ესთერი (ბიბლიის წიგნი)
ებრაული წერილების ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მთავარი მოქმედი პირის სახელს ატარებს. თუმცა ლათინური ვულგატის ზოგიერთ ასლში მას ეწოდება „ახაშვეროში“, სპარსეთის მეფის სახელი, რომელზეც წიგნი ბევრს საუბრობს. იუდეველები მას მეგილლათ ʼესთერს ან უბრალოდ მეგილლას (გრაგნილი) უწოდებენ, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვან გრაგნილად მიიჩნევენ.
დამწერი. ბიბლიაში მოხსენიებული არ არის წიგნის ავტორი. ზოგ ბიბლეისტს მიაჩნია, რომ ის ეზრამ დაწერა, თუმცა ბევრი არგუმენტი მორდოქაის ავტორობაზე მიანიშნებს. მორდოქაის მდგომარეობა საშუალებას აძლევდა, რომ წიგნში მოთხრობილი ისეთი წვრილმანი დეტალებიც კი სცოდნოდა, რომლებიც მისი და ესთერის პირად ცხოვრებას, ჰამანის ოჯახის წევრების საქციელსა და, განსაკუთრებით, შუშანის ციხე-დარბაზში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. სპარსეთის სამეფოში მეორე კაცად დაწინაურების შემდეგ მას, ალბათ, ხელი მიუწვდებოდა წიგნში მოხსენიებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე და დანიელის, ეზრასა და ნეემიას მსგავსად, რომლებმაც სპარსეთის სამეფო კარზე სხვადასხვა პერიოდში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას დაწერეს ბიბლიის წიგნები, რომლებშიც აღწერილია იუდეველთა ურთიერთობა ამ მსოფლიო იმპერიასთან, მორდოქაიმაც, რაც მეტად სავარაუდოა, იეჰოვას კურთხევით დაწერა ესთერის წიგნი.
ისტორიული ფონი. როგორც თავად წიგნიდან ჩანს, მასში აღწერილია იმ ახაშვეროშის მმართველობის პერიოდში განვითარებული მოვლენები, რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე 127 სამთავროს მეფე იყო (ესთ. 1:1). ეს ფაქტები, აგრეთვე ის, რომ ეზრამ ეს წიგნი ბიბლიის კანონში შეიტანა, მოწმობს, რომ მასში მოთხრობილია ისტორიისთვის ცნობილი სპარსეთის სამი მეფიდან (დარიოს I (იგივე დარიოს დიდი), ქსერქსე I და არტაქსერქსე მხარგრძელი) ერთ-ერთის მმართველობის შესახებ. თუმცა, როგორც ცნობილია, დარიოს I და არტაქსერქსე მხარგრძელი თავიანთი მმართველობის მე-12 წლამდე უკვე კეთილგანწყობილები იყვნენ იუდეველების მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით წიგნ „ესთერში“ მოხსენიებულ ახაშვეროშზე. როგორც ჩანს, ის კარგად არ იცნობდა იუდეველებსა და მათ რელიგიას და არც კეთილგანწყობილი იყო მათ მიმართ. ამიტომ მიაჩნიათ, რომ წიგნში მოხსენიებული ახაშვეროში იყო ქსერქსე I, სპარსეთის მეფის, დარიოს დიდის ვაჟი. ზოგ თარგმანში ახაშვეროშის ნაცვლად ქსერქსე წერია (AT, Mo).
წიგნ „ესთერში“ ამ მეფის მმართველობის წლები, როგორც ჩანს, ითვლება იმ დროიდან, როცა ის თავისი მამის, დარიოს დიდის თანამმართველი გახდა. ვინაიდან წიგნის დასაწყისში საუბარია მისი მმართველობის მესამე წელს განვითარებულ მოვლენებზე, შემდეგ კი მოთხრობილია მისი მმართველობის დანარჩენი წლების შესახებ, წიგნი, როგორც ჩანს, მოიცავს ძვ. წ. 493 წლიდან დაახლ. ძვ. წ. 475 წლამდე პერიოდს (იხ. სპარსეთი, სპარსელები [ქსერქსესა და არტაქსერქსეს მეფობა]).
წიგნი „ესთერი“ დაიწერა ქსერქსეს მმართველობის მე-12 წლიდან მისი მმართველობის მიწურულამდე (დაახლ. ძვ. წ. 475). წიგნის დამწერი მოვლენებს ნათლად და კონკრეტულად წარმოგვიდგენს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იგი ამ მოვლენების თვითმხილველი იყო. როგორც ჩანს, დამწერს ხელი მიუწვდებოდა სამთავრობო დოკუმენტაციაზე (ესთ. 10:2), რაც სავარაუდოს ხდის, რომ წიგნი მან ელამის პროვინციის ქალაქ შუშანში დაწერა, რომელიც იმ დროს სპარსეთს ეკუთვნოდა. წიგნის დაწერის დროსა და ადგილზე ისიც მიანიშნებს, რომ მის ებრაულ ტექსტში გვხვდება სპარსული და ქალდეური სიტყვები.
შესაძლოა, ეზრამ ეს წიგნი ბაბილონიდან იერუსალიმში ძვ. წ. 468 წელს ჩაიტანა, ვინაიდან ის დაახლ. ძვ. წ. 300 წლამდე იერუსალიმში მოქმედმა დიდმა სინაგოგამ ბიბლიის კანონში შეიტანა.
კანონიკურობა. წიგნის კანონიკურობას ზოგი ეჭვქვეშ აყენებს, რადგან ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ამ წიგნიდან არც ციტატებია და არც მინიშნებები. მაგრამ ეს მყარი არგუმენტი არ არის, რადგან ეზრასა და ეკლესიასტეს წიგნებიდანაც, რომელთა კანონიკურობაც დამტკიცებულია, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არ გვხვდება ციტატები და მინიშნებები. მელიტო სარდისელი, გრიგოლ ნაზიანზელი და ათანასე მათ შორის არიან, ვინც კანონიკური წიგნების თავიანთი სიიდან ამოიღეს წიგნი „ესთერი“. თუმცა იერონიმე, ავგუსტინე და ორიგენე საკუთარ ნაშრომებში მოიხსენიებენ ამ წიგნს. იგი ჩესტერ ბიტის კოლექციაშიც არის შესული. ეზეკიელის, დანიელისა და ესთერის წიგნები ერთ კოდექსშია თავმოყრილი, რომელიც, როგორც ჩანს, ახ. წ. მესამე საუკუნის პირველ ნახევარშია შედგენილი. არ არსებობს ფაქტები, რომ იუდეველებსა და ადრინდელი ქრისტიანების უმეტესობას ეჭვქვეშ დაეყენებინოთ წიგნ „ესთერის“ კანონიკურობა. ებრაული ბიბლიების უმეტესობაში ის ჩასმულია ჰაგიოგრაფებში (წერილები), ეკლესიასტესა და დანიელის წიგნებს შორის.
მოგვიანებით წიგნში აპოკრიფული დამატებები შეიტანეს. ზოგიერთი ბიბლეისტის აზრით, ისინი დაახლ. ძვ. წ. 100 წელს შეადგინეს, ანუ ებრაული წერილების კანონის დადგენის ტრადიციულად მიჩნეული თარიღიდან დაახლ. 300 წლის შემდეგ.
ზოგი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ წიგნ „ესთერში“ მოხსენიებული 180-დღიანი ნადიმი, რომელიც ახაშვეროშმა თავისი მეფობის მესამე წელს თავის მოხელეებს გაუმართა, გაზვიადებულია (ესთ. 1:3, 4). თუმცა მეფეს შეეძლო ასეთი ხანგრძლივი ნადიმის მოწყობა სხვადასხვა პროვინციიდან ჩასული უამრავი მოხელის მისაღებად, რადგან თავიანთი მოვალეობებიდან გამომდინარე ისინი ერთდროულად შეკრებას ვერ შეძლებდნენ და ამდენ ხანსაც ვერ დარჩებოდნენ. სინამდვილეში წიგნში არ წერია, რომ ნადიმი ამდენ დღეს გრძელდებოდა. მასში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ მეფე 180 დღეს უჩვენებდა მათ თავისი სამეფოს სიმდიდრესა და დიდებას. ნადიმი მოიხსენიება ორჯერ — პირველი თავის მე-3 და მე-5 მუხლებში. შესაძლოა, აქ ორ ნადიმზე კი არ არის საუბარი, არამედ შვიდდღიან ნადიმზე, რომელიც მეფემ ციხე-დარბაზში მყოფთათვის მოაწყო გრანდიოზული შეკრების დასრულების შემდეგ, რაზეც მე-3 მუხლშია საუბარი (Commentary on the Old Testament, კ. კაილი და ფ. დელიჩი, 1973, ტ. III, „ესთერი“, გვ. 322—324).
ზოგი წიგნს არარელიგიურად მიიჩნევს, რადგან დედანში ღმერთი პირდაპირ არ არის მოხსენიებული. თუმცა წიგნში საუბარია იუდეველების მხრიდან მარხვასა და „საშველად ღვთის მოხმობაზე“, რაშიც ლოცვა იგულისხმება (ესთ. 4:3, 16; 9:31). ღვთის ჩარევაზე მიანიშნებს ის, რომ სწორედ იმ ღამეს, როცა საჭირო იყო, მეფეს ძილი გაუკრთა (6:1). მორდოქაის გადაკვრით ნათქვამი სიტყვებიც ცხადყოფს, რომ ესთერი ღვთის ნებით გახდა დედოფალი (4:14). უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ მორდოქაიმ მტკიცე უარი განაცხადა ღვთის მტრის, ჰამანის თაყვანისცემაზე (ის იყო აგაგელი, შესაძლოა, ამალეკელთა სამეფო გვარის შთამომავალი) ცხადყოფს, რომ ის იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო (3:1—6; გმ. 17:14).
ისტორიული და არქეოლოგიური მტკიცებები. ისტორიული და არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს წიგნ „ესთერის“ უტყუარობას. მოვიყვანოთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. წიგნში ზუსტად არის აღწერილი, როგორ მიაგებდნენ სპარსელები ვინმეს პატივს (ესთ. 6:8). თეთრი და ლურჯი (ან იისფერი) სამეფო ფერებად ითვლებოდა. ესთერის 8:15-ში წერია, რომ მორდოქაის ემოსა „ლურჯი ქსოვილისა და სელის სამეფო სამოსელი“ და მოშინდისფრო მოსასხამი.
ესთერი „დადგა მეფის სასახლის წინ, მეფის სასახლის შიდა ეზოში, მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სასახლეში, სასახლის შესასვლელის წინ. როგორც კი მეფემ ეზოში მდგომი დედოფალი ესთერი დაინახა, წყალობა პოვა მან მის თვალში“ (ესთ. 5:1, 2). გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ ეს მონაკვეთი უმცირეს დეტალებშიც კი ზუსტია. ქალთა სახლი დერეფნით უერთდებოდა შიდა ეზოს და დერეფნის მოპირდაპირედ ეზოში იყო სასახლის სატახტო დარბაზი. დარბაზის შორეული კედლის შუაში იდგა სამეფო ტახტი. მეფეს ტახტის წინ გაკეთებული შირმის ზემოდან შეეძლო მასთან მისული დედოფლის დანახვა. წიგნში მოხსენიებული სხვა დეტალები ცხადყოფს, რომ ავტორი კარგად იცნობდა სასახლეს. ცხადია, სრულიად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ წიგნ „ესთერში“ აღწერილი სპარსული წეს-ჩვეულებები ისტორიულად დაუსაბუთებელი და მცდარია.
წიგნ „ესთერის“ უტყუარობის ძლიერი მტკიცება არის ფურიმის (ანუ წილის) დღესასწაული, რომელსაც ებრაელები დღემდე აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე სინაგოგებში წიგნ „ესთერს“ თავიდან ბოლომდე კითხულობენ. ერთ ლურსმულ წარწერაში, რომელიც, როგორც ჩანს, ბორსიპაში აღმოაჩინეს, მოხსენიებულია სპარსი მოხელე მარდუკა (მორდოქაი?), რომელიც სუსაში (შუშანი) მსახურობდა დარიოს I-ის მმართველობის მიწურულს ან ქსერქსე I-ის მმართველობის დასაწყისში (Zeitschrift für die alttestamentliche Wissenschaft, 1940/41, ტ. 58, გვ. 243, 244; 1942/43, ტ. 59, გვ. 219).
წიგნი „ესთერი“ ბოლომდე ეთანხმება ბიბლიის დანარჩენ წიგნებს და ავსებს ეზრასა და ნეემიას მონათხრობს იმის შესახებ, თუ რა გადახდა სპარსეთში მცხოვრებ ღვთის ხალხს. მთელი წმინდა წერილის მსგავსად, ეს წიგნიც ჩვენ გასამხნევებლად, სანუგეშებლად და სასწავლებლად დაიწერა (რმ. 15:4).
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ესთერიდან
წიგნში ნათლად არის აღწერილი, როგორ გადაარჩინა ღმერთმა იუდეველები განადგურებას ესთერის მეშვეობით, რომელსაც უფროსი ბიძაშვილი, მორდოქაი უწევდა ხელმძღვანელობას.
როგორც ჩანს, დაწერა მორდოქაიმ. სავარაუდოდ, წიგნი მოიცავს ძვ. წ. 493 წლიდან დაახლ. ძვ. წ. 475 წლამდე პერიოდს.
ესთერი დედოფალი ხდება შუშანში
როცა სამეფო ნადიმის დროს მეფე ახაშვეროში (როგორც ჩანს, ქსერქსე I) დედოფალ ვაშთის უხმობს სხვებისთვის მისი სილამაზის საჩვენებლად, დედოფალს არ სურს მეფესთან მისვლა, რის გამოც მეფე მას დედოფლობას ართმევს (1:1—22).
სამეფოს ულამაზეს ქალწულებს შორის მეფე ირჩევს ესთერს და ის დედოფალი ხდება. მორდოქაის მითითებით ესთერი მალავს, რომ იუდეველია (2:1—20).
ჰამანი იუდეველთა განადგურებას განიზრახავს, მაგრამ თავად კვდება
მეფემ აგაგელი ჰამანი ყველა სხვა მთავარზე მეტად აამაღლა, მაგრამ მორდოქაი უარს ამბობს მის თაყვანისცემაზე (3:1—4).
მორდოქაის საქციელით განრისხებული ჰამანი სპარსეთის იმპერიაში იუდეველთა მოსპობას გეგმავს. მეფე მას მხარს უჭერს. ჰამანი ადგენს დღეს და იძლევა განკარგულებას (3:5—15).
მორდოქაი არიგებს ესთერს, რომ პირადად შეევედროს მეფეს იუდეველთა გამო, თუმცა მოხმობის გარეშე მეფის წინაშე წარდგომა ესთერს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს (4:1—17).
ესთერი წყალობას პოულობს მეფის თვალში. ის მეფესა და ჰამანს ნადიმზე ეპატიჟება. შემდეგ ორივეს სთხოვს, რომ მეორე დღესაც მივიდნენ მასთან ნადიმზე (5:1—8).
მაგრამ ჰამანის სიხარულს აუფერულებს ის ფაქტი, რომ მორდოქაი ისევ არ სცემს თაყვანს. ამიტომ ჰამანი აღმართავს ძალიან მაღალ ძელს და აპირებს, რომ მეორე დღეს ნადიმამდე მეფეს სთხოვოს, მასზე მორდოქაი ჩამოკიდონ (5:9—14).
იმ ღამით მეფეს არ ეძინება და მას მატიანეს უკითხავენ, საიდანაც ის იგებს, რომ მორდოქაი არ დაუჯილდოებიათ მეფის მოსაკლავად შეთქმულთა მხილებისთვის. დილით მის წინაშე მისულ ჰამანს მეფე ეკითხება, როგორ უნდა მოექცნენ კაცს, რომლის განდიდებაც მეფე სურს. ჰამანი ფიქრობს, რომ ეს კაცი თვითონაა, ამიტომ უამრავ წინადადებას სთავაზობს. მეფე უბრძანებს ჰამანს, თავად განადიდოს ასე მორდოქაი სახალხოდ (6:1—13; 2:21—23).
ნადიმის დროს ესთერი ეუბნება მეფეს, რომ ჰამანმა გაყიდა ის და მისი ხალხი გასანადგურებლად. განრისხებული მეფე ბრძანებს, დაჰკიდონ ჰამანი ძელზე, რომელიც მან მორდოქაისთვის გაამზადა (6:14—7:10).
მორდოქაის დაწინაურება. იუდეველების გადარჩენა
მეფე მორდოქაის აძლევს ბეჭედს, რომელიც ჰამანს ჩამოართვა (8:1, 2).
მეფის თანხმობით მორდოქაი იძლევა ბრძანებას, რომლის თანახმადაც იუდეველებს შეუძლიათ თავი დაიცვან და მოსპონ თავიანთი მტრები იმ დღეს, რომელ დღესაც მათი განადგურება იყო დაგეგმილი. იუდეველები ათასობით მტერს კლავენ (8:3—9:19).
გამოდის ბრძანება, რომ ეს ხსნის დღე ყოველ წელს აღნიშნონ (9:20—32).
მორდოქაი მეორე კაცი ხდება სამეფოში და თავისი ხალხის საკეთილდღეოდ მოქმედებს (10:1—3).