დაუახლოვდით ღმერთს
როცა მოხუცები გაახალგაზრდავდებიან
ვის უხარია სიბერე — დანაოჭებული კანი, დაქვეითებული სმენა და მხედველობა თუ ძალაგამოცლილი მუხლები? ალბათ გიფიქრიათ: იმიტომ შექმნა ღმერთმა ადამიანი, რომ ახალგაზრდობის წლებით დამტკბარიყო, შემდეგ კი სიბერით დატანჯულიყო? საბედნიეროდ, ღმერთს ეს არ სურდა. მას განზრახული აქვს, რომ გაგვათავისუფლოს სიბერის მარწუხებისგან, რაშიც ღვთის დიდი სიყვარული ჩანს. ყურადღება მიაქციეთ იობის 33:24, 25-ში ჩაწერილ სიტყვებს.
განვიხილოთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ერთგული კაცი იობი, რომელიც იეჰოვა ღმერთს უყვარდა. სატანამ ღმერთს უთხრა, რომ იობი მხოლოდ ეგოისტური მიზნით ემსახურებოდა, რითაც მისი უმწიკვლობა ეჭვქვეშ დააყენა. იობმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. იეჰოვამ სატანას იობის გამოცდის უფლება მისცა, რადგან ენდობოდა იობს და იცოდა, რომ თავისი ძალით ყველანაირ ზიანს აუნაზღაურებდა. მაშინ სატანამ „თავიდან ფეხებამდე დააწყლულა იობი“ (იობი 2:7). იობის სხეული მატლებმა დაფარა, კანი დაუსკდა, ჩაუშავდა და ასძვრა (იობი 7:5; 30:17, 30). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი გამწარებული იქნებოდა იობი? მიუხედავად ამისა, იობი მაინც ღვთის ერთგული დარჩა და თქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობი 27:5).
იობმა ერთი სერიოზული შეცდომა მაინც დაუშვა. როცა ის ფიქრობდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო, თავის მართლება დაიწყო და „საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა“ (იობი 32:2). ელიჰუს პირით იეჰოვამ იობს უსაყვედურა, თუმცა მას დამაიმედებელი ცნობაც გადასცა: „ნუ ჩავარდება [იობი] საფლავში [კაცობრიობის საერთო სამარე], ვიპოვე გამოსასყიდი! განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (იობი 33:24, 25). ეს სიტყვები იობს იმედს ჩაუსახავდა გულში. მას მეტად აღარ მოუწევდა ტანჯვა. თუ მოინანიებდა, ღმერთი მიიღებდა მის გამოსასყიდს და ტანჯვისგანაც გაათავისუფლებდა.a
იობმა თავმდაბლურად მიიღო შენიშვნა და მოინანია (იობი 42:6). როგორც ჩანს, იეჰოვამ მიიღო იობის გამოსასყიდი, რითაც იობის შეცდომა დაიფარა; ღმერთს ამით იმის შესაძლებლობაც მიეცა, რომ გამოეჯანმრთელებინა იობი და ეკურთხებინა. „იეჰოვამ იობის ბოლო წლები პირვანდელზე მეტად აკურთხა“ (იობი 42:12—17). წარმოიდგინეთ, რა შვებით ამოისუნთქებდა იობი, როცა სხვა კურთხევებთან ერთად განიკურნებოდა კიდეც და „ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად“ განუახლდებოდა ხორცი.
ღვთისთვის შეწირული იობის გამოსასყიდი სრულფასოვანი არ იყო, რადგან ის მაინც არასრულყოფილი დარჩა და ბოლოს მოკვდა. ჩვენთვის უკეთესი გამოსასყიდია გადახდილი. იეჰოვა ღმერთმა თავისი საყვარელი ძე, იესო, გაიღო ჩვენ გამოსასყიდად (მათე 20:28; იოანე 3:16). ვინც ირწმუნებს, რომ ამ გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს, მარადიულად იცხოვრებს სამოთხეში დედამიწაზე. ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი ერთგულ ადამიანებს სიბერის მარწუხებისგან დაიხსნის. ეცადეთ გაიგოთ, როგორ უნდა იცხოვროთ, რომ თქვენც მოესწროთ იმ დროს, როცა ხანდაზმულებს განუახლდებათ „ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად“.
აპრილში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:
[სქოლიო]
a აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა „გამოსასყიდი“ ნიშნავს „გადაფარვას“. იობის შემთხვევაში ეს გამოსასყიდი შეიძლება ყოფილიყო ცხოველური შესაწირავი, რომლის მეშვეობითაც ღმერთი გადაფარავდა ანუ აპატიებდა იობს შეცდომას (იობი 1:5).