სინათლე
ებრაული სიტყვა ʼორ და ბერძნული სიტყვა ფოს აღნიშნავს იმას, რასაც მანათობელი ობიექტი, მაგალითად, ლამპარი (იერ. 25:10) ან მზე გამოსცემს; აგრეთვე იმას, რაც სიბნელის საპირისპიროა, იქნება ეს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით (ეს. 5:20; ინ. 11:10, 11). ცნობილია, რომ სინათლე შეიცავს ენერგიის ნაწილაკებს, რომელთაც ტალღური თვისებები აქვს. თუმცა ადამიანისთვის დღემდე უპასუხოდ რჩება შემოქმედის მიერ დაახლოებით სამი ათასი წლის წინათ დასმული შეკითხვა: „სად არის გზა, რომლითაც სინათლე ნაწილდება?“ (იობ. 38:24).
მზის სინათლიდან წარმოიქმნება ფერები. თითოეულ ფერს სხვადასხვა სიგრძის ტალღა გააჩნია. საგნის ფერს განსაზღვრავს ის სინათლე, რომელიც მის ზედაპირზე აირეკლება. სინათლის არეკვლის შედეგად წარმოიქმნება ფერთა გამა, რომელიც ადამიანის თვალს ახარებს. მცენარეთა, ცხოველთა თუ ადამიანთა სიცოცხლე უსინათლოდ წარმოუდგენელია.
სინათლის წყარო. იეჰოვა ღმერთი სინათლისა და სიბნელის შემოქმედია (ეს. 45:7). პირველ შემოქმედებით დღეს ღმერთმა თქვა: „გამოჩნდეს სინათლე“ (დბ. 1:3). მანამდე მან ზეცა (მათ შორის „დიდი მნათობები“ — მზე, მთვარე და ვარსკვლავები; შდრ. ფს. 136:7—9) და დედამიწა შექმნა (დბ. 1:1). ამდენად, დედამიწაზე სინათლის გამოჩენა, როგორც ჩანს, იმ საფრის თანდათანობით მოცილებას მოჰყვა, რაც მანამდე პლანეტაზე მზის სხივების შემოღწევას უშლიდა ხელს. რაც შეეხება სინათლესა და სიბნელეს შორის ზღვარს, იგი მაშინ დაიდო, როცა დედამიწამ თავისი ღერძისა და მზის გარშემო დაიწყო ბრუნვა (დბ. 1:4, 5). უფრო მოგვიანებით იეჰოვამ მზის თაყვანისმცემელ ეგვიპტელებს წყვდიადი მოუვლინა, რაც ისრაელებზე არ გავრცელებულა (გმ. 10:21—23). ეგვიპტიდან გამოსულ თავის ხალხს ღმერთი გზას ცეცხლის სვეტით უნათებდა (გმ. 13:21; 14:19, 20; ფს. 78:14).
ბიბლია სინათლეს არაერთხელ უკავშირებს შემოქმედს. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ღირსებითა და სიდიადით ხარ მოსილი. ტანსაცმელივით შემოგიკრავს სინათლე“ (ფს. 104:1, 2). ეს რაღაცით ეზეკიელის მიერ აღწერილ ხილვას მოგვაგონებს: „დავინახე რაღაც, რაც ჰგავდა ოქროსა და ვერცხლის შენადნობის ბზინვარებას და რაც გარემოცული იყო შიგნიდან გამოსული რაღაც ცეცხლისმაგვარით, იქიდან, რაც მის თეძოებს ჰგავდა, და მათ ზემოთ ცეცხლისმაგვარი რამ გამოდიოდა; დავინახე, რომ ცეცხლისმაგვარი რამ იყო იქ, რაც მის თეძოებს ჰგავდა, და იმის ქვემოთ, და სინათლე იყო მის ირგვლივ. სიკაშკაშე, რომელიც მის გარშემო იყო, ჰგავდა ცისარტყელას, ღრუბლებში წვიმიან დღეს გაჩენილს. ეს იეჰოვას დიდების მსგავსი რამ იყო“ (ეზკ. 1:27, 28). საუკუნეებით ადრე ამ დიდების მხოლოდ ნაწილობრივმა ხილვამ მოსეს სახე გაუნათა (გმ. 33:22, 23; 34:29, 30).
„ღმერთი სინათლეა და არანაირი სიბნელე არ არის მასში“ (1ინ. 1:5). ის არის მართალი, სამართლიანი და წმინდა (კნ. 32:4; გმც. 4:8). მას საერთო არაფერი აქვს სამარცხვინო და უწმინდურ საქციელთან, რომელიც სიბნელესთან ასოცირდება (შდრ. იობ. 24:14—16; 2კრ. 6:14; 1თს. 5:7, 8). ასე რომ, ვისაც თავისი ძმა სძულს და არ იქცევა ჭეშმარიტების თანახმად, სიბნელეში დადის და ვერასოდეს იქნება ღმერთთან ერთობაში (1ინ. 1:6; 2:9—11).
იეჰოვა „ციურ მნათობთა მამაა“ (იაკ. 1:17). ის „მზით ანათებს დღეს, ღამის გასანათებლად კი მთვარესა და ვარსკვლავებს უდგენს წესს“ (იერ. 31:35). ამასთანავე, ის სულიერი ცოდნის წყაროა (2კრ. 4:6). მისი კანონი, სამართალი და სიტყვა სინათლეა მათთვის, ვინც მისით ხელმძღვანელობს (ფს. 43:3; 119:105; იგ. 6:23; ეს. 51:4). ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „შენი სინათლით ვხედავთ ნათელს“ (ფს. 36:9; შდრ. ფს. 27:1; 43:3). როგორც სინათლე მატულობს მზის ამოსვლიდან „შუადღის დადგომამდე“, ისე მართალთა ბილიკიც ღვთის სიბრძნის წყალობით უფრო კაშკაშა ხდება (იგ. 4:18). იეჰოვას სინათლეში რომ ვიაროთ, იმ გზას უნდა მივყვეთ, რომელსაც ის გვიჩვენებს (ეს. 2:3—5). ადამიანი, რომელიც ყველაფერს ბოროტი და ცუდი ზრახვით უყურებს, სულიერ წყვდიადში იმყოფება. ამიტომაც თქვა იესომ: „თუ თვალი ბოროტი გაქვს, მთელი სხეული ბნელი გექნება. თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდია ეს სიბნელე!“ (მთ. 6:23; შდრ. კნ. 15:9; 28:54—57; იგ. 28:22; 2პტ. 2:14).
სინათლე და ღვთის ძე. მკვდრეთით აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ იესო ქრისტე, „ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი ... მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში“. ამ დიდებულ სინათლეს ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს (1ტმ. 6:15, 16). ღვთის განდიდებული ძის გამოცხადებისას ციდან მოვლენილმა სინათლემ ქრისტიანების მდევნელი ტარსოსელი სავლე (პავლე) დააბრმავა (სქ. 9:3—8; 22:6—11).
დედამიწაზე მსახურების დროს იესო ქრისტე იყო სინათლე. ის ხალხს სულიერად ანათლებდა, უხსნიდა, რა ინება და რა განიზრახა ღმერთმა მათთვის, ვინც ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებდა (ინ. 9:5; შდრ. ეს. 42:6, 7; 61:1, 2; ლკ. 4:18—21). თავდაპირველად მხოლოდ „ისრაელის სახლის დაკარგულმა ცხვრებმა“ იხილეს „დიდი სინათლე“ (ეს. 9:1, 2; მთ. 4:13—16; 15:24). მაგრამ სულიერი სინათლე მხოლოდ ებრაელებისა და პროზელიტებისთვის არ იყო განკუთვნილი (ინ. 1:4—9; შდრ. სქ. 13:46, 47). როცა ახალშობილი იესო მშობლებმა ტაძარში მიიყვანეს, მოხუცმა სიმონმა მას უწოდა „სინათლე უცხოტომელთათვის რიდის ასახდელად“ (ლკ. 2:32). პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს აუხსნა, რომ წინადაუცვეთელი არაებრაელები სულიერი გაგებით სიბნელეში იმყოფებოდნენ, რადგან არ იცნობდნენ ღმერთს და არ იცოდნენ მისი განზრახვები: «ხორცის მიხედვით წინათ უცხოტომელები იყავით, „წინადაუცვეთელობას“ გიწოდებდნენ ისინი, ვისაც ეწოდებოდა „წინადაცვეთა“, რაც ხელით სრულდება ხორცზე. გახსოვდეთ, რომ იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელისგან გაუცხოებულები და დანაპირების შეთანხმებებისთვის უცხოები, უიმედოები და უღმერთოები იყავით ქვეყნიერებაში» (ეფ. 2:11, 12). არაებრაელები, რომლებიც ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას გამოეხმაურნენ, სიბნელიდან ღვთის საოცარ სინათლეში გამოვიდნენ (1პტ. 2:9). მაგრამ ბევრმა გონება დააბრმავებინა „ქვეყნიერების ღმერთს“, რომელიც „სინათლის ანგელოზის“ ანუ „სულიერი განმანათლებლის“ სახეს იღებს, „რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს“ (2კრ. 11:14; 4:4). მათ სინათლეს სიბნელე ამჯობინეს, რათა კვლავ საკუთარი სურვილებით ეცხოვრათ (შდრ. ინ. 3:19, 20).
ქრისტეს მიმდევრები, როგორც მნათობები. ისინი, ვინც ქრისტე იესო „ქვეყნიერების სინათლედ“ აღიარეს და მისი მიმდევრობა არჩიეს, თავადაც „სინათლის ძეები“ გახდნენ (ინ. 3:21; 8:12; 12:35, 36, 46). ისინი „სინათლეზე“, ანუ სახალხოდ აცხადებდნენ, თუ რა იყო საჭირო ღვთის კეთილგანწყობილებისა და სიცოცხლის მისაღებად (მთ. 10:27). იოანე ნათლისმცემელიც სინათლეს აფრქვევდა, როცა მესიის მოსვლასა და „მონანიების ნიშნად“ მონათვლაზე ქადაგებდა (ლკ. 3:3, 15—17; ინ. 5:35). ქრისტეს მიმდევრები თავიანთი სიტყვითა თუ საქმით ანათებდნენ (მთ. 5:14, 16; შდრ. რმ. 2:17—24). „სინათლის ნაყოფია ყოველივე კარგი, სიმართლე და ჭეშმარიტება“, ის, რაც ამხელს „ურჩობის ძეების“ მიერ ჩადენილ სიბნელის სამარცხვინო საქმეებს (სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება, გაუმაძღრობა და სხვ.). ეს ღვთისაგან მხილებული და დაგმობილი სამარცხვინო საქმეები თვალსაჩინო ხდება და ისინი ამ გაგებით არის სინათლე (ეფ. 5:3—18; შდრ. 1თს. 5:4—9). ღვთისგან ბოძებული სულიერი საჭურვლით, იგივე „სინათლის საჭურვლით“, შემოსილი ქრისტიანები იბრძვიან „მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“. ამ საჭურვლის წყალობით ისინი მტკიცედ დგანან, როგორც ღვთისმოსაწონი მსახურები (რმ. 13:12—14; ეფ. 6:11—18).
სხვა გადატანითი მნიშვნელობები. ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობით სინათლე ბევრგან არის ნახმარი. „თვალის სინათლეში“ მხედველობა იგულისხმება (ფს. 38:10). თუ ღმერთი აძლევს ვინმეს სინათლეს, ესე იგი, ღმერთი მას აცოცხლებს (იობ. 3:20, 23; შდრ. ფს. 56:13). „ჩვილებში, რომელთაც სინათლე არ უნახავთ“, მკვდრადშობილი ბავშვები იგულისხმებიან (იობ. 3:16; შდრ. ფს. 49:19). გამოთქმაში, „კარგია, თვალი რომ მზეს ხედავს“, სავარაუდოდ, იგულისხმება „კარგია სიცოცხლე“ (ეკ. 11:7).
ბიბლიაში მხატვრული ენითაა ნათქვამი, რომ განთიადისას სინათლე დედამიწის კიდეებს მოიცავს და ბოროტებს იქიდან დევნის, ვინაიდან გარიჟრაჟზე ბოროტები იფანტებიან. ბოროტთათვის სიბნელე „სინათლეა“, რადგან ისინი ბოროტებას მის საფარში სჩადიან, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე მათ ეს „სინათლე“ ერთმევათ (იობ. 38:12—15; შდრ. იობ. 24:15—17).
იეჰოვას მკაცრი განაჩენი ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც მზის სინათლე: „შენი განაჩენი სინათლესავით გამოჩნდება“ (ოს. 6:5).
ღვთის სახის ნათელი ღვთის კეთილგანწყობილებას ნიშნავს (ფს. 44:3; 89:15). გამოთქმა „შენი სახის ნათელი გადმოგვაფინე“, სხვა სიტყვებით ნიშნავს: „წყალობა გვიყავი“ (ფს. 4:6). მსგავსად ამისა, „მეფის ნათელი სახე“ მეფის კეთილგანწყობილებას გულისხმობს (იგ. 16:15).
სინათლე ზოგჯერ კარგი განწყობის, მოღუშულობის საპირისპირო მნიშვნელობით გვხვდება (იობ. 30:26). ალბათ, ამიტომ თქვა იობმა: „არ იშორებდნენ ჩემი სახის ნათელს“ (იობ. 29:24). იობს სხვისი ცუდი განწყობა და უგუნებობა განწყობას არ უფუჭებდა.
სინათლე გადატანითი მნიშვნელობით ზოგჯერ ნათელი მომავლის, მაგალითად, ხსნისა და გათავისუფლების აღსანიშნავად გამოიყენება (ესთ. 8:16; ფს. 97:11; ეს. 30:26; მქ. 7:8, 9). იეჰოვა თავის დიდებას სიონზე გამოანათებდა, რაც ტყვეობიდან მის დახსნას მოასწავებდა. შედეგად, სიონი ერებისთვის სინათლის წყარო გახდებოდა (ეს. 60:1—3, 19, 20; შდრ. გმც. 21:24; 22:5). მეორე მხრივ, მზის, მთვარისა და ვარსკვლავების დაბნელება უბედურების მომასწავებელი იქნებოდა (ეს. 13:10, 11; იერ. 4:23; ეზკ. 32:7, 8; მთ. 24:29).