილოთ საკითხი სექსუალური მორალის შესახებ. ერთმა 14 წლის გოგონამ თქვა: „ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს სწორი პრინციპი. არსებობს მხოლოდ სხვადასხვა შეხედულება“. მართალია, სექსისკენ სწრაფვა ძლიერია, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას, მაგრამ თავშეუკავებლობამ შეიძლება „სიკვდილის გზაზე“ დაგაყენოს. ყოველწლიურად 2,5 მილიონი ამერიკელი მოზარდი ავადდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით. ბევრი გოგონა მარტოხელა დედა ხდება ან აბორტს იკეთებს! მაშინაც კი, თუ ფეხმძიმობას და დაავადებებს თავს არიდებენ, ქორწინებამდელი სექსი ღვთის კეთილგანწყობილების დაკარგვას იწვევს (1 თესალონიკელთა 4:3).
მაშ, რატომ უნდა დავადგეთ „სიკვდილის გზას“? ბიბლია ზუსტ ხელმძღვანელობას იძლევა შენთვის დახმარების გასაწევად, რათა „ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექცე“ (2 ტიმოთე 2:22). ეს გულისხმობს უზნეო სექსუალური სურვილების ‘მოკვდინებას’ და არა უმწიკვლო ქორწინებაში ნორმალური სექსუალური ურთიერთობის სურვილზე უარის თქმას (კოლასელთა 3:5). ბიბლიის შესწავლას შეუძლია დაგეხმაროს, რომ ამას თავი გაართვა. მას შეუძლია მოგცეს მორალური ძალა, რათა თავი აარიდო იმას, რაც არასწორია, მაშინაც კი, თუ არასწორი მოქმედება ძალიან მიმზიდველი გეჩვენება. ბიბლიის შესწავლას შეუძლია „ბრიყვთათვის [„გამოუცდელთათვის“, აქ] გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მინიჭება“, რათა თავი აარიდო ვითარებებს, რომელთაც შეიძლება უზნეობა მოჰყვეს (იგავნი 1:4).
ახალგაზრდა დენი მათ შორის ერთ-ერთია, რომელმაც სარგებლობა მიიღო ბიბლიის შესწავლიდან. თუმცა არც იმას მალავს, რომ უწესო ახალგაზრდები მხიარულები და უდარდელები ჩანან. ის ამბობს, რომ მათ ჰყავდათ „კანონიერი ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები, ჰქონდათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვა პრობლემები“. ის სვამს კითხვას: „ბიბლია რომ არ მესწავლა, როგორ ვიცოცხლებდი? ბიბლიას შეუძლია შენც გიხსნას „სიკვდილის გზისგან“.
დახმარება ღმერთთან დასაახლოებლად
დღეს ბევრი ახალგაზრდა აცხადებს, რომ ღმერთი სწამს, მაგრამ ერთპიროვნული ღვთისადმი მათი რწმენა ასაკობრივ ზრადასთან ერთად მცირდება. ჟურნალ „სიყმაწვილეში“ ერთი სტატია განიხილავდა, რომ ზოგი ახალგაზრდისთვის „ღვთის შესახებ წარმოდგენა მეტისმეტად აბსტრაქტულია“. ბევრმა რელიგიამ ის აბსტრაქტული გახადა იმით, რომ მის სახელს მალავენ. ბოლოს და ბოლოს, როგორ შეგიძლია ახლო ურთიერთობა გქონდეს მასთან, ვისი სახელიც არ იცი?
მაგრამ ბიბლია გვიცხადებს, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა და 7 000-ჯერ იყენებს ამ სახელს. ამ სახელის ცოდნა გზას გაგიხსნის, რომ ყოვლისშემძლე ღმერთთან პირადი ურთიერთობა გქონდეს. მაგრამ ამისთვის ბიბლიისადმი მხოლოდ ზერელე ინტერესი არ კმარა. „ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც“, — ნათქვამია პირველი ნეშტთა 28:9-ში. ეს გულისხმობს იეჰოვას უკეთ გაცნობის მიზნით საღვთო წერილის გამოკვლევას.
გაგიკეთებია ეს? მაგალითად, შეგიძლია ახსნა, რატომ ამბობს ბიბლია, რომ იეჰოვას აქვს „თვალები“, „ყურები“, „სახე“ და „მკლავი“ (1 პეტრე 3:12; ეზეკიელი 20:33). განა ბიბლია არ ამბობს, რომ „ღმერთი არის სული“? (იოანე 4:24). ან იცი, რომ ღმერთი თვალყურს გადევნებს და სანამ რამეს იტყოდე, მისთვის უკვე ცნობილია ამის შესახებ? (ფსალმუნი 138:4). რის თქმა შეგიძლია იეჰოვას ძირითადი თვისებების — სიყვარულის, სიბრძნის, სამართლიანობისა და სიძლიერის — შესახებ? შეგიძლია ახსნა, რა იყო ღვთის სიყვარულის გამოვლენის ყველაზე დიდი მაგალითი? (იოანე 3:16). იცი, რა განსხვავებაა ღვთის სულსა და ძალას შორის? (მიქა 3:8). შეგიძლია დაამტკიცო, რომ ღმერთს გრძნობები აქვს და რომ, შესაძლოა, გული ვატკინოთ? (ფსალმუნი 77:40).
ამ კითხვებზე პასუხის გაგება მხოლოდ ერთი გზით, ბიბლიის შესწავლით, შეიძლება. ახალგაზრდა ლუთერი მიხვდა, რომ ‘მისი სიტყვის სწავლის მეშვეობით იეჰოვას პიროვნების’ „დანახვა“ შეუძლია (შეადარე იობი 42:5). ჯაქველამაც ამნაირადვე გაიცნო ღმერთი უკეთესად. ბიბლიის შესწავლით მან გაიგო, რომ „იეჰოვას შეუძლია თავისი დანაპირების შესრულება. როდესაც ის რაღაცას გვპირდება, არასდროს გატეხს თავის სიტყვას; არც ტყუის“ (ტიტე 1:2).
ძალისხმევა ჯილდოვდება
ბიბლიის შესწავლა ძალისხმევასა და თავისუფალი დროის გარკვეული ნაწილის მსხვერპლად გაღებას მოითხოვს. დაწყება შეიძლება ძნელი იყოს და ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმაც კი დაგცინონ. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს ჯილდო. ბიბლიის რეგულარული შესწავლა დაეხმარა პაულას. მან თქვა: „იეჰოვასთან, ქრისტიან ძმებთან და ჩემს ოჯახთან ახლო ურთიერთობა“ დავამყარე. სანდი ამბობს, რომ ეს დაეხმარა „სინდისის გაღვიძებაში“, რომელიც ახლა შედარებით უმნიშვნელო შემთხვევებშიც კი რეაგირებს. ის ამბობს: „მე ვფიქრობ საღვთო წერილსა და პრინციპებზე, რაც საშუალებას მაძლევს, გადავწყვიტო, რას ვუყურო ტელევიზორით“. გახსოვთ კენი, დასაწყისში რომ მოვიხსენიეთ? მან უფრო ხშირად დაიწყო ბიბლიის კითხვა და აი, რას ამბობს: „რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით უფრო მეტ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე და მით უფრო მეტს ვიგებდი“. კენი აღიძრა, რომ ღვთის მონათლული მსახური გამხდარიყო.
რატომ არ დაგეწყო ბიბლიის სერიოზული შესწავლა? რთული გეჩვენება? სთხოვე მშობლებს ან იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი კრების რომელიმე წევრს, დაგეხმარონ ამის დაწყებაში. იყავი გადაწყვეტილებით აღსავსე, რომ არ მიატოვო შესწავლა. გამოიყენე ნასწავლი. და გახსოვდეს: „ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ რჯულს. . . და ასე განაგრძობს. . . კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში“ (იაკობი 1:25).
[ჩანართი 22 გვერდზე]
შეგიძლია ‘ჩასწვდე’ ბიბლიური ჭეშმარიტების ‘სიგანეს და სიგრძეს და სიმაღლესა და სიღრმეს’, თუ მხოლოდ ზერელე ცოდნა გაქვს?
[სურათი 23 გვერდზე]
მშობელი ან ქრისტიანული კრების სხვა წევრი დაგეხმარება გეგმის მიხედვით ბიბლიის კითხვის დაწყებაში.