შეეწინააღმდეგეთ სატანის პროპაგანდას!
‘თავს ნუ მოიტყუებთ! თქვენი ღმერთის იმედი ნუ გექნებათ! დამნებდით, თორემ მწარედ განანებთ!’ ამ სიტყვებით დაემუქრა რაბშაკე, ასურეთის მეფის სინახერიბის დესპანი, იერუსალიმის მცხოვრებლებს. მეფის ჯარები მთელ იუდეას იყვნენ მოდებული. დესპანის მუქარა გათვლილი იყო იუდეველთა შესაშინებლად და მათი სულიერი სიმტკიცის გასატეხად (2 მეფ. 18:28—35).
ასურელები სისასტიკითა და ძალადობით იყვნენ ცნობილი. ისინი დეტალურად აღწერდნენ, თუ რა სასტიკად უსწორდებოდნენ დაპყრობილ ერებს და ამით მტრებს შიშის ზარს სცემდნენ. ისტორიკოსი ფილიპ ტეილორი წერს: „მათი პოლიტიკა მიმართული იყო ტერორისა და პროპაგანდისკენ, რაც გამიზნული იყო დაპყრობილი ერების სრულად დასამორჩილებლად. ასეთი ტაქტიკით ისინი პოტენციურ მტერშიც ნერგავდნენ შიშს“. პროპაგანდა ძლიერი იარაღია. მისი „მეშვეობით ადამიანებზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ“, — დასძენს ტეილორი.
ქრისტიანები „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ . . . ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ ანუ იმ სულიერი ქმნილებების წინააღმდეგ, რომლებიც ღმერთს განუდგნენ (ეფეს. 6:12). მათ შორის მთავარი მტერი სატანა ეშმაკია. ჩვენ დასაშინებლად ისიც ტერორსა და პროპაგანდას იყენებს.
სატანა ამტკიცებს, რომ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს უმწიკვლობა დაგვაკარგვინოს. იობის დროს, სატანამ იეჰოვა ღმერთს უთხრა: „სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სატანის აზრით, რთულ სიტუაციებში ადრე თუ გვიან ადამიანები ღმერთს ზურგს შეაქცევდნენ (იობ. 2:4). მართალია სატანა? არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეგვიძლია მოთმენა და თავის გადასარჩენად იეჰოვას პრინციპებიც კი შეიძლება არად ჩავაგდოთ? სატანას სურს, რომ ეს დაგვაჯეროს. ამის მისაღწევად ის მზაკვრულ პროპაგანდას იყენებს. განვიხილოთ ზოგიერთი მისი მეთოდი და გავიგოთ, რა უნდა გავაკეთოთ, მისი პროპაგანდის მსხვერპლი რომ არ გავხდეთ.
„მტვრისგან არიან აღებულნი“
სატანამ იობის ერთ-ერთი მეგობრის, ელიფაზის პირით, სცადა იმის დამტკიცება, რომ ადამიანი მეტისმეტად სუსტი არსებაა. მან თქვა, რომ ადამიანები თიხის სახლებში ცხოვრობენ და „მტვრისგან არიან აღებულნი. ჩრჩილზე სწრაფად იმუსრებიან. დილიდან საღამომდე იმსხვრევიან, სამუდამოდ იღუპებიან და არავის სწყდება გული“ (იობ. 4:19, 20).
წმინდა წერილებში ადამიანები თიხის ჭურჭელს, მყიფე ნაკეთობას ვართ შედარებული (2 კორ. 4:7). ჩვენ ცოდვისა და არასრულყოფილების გამო ვართ სუსტები (რომ. 5:12). იეჰოვა რომ არა, სატანა ადვილად „დაგვამსხვრევდა“. სისუსტეების მიუხედავად ღმერთი გვაფასებს (ეს. 43:4). უფრო მეტიც, თუ ვთხოვთ, იეჰოვა მოგვცემს წმინდა სულს (ლუკ. 11:13). მის სულს შეუძლია მოგვცეს „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, ეს ძალა კი სატანის ნებისმიერ თავდასხმას გადაგვატანინებს (2 კორ. 4:7; ფილ. 4:13). თუ ეშმაკს წინ აღვუდგებით „მტკიცე რწმენით“, ღმერთი გაგვაძლიერებს და განგვამტკიცებს (1 პეტ. 5:8—10). აქედან გამომდინარე, სატანა ეშმაკის არ უნდა გვეშინოდეს.
კაცი „წყალივით სვამს უმართლობას“
„ვინ არის მოკვდავი კაცი, სუფთა რომ იყოს, ან ქალის შობილი ვინ იქნება მართალი?“, — იკითხა ელიფაზმა. შემდეგ თავის შეკითხვას თავადვე უპასუხა: „არ ენდობა ის [ღმერთი] თავის წმინდებს და ზეცაც არ არის სუფთა მის თვალში. მით უმეტეს, როცა ვინმე საძულველი და გახრწნილია, კაცი, რომელიც წყალივით სვამს უმართლობას“ (იობ. 15:14—16). ფაქტობრივად, ელიფაზი იობს ეუბნებოდა, რომ იეჰოვას თვალში მართალი არავინ იყო. ეშმაკს უნდა, რომ ჩვენც ასე ვიფიქროთ. მას უნდა, რომ დღემდე ვდარდობდეთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო, მეტისმეტად თვითკრიტიკულები ვიყოთ და ვიფიქროთ, რომ არასოდეს გავხდებით ღვთისმოსაწონები. მას უნდა დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა ბევრს ითხოვს ჩვენგან და იმდენად ცოდვილები ვართ, რომ მისი თანაგრძნობის, პატიებისა და მხარდაჭერის იმედი არ უნდა გვქონდეს.
რა თქმა უნდა, ყველამ შევცოდეთ და მოკლებულნი ვართ ღვთის დიდებას. არასრულყოფილი ადამიანი ვერასოდეს შეძლებს იეჰოვას ნორმების სრულყოფილად დაცვას (რომ. 3:23; 7:21—23). მაგრამ ამის გამო ღმერთი არარაობად არ გვთვლის. იეჰოვამ იცის, რომ „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“, ჩვენი ცოდვილი მდგომარეობით სარგებლობს (გამოცხ. 12:9, 10). ღმერთს ახსოვს, რომ „მტვერი ვართ“ და არ გვდებს ბრალს (ფსალმ. 103:8, 9, 14).
თუ მივატოვებთ ბოროტ გზას და მოდრეკილი გულითა და მომნანიე სულით იეჰოვას დავუახლოვდებით, ის გვაპატიებს (ეს. 55:7; ფსალმ. 51:17). „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“, — ნათქვამია ბიბლიაში (ეს. 1:18). ამიტომ არასოდეს შევწყვიტოთ ღვთის ნების შესრულება.
ცოდვილი მდგომარეობის გამო ღვთის თვალში მართლები არა ვართ. ადამმა და ევამ არა მარტო თავად დაკარგეს სრულყოფილება და მარადიული სიცოცხლე, არამედ ჩვენც დაგვაკარგვინეს (რომ. 6:23). მაგრამ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ; მან ყველაფერი გააკეთა, ჩვენს ცოდვებში რომ არ დავრჩენილიყავით. თუ გვინდა, რომ ცოდვები გვეპატიოს, უნდა გვჯეროდეს, რომ იესო ქრისტეს გაღებულ მსხვერპლს ჩვენი ხსნა შეუძლია (მათ. 20:28; იოან. 3:16). ეს „ღვთის წყალობის უდიდესი დადასტურებაა!“ (ტიტ. 2:11). აქედან გამომდინარე, ცოდვებისგან ჩვენი დახსნა შესაძლებელია. მაშ, არ მივცეთ სატანას იმის უფლება, გვაფიქრებინოს, რომ ჩვენი ცოდვები უპატიებელია!
„ხელი შეახე მის ძვალსა და ხორცს“
სატანა ამტკიცებდა, რომ იობი რწმენას უარყოფდა, თუ ჯანმრთელობა შეერყეოდა. ეშმაკმა იეჰოვას უთხრა: „ხელი შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობ. 2:5). ღვთის მტერი უეჭველად გაიხარებს, თუ ავადმყოფობის გამო თავს უსარგებლოდ გვაგრძნობინებს.
მაგრამ იეჰოვა ხელს არ გვკრავს, თუ მას ძველებურად ვეღარ ვემსახურებით. როგორ მოიქცევით, თუ თქვენი მეგობარი თავდასხმის მსხვერპლი გახდა და დაშავდა? ნაკლებად დააფასებთ იმის გამო, რომ იმდენს ვეღარ აკეთებს თქვენთვის, რამდენსაც ადრე აკეთებდა? ცხადია, არა! ის მაინც გეყვარებათ და მზრუნველობას არ მოაკლებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თქვენი საქმის გამო დაზარალდა. განა, იეჰოვა უფრო მეტს არ გააკეთებს ჩვენთვის? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10).
ბიბლიაში მოხსენიებულია ერთი „გაჭირვებული ქვრივი“, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში სწირავდა ფულს ღვთის თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად. იესომ დაინახა, რომ მან „ორი პატარა მონეტა“ ფულის ჩასაყრელში ჩააგდო. დააფასა იესომ ქვრივი და მის მიერ გაღებული მცირე შესაწირავი? იესომ შეაქო ქვრივი იმის გამო, რომ მან თავისი მდგომარებიდან გამომდინარე ყველაფერი გაიღო, რაც ჰქონდა (ლუკ. 21:1—4).
თუ ღვთის ერთგულები დავრჩებით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ როგორი კვალიც უნდა დააჩნიოს არასრულყოფილებამ ჩვენს ჯანმრთელობას, იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას საფრთხე არ დაემუქრება. იეჰოვა არასდროს უარყოფს თავის ერთგულ მსახურებს უბრალოდ იმიტომ, რომ მათი შესაძლებლობები შეზღუდულია (ფსალმ. 71:9, 17, 18).
აიღეთ „ხსნის მუზარადი“!
როგორ დავიცვათ თავი სატანის პროპაგანდისგან? მოციქულმა პავლემ დაწერა: „გაძლიერდით უფალში და მის ძლევამოსილებაში. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს“. სულიერი საჭურვლიდან ერთ-ერთი „ხსნის მუზარადია“ (ეფეს. 6:10, 11, 17). სატანის პროპაგანდისგან თავის დასაცავად, მუზარადი უნდა ავიღოთ და ყოველთვის თავზე გვეხუროს. მუზარადი იცავს ჯარისკაცის თავს, ხოლო „ხსნის იმედი“, ანუ იმის ღრმა რწმენა, რომ ღვთის დანაპირები უსათუოდ შესრულდება ახალ ქვეყნიერებაში, დაიცავს ჩვენს გონებას სატანის სიცრუისგან (1 თეს. 5:8). წმინდა წერილების კარგი შესწავლით ჩვენი იმედი უფრო ძლიერი და რეალური გახდება.
იობმა აიტანა სატანის მზაკვრული და სასტიკი თავდასხმები. მას იმდენად სჯეროდა მკვდრეთით აღდგომის, რომ სიკვდილის შიშმაც ვერ დასცა სულით. მან იეჰოვას უთხრა: „დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობ. 14:15). ღვთის ერთგულებისთვის რომც მომკვდარიყო, იობს სწამდა, რომ ღმერთს უყვარდა ერთგული მსახურები და მათ მკვდრეთით აღადგენდა.
ჩვენც მის მსგავსად უნდა ვენდობოდეთ ჭეშმარიტ ღმერთს. იეჰოვა აგვინაზღაურებს ნებისმიერ ზარალს, რაც სატანამ და დემონებმა მოგვაყენეს. ყოველთვის გახსოვდეთ პავლეს სიტყვები: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორ. 10:13).
[სურათი 20 გვერდზე]
იეჰოვა აფასებს ჩვენს ერთგულ მსახურებას
[სურათი 21 გვერდზე]
აიღეთ ხსნის მუზარადი და ყოველთვის თავზე გეხუროთ!