ᲑᲔᲑᲔᲠᲐ, ᲛᲣᲬᲣᲙᲘ, ᲬᲧᲚᲣᲚᲘ
ებრაულ წერილებში სიტყვები შეხინ და მაზორ გადმოტანილია როგორც „ბებერა“, „მუწუკი“ და „წყლული“. შეხინში, როგორც წესი, იგულისხმება ფურუნკული ანუ ძირმაგარა. ეს არის კანზე გაჩენილი ჩირქგროვა, რომელსაც იწვევს თმის ფოლიკულში ან კანის საოფლე და ცხიმოვან ჯირკვლებში შეჭრილი ბაქტერია. თავიდან კანი წითლდება და ვითარდება შეშუპება, რის შემდეგაც ჩნდება ჩირქოვანი კვანძი, საიდანაც ჩირქი იწყებს დენას. ბოლოს მკვრივი ჩირქის ბუდეც ვარდება. ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ფურუნკული ჩნდება. თმის რამდენიმე მოსაზღვრე ფოლიკულის და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ანთებას „კარბუნკული“ ეწოდება. ის ფურუნკულთან შედარებით უფრო მწვავე ფორმებით მიმდინარეობს, უფრო მტკივნეულია და შეიძლება ახასიათებდეს თავის ტკივილი, სიცხე და სისუსტე, გართულების შემთხვევაში კი ფატალური აღმოჩნდეს.
როდესაც იეჰოვამ ეგვიპტელებს მეექვსე სასჯელი დაატეხა თავს, მათ და მათ პირუტყვს ჩირქოვანმა მუწუკებმა გამოაყარა (გმ. 9:8—11). ეს შესაძლოა ყოფილიყო კანის ზედაპირიდან წამოწეული არაერთი ჩირქგროვა. თუმცა ბიბლიაში მოცემული ამ მოკლე აღწერილობიდან შეუძლებელია, ზუსტად დავადგინოთ, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე.
იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, რომ ურჩობის შემთხვევაში მათ „ეგვიპტის ბებერებს“ შეჰყრიდა. შემდეგ კი დასძინა: „იეჰოვა მტკივნეულ და უკურნებელ ბებერებს [ებრ. ბიშხინ რა‛] შეგყრით მუხლებსა და ფეხებზე, ტერფიდან თხემამდე“ (კნ. 28:15, 27, 35).
მოსეს კანონიდან ვიგებთ, რომ მორჩენილი მუწუკის ადგილას შეიძლება გაჩენილიყო ლაქა ან კეთრი. თუ დათვალიერების შემდეგ დაინახავდნენ, რომ ეს კეთრი იყო, ადამიანს მაშინვე გაუწმინდურებულად გამოაცხადებდნენ, სხვა შემთხვევაში კი მას შვიდი დღით განაცალკევებდნენ. თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ დაავადება არ იყო გავრცელებული, მღვდელი მას განწმენდილად გამოაცხადებდა, რადგან ეს უბრალოდ ანთება იყო (ლვ. 13:18—23).
სატანამ იობი „თავიდან ფეხებამდე დააწყლულა [ებრ. ბიშხინ რა‛]“ (იობ. 2:7). უცნობია, ზუსტად რა დაავადება შეჰყარა სატანამ მას. გატანჯული იობი ჭურჭლის ნატეხით იქავებდა კანს (იობ. 2:8); სხეული მატლებით ჰქონდა დაფარული და კანი — წყლულებით (იობ. 7:5); პირის ღრუდან აუტანელი სუნი ამოსდიოდა (იობ. 19:17); საშინელი ტკივილი ტანჯავდა; კანი გაუშავდა კიდეც და ასძვრა (იობ. 30:17, 30).
იუდას მეფე ხიზკიას წყლული გაუჩნდა და ისე მძიმედ დასნეულდა, რომ „სიკვდილის პირას იყო“. ესაია წინასწარმეტყველის რჩევისამებრ, მას წყლულზე ლეღვის კვერი დაადეს, რის შემდეგაც გამოკეთდა (2მფ. 20:1, 7; ეს. 38:1, 21). თუმცა ფაქტია, მისი გამოჯანმრთელება მხოლოდ ლეღვის სამკურნალო თვისებების კი არა, იეჰოვას დამსახურება იყო (2მფ. 20:5).
როგორც აღვნიშნეთ, კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც ნათარგმნია წყლულად, არის მაზორ. ის შეიძლება გაჩნდეს როგორც კანზე მისი დაზიანების, მაგალითად გადაყვლეფის გამო, ისე ლორწოვან გარსზე. ხშირ შემთხვევაში წყლული ჩირქმდენია და იწვევს დაზიანებული ქსოვილის დაშლასა და კვდომას. ის მეტწილად მუხლქვემოთ ჩნდება და ახასიათებს სიმხურვალე და ტკივილი.
ზოგს მიაჩნია, რომ ებრაულ სიტყვაში მაზორ იგულისხმება ისეთი ტიპის ჩირქოვანი ჭრილობა, რომელიც ჩირქის გამოსადევნად ხელოვნურ ჩარევას საჭიროებს. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში წყლულად ნათარგმნია ჰელკოს. სეპტუაგინტაში გამოსვლის 9:9-სა და იობის 2:7-ში ამ სიტყვითაა გადმოტანილი ებრაული სიტყვა შეხინ.
გადატანითი მნიშვნელობით. ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ ურჩობისა და ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვის გამო ეფრემი (ისრაელი) დაავადდა, იუდას კი წყლული გაუჩნდა. თუმცა მათ მტრისგან თავის დასაცავად მფარველობა იეჰოვას კი არ სთხოვეს, ასურეთის მეფეს მიმართეს, რომელმაც ისინი ვერ განკურნა „წყლულისგან“ (ოს. 5:13). მოგვიანებით, სიონზეც ითქვა, რომ ის დაწყლულდა, როცა მისი მკვიდრნიც ბაბილონში გადაასახლეს (იერ. 30:12—15, 17; შდრ. ლკ. 16:20, 21; გმც. 16:2, 10, 11).