ნათანი — წმინდა თაყვანისმცემლობის ერთგული დამცველი
ადვილი არ არის ძალაუფლების მქონე კაცის დარწმუნება იმაში, რომ ის არასწორად იქცევა და გამოსწორებას საჭიროებს. ამხელდით ასეთ ადამიანს, თუ გეცოდინებოდათ, რომ თავისი რეპუტაციის შესანარჩუნებლად კაცი მოკლა?
ძველი ისრაელის მეფე დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა, რის შედეგადაც ქალი დაორსულდა. ცოდვის დასაფარავად, დავითმა მოაკვლევინა ბათ-შებას ქმარი, ბათ-შება კი ცოლად მოიყვანა. თვეების განმავლობაში დავითი გაორებულ ცხოვრებას ეწეოდა, და ეჭვგარეშეა, განაგრძობდა თავისი მოვალეობის შესრულებას. მაგრამ იეჰოვამ არ დაუშვა, რომ მისი ცოდვები შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მან წინასწარმეტყველი ნათანი გაგზავნა, რომ დავითი ემხილებინა.
ეს რთული დავალება იყო. წარმოიდგინეთ თავი ნათანის ადგილას. იეჰოვასა და მისი ნორმებისადმი ერთგულებამ აღძრა ნათანი, დავითისთვის ცოდვები შეეხსენებინა. როგორ შეძლებდა წინასწარმეტყველი ამის გაკეთებას და მეფე დავითის დარწმუნებას, რომ მონანიებას საჭიროებდა?
ტაქტიანი მასწავლებელი
გამოყავით რამდენიმე წუთი და წაიკითხეთ 2 სამუელის 12:1—25. წარმოიდგინეთ, რომ ნათანის ადგილას ხართ და დავითს ეუბნებით: „ერთ ქალაქში ორი კაცი ცხოვრობდა, ერთი მდიდარი, მეორე კი ღარიბი. მდიდარს უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავდა; ღარიბს კი ერთი პატარა, ნაყიდი დედალი ბატკნის მეტი არაფერი ებადა; კვებავდა მას და ისიც იზრდებოდა მასთან და მის ვაჟებთან ერთად; მის ლუკმას ჭამდა და მისი სასმისიდან სვამდა, უბეში ეწვა და ასულივით ჰყავდა. ერთხელ მდიდარ კაცს სტუმარი ეწვია; ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან სტუმრის გასამასპინძლებლად და სტუმარს იმ ღარიბი კაცის ბატკანი მოუმზადა“ (2 სამ. 12:1—4).
დავითს, რომელიც ადრე თვითონაც მწყემსი იყო, როგორც ჩანს, ეს ამბავი ნამდვილი ეგონა. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „შესაძლოა, ნათანი არაერთხელ მისულა დავითთან, რათა ეშუამდგომლა დაჩაგრულისთვის, რომელსაც სხვა დამხმარე არ ჰყავდა. ამიტომ დავითს შეიძლება ეფიქრა, რომ წინასწარმეტყველი ამჯერადაც ამ მიზნით იყო მისული“. ასეც რომ ყოფილიყო, ნათანს ღვთისადმი ერთგულება და გაბედულება სჭირდებოდა, რათა მეფესთან მისულიყო და სათქმელი ეთქვა. ნათანის მოყოლილმა ამბავმა დავითი განარისხა და თქვა: „იეჰოვას ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!“ ამის შემდეგ ნათანმა მტკიცედ უთხრა: „შენა ხარ ის კაცი!“ (2 სამ. 12:5—7).
რატომ გადაწყვიტა ნათანმა, რომ ამგვარად დალაპარაკებოდა მეფეს? ადვილი არ არის მდგომარეობის ობიექტურად შეფასება, როდესაც საკითხი საყვარელ ადამიანს ეხება. ამასთანავე, ყველა მიდრეკილი ვართ, გავამართლოთ ჩვენი არასწორი ქმედებები. მაგრამ, როდესაც ნათანმა მოიყვანა მაგალითი, დავითმა, თავისდა უნებურად, განსაჯა საკუთარი საქციელი. მეფემ აშკარად დაინახა, რომ ნათანის მიერ მოყვანილ მაგალითში მდიდარი ძალიან ცუდად მოიქცა. ნათანმა მხოლოდ მას შემდეგ უთხრა მეფეს, რომ ეს მაგალითი მას ეხებოდა, რაც დავითმა განსაჯა მდიდრის საქციელი. მან დაინახა, რომ სერიოზული ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. სწორედ ეს დაეხმარა დავითს, მიეღო შეგონება. ის მიხვდა, რომ ბათ-შებასთან ჩადენილი საქციელით „შეიძულა“ იეჰოვა, და მიიღო შეგონება (2 სამ. 12:9—14; ფსალმ. 51, ეპიგრაფი).
რას ვსწავლობთ აქედან? ბიბლიის მასწავლებლის მიზანია, დაეხმაროს მსმენელს, სწორ დასკვნამდე მივიდეს. ნათანი პატივს სცემდა დავითს და ამიტომ ტაქტიანად მიუდგა მას. ნათანმა იცოდა, რომ დავითს უყვარდა სიმართლე და სამართლიანობა. წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო, რომ მოყვანილი მაგალითი დავითის ამ ღვთისმოსაწონ თვისებებზე იმოქმედებდა. ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს, გაიგონ იეჰოვას თვალსაზრისი. როგორ? ჩვეულებრივ, ადამიანი გრძნობს რა არის სწორი და რა — არა. კარგი იქნებოდა თუ ამ გრძნობაზე ვიმოქმედებდით ისე, რომ მან არ იფიქროს, თითქოს ზნეობრივად თუ სულიერად მასზე უკეთესები ვართ ან გვაქვს უფლება, ვუკარნახოთ, რა გააკეთოს. ბიბლია განსაზღვრავს, რა არის სწორი და რა — არა, და არა ჩვენ.
ყველაფერზე მეტად ნათანს ღვთისადმი ერთგულებამ შეაძლებინა, შეეგონებინა ძლევამოსილი მეფე (2 სამ. 12:1). მსგავსი ერთგულება ჩვენც მოგვცემს გაბედულებას, მტკიცედ დავდგეთ იეჰოვას სამართლიანი პრინციპების მხარეს.
წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერი
როგორც ჩანს, ნათანი და დავითი კარგი მეგობრები იყვნენ. შესაძლოა, ამიტომ დაარქვა დავითმა თავის ერთ-ერთ ვაჟს ნათანი (1 მატ. 3:1, 5). ბიბლიაში ნათანი პირველად დავითთან ერთად არის მოხსენიებული. ორივე მათგანს უყვარდა იეჰოვა. როგორც ჩანს, მეფე ენდობოდა ნათანის განსჯის უნარს, სწორედ ამიტომ გაუმხილა წინასწარმეტყველს, რომ იეჰოვასთვის ტაძრის აშენება სურდა. დავითმა ნათანს უთხრა: «„შეხედე, მე კედრის სახლში ვცხოვრობ, ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი კი კარავშია“. მიუგო ნათანმა მეფეს: „წადი, გააკეთე, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა იეჰოვა“» (2 სამ. 7:2, 3).
იეჰოვას ერთგულმა თაყვანისმცემელმა ნათანმა მხარი დაუჭირა დავითის გეგმას, რომ აეშენებინა წმინდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი პირველი ტაძარი. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ნათანმა საკუთარი აზრი გამოხატა, ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას სახელით ელაპარაკა. იმ ღამეს ღმერთმა წინასწარმეტყველს მეფისთვის სულ სხვა ცნობის გადაცემა დაავალა. იეჰოვას ტაძარს დავითი კი არა, მისი ერთ-ერთი ვაჟი ააშენებდა, მაგრამ შეთანხმებას ღმერთი დავითთან დადებდა და მისი „ტახტი მარადიულად განმტკიცდებოდა“ (2 სამ. 7:4—16).
ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით იეჰოვას ნება განსხვავდებოდა ნათანის შეხედულებისგან. მაგრამ თავმდაბალი წინასწარმეტყველი უსიტყვოდ დაემორჩილა იეჰოვას ნებას და მხარი დაუჭირა მას. კარგი იქნება, თუ ჩვენც მივბაძავთ ნათანს, როცა ღმერთი შეცდომაზე მოგვითითებს. ის, რომ ნათანი კვლავაც წინასწარმეტყველად მსახურობდა, ცხადყოფს, რომ მას არ დაუკარგავს იეჰოვას კეთილგანწყობა. იეჰოვამ ნათანისა და წინასწარმხილველი გადის პირით მითითებები მისცა დავითს, თუ როგორ გაეწია ორგანიზება ტაძრის 4 000 მუსიკოსისთვის (1 მატ. 23:1—5; 2 მატ. 29:25).
მეფის ერთგული
ნათანმა იცოდა, რომ დავითის შემდეგ სოლომონი უნდა გამეფებულიყო. ამიტომ, როდესაც ადონია უკანონოდ შეეცადა ღრმად მოხუცი დავითის ტახტის ხელში ჩაგდებას, ნათანმა დაუყოვნებლივ მიიღო ზომები. და კვლავაც, ნათანის მოქმედება ტაქტიანობითა და ერთგულებით გამოირჩეოდა. თავიდან მან ბათ-შებას უთხრა, დავითისთვის შეეხსენებინა თავისი ფიცი, რომ სოლომონს გაამეფებდა. შემდეგ ნათანი თვითონ შევიდა დავითთან და ჰკითხა, მან ხომ არ ბრძანა ადონიას გამეფება. ხანდაზმულ მეფეს ესმოდა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა და ამიტომ ნათანსა და სხვა ერთგულ მსახურებს ურჩია, რომ სოლომონისთვის ზეთი ეცხოთ და მეფედ გამოეცხადებინათ. ადონიას გეგმები ჩაიშალა (1 მეფ. 1:5—53).
თავმდაბალი ისტორიკოსი
ჩვეულებრივ, მიიჩნევენ, რომ 1 სამუელის 25—31-ე თავები და მთლიანად 2 სამუელი ნათანის და გადის დაწერილია. ამ წიგნებში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ისტორიის შესახებ ნათქვამია: „დავით მეფის საქმეები, პირველიდან უკანასკნელამდე, ჩაწერილია წინასწარმხილველ სამუელის, წინასწარმეტყველ ნათანისა და წინასწარმხილველ გადის სიტყვებში“ (1 მატ. 29:29). მიიჩნევენ, რომ „სოლომონის . . . საქმეებიც“ ნათანის მიერ არის ჩაწერილი (2 მატ. 9:29). აქედან გამომდინარე, სრულიად დასაშვებია, რომ ნათანი სამეფო კარზე დავითის სიკვდილის შემდეგაც მსახურობდა.
ბევრი რამ, რაც ნათანის შესახებ ვიცით, ბიბლიაში თავად წინასწარმეტყველის მიერ არის ჩაწერილი. მაგრამ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მისი დუმილიც ბევრ რამეს გვეუბნება მის შესახებ. აშკარაა, რომ ნათანი იყო თავმდაბალი ისტორიკოსი, რომელსაც არანაირი ამბიცია არ აწუხებდა და საკუთარი სახელის განდიდებაზე არ ფიქრობდა. ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, ღვთის შთაგონებით დაწერილ ცნობაში ნათანის ცხოვრებასა და წარმომავლობაზე არაფერია ნათქვამი. ჩვენ არაფერი ვიცით ნათანის პირადი ცხოვრებისა და მისი წინაპრების შესახებ.
იეჰოვასადმი ერთგულებით აღძრული
ნათანის შესახებ ბიბლიაში მოცემული მწირი ინფორმაციიდან კარგად ჩანს, რომ ის იყო თავმდაბალი, მაგრამ ღვთის მითითებების ერთგული დამცველი. იეჰოვა ღმერთმა მას სერიოზული პასუხისმგებლობები დააკისრა. იფიქრეთ ნათანის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა ღვთისადმი ერთგულება და ღვთიური მოთხოვნების დიდად დაფასება. ეცადეთ, მიჰბაძოთ მას და გამოავლინოთ ეს თვისებები.
ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მოგიწიოთ მეფის მხილება მრუშობაში ან ამბოხების ჩაშლა. მაგრამ ღვთის დახმარებით შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ღვთისადმი ერთგულება და მხარი დაუჭიროთ მის სამართლიან პრინციპებს. აგრეთვე შეგიძლიათ იყოთ გაბედული, მაგრამ ტაქტიანი ჭეშმარიტების მასწავლებელი და წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერი.
[სურათი 25 გვერდზე]
მეფის ერთგული ნათანი ტაქტიანად ელაპარაკა ბათ-შებას