ბიბლიური სახელი უძველეს ჭურჭელზე
ამ ბოლო დროს მკვლევრების ყურადღება მიიპყრო 3 000 წლის წინანდელმა კერამიკული ჭურჭლის ნატეხებმა, რომლებიც 2012 წელს აღმოაჩინეს. რა იყო განსაკუთრებული ამ აღმოჩენაში? მკვლევრების ინტერესი გამოიწვია ამ ნატეხებზე გაკეთებულმა წარწერამ.
როცა არქეოლოგებმა საბოლოოდ ეს ნატეხები შეაერთეს, მათ შეძლეს ძველი ქანაანური წარწერის გაშიფვრა. იქ ეწერა: „ეშბაალ ბენ-ბედა [ბედას ძე]“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არქეოლოგებმა ეს სახელი აღმოაჩინეს უძველეს წარწერაში.
თუმცა სხვა ეშბაალი მოხსენიებულია ბიბლიაში. ის იყო მეფე საულის ერთ-ერთი ვაჟი (1 მატ. 8:33; 9:39). პროფესორი იოზეფ გარფინკელი, რომელიც ამ გათხრებში მონაწილეობდა, ამბობს: „საინტერესოა, რომ სახელი ეშბაალი ბიბლიისა და ახლა უკვე არქეოლოგიური აღმოჩენის თანახმადაც მხოლოდ დავითის მეფობის პერიოდში გვხვდება“. ზოგის აზრით, ამ სახელს მხოლოდ იმ პერიოდში არქმევდნენ. არქეოლოგიურმა აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიბლიაში მოხსენიებული პატარა დეტალი.
ბიბლიის სხვა მონაკვეთებში ეშბაალის ნაცვლად მოიხსენიება იშბოშეთი, რომელშიც „ბაალი“ ჩანაცვლებულია „ბოშეთით“ (2 სამ. 2:10). მკვლევრების აზრით, წიგნ „მეორე სამუელის“ დამწერთ ეთაკილებოდათ სახელ ეშბაალის გამოყენება, რადგან ქანაანელთა ქარიშხლის ღვთაება ბაალს ახსენებდათ, თუმცა ის შემორჩენილია წიგნ „მატიანეში“.