მთავარი თემა | სიკვდილით მთავრდება ყველაფერი?
სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება!
ბეთანია პატარა სოფელი იყო, რომელიც იერუსალიმიდან 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა (იოანე 11:18). იესოს სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე იქ ტრაგედია დატრიალდა. იესოს უახლოესი მეგობარი ლაზარე მოულოდნელად ავად გახდა და მოკვდა.
როდესაც იესომ ეს ამბავი შეიტყო, თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ლაზარემ დაიძინა და მის გაღვიძებას აპირებდა (იოანე 11:11). მაგრამ მოწაფეებმა ვერ გაიგეს მისი ნათქვამი, ამიტომ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:14).
ლაზარეს დაკრძალვიდან ოთხი დღის შემდეგ იესო ბეთანიაში ჩავიდა. ლაზარეს დამ, მართამ იესოს უთხრა: „აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“ (იოანე 11:17, 21). იესომ მის სანუგეშებლად თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, რომც მოკვდეს, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25).
„ლაზარე, გამოდი!“
იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არ იყო ლიტონი სიტყვები, იესო მიუახლოვდა სამარხს და ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ (იოანე 11:43). ლაზარე გაცოცხლდა, რამაც იქ მყოფების განცვიფრება გამოიწვია.
ამ შემთხვევამდე იესომ სულ ცოტა ორი მიცვალებული აღადგინა. პირველი იყო იაიროსის ქალიშვილი. სანამ ქალიშვილს აღადგენდა, იესომ მასზეც თქვა, რომ ეძინა (ლუკა 8:52).
ყურადღება მიაქციეთ, ლაზარესა და იაიროსის ქალიშვილის სიკვდილი იესომ ძილს შეადარა. ეს მართებული შედარებაა. რატომ შეიძლება ამის თქმა? ძილი არის უგრძნობი მდგომარეობა, რაც შეესატყვისება იმ აზრს, რომ სიკვდილის დროს ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილსა და ტანჯვას (ეკლესიასტე 9:5; იხილეთ ჩარჩო „სიკვდილი ღრმა ძილს ჰგავს“). იესოს მოწაფეებს კარგად ესმოდათ, სინამდვილეში რა მდგომარეობაშიც იყვნენ მკვდრები. „იესოს მიმდევრებისთვის სიკვდილი იყო ძილის მდგომარეობა, სამარხი კი მოსასვენებელი ადგილი . . . მათთვის, ვინც რწმენის გამო კვდებოდა“,a — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (Encyclopedia of Religion and Ethics).
მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ მკვდრები ძილის მდგომარეობაში არიან და არ იტანჯებიან. ამგვარად, სიკვდილის მდგომარეობა ჩვენთვის არ არის იდუმალებით მოცული და შესაბამისად, არც შიშის მიზეზი გვაქვს.
„თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“
ღამე კარგად გამოძინება ყველას გვსიამოვნებს, მაგრამ სამუდამო ძილს არავინ ისურვებდა. არსებობს რაიმე იმედი, რომ მიცვალებულები, რომლებსაც სამარხებში სძინავთ, ლაზარესა და იაიროსის ქალიშვილის მსგავსად, სიცოცხლეს დაუბრუნდებიან?
სიკვდილის პირას მყოფმა პატრიარქმა იობმა სწორედ ეს კითხვა დასვა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ (იობი 14:14).
ამ კითხვით იობმა უზენაეს ღმერთს მიმართა და პასუხიც თავადვე გასცა: „დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:15). იობი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა სულმოუთქმელად ელოდა იმ დროს, როდესაც თავის ერთგულ მსახურს აღადგენდა. არარეალური მოლოდინი ჰქონდა იობს? ნამდვილად, არა.
იესოს მიერ მკვდრეთით აღდგომის მაგალითები აშკარა მტკიცებაა იმისა, რომ ღმერთმა იესოს სიკვდილზე ძალაუფლება მისცა. ფაქტობრივად, ბიბლია ამბობს, რომ დღეს იესო ფლობს „სიკვდილისა და სამარის გასაღებებს“ (გამოცხადება 1:18). ასე რომ, იესო გახსნის სამარის კარებს, როგორც ეს ლაზარეს შემთხვევაში გააკეთა, როდესაც ბრძანა, რომ სამარხისთვის ლოდი მოეშორებინათ.
ბიბლია არაერთხელ შეგვახსენებს ღვთის დაპირებას, რომ მკვდრები აღდგებიან. ანგელოზმა წინასწარმეტყველი დანიელი დაარწმუნა: „დაისვენებ, მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“ (დანიელი 12:13). იესომ სადუკეველებს, იუდეველთა წინამძღოლებს, რომლებსაც არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა, უთხრა: „ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ღვთის ძალა“ (მათე 22:23, 29). მოციქულმა პავლემ თქვა: „მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).
როდის აღდგებიან მკვდრები?
როდის მოხდება მართლებისა და უმართლოების აღდგომა? ანგელოზმა მართალ დანიელს უთხრა, რომ აღდგებოდა „დღეების ბოლოს“. მართასაც სჯეროდა, რომ თავისი ძმა ლაზარე აღდგებოდა „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:24).
ბიბლიაში „უკანასკნელი დღე“ ქრისტეს მმართველობას უკავშირდება. პავლემ დაწერა: „რადგან მან [ქრისტემ] უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:25, 26). ამიტომ ეს ნამდვილად გვაძლევს იმის საფუძვლიან მიზეზს, რომ ვილოცოთ ღვთის სამეფოს მოსვლასა და დედამიწაზე მისი ნების შესრულებაზე.b
იობმა კარგად იცოდა, რომ მკვდრეთით აღდგომა ღვთის ნებაა. როცა ეს დღე დადგება, სიკვდილი სამუდამოდ გაქრება. და კითხვა — სიკვდილით მთავრდება ყველაფერი? — აღარავის გაუჩნდება.
a „სამარხად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „დასაძინებელ ადგილს“ ნიშნავს.
b ღვთის სამეფოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 8. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე www.jw.org.