შეინარჩუნებ უმწიკვლობას?
რამდენი ბეღურა გამოეთხოვა გუშინ სიცოცხლეს? არავინ იცის და, ალბათ, ძალიან ცოტას თუ აღელვებს ეს. ირგვლივ ხომ უამრავი ფრინველია. იეჰოვა კი ზრუნავს მათზე. იესომ ამ პაწაწინა ფრინველების შესახებ თავის მოწაფეებს უთხრა: „არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე, — შემდეგ კი დასძინა, — ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (მათე 10:29, 31).
მოგვიანებით კი მოწაფეებმა უფრო ნათლად დაინახეს, თუ რაოდენ აფასებდა იეჰოვა მათ. აი, რას წერდა ერთ-ერთი მათგანი, იოანე: „ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა წუთისოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ“ (1 იოანე 4:9). იეჰოვამ არა მხოლოდ გამომსყიდველურ მსხვერპლზე იზრუნა, არამედ თავის თითოეულ მსახურს არწმუნებს კიდეც: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ (ებრაელთა 13:5).
ნათელია, რომ თავისი ხალხისადმი იეჰოვას სიყვარულს ვერაფერი შეარყევს. მაგრამ, იბადება კითხვა: „ვართ კი ისე ახლოს იეჰოვასთან, რომ არასოდეს მივატოვებთ მას?“.
სატანა ცდილობს, რომ უმწიკვლობა დაგვაკარგვინოს
როდესაც იეჰოვამ იობის უმწიკვლობაზე მიუთითა სატანას, ეს უკანასკნელი შემდეგი სიტყვებით შეეპასუხა: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?“ (იობი 1:9). ამ სიტყვებში ის იმას გულისხმობდა, რომ ადამიანები ღვთისადმი უმწიკვლობას გამორჩენის მიზნით ინარჩუნებდნენ. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ვერც ერთი ქრისტიანი ვერ დარჩებოდა უმწიკვლო, თუ სერიოზული ცდუნების წინაშე აღმოჩნდებოდა.
სატანა თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ იობი სანუკვარი სიმდიდრის დაკარგვასთან ერთად ერთგულებასაც დაკარგავდა (იობი 1:10, 11). როდესაც მისი ცილისწამება არ გამართლდა, მან სხვა მიზეზი გამონახა: „სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 2:4). შეიძლება სატანის მტკიცება სადღაც მართალიც იყო, მაგრამ როგორც საღვთო წერილიდან ვგებულობთ, იობმა უმწიკვლობის შენარჩუნება არჩია (იობი 27:5; 42:10—17). შენც ასეთივე ერთგული ხარ? ან იქნებ ნებას რთავ სატანას, რომ უმწიკვლობა დაგაკარგვინოს? ამ სტატიაში განხილული იქნება რამდენიმე ბიბლიური საკითხი, რომელიც თითოეულ ქრისტიანს ეხება. დაფიქრდი, რომელი მათგანი გეხება პირადად შენ.
მოციქულ პავლეს სჯეროდა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული ერთგულება ძალიან მტკიცე უნდა ყოფილიყო: „ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე... ვერც აწმყო და ვერც მყოფადი... ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომაელთა 8:38, 39). ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ამაში, თუ ძალიან გვიყვარს იეჰოვა. ასეთ სიყვარულს ვერაფერი დასძლევს, თვით სიკვდილიც კი.
თუ იეჰოვასთან ასეთი ურთიერთობა გაქვს, არასოდეს იფიქრებ: „რამდენიმე წლის შემდეგ, ნეტავ, ისევ ვიქნები იეჰოვას მსახური?“. ასეთი ეჭვები იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ხვალ. ნამდვილი უმწიკვლობა გარემო პირობებზე კი არა, ჩვენს შინაგან პიროვნებაზეა დამოკიდებული (2 კორინთელთა 4:16—18). თუ მთელი გულით გვიყვარს იეჰოვა, არასდროს გავუცრუებთ იმედს (მათე 22:37; 1 კორინთელთა 13:8).
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა გამუდმებით ცდილობს, უმწიკვლობა დაგვაკარგვინოს. ის ცდილობს, რომ ჩვენივე ხორციელ სურვილებს დაგვამონოს, თანატოლების ზეგავლენის ქვეშ მოგვაქციოს ან რამენაირად ისეთი უბედურება დაგვატეხოს თავს, რომ ჭეშმარიტება მივატოვოთ. თუმცა ჩვენზე თავდასასხმელად სატანის ძირითადი იარაღი ღვთისგან გაუცხოებული წუთისოფელია, ჩვენი არასრულყოფილებაც ეხმარება მას იმაში, რომ ადვილად მიაღწიოს საწადელს (რომაელთა 7:19, 20; 1 იოანე 2:16). მიუხედავად ამისა, ამ ბრძოლაში რამდენიმე უპირატესობა გვაქვს, მათ შორის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენთვის სატანის ზრახვები უცნობი არ არის (2 კორინთელთა 2:11).
რა ზრახვები აქვს სატანას? ეფესელებისადმი მიწერილ წერილში პავლემ ეს ზრახვები მოიხსენია, როგორც „ხრიკები“ ანუ „მზაკვრობა“ (ეფესელთა 6:11). უმწიკვლობა რომ დაგვაკარგვინოს, სატანა ხრიკებს იყენებს. საბედნიეროდ, ეშმაკის მზაკვრობის ამოცნობა ძნელი არ არის, რადგან ღვთის სიტყვა საკმარის ინფორმაციას გვაწვდის მათ შესახებ. სატანის მცდელობები, რომ იესოსა და იობისთვის უმწიკვლობა დაეკარგვინებინა, მის მეთოდებზე მიუთითებს, რომლითაც ჩვენი ქრისტიანული უმწიკვლობის განადგურებას ცდილობს.
იესომ შეინარჩუნა უმწიკვლობა
სატანა ისე გაკადნიერდა, რომ ღვთის ძის, იესოს შეცდომაში შეყვანაც კი სცადა, რაც დედამიწაზე მისი მსახურების დაწყებისთანავე გააკეთა, როდესაც ურჩია, ქვები პურებად გადაექცია. რაოდენ დიდი ცბიერება იყო! 40 დღის განმავლობაში იესოს საჭმელი არ ეჭამა და, უეჭველია, ძალიან შიოდა (ლუკა 4:2, 3). სატანამ ურჩია მას, ბუნებრივი მოთხოვნილება იმ სახით დაეკმაყოფილებინა, რომელიც იეჰოვას ნებას ეწინააღმდეგებოდა. ასე ხდება დღესაც; ამ ქვეყნიერების პროპაგანდა მოგვიწოდებს, დავიკმაყოფილოთ ჩვენი სურვილები ისე, რომ შედეგებზე არ ვიფიქროთ. ამას შემდეგნაირად მოგვიწოდებენ: „შენ იმსახურებ ამას“, ან კიდევ: „შენ უნდა გააკეთო ეს!“.
იესო რომ არ დაფიქრებულიყო, თუ რა მოჰყვებოდა შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებას, სატანა საწადელს მიაღწევდა — იესო თავის უმწიკვლობას დაკარგავდა. მაგრამ იგი სულიერს უფრო აფასებდა და მტკიცედ უპასუხა: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი“ (ლუკა 4:4; მათე 4:4).
მაშინ სატანა იესოს სხვა მხრიდან მიუდგა. საღვთო წერილიდან, საიდანაც იესოც ციტირებდა ხოლმე, აღებული ადგილების არასწორად გამოყენებით ეშმაკი იესოს მოუწოდებდა, ტაძრის ქიმიდან გადავარდნილიყო. „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან“, — უთხრა სატანამ. იესოს არ სურდა ეთხოვა მამისთვის, სასწაულებრივად დაეცვა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად მისთვის მიეპყრო ყურადღება. „არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი“, — უთხრა იესომ (მათე 4:5—7; ლუკა 4:9—12).
ბოლოს კი სატანამ პირდაპირ უთხრა სათქმელი. მან იესოს ორმხრივი გარიგება შესთავაზა, რომ თუ ერთხელ მაინც სცემდა თაყვანს, მთელ მსოფლიოსა და მის დიდებას მისცემდა. ფაქტობრივად, სატანამ იესოს ყველაფერი შესთავაზა. მაგრამ სცემდა თაყვანს იესო მამამისის მთავარ მტერს? იესო ამას ფიქრადაც კი არასდროს გაივლებდა! „უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“, — უპასუხა მან (მათე 4:8—11; ლუკა 4:5—8).
სატანამ სამივე მცდელობისას მარცხი განიცადა და «დრომდე [„ხელსაყრელ მომენტამდე“, აქ] გაშორდა მას» (ლუკა 4:13). ეს იმაზე მიუთითებს, რომ სატანა ყოველთვის ელოდებოდა ხელსაყრელ მომენტს, რომ იესოს უმწიკვლობა გამოეცადა. და აი, ეს დროც დადგა იესოს მსახურების დაწყებიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ, როდესაც იესო თავისი გარდაუვალი სიკვდილისთვის ამზადებდა მოწაფეებს. მაშინ პეტრე მოციქულმა უთხრა: „შეიწყალე თავი, უფალო!“ (მათე 16:21, 22).
მოეწონებოდა იესოს თავისი მოწაფის გულწრფელი, მაგრამ არასწორი რჩევა? იესო მაშინვე მიხვდა, რომ ეს აზრი სატანისგან მოდიოდა და არა იეჰოვასგან. იესომ პეტრეს მტკიცედ უპასუხა: „მომცილდი სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია“ (მათე 16:23).
რადგან იესოს მთელი გულით უყვარდა იეჰოვა, სატანამ ვერ შეძლო მისთვის უმწიკვლობა დაეკარგვინებინა. ეშმაკის შეთავაზებულთაგან ვერაფერმა და ასევე ვერანაირმა მძიმე განსაცდელმა, რომელიც მისგანვე მომდინარეობდა, ვერ შეარყია ზეციერი მამისადმი მისი ერთგულება. მივიღებთ ჩვენც მსგავს გადაწყვეტილებას ისეთ ვითარებაში, როდესაც უმწიკვლობის შენარჩუნება რთულია? იობის მაგალითი იმის უკეთ დანახვაში დაგვეხმარება, თუ რა სიძნელეებს შეიძლება წავაწყდეთ.
უმწიკვლობის შენარჩუნება უბედურების დროს
იობმა გამოცდილებიდან იცოდა, რომ უბედურება ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თავს დატყდომოდა. იობს ბედნიერი ოჯახი ჰქონდა; ჰყავდა ცოლი და ათი შვილი. ღვთისადმი თაყვანისცემაც მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე იდგა (იობი 1:5). მაგრამ იობმა არ იცოდა, რომ ღვთისადმი მისი უმწიკვლობა ზეცაში საკამათო საკითხად იყო ქცეული. სატანას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, გაეტეხა იობის უმწიკვლობა და ამისათვის ყველანაირ საშუალებას მიმართავდა.
მალე იობმა მთელი ქონება დაკარგა (იობი 1:14—17). მიუხედავად ამისა, მან გაუძლო ამ გამოცდას და არ დაუკარგავს უმწიკვლობა, რადგან არასდროს იყო მასზე დაიმედებული. იმ დროის გახსენებისას, როდესაც მდიდარი იყო, იობი ამბობს: „თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ... თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე... სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი“ (იობი 31:24, 25, 28).
დღესაც შეიძლება, რომ ადამიანმა ერთ დღეში თუ ერთ წამში ყველაფერი დაკარგოს. ერთი ბიზნესმენი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, მოატყუეს და დიდძალი თანხა გამოსძალეს. ის გულახდილად ამბობს: „კინაღამ ინფარქტი მივიღე. და, მგონი, ეს ასეც მოხდებოდა, რომ არა იეჰოვასთან ჩემი ურთიერთობა. ამ შემთხვევამ დამანახვა, რომ ჩემს ოჯახში სულიერი საკითხები არ იდგა პირველ ადგილზე. ფულის კეთების დიდ სურვილს ყველაფერი დაჩრდილული ჰქონდა“. ამ მოწმემ თავისი ბიზნესი მინიმუმამდე შეამცირა და ახლა რეგულარულად მსახურობს დამხმარე პიონერად და ქრისტიანულ მსახურებაში ყოველთვიურად 50 საათს ატარებს. მაგრამ სიმდიდრის დაკარგვაზე უფრო საშინელი დანაკარგიც არსებობს.
იობს ჯერ ქონების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ ჰქონდა გადატანილი, რომ ახლა შვილების დაღუპვის ამბავი შეიტყო. მაგრამ თავის შეხედულებას არც ახლა გადაუხვია და თქვა: „კურთხეულ იყოს უფლის სახელი“ (იობი 1:18—21). შევინარჩუნებდით უმწიკვლობას, უეცრად ოჯახის რამდენიმე წევრი ხელიდან რომ გამოგვცლოდა? ესპანეთში მცხოვრებ ქრისტიან ზედამხედველს, ფრანცისკოს, ავარიაში ორი შვილი დაეღუპა. მან იეჰოვასთან უფრო დაახლოებითა და ქრისტიანული მსახურების გაზრდით ჰპოვა ნუგეში.
იობისთვის შვილების დაღუპვა არ იყო უკანასკნელი, აუტანელი განსაცდელი. სატანამ ახლა საშინელი სენი, ქეცი, შეჰყარა მას. მაშინ იობს ცოლმაც კი ურჩია, არასწორად მოქცეულიყო: „ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ — ეჩიჩინებოდა ის. იობმა არ უსმინა მას და „არც ახლა სცოდა... თავისი ბაგეებით“ (იობი 2:9, 10). მისი უმწიკვლობა ოჯახის მხარდაჭერაზე კი არა, იეჰოვასთან მის პირად ურთიერთობაზე იყო დამოკიდებული.
ფლორამ, რომლის ქმარმა და უფროსმა ვაჟმა ათ წელზე მეტია, რაც ქრისტიანული გზა მიატოვეს, საკუთარ თავზე გამოსცადა ის გრძნობები, რომლებიც იობს ექნებოდა. „საშინელებაა, როდესაც უეცრად კარგავ ოჯახისაგან სულიერ და ემოციურ მხარდაჭერას, — ამბობს ის. — მაგრამ ვიცოდი, რომ იეჰოვას ორგანიზაციის გარეთ ბედნიერებას ვერსად ვიპოვიდი. ასე რომ, მტკიცედ დავდექი და იეჰოვა დავაყენე პირველ ადგილზე ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მეუღლისა და დედის მოვალეობასაც კარგად ვასრულებდი. გამუდმებით ვლოცულობდი; იეჰოვამ შეისმინა ჩემი ლოცვები და გამაძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ ქმარი მეწინააღმდეგება, ბედნიერი ვარ, რადგან იეჰოვაზე სრულად მინდობა ვისწავლე“.
იობისთვის უმწიკვლობა რომ დაეკარგვინებინა, სატანამ ახლა მისი სამი მეგობარი გამოიყენა (იობი 2:11—13). როგორ ეტკინებოდა იობს გული, როდესაც მათაც გაკრიტიკება დაუწყეს. იობს რომ მათთვის დაეჯერებინა, იეჰოვა ღმერთისადმი ნდობას დაკარგავდა. შეიძლებოდა მათი უადგილო რჩევებით იობს გული გასტეხოდა და უმწიკვლობაც დაეკარგა, რაც სატანას გეგმის განხორციელებას ნიშნავდა.
იობმა დარწმუნებით თქვა: „სიკვდილამდე თუ გავწირო ჩემი უმწიკვლოება!“ (იობი 27:5). მას არ უთქვამს: „არ მოგცემთ იმის უფლებას თქვენ, რომ უმწიკვლობა დამაკარგვინოთ!“. იობმა იცოდა, რომ მისი უმწიკვლობა მასზე და იეჰოვასადმი მის სიყვარულზე იყო დამოკიდებული.
ახალი მსხვერპლის მახეში გასაბმელი ნაცადი მეთოდი
დღეს სატანა ჩვენც გვაძლევს არასწორ რჩევებსა და დაუფიქრებელ შენიშვნებს ჩვენი მეგობრებისა და თანაქრისტიანების მეშვეობით. კრებაში რაიმეზე გულის გატეხვამ შეიძლება უფრო ადვილად შეარყიოს ჩვენი ნდობა, ვიდრე წუთისოფლისგან დევნამ. ერთ-ერთმა უხუცესმა, რომელიც ქრისტიანობამდე ომში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ ბრძოლაში მიღებული ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ზოგიერთი თანაქრისტიანის დაუფიქრებელმა სიტყვებმა და საქმეებმა მიაყენა. ამ უკანასკნელის შესახებ ის წერს: „ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული და ძნელი ასატანი იყო“.
მეორე მხრივ, თანამორწმუნეების არასრულყოფილებამ შეიძლება იმდენად იმოქმედოს ჩვენზე, რომ ზოგს შეიძლება აღარც კი დაველაპარაკოთ და კრების შეხვედრებზე დასწრებაც შევწყვიტოთ. შეიძლება საკუთარი გულის დამშვიდება ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიოთ. მაგრამ, რა სამწუხარო იქნებოდა ასეთი არაშორსმჭვრეტელობის გამოვლენა და ვიღაცის მოქმედებისა თუ ნათქვამის გამო ჩვენი ყველაზე ძვირფასი განძის — იეჰოვასთან ურთიერთობის — დაკარგვა. თუ ამას დავუშვებთ, სატანის ნაცადი ხრიკების მახეში გავებმებით.
მართალია, ქრისტიანულ კრებებში ყველასგან კარგად მოპყრობას მოველით. მაგრამ, თუ არასრულყოფილ თანამორწმუნეთაგან ძალიან ბევრს მოვითხოვთ, უდავოა, გულგატეხილობა არ აგვცდება. ამისგან განსხვავებით, იეჰოვა უფრო რეალურად უყურებს არასრულყოფილი ადამიანის შესაძლებლობებს. თუ მის მაგალითს მივბაძავთ, გაგვიადვილდება თანაქრისტიანების არასრულყოფილების მოთმენა (ეფესელთა 4:2, 32). მოციქულმა პავლემ შემდეგი რჩევა მოგვცა: „განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფესელთა 4:26, 27).
ბიბლიიდან ნათლად ვგებულობთ, სატანის უამრავ ხრიკსა თუ საშუალებებზე, რომლებითაც ის ცდილობს, ქრისტიანებს უმწიკვლობა დააკარგვინოს. ზოგიერთი მისი ცბიერი მეთოდი ზნედაცემული სხეულისთვის მიმზიდველია, სხვები კი ტკივილის წყაროა. ეს სტატია დაგეხმარება იმის დანახვაში, თუ რატომ არ უნდა იყოს მისი თავდასხმები შენთვის მოულოდნელი. მტკიცედ და მთელი გულით შეიყვარე ღმერთი. ეცადე დაამტკიცო, რომ ეშმაკი ცრუა და გაახარე იეჰოვას გული (იგავნი 27:11; იოანე 8:44). გახსოვდეს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანს ვერანაირი განსაცდელი ვერ დააკარგვინებს უმწიკვლობას.