გადასახადები
გამოსაღები (ფულადი, ნატურალური ან შრომითი), რომელსაც ხელისუფლება უწესებს ხალხს, ან ქონების ფლობისთვის დაწესებული შესატანი. საგადასახადო სისტემა ოდითგანვე არსებობდა ხელისუფლების, სახელმწიფო მოხელეებისა თუ სამღვდელოების შესანახად. ამ სისტემაში შედიოდა მეათედები, ხარკი, ბაჟი, სულადობრივი გადასახადი, აგრეთვე, სამომხმარებლო ნივთებზე, შემოტანილ თუ გატანილ და სატრანზიტო გზით გადატანილ საქონელზე დაწესებული გადასახადები.
იეჰოვას საწმინდრისთვის დაწესებული გადასახადები. საწმინდარში მომსახურეთა შენახვა გადასახადების ხარჯზე ხდებოდა. აარონის შტოს მღვდლებისა და ლევიანების შესანახად მეათედის გადახდა იყო დაწესებული. ერთხელ სამღვდელოებამ სამხედრო ნადავლიდანაც მიიღო წილი იეჰოვას მიერ დადგენილი ნორმის მიხედვით (რც. 18:26—29; 31:26—47; იხ. მეათედი). ხალხის აღრიცხვის შემდეგ მოსემ იეჰოვას ბრძანებით თითოეულ აღრიცხულს ნახევარი შეკელი ($1,10) დააკისრა შეხვედრის კარავში მსახურებისთვის. ეს იყო „იეჰოვასთვის შესაწირავი“ (გმ. 30:12—16). როგორც ჩანს, ებრაელებმა წესად შემოიღეს ყოველწლიურად დადგენილი რაოდენობის თანხის გაღება, მიუხედავად იმისა, რომ აღრიცხვა ყოველწლიურად აღარ ტარდებოდა. მაგალითად, იოაშმა მოითხოვა მოსეს მიერ დაწესებული „წმინდა გადასახადი“ (2მტ. 24:6, 9). ნეემიას დროს ებრაელებმა პირობა დადეს, რომ ყოველწლიურად შეკელის მესამედს (დაახლ. 75 ცენტი) გაიღებდნენ ტაძარში მიმდინარე მსახურებისთვის (ნემ. 10:32).
იესოს დედამიწაზე მსახურების დროს ებრაელები ტაძრის გადასახადად ორ დრაქმას იხდიდნენ. როცა პეტრეს ჰკითხეს, გადაიხდიდა თუ არა იესო ტაძრის გადასახადს, პეტრემ უპასუხა, რომ გადაიხდიდა. მოგვიანებით იესომ მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მეფეები გადასახადს არ აკისრებდნენ თავიანთ ვაჟებს, რადგან გადასახადები მათ ვაჟებსაც ხმარდებოდათ. მართალია იესო ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო, ღვთისა, რომელსაც ტაძარში ეთაყვანებოდნენ, მაგრამ სხვები რომ არ დაბრკოლებულიყვნენ, მან უარი არ თქვა გადასახადის გადახდაზე (მთ. 17:24—27).
მმართველთა მიერ დაწესებული გადასახადები. მას შემდეგ, რაც ისრაელმა მეფე დაისვა, ხალხს მეფის, მისი ოჯახის, სამეფო კარის მოხელეებისა თუ მსახურების შესანახად დაეკისრა გადასახადი, რაშიც შედიოდა ფარისა და მოსავლის მეათედი (1სმ. 8:11—17; 1მფ. 4:6—19). სოლომონის მეფობის მიწურულს ხალხს ისე მძიმე ტვირთად დააწვა სავალდებულო თუ მეფის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოები, რომ მის ვაჟს, რობოამს სთხოვეს, შეემსუბუქებინა „მძიმე სამუშაო და მძიმე უღელი“. რობოამის უარს ათი ტომის აჯანყება მოჰყვა (1მფ. 12:3—19; იხ. სავალდებულო სამუშაო; მონური შრომა).
დამპყრობლები ისრაელებს დამატებით გადასახადებსაც აკისრებდნენ. მაგალითად, როცა ფარაონმა ნექომ იუდას ტახტზე თავისი ხელქვეითი, იეჰოიაკიმი, დასვა და სამეფოს დიდი ხარკი დაადო, იეჰოიაკიმმა ხალხს იმდენი გადაახდევინა, „რამდენიც თითოეულ მათგანს ჰქონდა დაკისრებული“ (2მფ. 23:31—35).
სპარსეთის იმპერიის ხანაში ებრაელებს (თუ არ ჩავთვლით მღვდლებსა და საწმინდარში მომსახურეებს, რომლებიც გადასახადებისგან არტაქსერქსე I-მა გაათავისუფლა) დაეკისრათ გადასახადი (არამ. მიდდაჰ ან მინდაჰ), ხარკი (ბელო) და საგზაო ბეგარა (ჰალაქ) (ეზრ. 4:13, 20; 7:24). მიდდაჰ აღნიშნავდა გადასახადს, რომელსაც ცალკეულ ადამიანს აკისრებდნენ. ბელო იყო სამომხმარებლო საგნებზე დაწესებული გადასახადი, ხოლო ჰალაქ — მგზავრებისთვის დაწესებული ბეგარა, რომელსაც საგზაო პუნქტებსა თუ მდინარის ფონებთან იხდიდნენ. როგორც ჩანს, მიდდაჰ (ნეემიას 5:4-ში ხარკად არის ნათარგმნი) საკმაოდ დიდი იყო, რადგან ებრაელებს ფულის სესხება უწევდათ მის გადასახდელად. იმის გარდა, რასაც სპარსელებს უხდიდნენ, ებრაელებს გამგებლის შესანახადაც ჰქონდათ გადასახადი შეწერილი.
ახ. წ. პირველ საუკუნეში ებრაელები დრტვინავდნენ არა მარტო გადასახადების ამკრეფთა უპატიოსნობის, არამედ რომისადმი იძულებითი მორჩილების გამოც (იხ. გადასახადების ამკრეფი). მაგრამ, როგორც იესო ქრისტემ და მოციქულმა პავლემ ახსნეს, „კეისრისთვის“, იგივე „უმაღლესი ხელისუფალთათვის“ გადასახადის გადახდა მართებული იყო (მთ. 22:17—21; რმ. 13:1, 7; იხ. კეისარი [ღმერთი და კეისარი]). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სხვადასხვანაირი გადასახადია მოხსენიებული. ერთ-ერთია ტელოს (არაპირდაპირი გადასახადი, ბაჟი, ხარკი; მთ. 17:25; რმ. 13:7). მასში აგრეთვე მოხსენიებულია კენსოს (სულადობრივი გადასახადი; მთ. 17:25; 22:17, 19; მრ. 12:14) და ფოროს (ფართო გაგების სიტყვა, რომელიც, სავარაუდოდ, აღნიშნავდა სახლების, მიწის ან ცალკეულ პირთათვის დაწესებულ ბეგარას; ლკ. 20:22; 23:2).