„ადიდე, სულო ჩემო უფალი“
„ბოლო თვეებში ჩემი მსახურება მოსაწყენი და უღიმღამო გახდა“ — ამბობს ნენსიa. დაახლოებით ათი წელია ის პიონერად, კეთილი ცნობის სრული დროით მქადაგებლად, მსახურობს. ის დასძენს: „არ მომწონს, რაც მემართება. სამეფოს შესახებ ცნობას უხალისოდ და უგულოდ ვაცნობ ხალხს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე?“
განვიხილოთ კითის მაგალითიც, რომელიც იეჰოვას მოწმეების კრებაში უხუცესად მსახურობს. როგორ გაოცდა, როდესაც ცოლმა უთხრა: „რაღაც ფიქრებში ხარ გართული. ამ წუთას ლოცვაში საკვებისთვის გადაუხადე იეჰოვას მადლობა, თუმცა არც სადილობას ვაპირებთ და არც ვახშმობას“. კითმა აღიარა: „ვამჩნევ, რომ ჩემი ლოცვები მექანიკური გახდა“.
უეჭველია, არ გსურს, რომ იეჰოვას სადიდებლად აღვლენილი შენი სიტყვები ცივი და ზერელე იყოს. პირიქით, გინდა რომ ისინი გულწრფელი და მადლიერების გრძნობით განმსჭვალული იყოს. მაგრამ გრძნობას ტანსაცმელივით ვერ ჩაიცვამ და გაიხდი. ის გულიდან უნდა მოდიოდეს. როგორ შეუძლია პიროვნებას, მთელი გულით მადლიერი იყოს? ამ მხრივ 102-ე ფსალმუნი გვეხმარება.
ეს, 102-ე ფსალმუნი ძველი დროის ისრაელის მეფე დავითმა დაწერა. ის შემდეგი სიტყვებით იწყება: „ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო — მისი წმიდა სახელი“ (ფსალმუნი 102:1). „სიტყვა ადიდე, რომელიც ღვთისადმია მიმართული — ნათქვამია ერთ ნაშრომში, — ნიშნავს ქებას, რომელიც ყოველთვის გამოხატავს მის მიმართ უსაზღვრო სიყვარულსა და მადლიერებას“. იმის დიდი სურვილით, რომ დიდი სიყვარულითა და მადლიერებით ექო იეჰოვა, დავითი მოუწოდებდა თავის სულს — საკუთარ თავს: „ადიდე. . . უფალი“. მაგრამ რა იწვევდა დავითის გულში ასეთ თბილ გრძნობას ღვთის მიმართ, რომელსაც ემსახურებოდა?
დავითი აგრძელებს: „ნუ დაივიწყებ მის [იეჰოვას] ქველმოქმედებას“ (ფსალმუნი 102:2). იეჰოვასადმი მადლიერების გრძნობა, ცხადია, დაკავშირებული იყო „მის ქველმოქმედებაზე“ მადლიერებით ფიქრთან. იეჰოვას რომელი „ქველმოქმედებები“ ჰქონდა დავითს მხედველობაში? იეჰოვა ღმერთის შემოქმედებას, მაგალითად ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, შეუძლია შემოქმედისადმი გულის მადლიერებით აღვსება. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა დავითზე (ფსალმუნი 8:4, 5; 18:2). მაგრამ 102-ე ფსალმუნში დავითი იეჰოვას სხვაგვარ მოქმედებებს იხსენებს.
იეჰოვა „არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა“
ამ ფსალმუნში დავითი გვიყვება ღვთის საქმეების შესახებ, რომლებიც მის წყალობას ირეკლავს. მათ შორის პირველსა და უმთავრესზე ის მღერის: „ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა“ (ფსალმუნი 102:3). დავითს შეგნებული ჰქონდა თავისი ცოდვილი მდგომარეობა. როდესაც წინასწარმეტყველმა ნათანმა ამხილა ბათშებაყთან მრუშობაში, დავითმა ღმერთს მიმართა: „შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში“ (ფსალმუნი 50:6). გულმოდრეკილი მეფე ევედრებოდა: „შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შებრალებისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული. მრავლად განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმინდე“ (ფსალმუნი 50:3, 4). რა დიდი მადლიერება უნდა ეგრძნო დავითს მიტევებისთვის! რადგან არასრულყოფილი ადამიანი იყო, დავითი სხვა ცოდვებსაც სჩადიოდა, მაგრამ არასოდეს უარყვია მონანიება, იღებდა გაკიცხვასა და გამოსასწორებელ ზომებს. მისადმი გამოვლენილ ღვთის გულკეთილ, საოცარ საქმეებზე ფიქრმა დავითი აღძრა, განედიდებინა იეჰოვა.
განა ჩვენც ცოდვილები არა ვართ? (რომაელთა 5:12). პავლე მოციქულიც კი მოთქვამდა: „ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?“ (რომაელთა 7:22-24). რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა არ გვითვლის შეცდომებს! ის დიდი სიამოვნებით „შლის“ მათ, როცა ვინანიებთ და მიტევებას ვეძებთ.
დავითი საკუთარ თავს ახსენებს: „[იეჰოვაა] მკურნალი ყველა შენი სნეულებისა“ (ფსალმუნი 102:3). რადგან განკურნება აღდგენას, განახლებას ნიშნავს, ის შეცდომის მიტევებაზე მეტს მოიცავს. ის გულისხმობს „სნეულების“ — ჩვენი შეცდომების ცუდი შედეგების — თავიდან მოცილებას. ახალ ქვეყნიერებაში, რომელსაც თვითონ დაამყარებს, იეჰოვა აღმოფხვრის ცოდვის ისეთ შედეგებს, როგორებიცაა ავადმყოფობა და სიკვდილი (ესაია 25:8; გამოცხადება 21:1-4). თუმცა ღმერთი დღესდღეობითაც გვკურნავს — სულიერი სნეულებებისგან. ზოგისთვის ეს ნიშნავს გაუხეშებული სინდისისა და იეჰოვასთან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას. „არ დავივიწყოთ“, რა გააკეთა იეჰოვამ თითოეული ჩვენგანისთვის უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ის „დამხსნელია შენი სიცოცხლისა“
„[იეჰოვა] საფლავიდან დამხსნელია შენი სიცოცხლისა“, — მღერის დავითი (ფსალმუნი 102:4). „საფლავში“ ნაგულისხმევია კაცობრიობის საერთო სამარე — შეოლი, ანუ ჰადესი. ისრაელის სამეფო ტახტზე ასვლის წინ დავითმა აღმოაჩინა, რომ სიკვდილი ემუქრებოდა. მაგალითად, ისრაელის მეფეს, საულს, დავითი ძალიან ეჯავრებოდა და მარჯვე შემთხვევებს ეძებდა მის მოსაკლავად (პირველი მეფეთა 18:9-29; 19:10; 23:6-28). ფილისტიმელებსაც სურდათ დავითის სიკვდილი (პირველი მეფეთა 21:11-16). მაგრამ იეჰოვა ყოველთვის იხსნიდა ხოლმე „საფლავიდან“. რა დიდი მადლიერება უნდა ეგრძნო დავითს, როდესაც იხსენებდა იეჰოვას ამ „ქველმოქმედებებს“.
რა შეიძლება ითქვას შენს შესახებ? მხარში გედგა იეჰოვა დეპრესიის ან საყვარელი ადამიანის სიკვდილის დროს? ან გაგიგია შემთხვევები, როდესაც თავისი ერთგული მსახურები სიკვდილს გადაარჩინა ჩვენს დღეებში? ალბათ აღგაფრთოვანათ მისი ხსნის საქმეების კითხვამ, რომელიც ამ ჟურნალშია მოცემული. რატომ არ გამოვნახავდით დროს ღვთის ამ კეთილ საქმეებზე მადლიერებით ფიქრისთვის? და, რაღა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი მადლიერი უნდა იყოს იეჰოვასი აღდგომის იმედისთვის (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).
იეჰოვა გვაძლევს სიცოცხლესაც და იმასაც, რაც ჩვენს ცხოვრებას სასიამოვნოსა და საამოს ხდის. ფსალმუნმომღერალი აცხადებს, რომ ღმერთი არის „შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით“ (ფსალმუნი 102:4). როდესაც გვიჭირს იეჰოვა არ გვტოვებს მარტო, არამედ გვეხმარება თავისი ხილული ორგანიზაციისა და კრების უხუცესების ანუ მწყემსების მეშვეობით. ასეთი დახმარება სიძნელეების გადალახვის ძალას გვაძლევს და პირადი ღირსების გრძნობასაც არ გვაკარგვინებს. ქრისტიანი მწყემსები ძალიან ბევრს ზრუნავენ ცხვრებზე. ისინი ამხნევებენ ავადმყოფებსა და დეპრესიაში მყოფებს და ყველაფერს აკეთებენ დაცემულთა წამოსაყენებლად (ესაია 32:1, 2; 1 პეტრე 5:2, 3; იუდა 22, 23). იეჰოვას სული აღძრავს ამ მწყემსებს, რომ სამწყსოს მიმართ თანამგრძნობნი და მოსიყვარულენი იყვნენ. მისი „წყალობა და შემბრალებლობა“ გვირგვინივითაა, რომელიც გვამშვენებს და ღირსების გრძნობას გვაძლევს. არასდროს დავივიწყოთ მისი „ქველმოქმედება“ და განვადიდოთ იეჰოვა და მისი წმინდა სახელი.
შემდეგ დავითი საკუთარი თავის შეგონებას შემდეგი სიტყვებით განაგრძობს: «[იეჰოვა არის] სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა [„სიცოცხლისა“, აქ], არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა» (ფსალმუნი 102:5). სიცოცხლეს, რომელსაც იეჰოვა გვაძლევს, კმაყოფილება და სიხარული მოაქვს. ჭეშმარიტების შესახებ ზუსტი შემეცნება შეუდარებელი განძი და უდიდესი სიხარულის წყაროა! დაფიქრდით, რამდენად სასიამოვნოა იეჰოვას მიერ მოცემული სამუშაო — ქადაგება და მოწაფეების მომზადება. რაოდენ სასიხარულოა ჭეშმარიტი ღვთის შესახებ მეტის გაგების მსურველის პოვნა და იეჰოვას შეცნობასა და მის განდიდებაში მისთვის დახმარების გაწევა! მიუხედავად იმისა ჩვენს სამეზობლოში გვისმენენ თუ არა, დიდი პატივია იეჰოვას სახელის განწმენდაში მონაწილეობა და მისი უზენაესი ხელისუფლებისთვის მხარის დაჭერა.
ღვთის სამეფოს შესახებ გამუდმებით ქადაგებისას ვინ არ დაიღლება? მაგრამ იეჰოვა განუახლებს ხოლმე თავის მსახურებს ძალას, „არწივივით“ ხდის მათ, რომელსაც ძლიერი ფრთები აქვს და ცაში ძალიან, ძალიან მაღლა ლივლივებს. რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა გვმატებს ისეთ „ძალას“, რომ ერთგულად შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი მსახურება დღითი დღე! (ესაია 40:29-31).
მაგალითად, კლარა სრული სამუშაო დღით მუშაობს და სამქადაგებლო მსახურებაშიც ყოველთვიურად 50 საათს ატარებს. ის ამბობს: „ზოგჯერ დაღლილი ვარ და საკუთარი თავისთვის ძალდატანება მიხდება, საქადაგოდ რომ წავიდე და ესეც იმიტომ, რომ ვინმესთან მაქვს შეხვედრა დათქმული. მაგრამ, როგორც კი ქადაგებას ვიწყებ, ყოველთვის ძალა მემატება“. შეიძლება შენც გიგრძვნია ძალა, რომელიც ღმერთს მოუცია ქრისტიანულ მსახურებაში. შენი გულიც იყოს აღძრული 102-ე ფსალმუნში ნათქვამი დავითის პირველი სიტყვების გასამეორებლად: „ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ“.
იეჰოვა თავის ხალხს ათავისუფლებს
ფსალმუნმომღერალი აგრეთვე მღერის: „სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის. აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს — თავისი საქმენი“ (ფსალმუნი 102:6, 7). ალბათ, დავითი მოსეს დროს ეგვიპტის უღელქვეშ მყოფ „ჩაგრულ“ ისრაელებზე ფიქრობდა. იმაზე ფიქრს, როგორ ამცნო იეჰოვამ მოსეს განთავისუფლების შესახებ, მადლიერების გრძნობა უნდა გაეჩინა დავითის გულში.
ჩვენც შეიძლება აღგვეძრას მადლიერების გრძნობა ისრაელთან იეჰოვას ურთიერთობაზე ფიქრით. მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან იეჰოვას დღევანდელი მსახურების მაგალითები, რომლებიც მოხსენიებულია წიგნის „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ 29-ე, 30-ე თავებში (ინგლ.). ამ წიგნში და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სხვა პუბლიკაციებში ჩაწერილი ცნობები გვანახვებს, როგორ დაეხმარა იეჰოვა თავის ხალხს ჩვენს დროში, აეტანათ პატიმრობა, თავდასხმები, აკრძალვები, საკონცენტრაციო ბანაკები და შრომა-გასწორების კოლონიები. გამოცდები ჰქონდათ ომისგან გაპარტახებულ ისეთ ქვეყნებში მცხოვრებ მოწმეებსაც, როგორიცაა ბურუნდი, ლიბერია, რუანდა და ყოფილი იუგოსლავია. იეჰოვა ყოველთვის გვერდში ედგა თავის ერთგულ მსახურებს დევნის დროს. ჩვენი დიდებული ღმერთ იეჰოვას, ამ დიდებულ „ქველმოქმედებებზე“ ფიქრმა, ჩვენზე შეიძლება ისეთივე ზემოქმედება მოახდინოს, როგორიც ეგვიპტის ტყვეობიდან გათავისუფლებაზე ფიქრმა მოახდინა დავითზე.
განვიხილოთ, აგრეთვე, როგორ სიყვარულით გვათავისუფლებს იეჰოვა ცოდვის ტვირთისგან. ის ზრუნავს, რომ ‘ქრისტეს სისხლით განწმიდოს ჩვენი სინდისი მკვდარი საქმეებისაგან’ (ებრაელთა 9:14). როდესაც ვინანიებთ ჩვენს ცოდვებს და ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე ვეძებთ პატიებას, ღმერთი ჩვენს დანაშაულს ისე გვაშორებს, „როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან“ — და გვაძლევს თავის წყალობას. აგრეთვე დაფიქრდი რით უზრუნველგვყო იეჰოვამ: ქრისტიანული შეხვედრები, აღმშენებლური ურთიერთობა, მწყემსები კრებაში და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა, რომელსაც „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით ვღებულობთ (მათე 24:45). განა იეჰოვას ეს „ქველმოქმედებები“ არ გვეხმარება, განვამტკიცოთ მასთან ჩვენი ურთიერთობა? დავითი აცხადებს: „შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. . . არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა“ (ფსალმუნი 102:8-14). იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობაზე ფიქრს უეჭველად შეუძლია აღგვძრას, განვადიდოთ ის და მისი წმინდა სახელი.
„ადიდეთ უფალი, ყოველნო მისნო ნამოქმედარო“
იეჰოვას, „საუკუნო ღმერთის“, უკვდავებასთან შედარებით, „დღენი კაცისა“ მოკლეა „ველის ყვავილივით“. მაგრამ დავითი მადლიერებით ფიქრობს: „ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე — შვილთაშვილებზე, ვინც იცავს მის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც“ (დაბადება 21:33; ფსალმუნი 102:15-18). იეჰოვა არ ივიწყებს ღვთისმოშიშებს და თავის დროზე მარადიულ სიცოცხლეს მისცემს მათ (იოანე 3:16; 17:3).
იეჰოვას მეფობისადმი მადლიერების გამოხატვით დავითმა თქვა: „უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს“ (ფსალმუნი 102:19). თუმცა იეჰოვას მეფობა ისრაელის სამეფოთი გამოიხატებოდა, მისი ტახტი ზეცაშია. რადგან იეჰოვამ შექმნა ყოველივე, ის სამყაროს უზენაესი მმართველია და თავის ნებას ზეცაშიც და დედამიწაზეც საკუთარი განზრახვისამებრ ავლენს.
დავითი ზეციერ სულიერ ქმნილებებსაც კი მოუწოდებს: „ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს. ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო. ადიდეთ უფალი, ყოველი მისი ნამოქმედარი [„ყოველნო მისნო ნამოქმედარო“, აქ], მისი მეუფების ყველა ადგილას. ადიდე, სულო ჩემო, უფალი“ (ფსალმუნი 102:20-22). ჩვენთვის გაკეთებულმა იეჰოვას წყალობის საქმეებზე ფიქრმა განა არ უნდა აღგვძრას, განვადიდოთ ის? აუცილებლად! შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის ქებისას ჩვენი ხმა არ დაიკარგება უამრავ ხოტბის შემსხმელთა ხმებში, რომელსაც ერთგული ანგელოზებიც კი აღავლენენ. მთელი გულით ვაქოთ ჩვენი ზეციერი მამა და ყოველთვის კარგი ვთქვათ მასზე. მართლაცდა გულში ჩავიდოთ დავითის სიტყვები „ადიდე, სულო ჩემო უფალი“.
[სქოლიო]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
[სურათი 23 გვერდზე]
დავითი ფიქრობდა იეჰოვას წყალობის საქმეებზე. შენ?