ᲛᲝᲠᲓᲝᲥᲐᲘ
1. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ძვ. წ. 537 წელს ბაბილონის 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ იერუსალიმსა და იუდაში დაბრუნდა (ეზრ. 2:1, 2). მორდოქაი იყო წარჩინებული ისრაელი, მმართველი, რომელიც ზერუბაბელს ეხმარებოდა. იგი მოხსენიებულია იუდაში დაბრუნებულთა პირველ გენეალოგიურ ნუსხაში (ნემ. 7:5—7).
2. „იაირის ვაჟი, შიმეის შვილიშვილი და კიშის შვილთაშვილი, ბენიამინელი“ (ესთ. 2:5), ესთერის უფროსი ბიძაშვილი და მეურვე (ესთ. 2:7). ბიბლიაში მორდოქაიზე ცნობებს მხოლოდ წიგნ „ესთერში“ ვხვდებით. ამ წიგნიდან ვიგებთ, თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მან სპარსეთის იმპერიის კარზე ძვ. წ. მეხუთე საუკუნის დასაწყისში. ფაქტები იმაზე მოწმობს, რომ წიგნი „ესთერი“ სწორედ მან დაწერა.
ზოგი ეჭვქვეშ აყენებს წიგნ „ესთერის“ უტყუარობას და იმას, რომ მორდოქაი რეალური პიროვნება იყო. მათი აზრით, მორდოქაის ნამდვილად რომ ეარსება, იმ დროისთვის სულ მცირე 120 წლისა უნდა ყოფილიყო, მისი მშვენიერი ბიძაშვილი კი — მასზე ასი წლით უმცროსი. ასეთი შეხედულება განპირობებულია იმით, რომ მათ არასწორად ესმით ესთერის 2:5, 6-ში ჩაწერილი და ფიქრობენ, რომ მორდოქაი ბაბილონში მეფე იექონიასთან ერთად გადაასახლეს. თუმცა ეს მუხლები იმ მოვლენებზე კი არ მოგვითხრობს, რაც მორდოქაის გადახდა თავს, არამედ მის წარმომავლობაზე გვიქმნის წარმოდგენას. კიში შესაძლოა მორდოქაის დიდი პაპა ან კიდევ უფრო შორეული წინაპარი იყო, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა. ბიბლიის მონათხრობს ადასტურებს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მორდოქაი ტყვეობაში დაიბადა, მაგრამ იმ გაგებითაა მოხსენიებული ძვ. წ. 617 წელს გადასახლებულთა შორის, რომ იმ დროისთვის, ის, ჯერ კიდევ არშობილი, ასე ვთქვათ, თავისი წინაპრების საზარდულში იმყოფებოდა (შდრ. ებ. 7:9, 10).
მეფის ერთგული მსახური. წიგნ „ესთერიდან“ მორდოქაიზე ვიგებთ, რომ მართალია, იგი გადასახლებულთა შორის იყო, მაგრამ მეფის სამსახურში იდგა. მან შეიტყო, რომ სპარსეთის მეფე ახაშვეროშმა დედოფლობა ჩამოართვა ვაშთის და ბრძანა, მთელი სამეფოდან შეეკრიბათ ლამაზი ქალწულები, რათა მათგან აერჩიათ ის, ვინც დედოფლის ადგილს დაიკავებდა. მორდოქაის ბიძაშვილი, თვალტანადი ესთერი ამ ქალწულებს შორის აღმოჩნდა, თუმცა მისი ებრაული წარმოშობის შესახებ სამეფო კარზე არაფერი იცოდნენ (ესთ. 2:7, 8). საბოლოოდ, იგი შეარჩიეს დედოფლად. მორდოქაი უწინდებურად თავის მოვალეობას ასრულებდა და „მეფის კარიბჭესთან იჯდა“, როცა შეიტყო, რომ მეფის ორი კარისკაცი, ბიგთანი და თერეში, მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვას აპირებდნენ. მორდოქაიმ მეფეს ესთერის პირით აცნობა ეს ამბავი და მისი ერთგულების შესახებ მეფის მატიანეში ჩაიწერა (ესთ. 2:21—23).
თაყვანს არ სცემს ჰამანს. ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა აგაგელი ჰამანი აღაზევა და სამეფოში მეორე კაცად აქცია. მან ბრძანა, რომ მის კარიბჭესთან მყოფ ყველა მსახურს მდაბლად თაყვანი ეცა ჰამანისთვის. მორდოქაიმ მტკიცე უარი განაცხადა ამაზე და მიზეზად თავისი იუდაური წარმოშობა მოიყვანა (ესთ. 3:1—4). მორდოქაის ასეთი საქციელი იმაზე მოწმობს, რომ მისი, როგორც იუდეველის ანუ ღვთისთვის მიძღვნილი ერის წარმომადგენლის, საქციელი ღმერთთან მის ურთიერთობაზე აისახებოდა. ისრაელებისთვის უცხო არ იყო მმართველების მდაბლად თაყვანისცემა მათი მდგომარეობის აღიარების ნიშნად, მაგრამ მორდოქაი ხვდებოდა, რომ ჰამანის შემთხვევაში საქმე სხვაგვარად იყო (2სმ. 14:4; 18:28; 1მფ. 1:16). მას ნამდვილად სერიოზული მიზეზი ჰქონდა, რომ არ დამხობილიყო ჰამანის წინაშე. როგორც ჩანს, ჰამანი ამალეკელთა შთამომავალი იყო, იეჰოვას კი ნათქვამი ჰქონდა, რომ შეებრძოლებოდა „მათ მომავალ თაობებს“ (გმ. 17:16; იხ. ᲰᲐᲛᲐᲜᲘ). მორდოქაი ასე პოლიტიკური შეხედულების გამო კი არ მოიქცა, არამედ ღვთისადმი უმწიკვლობის შესანარჩუნებლად.
ჰამანი მეტად განრისხდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეიტყო, რომ მორდოქაი იუდეველი იყო. იგი იმდენად შეიპყრო სიძულვილმა, რომ პატივი და აღზევებული მდგომარეობა არაფრად უღირდა, ვიდრე მორდოქაი მეფის კარიბჭესთან იჯდა და უარს ამბობდა მის წინაშე დამხობაზე. ჰამანმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მორდოქაიზე კი არა, მთელ მის ხალხზე ეძია შური. მან მეფეს გამოაცემინა ბრძანება, რომ სპარსეთის მთელ სამეფოში გაეჟლიტათ მორდოქაის თანამემამულეები (ესთ. 3:5—12).
ხელს უწყობს ისრაელთა ხსნას. იუდეველთა განადგურების შესახებ ბრძანებულების გამოცემის შემდეგ მორდოქაის მოქმედებიდან გამოჩნდა, რომ მისი ღრმა რწმენით, ესთერმა სწორედ თავისი ხალხის სახსნელად მიიღო სამეფო ღირსება. მან ესთერს დაანახვა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრა და მოუწოდა, რომ მეფისთვის წყალობა და დახმარება ეთხოვა. ესთერი დასთანხმდა მორდოქაის იმის მიუხედავად, რომ საფრთხეში იგდებდა თავს (ესთ. 4:7—5:2).
სწორედ ეს მოვლენები ვითარდებოდა სპარსეთის სამეფოში, როცა მეფე ახაშვეროშმა ერთ უძილო ღამეს სამეფო კარის მატიანე მოითხოვა; ამაში ღვთის ხელი ერია. ეს მეტად დროული იყო მორდოქაისა და იუდეველებისთვის, რადგან ამ ჩანაწერებმა მეფეს მორდოქაის ერთგულების ამბავი შეახსენა, კერძოდ ის, რომ მან ბიგთანი და თერეში მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში ამხილა. მეფემ დაინახა, რომ მისთვის გაწეული სამსახურის გამო მორდოქაი არ დაეჯილდოებინათ. მან გადაწყვიტა, პატივი მიეგო მორდოქაისთვის და მისი სახალხოდ განდიდება ჰამანს დაავალა, რაც ამ უკანასკნელისთვის მეტად დამამცირებელი იყო (ესთ. 6:1—12).
ესთერმა ჰამანი დაადანაშაულა იმაში, რომ მან ცილი დასწამა იუდეველებს და ისეთი გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც თავად მეფეს მოუტანდა ზიანს. განრისხებულმა ახაშვეროშმა ჰამანის სიკვდილით დასჯა ბრძანა. ჰამანი იმ 22-მეტრიან ბოძზე ჩამოკიდეს, რომელიც მას მორდოქაისთვის ჰქონდა გამზადებული (ესთ. 7:1—10).
ჰამანის ადგილი მორდოქაიმ დაიკავა და ის გახდა სამეფოში მეორე კაცი. მას მეფემ თავისი ბეჭედი მისცა, რომლითაც სახელმწიფო დადგენილებებისთვის ბეჭდის დასმა შეეძლო. ესთერმა მორდოქაი ჰამანის სახლის ზედამხედველად დააყენა, რომელიც მას მეფემ გადასცა. მეფისგან მინიჭებული უფლებამოსილებით მორდოქაიმ გასცა ბრძანება, რომელიც იუდეველებს თავდაცვის კანონიერ უფლებას აძლევდა. ამ კანონმა დიდად გაახარა იუდეველები, რადგან მათ გულში ხსნის იმედი ჩაუსახა. სპარსეთის სამეფოში ბევრი მიემხრო იუდეველებს და როდესაც დადგა ადარის 13, მეფის განკარგულების აღსრულების დღე, იუდეველები მას სრულიად მომზადებულნი შეხვდნენ. ვინაიდან მორდოქაის დიდი ძალაუფლება ჰქონდა მეფის კარზე, დიდებულებმა იუდეველებს დაუჭირეს მხარი. შუშანში ბრძოლა მეორე დღესაც გაგრძელდა. სპარსეთის სამეფოში იუდეველთა 75 000-ზე მეტი მტერი დაეცა, მათ შორის, ჰამანის ათი ვაჟი (ესთ. 8:1—9:18). ესთერის თანხმობით მორდოქაიმ ბრძანება გასცა, რომ იუდეველებს ყოველ წელს, 14 და 15 ადარს „ფურიმის დღესასწაული“ აღენიშნათ. ეს დღეები მხიარულების, ნადიმობის და ერთმანეთისა თუ გაჭირვებულთათვის მოსაკითხის გაგზავნის დღეები უნდა ყოფილიყო. იუდეველები დაემორჩილნენ ამ ბრძანებას და თავიანთ შთამომავლებსა თუ ყველას, ვინც მათ შეუერთდა, წესად დაუდგინეს ამ დღესასწაულის აღნიშვნა. მორდოქაი, როგორც სამეფოში მეორე კაცი, დიდად დაფასებული იყო ღვთისთვის მიძღვნილ ხალხს, იუდეველებს შორის. იგი კვლავაც თავისი ხალხის სასიკეთოდ მოქმედებდა (ესთ. 9:19—22, 27—32; 10:2, 3).
ღვთისმოშიში კაცი. მორდოქაი ღვთისმოშიში კაცი იყო ღვთის იმ მსახურთა მსგავსად, რომლებიც პავლე მოციქულმა ებრაელების მე-11 თავში ჩამოთვალა, თუმცა ამ სიაში იგი სახელით არაა მოხსენიებული. იგი გაბედული, შეუპოვარი და უმწიკვლო იყო და ერთგულობდა როგორც ღმერთს, ისე მის ხალხს. ის იმ პრინციპის თანახმად ცხოვრობდა, რომელიც საუკუნეების შემდეგ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მთ. 22:21). მორდოქაი და ესთერი ბენიამინის ტომიდან იყვნენ, რომელზეც პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა: „ბენიამინი მგელივით მგლეჯელი იქნება. დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოთი ნადავლს გაანაწილებს“ (დბ. 49:27). ეს ბენიამინელები ისრაელი ერის „საღამო“ ჟამს მოქმედებდნენ ანუ მაშინ, როცა ტახტზე ისრაელი მეფეები აღარ ისხდნენ და ისრაელი უცხოტომელთა უღელქვეშ იყო. შესაძლებელია, სწორედ მორდოქაისა და ესთერს ხვდათ წილად პატივი, მოეკლათ საძულველ ამალეკელთაგან უკანასკნელი. მორდოქაის მხრიდან თანამემამულეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა მოწმობს მის მტკიცე რწმენაზე, რომ ისრაელთა შორის გამოჩნდებოდა აბრაამის შთამომავალი, რომლის მეშვეობითაც იკურთხებოდა დედამიწის ყველა ერი (დბ. 12:2; 22:18).