ასა
1. იუდას მესამე მეფე ისრაელის ორ სამეფოდ დაყოფის შემდეგ; ასა იყო აბიამის (აბია) ვაჟი და რობოამის შვილიშვილი. ის 41 წელიწადს მეფობდა (ძვ. წ. 977—937) (1მფ. 15:8—10).
წმინდა თაყვანისმცემლობის მოშურნე. ისრაელის ორ სამეფოდ დაყოფის შემდეგ იუდასა და ბენიამინში 20 წლის მანძილზე განდგომილებამ ღრმად გაიდგა ფესვი. „თავისი წინაპარი დავითის მსგავსად“ ასა წმინდა თაყვანისმცემლობის მოშურნე იყო. მან გაბედულად გაყარა მიწიდან ტაძრის მეძავი კაცები, მოიშორა კერპები და ბებიამისს, მააქას დედოფლობა ჩამოართვა, რადგან „საზიზღარი კერპი“ ჰქონდა გაკეთებული წმინდა ბოძისთვის ანუ აშერასთვის. ასამ ეს კერპი დაწვა (1მფ. 15:11—13).
2 მატიანის 14:2—5-ში ნათქვამია, რომ ასამ „მოსპო იუდას ქალაქებში მაღლობები და სასაკმევლეები“. მაგრამ 1 მეფეების 15:14-სა და 2 მატიანის 15:17-დან ვიგებთ, რომ მას „მაღლობები არ გაუუქმებია“. შესაძლოა, 2 მატიანის მე-14 თავში მოხსენიებული მაღლობები იუდაში გავრცელებული წარმართული თაყვანისმცემლობისთვის იყო განკუთვნილი, 1 მეფეების მე-15 თავში მოხსენიებულ მაღლობებს კი ხალხი იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის იყენებდა. წმინდა კარვის, მოგვიანებით კი ტაძრის აგების შემდეგ, განსაკუთრებული შემთხვევების დროს იეჰოვასთვის მსხვერპლს მაღლობებზე სწირავდნენ, რასაც იეჰოვა იწონებდა. მაგალითად, ასე მოიქცნენ სამუელი, დავითი და ელია (1სმ. 9:11—19; 1მტ. 21:26—30; 1მფ. 18:30—39). მაგრამ, როგორც წესი, მსხვერპლშეწირვა მხოლოდ იეჰოვას მიერ არჩეულ ადგილას იყო ნებადართული (რც. 33:52; კნ. 12:2—14; იეს. 22:29). შესაძლებელია, მაღლობებზე თაყვანისცემა წარმართული მაღლობების გაუქმების შემდეგაც არსებობდა, რაც შეიძლება იმან განაპირობა, რომ მეფე მათ გაუქმებას ისეთივე მოშურნეობით არ შეუდგა, როგორითაც წარმართული მაღლობების მოსპობას. ან შესაძლოა ასამ ბოლომდე გაანადგურა მაღლობები, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი კვლავ გაჩნდა, ასამ კი თავისი მმართველობის მიწურულისთვის აღარ გააუქმა ისინი. ამიტომ მათი მოსპობა მის მემკვიდრეს, იეჰოშაფატს მოუწია.
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობის გამო იეჰოვამ აკურთხა ასა და მისი მმართველობის პირველი ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა იყო (2მტ. 14:1, 6). მოგვიანებით ეთიოპი ზერახი მილიონიანი ჯარით დაესხა თავს იუდას. მიუხედავად იმისა, რომ მტერი ბევრად აღემატებოდა იუდას ლაშქარს, ასა მის წინააღმდეგ გავიდა იუდეის დაბლობზე მარეშასთან, რომელიც იერუსალიმის დას.-სამხრ.-დას-ით დაახლოებით 38 კმ-ში მდებარეობდა. ბრძოლის დაწყებამდე წარმოთქმულ მხურვალე ლოცვაში მან აღიარა ღვთის ძალა და შეევედრა, დახმარებოდა მათ: „შენზე ვართ მონდობილნი და შენი სახელით გამოვედით ამ ბრბოს წინააღმდეგ! იეჰოვა, შენა ხარ ჩვენი ღმერთი, ნუ იმძლავრებს მოკვდავი კაცი შენზე!“. იეჰოვამ მათ სრული გამარჯვება მოაპოვებინა (2მტ. 14:8—15).
ამის შემდეგ ასასთან წინასწარმეტყველი აზარია მივიდა და მეფეს შეახსენა: „იეჰოვა თქვენთან არის, სანამ მასთან ხართ ... მაგრამ თუ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ“. მან გაიხსენა, რა სავალალო მდგომარეობაში იყო ერი, როცა ღმერთს ჩამოშორდა და მოუწოდა ასას, გაბედულად გაეგრძელებინა წმინდა თაყვანისმცემლობის დაცვა (2მტ. 15:1—7). ასა დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მოწოდებას და იეჰოვასთვის მსახურების შესასრულებლად განამტკიცა ერი. შედეგად, ბევრმა დატოვა ჩრდილოეთი სამეფო და ასას მმართველობის მე-15 წელს (ძვ. წ. 963) იერუსალიმში გამართულ დიდ შეკრებაზე ჩავიდა. თავიანთი გადაწყვეტილების ნიშნად შეკრებილებმა შეთანხმება დადეს, რომ ძებნას დაუწყებდნენ იეჰოვას, შეთანხმების დამრღვევთ კი სიკვდილით დასჯიდნენ (2მტ. 15:8—15).
შეთქმულება ბააშას წინააღმდეგ და ომი. ისრაელის მეფე ბააშამ გადაწყვიტა, იუდაში დაბრუნების მსურველთათვის ხელი შეეშალა და საზღვართან ახლოს ქალაქ რამას გამაგრება დაიწყო, რომელიც მთავარ გზაზე, იერუსალიმის ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. ადამიანური აზროვნებისა თუ ცუდი რჩევის ზეგავლენით ასა ბოლომდე არ მიენდო იეჰოვას და საშიშროების თავიდან ასაცილებლად დიპლომატიასა და ფარულ პოლიტიკურ ხერხს მიმართა. მან აიღო ტაძრისა და მეფის სასახლის საგანძურები და სირიის მეფე ბენ-ჰადად I-ს გაუგზავნა ქრთამად, რათა ჩრდილოეთიდან დასხმოდა ისრაელს და ბააშას ყურადღება მიექცია. ბენ-ჰადად I დათანხმდა და დაარბია ისრაელის ჩრდილოეთი ქალაქები, რის გამოც ბააშამ შეწყვიტა რამას მშენებლობა და ჯარი გაიყვანა იქიდან. ასამ თავი მოუყარა ხალხს მთელი იუდადან და ბააშას მომარაგებული სამშენებლო მასალა რამადან გაზიდა, რაც შემდეგ გებასა და მიცფას ასაშენებლად გამოიყენა (1მფ. 15:16—22; 2მტ. 16:1—6).
მაშინ წინასწარმხილველმა ხანანმა ამხილა ასა იმაში, რომ ყოველთვის არ ენდობოდა ღმერთს, რომელმაც ის ეთიოპთა დიდძალი ლაშქრისგან იხსნა და შეახსენა: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“. ამ უგუნური ნაბიჯისთვის ასას ომები არ შეუწყდებოდა. გაკიცხვით განაწყენებულმა ასამ უსამართლოდ დააპატიმრა ხანანი და სხვების ჩაგვრაც დაიწყო (2მტ. 16:7—11).
2 მატიანის 16:1-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ ისრაელის მეფე ბააშა იუდას წინააღმდეგ „ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს გამოვიდა“, კითხვებს ბადებს, რადგან ბააშას მეფობა, რომელიც ასას მესამე წელს დაიწყო და 24 წელს გაგრძელდა, ასას მეფობის 36-ე წლამდე დაახლოებით 10 წლით ადრე დასრულდა (1მფ. 15:33). ზოგს მიაჩნია, რომ ეს გადამწერის შეცდომაა და სინამდვილეში იგულისხმება ასას მეფობის მე-16 ან 26-ე წელი. თუმცა ასეთი ვარაუდი საერთოდ არ არის საჭირო ბიბლიის ამ მონაკვეთების შესათანხმებლად. ებრაელ მკვლევრებს მოჰყავთ ციტატა „სედარ ოლამიდან“, სადაც ნათქვამია, რომ 36-ე წელი ითვლებოდა იუდას სამეფოს დაარსებიდან (ძვ. წ. 997) და ემთხვეოდა ასას მეფობის მე-16 წელს (რობოამმა იმეფა 17 წელი, აბიამ — 3 წელი, იმჟამად კი ასას მეფობის მე-16 წელი იდგა) (Soncino Books of the Bible, ლონდონი, 1952, 2მტ. 16:1-ის სქ.). ამ აზრს იზიარებდა ირლანდიელი არქიეპისკოპოსი აშერიც. აგრეთვე 2 მატიანის 15:19-სა („ომი არ ყოფილა ასას მეფობის ოცდამეთხუთმეტე წლამდე [სინამდვილეში მე-15 წლამდე]“) და 1 მეფეების 15:16-ს შორის („გაუთავებელი ომი იყო ასასა და ისრაელის მეფე ბააშას შორის“) არსებული განსხვავება შეიძლება იმით აიხსნას, რომ ამ ორ მეფეს შორის ერთ დროს დაწყებული მტრობა არა და არ მთავრდებოდა, როგორც ეს ხანანმა იწინასწარმეტყველა (2მტ. 16:9).
ავადმყოფობა და სიკვდილი. სიცოცხლის ბოლო სამი წლის მანძილზე ასა ფეხების ტკივილით იტანჯებოდა (სავარაუდოდ, პოდაგრა) და სულიერი განკურნების ნაცვლად უგუნურად ცდილობდა ფიზიკურად განკურნებას. როცა ის მოკვდა, ღირსეულად დაკრძალეს დავითის ქალაქში მის მიერვე გამზადებულ სამარხში (1მფ. 15:23, 24; 2მტ. 16:12—14).
თუმცა ასას დროდადრო სიბრძნე და სულიერი ჭვრეტა აკლდა, მისმა დადებითმა თვისებებმა და განდგომილებისთვის ზურგის შექცევამ, როგორც ჩანს, გადაწონა მისი ნაკლოვანებები და ის იუდას სამეფოს ერთ-ერთ ერთგულ მეფედ ითვლება (2მტ. 15:17). ასას 41-წლიანი მეფობა სრულად თუ ნაწილობრივ ემთხვეოდა ისრაელის 8 მეფის მმართველობას: იერობოამი, ნადაბი, ბააშა, ელაჰი, ზიმრი, ომრი, თიბნი (მეფობდა ისრაელის ნაწილზე, რომელიც ომრის განუდგა) და ახაბი (1მფ. 15:9, 25, 33; 16:8, 15, 16, 21, 23, 29). ასას სიკვდილის შემდეგ მის ნაცვლად მისი ვაჟი იეჰოშაფატი გამეფდა (1მფ. 15:24).
2. ლევიანი ელკანას ერთ-ერთი ვაჟი და ბერექიას მამა; ბერექიაზე ნათქვამია, რომ ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ „ნეტოფათელთა დასახლებებში ცხოვრობდა“ (1მტ. 9:16).