ბიბლიის წიგნი 39 — მალაქია
დამწერი: მალაქია
დაწერის ადგილი: იერუსალიმი
წერა დასრულდა: ძვ. წ. 443 წლის შემდეგ
1. რა ცხადყოფს, რომ მალაქია იეჰოვას გულმოდგინე მსახური იყო?
ვინ იყო მალაქია? წიგნი არაფერს გვამცნობს მისი წარმოშობის ან ცხოვრების შესახებ. თუმცა მისი შინაარსიდან ნათელი ხდება, რომ ის გულმოდგინედ ემსახურებოდა იეჰოვა ღმერთს, იცავდა მის სახელსა და წმინდა თაყვანისმცემლობას. ის აღშფოთებას გამოთქვამდა მათ გამო, ვინც თავს ღვთის მსახურს უწოდებდა, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდა. წიგნის ოთხ თავში სახელი იეჰოვა 48-ჯერ არის მოხსენიებული.
2. რას შეიძლება ნიშნავდეს მალაქიას სახელი და როდის ცხოვრობდა ის?
2 მისი სახელი ებრაულად არის „მალახი“, რაც შესაძლოა „ჩემს მაცნეს“ ნიშნავს. ებრაული ბიბლიის, სეპტუაგინტისა და დაწერის თარიღის მიხედვით მალაქიას წიგნს ბოლო ადგილი უკავია ეგრეთ წოდებულ მცირე წინასწარმეტყველებს შორის. „დიდი სინაგოგის“ გადმოცემის თანახმად, მალაქია ცხოვრობდა ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველების შემდეგ და ნეემიას თანამედროვე იყო.
3. საიდან ჩანს, რომ მალაქიას წინასწარმეტყველება ძვ. წ. 443 წლის შემდეგ დაიწერა?
3 როდის დაიწერა წინასწარმეტყველება? ეს მოხდა „გამგებლის“ მმართველობის დროს, იუდას 70-წლიანი გაპარტახების შემდეგ იერუსალიმის განახლების პერიოდში (მალ. 1:8). ვინ იყო ეს „გამგებელი“? ვინაიდან წიგნში ტაძარში მსახურებაზეა ლაპარაკი და ტაძრის მშენებლობაზე არაფერია ნათქვამი, ეს „გამგებელი“ ზერუბაბელის შემდეგ უნდა ყოფილიყო, რადგან ტაძრის მშენებლობა ზერუბაბელის დროს დასრულდა. იმ დროს კი ერთადერთი გამგებელი, რომელზეც წმინდა წერილები საუბრობს, ნეემია იყო. უკავშირდება ეს წინასწარმეტყველება ნეემიას დროს? მალაქიას წიგნში არაფერია ნათქვამი იერუსალიმისა და მისი გალავნის მშენებლობაზე, რაც ნეემიას მმართველობის ადრეულ პერიოდს გამორიცხავს. თუმცა მასში ბევრი რამ არის ნათქვამი მღვდლების მიერ მათი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. ამგვარად, მალაქიას წიგნში აღწერილია ის ვითარება, რომელიც იერუსალიმში ნეემიას მეორედ ჩასვლის დროს იყო. ეს კი ძვ. წ. 443 წელს, ანუ არტაქსერქსეს მეფობის 32-ე წელს, მის მიერ ნეემიას ბაბილონში გაწვევის შემდეგ მოხდა (მალ. 2:1; ნეემ. 13:6). მალაქიასა და ნეემიას წიგნებს შორის მსგავსება ცხადყოფს, რომ წინასწარმეტყველება ზუსტად იმ პერიოდში დაიწერა (მალ. 2:4—8, 11, 12 — ნეემ. 13:11, 15, 23—26; მალ. 3:8—10 — ნეემ. 13:10—12).
4. რა ცხადყოფს, რომ მალაქიას წიგნი სარწმუნო და ღვთისგან შთაგონებულია?
4 მალაქიას წიგნს იუდეველები ყოველთვის სარწმუნოდ მიიჩნევდნენ. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ წიგნიდან მოყვანილი ციტატები, რომელთაგან მრავალი ამ წინასწარმეტყველებების შესრულებაზე მიუთითებს, ცხადყოფს, რომ მალაქიას წიგნი ღვთისგან არის შთაგონებული და მიეკუთვნება ებრაული წერილების კანონს, რომელსაც ქრისტიანული კრება აღიარებდა (მალ. 1:2, 3 — რომ. 9:13; მალ. 3:1 — მათ. 11:10 და ლუკ. 1:76; 7:27; მალ. 4:5, 6 — მათ. 11:14; 17:10—13; მარკ. 9:11—13 და ლუკ. 1:17).
5. რატომ დაიწერა მალაქიას წინასწარმეტყველება?
5 მალაქიას წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ ტაძრის მშენებლობის დროს ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველების მიერ ხალხში გაღვივებული გულმოდგინება და ენთუზიაზმი უკვე განელებული იყო. გაამაყებული და თავდაჯერებული მღვდლები უგულოდ ეკიდებოდნენ საქმეს. ტაძარში მსახურება ფორმალობად იქცა. ხალხი ფიქრობდა, რომ ღმერთს ისრაელი აღარ აინტერესებდა, ამიტომ მეათედებისა და შესაწირავების მიტანა თითქმის შეწყვიტეს. არც ზერუბაბელთან დაკავშირებული იმედები გამართლდა და არც მესია გამოჩნდა, როგორც ზოგიერთი ელოდებოდა. იუდეველები სულიერად დაკნინდნენ. არსებობდა გამხნევებისა და იმედის რაიმე საფუძველი? როგორ შეიძლებოდა ხალხისთვის არსებული მდგომარეობის დანახვება და სიმართლის გზაზე მათი დაბრუნება? პასუხს მალაქიას წინასწარმეტყველება იძლეოდა.
6. როგორია მალაქიას წერის სტილი?
6 მალაქიას წერის სტილი პირდაპირი და დამაჯერებელია. თავიდან მას მოჰყავს მტკიცება, შემდეგ კი აბათილებს მათ განაცხადს, ვისაც მიმართავს. ბოლოს ისევ თავდაპირველ მტკიცებას იმეორებს, რაც დამაჯერებლობასა და სიცოცხლეს მატებს მის მსჯელობას. მისი სტილი არ არის მჭევრმეტყველური, პირიქით, ის მკვეთრი და პოლემიკური ხასიათისაა.
შინაარსი
7. ვინ უყვარდა და ვინ სძულდა იეჰოვას?
7 იეჰოვას სიტყვა მღვდლებისთვის (1:1—2:17). თავდაპირველად, იეჰოვამ სიყვარული გამოხატა თავისი ხალხის მიმართ. მას უყვარდა იაკობი და სძულდა ესავი. ედომს რომც ეცადა თავისი განადგურებული ადგილების აშენება, იეჰოვა ისევ გაანადგურებდა მათ. ედომს „ბოროტების მხარე“ დაერქმეოდა, ედომელებს კი — იეჰოვას შერისხული ხალხი, რადგან ‘განდიდდებოდა იეჰოვა ისრაელის მიწაზე!’ (1:4, 5).
8. როგორ წაბილწეს მღვდლებმა იეჰოვას სუფრა და რატომ იქნებოდნენ დაწყევლილები?
8 შემდეგ იეჰოვა მიმართავს ‘მღვდლებს, მისი სახელის მოძულეთ’. ისინი ცდილობდნენ თავის გამართლებას, მაგრამ იეჰოვამ შეახსენა მათ, რომ მისთვის ბრმა, კოჭლი და სნეული ცხოველი მიჰყავდათ მსხვერპლად, შემდეგ ჰკითხა: მოეწონებოდა მათ გამგებელს ასეთი შესაწირავი? იეჰოვას არ მოსწონდა ასეთი მსხვერპლი. ხალხებში იეჰოვას სახელის განდიდების ნაცვლად, ისინი შეურაცხყოფდნენ და ამბობდნენ: „წაბილწულიაო იეჰოვას სუფრა“. ისინი დაწყევლილები იქნებოდნენ, რადგან უვარგისი მსხვერპლის შეწირვით ცბიერად იქცეოდნენ და აღთქმას არღვევდნენ. „დიდებული მეფე ვარ, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და შიშს მოჰგვრის ჩემი სახელი ხალხებს“ (1:6, 12, 14).
9. როგორ სცოდავდნენ მღვდლები და ბღალავდნენ იეჰოვას სიწმინდეს?
9 შემდეგ იეჰოვამ უთხრა მღვდლებს, რომ გულთან ახლოს თუ არ მიიტანდნენ მის სიტყვებს, წყევლას დაატეხდა მათ და მათ კურთხევებს წყევლად აქცევდა. ის სახეში მიაყრიდა მათი დღესასწაულების ნეხვს, რადგან დაარღვიეს ლევისთან დადებული შეთანხმება. „მღვდლის ბაგე ცოდნას უნდა იცავდეს და მის ბაგეზე ხალხი კანონს უნდა ეძებდეს, რადგან ის არის ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მაცნე“ (2:7). მალაქიამ აღიარა ისრაელისა და იუდას ცოდვები. ისინი ვერაგულად მოექცნენ ერთმანეთს და იეჰოვას, თავიანთი მამისა და შემოქმედის, სიწმინდე შებღალეს, რადგან პატარძლად დაისვეს უცხო ღვთის ასული. მათ აავსეს იეჰოვას მოთმინების ფიალა და გაბედეს იმის თქმა: „სად არისო სამართლის ღმერთი?“ (2:17).
10. რისთვის მოვიდოდა უფალი ტაძარში?
10 ჭეშმარიტი უფალი და მაცნე (3:1—18). წინასწარმეტყველება კულმინაციას აღწევს „ლაშქართა ღმერთ იეჰოვას“ სიტყვებით: „აი, ვგზავნი ჩემს მაცნეს და ის გამიმზადებს გზას. უეცრად მოვა თავის ტაძარში ჭეშმარიტი უფალი, რომელსაც ეძებთ, და შეთანხმების მაცნე, რომლის მოსვლაც გწადიათ. აი, უეჭველად მოვა ის“ (3:1). იეჰოვა გამწმენდელივით განწმენდდა ლევის ძეებს და დაუყოვნებლივ ამხელდა ბოროტებს, რომელთაც არ ეშინოდათ მისი. იეჰოვა არ შეცვლილა და ისრაელები თუ დაუბრუნდებოდნენ, ის შეიწყალებდა მათ იაკობის გამო.
11. როგორ უნდა გამოეცადათ ისრაელებს ღმერთი და როგორ იქნებოდნენ კურთხეულნი?
11 ისინი ძარცვავდნენ ღმერთს. მაგრამ იეჰოვა მოუწოდებდა მათ, მიეტანათ მის საცავში მეათედები, რომ საკვები ყოფილიყო მის სახლში, გამოეცადათ ის და დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ იეჰოვა გახსნიდა ცის კარიბჭეებს და გადმოცლიდა მათზე უხვ კურთხევას. ისრაელი ნეტარების ქვეყნად იქცეოდა და ყველა ხალხი ბედნიერს უწოდებდა მათ. იეჰოვას მოშიშნი ერთმანეთში ილაპარაკებდნენ, ყურს დაუგდებდათ იეჰოვა და მოუსმენდათ. ‘სამახსოვრო წიგნი ჩაიწერებოდა მის წინაშე იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობდა’ (3:16). ისინი იეჰოვასები გახდებოდნენ მაშინ, როცა გამორჩეულ საკუთრებად აქცევდა მათ.
12. რას დაჰპირდა იეჰოვა თავის ხალხს შიშის მომგვრელ დღეზე?
12 იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე (4:1—6). იეჰოვას დღე შთანთქავდა ბოროტებს და არ შეარჩენდა მათ ფესვსა და ტოტს. მაგრამ იეჰოვას სახელის მოშიშებს სიმართლის მზე ამოუბრწყინდებოდათ და განიკურნებოდნენ. მათ უნდა ხსომებოდათ მოსეს კანონი. იეჰოვა ელია წინასწარმეტყველს გაუგზავნიდა მათ დიდი და შიშის მომგვრელი დღის დადგომამდე. მასზე იეჰოვამ თქვა: „ის გულს მოუბრუნებს მამებს ძეებისკენ და ძეებს მამებისკენ, რომ არ მოვიდე და არ დავკრა დედამიწას გასანადგურებლად“ (4:6).
რატომ არის სასარგებლო
13. რას ამბობს მალაქია: ა) იეჰოვას გულმოწყალებასა და სიყვარულზე? ბ) ღვთის სიტყვის მასწავლებელთა პასუხისმგებლობაზე? გ) ღვთის კანონებისა და პრინციპების დამრღვევებზე?
13 მალაქიას წიგნი გვეხმარება, ჩავწვდეთ იეჰოვას უცვლელ პრინციპებსა და სიყვარულიდან გამომდინარე გულმოწყალებას. დასაწყისში ხაზი ესმება სიყვარულს, რომელსაც იეჰოვა ავლენდა თავისი ხალხის, „იაკობის“ მიმართ. „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“, — უთხრა მან იაკობის ძეებს. მათი დიდი ბოროტების მიუხედავად, ის მზად იყო, დაბრუნებოდა თავის ხალხს, თუ თავად დაუბრუნდებოდნენ. იეჰოვა ნამდვილად გულმოწყალე ღმერთია (მალ. 1:2; 3:6, 7; რომ. 11:28; გამ. 34:6, 7). მალაქიას პირით მან თქვა, რომ „მღვდლის ბაგე ცოდნას უნდა იცავდეს“. ღვთის სიტყვის მასწავლებლებმა ყურად უნდა იღონ ეს და დარწმუნდნენ, რომ სწორად გადასცემენ ღვთის სიტყვას (მალ. 2:7; ფილ. 1:9—11; შეადარეთ იაკობის 3:1). იეჰოვა არ იწყნარებს თვალთმაქცებს, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ „ვინც ბოროტებას სჩადის, მოსაწონია იეჰოვას თვალში“. ნურავინ იფიქრებს, რომ უგულოდ მიტანილი მსხვერპლით შეძლებს იეჰოვას, დიდებული მეფის მოტყუებას (მალ. 2:17; 1:14; კოლ. 3:23, 24). იეჰოვა ‘იჩქარებს, რომ დაამოწმოს’ მისი სამართლიანი კანონებისა და პრინციპების დამრღვევთა წინააღმდეგ. ვინც ბოროტებას სჩადის, დაუსჯელი არ დარჩება. ის გაასამართლებს მათ (მალ. 3:5; ებრ. 10:30, 31). მართლებს უნდა სჯეროდეთ, რომ იეჰოვა არ დაივიწყებს მათ საქმეებს და დააჯილდოებს. იესოს მსგავსად, მათაც ყურად უნდა იღონ მოსეს კანონი, რადგან მასში ჩაწერილი მრავალი წინასწარმეტყველება იესოზე შესრულდა (მალ. 3:16; 4:4; ლუკ. 24:44, 45).
14. ა) განსაკუთრებით რაზე მიუთითებდა მალაქიას წინასწარმეტყველება? ბ) როგორ შესრულდა მალაქიას 3:1 პირველ საუკუნეში?
14 ღვთისგან შთაგონებული ებრაული წერილების ბოლო წიგნი „მალაქია“ მიუთითებს მესიის მოსვლასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მესიის მოსვლამ განაპირობა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დაწერა. მალაქიას 3:1-ში ლაშქართა ღმერთი იეჰოვა აცხადებს: „აი, ვგზავნი ჩემს მაცნეს და ის გამიმზადებს გზას“. ხანში შესულმა ზაქარიამ ღვთის შთაგონებით აღნიშნა, რომ ეს სიტყვები მის ვაჟზე, იოანე ნათლისმცემელზე შესრულდებოდა (ლუკ. 1:76). ეს აზრი იესო ქრისტემაც დაადასტურა და დასძინა: „არავინ ყოფილა იოანე ნათლისმცემელზე დიდი, მაგრამ ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“. მალაქიას წინასწარმეტყველების თანახმად, იოანე „გზის მოსამზადებლად“ იყო გაგზავნილი. ამგვარად, ის არ იყო მათ შორის, ვისთანაც მოგვიანებით იესომ შეთანხმება დადო სამეფოზე (მათ. 11:7—12; ლუკ. 7:27, 28; 22:28—30).
15. ვინ არის მალაქიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ელია?
15 მალაქიას 4:5, 6-ში ჩაწერილია იეჰოვას დაპირება: „აი, გიგზავნით ელია წინასწარმეტყველს“. ვინ არის „ელია“? იესომაც და იმ ანგელოზმაც, რომელიც ზაქარიას გამოეცხადა, ეს წინასწარმეტყველება იოანე ნათლისმცემელს დაუკავშირეს. მათი სიტყვებით, ის ‘ყველაფერს აღადგენდა’, რათა მესიის მისაღებად „მომზადებული ხალხი წარედგინა იეჰოვასთვის“. მალაქია აგრეთვე აცხადებდა, რომ ელია „იეჰოვას დიდ და შიშის მომგვრელ დღემდე“ გამოჩნდებოდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ეს სიტყვები მომავალში, სასამართლოს დღემდე შესრულდებოდა (მათ. 17:11; ლუკ. 1:17; მათ. 11:14; მარ. 9:12).
16. რომელ კურთხეულ დღეზე წინასწარმეტყველებდა მალაქია და როგორ გვამხნევებს ის?
16 ამ დღის შესახებ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ამბობს: „მზის ამოსავლიდან მზის ჩასავლამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში . . . დიდებული მეფე ვარ . . . და შიშს მოჰგვრის ჩემი სახელი ხალხებს“. ეს დღე მართლაც შიშის მომგვრელი იქნება! „მოდის ღუმელივით გავარვარებული დღე და ყველა კადნიერი და ბოროტმოქმედი ნამჯასავით იქნება“. ბედნიერნი არიან იეჰოვას სახელის მოშიშნი, რომელთაც ამოუბრწყინდებათ „სიმართლის მზე, რომლის ფრთებიდანაც იქნება განკურნება“. ეს სიტყვები მიუთითებს იმ დროზე, როცა მორჩილი ადამიანები სულიერად, ემოციურად და ფიზიკურად განიკურნებიან (გამოცხ. 21:3, 4). ამ დიად და კურთხეულ დღეზე საუბრისას მალაქია მოგვიწოდებს, მთელი გულით მივიტანოთ შესაწირავები იეჰოვას სახლში: „გამომცადეთ ამაში, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა“ (მალ. 1:11, 14; 4:1, 2; 3:10).
17. გაფრთხილებასთან ერთად ოპტიმიზმის რა მიზეზს გვაძლევს მალაქიას წიგნი?
17 თუმცა მალაქია ‘დედამიწის განადგურების’ შესახებ გვაფრთხილებს, ეს ბოლო წინასწარმეტყველური წიგნი ოპტიმიზმისა და სიხარულის მიზეზსაც გვაძლევს, რადგან იეჰოვა თავის ხალხს მიმართავს: „ყველა ხალხი ბედნიერს გიწოდებთ, რადგან ნეტარების ქვეყნად იქცევით“ (4:6; 3:12).