ᲗᲐᲕᲘ 26
ღმერთი მიმტევებელია
1—3. ა) რა მძიმე ტვირთს ატარებდა ფსალმუნმომღერალი დავითი და როგორ პოვა მისმა დამწუხრებულმა გულმა ნუგეში? ბ) როდესაც ვცოდავთ, რა ტვირთი შეიძლება დაგვაწვეს, მაგრამ რაში გვარწმუნებს იეჰოვა?
„ᲣᲛᲫᲘᲛᲔᲡ ტვირთად დამაწვა. გავხევდი და მთლად გავნადგურდი“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა დავითმა (ფსალმუნი 38:4, 8). დავითმა იცოდა, თუ რამდენად მძიმე ტვირთი შეიძლებოდა ყოფილიყო სინდისის ქენჯნა. მაგრამ მისმა დამწუხრებულმა გულმა ნუგეში პოვა. ის მიხვდა, რომ იეჰოვას სძულს ცოდვა, მაგრამ არა ცოდვილი, თუ იგი ჭეშმარიტად ინანიებს და თავს ანებებს ცოდვილთა გზაზე სიარულს. დავითმა, რომელიც სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა მზადაა მომნანიებელთა მიმართ გულმოწყალების გამოსავლენად, თქვა: „იეჰოვა, რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ“ (ფსალმუნი 86:5).
2 როდესაც ვცოდავთ, შეიძლება სინდისის ქენჯნის გამო ჩვენც ვატარებდეთ მძიმე ტვირთს. სინდისის ქენჯნა სასარგებლოა. მას შეუძლია ჩვენი შეცდომების გამოსასწორებლად სწორი ნაბიჯები გადაგვადგმევინოს. მაგრამ იმის საშიშროებაც არსებობს, რომ დანაშაულის გრძნობამ დაგვთრგუნოს. ჩვენი მსჯავრმდებელი გული შეიძლება გვარწმუნებდეს, რომ, როგორც უნდა მოვინანიოთ, იეჰოვა მაინც არ მოგვიტევებს ცოდვებს. თუ დარდი გვშთანთქავს, სატანა ეცდება, ხელი ჩაგვაქნევინოს და გვაფიქრებინოს, რომ იეჰოვასთვის უღირსი და უვარგისი მსახურები ვართ (2 კორინთელები 2:5—11).
3 ნუთუ მართლა უღირსნი ვართ იეჰოვასთვის? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა მიმტევებლობითაც ავლენს ჩვენდამი უდიდეს სიყვარულს. ის თავის სიტყვაში გვარწმუნებს, რომ, როდესაც მთელი გულით, გულწრფელად ვინანიებთ, მზად არის, გვაპატიოს (იგავები 28:13). მოდი გამოვიკვლიოთ, რატომ და როგორ გვპატიობს იეჰოვა, რათა არასოდეს ვიფიქროთ, რომ ის ჩადენილ ცოდვებს არ გვაპატიებს.
რატომ გვპატიობს იეჰოვა?
4. რა ახსოვს იეჰოვას ჩვენი ბუნების შესახებ და როგორ გვეპყრობა აქედან გამომდინარე?
4 იეჰოვამ იცის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები. „კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“, — ნათქვამია ფსალმუნის 103:14-ში. მას არ ავიწყდება, რომ მტვრისგან ვართ შექმნილი და არასრულყოფილების გამო სისუსტეები გვაქვს. გამოთქმა მან „იცის ჩვენი აგებულება“, შეგვახსენებს იერემიას 18:2—6-ში ჩაწერილ სიტყვებს, სადაც იეჰოვა მეთუნესაა შედარებული, ჩვენ კი მის მიერ გაკეთებულ თიხის ჭურჭელს. დიდებული მეთუნე რბილად, ჩვენი ცოდვილი ბუნების შესაბამისად, გვეპყრობა და მხედველობაში იღებს იმას, თუ რამდენად შესაძლებელია ჩვენთვის მისი ხელმძღვანელობის მიყოლა.
5. როგორ არის აღწერილი ცოდვის მარწუხები რომაელთა მიმართ მიწერილ წერილში?
5 იეჰოვას ესმის, რამდენად ძლიერია ცოდვა. ბიბლია ცოდვას ძლიერ ძალად აღწერს, რომელსაც ადამიანები თავის მომაკვდინებელ მარწუხებში ჰყავს მოქცეული. რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ცოდვის მარწუხები? რომაელთა მიმართ მიწერილ წერილში პავლე გვიხსნის, რომ ჩვენ „ცოდვის ტყვეობაში“ ვართ, ზუსტად ისე, როგორც ჯარისკაცები ექვემდებარებიან თავიანთ მეთაურებს (რომაელები 3:9); ცოდვა „მეფობს“ კაცობრიობაზე (რომაელები 5:21); ცოდვა ჩვენშია დამკვიდრებული (რომაელები 7:17, 20); „ცოდვის კანონი“ გამუდმებით ახდენს ზემოქმედებას და ცდილობს, დაგვიმონოს (რომაელები 7:23, 25). რა ძლიერ მოქმედებს ცოდვა ჩვენს დაცემულ სხეულზე! (რომაელები 7:21, 24).
6, 7. ა) როგორ ეპყრობა იეჰოვა მას, ვინც მოდრეკილი გულით ითხოვს პატიებას? ბ) რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ბოროტად ღვთის წყალობით?
6 ამიტომაც, იეჰოვამ იცის, რომ ჩვენთვის შეუძლებელია სრულყოფილად დავემორჩილოთ, თუნდაც მთელი გულით ვცდილობდეთ ამას. ის სიყვარულით გვარწმუნებს, რომ შეგვიწყალებს, თუ მოდრეკილი გულით ვეძებთ მის წყალობას. ფსალმუნის 51:17 ამბობს: „ღვთისთვის საამო მსხვერპლი დამწუხრებული სულია; მომნანიებელ და მოდრეკილ გულს შენ არ უგულებელყოფ, ღმერთო“. იეჰოვა არასოდეს უგულებელყოფს დანაშაულის გრძნობით „მომნანიებელ და მოდრეკილ გულს“.
7 მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ შეგვიძლია ღვთის წყალობა ბოროტად გამოვიყენოთ და ცოდვის ჩადენისას ცოდვილი ბუნებით გავიმართლოთ თავი? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვა მხოლოდ გრძნობებით არ ხელმძღვანელობს. მისი წყალობა უსაზღვრო არ არის. ის არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებს მას, ვინც ულმობლად და განზრახ სცოდავს და არ ინანიებს (ებრაელები 10:26). მეორე მხრივ, როდესაც მოდრეკილ გულს ხედავს, მზად არის მიუტევოს. განვიხილოთ ის ბიბლიური მუხლები, რომლებშიც მხატვრული ენით არის აღწერილი იეჰოვას სიყვარულის ეს მიმზიდველი თავისებურება.
როგორ გვპატიობს იეჰოვა?
8. რას აკეთებს იეჰოვა, როდესაც ცოდვებს გვპატიობს და რის საფუძველს გვაძლევს ეს?
8 ცოდვის მონანიების შემდეგ დავითმა თქვა: „ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე და დანაშაული არ დამიფარავს . . . შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული“ (ფსალმუნი 32:5). სიტყვა „მაპატიე“ ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან, რომელიც ძირითადად „აწევას“ ან „გადატანას“ ნიშნავს. ამ კონტექსტში კი დანაშაულის, ბრალის მოშორებას გამოხატავს. ფაქტობრივად, იეჰოვამ „ასწია“ დავითის ცოდვები და მოაშორა მას. ეს უეჭველად შეუმსუბუქებდა მდგომარეობას დანაშაულის გრძნობით დატანჯულ დავითს (ფსალმუნი 32:3). ჩვენც შეგვიძლია სრულად მივენდოთ ღმერთს, რომელიც ცოდვებისგან ათავისუფლებს მომნანიებლებს, თუ ისინი იესოს გამოსასყიდისადმი თავიანთი რწმენის საფუძველზე ეძიებენ პატიებას (მათე 20:28).
9. როგორ გვაშორებს იეჰოვა ცოდვებს?
9 დავითმა სხვაგვარადაც აღწერა იეჰოვას მიმტევებლობა: „როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“ (ფსალმუნი 103:12). მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით ჩადის. რა მანძილით არის დაცილებული აღმოსავლეთი დასავლეთისგან? შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთი მათ შორის წარმოსახვითი მანძილის უკიდურესი წერტილებია, რომლებიც ყოველთვის დაშორებულია ერთმანეთისგან. ერთი მკვლევრის აზრით, ამ ფრაზაში იგულისხმება „ყველაზე დიდი მანძილი, რომლის წარმოდგენაც შეგვიძლია“. დავითის სიტყვებში, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა, ჩანს, რომ პატიებისას იეჰოვას ჩვენგან რაც შეიძლება შორს მიაქვს ჩადენილი ცოდვები.
10. როდესაც იეჰოვა გვაპატიებს ცოდვებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცოდვები ლაქებად დაგვრჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში?
10 გიცდია ოდესმე ღია ფერის ტანსაცმლიდან ლაქის ამოყვანა? შესაძლებელია, დიდი მცდელობის მიუხედავად, ლაქა მაინც შესამჩნევი დარჩა. ყურადღება მიაქციე, რას ამბობს იეჰოვა თავის პატიების უნარზე: „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება; შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს, მატყლს დაემსგავსება“ (ესაია 1:18). სიტყვა „ალისფერი“ მკვეთრ წითელ ფერს ნიშნავს.a „შინდისფერი“ კი ერთ-ერთ მუქ ფერად ითვლება (ნაუმი 2:3). საკუთარი ძალებით ვერასდროს შევძლებდით ცოდვის ლაქის მოშორებას. იეჰოვას კი შეუძლია აიღოს ჩვენი ალისფერი და შინდისფერი ცოდვები და თოვლივით და მატყლივით გაათეთროს. მას შემდეგ, რაც იეჰოვა გვაპატიებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მოგვიწევს ცოდვის ლაქის ტარება.
11. რა გაგებით ყრის იეჰოვა ჩვენს ცოდვებს თავის ზურგს უკან?
11 მომაკვდინებელი სენისგან გამოჯანმრთელების შემდეგ დაწერილ სიმღერაში ხიზკიამ იეჰოვას უთხრა: „ზურგს უკან მოისროლე ყველა ჩემი ცოდვა“ (ესაია 38:17). იეჰოვა თითქოს იღებს ადამიანის ცოდვებს და თავის ზურგს უკან ყრის, რომ აღარ დაინახოს და აღარასოდეს მიაქციოს ყურადღება. ერთი თეოლოგიური ლექსიკონის თანახმად, ამ ფრაზაში შემდეგი აზრია ჩადებული: „შენ მომაშორე [ცოდვები], თითქოს არასდროს ჩამიდენია“. განა ეს მანუგეშებელი არ არის?!
12. როგორ გვეუბნება მიქა, რომ იეჰოვა გვპატიობს და სამუდამოდ გვაშორებს ცოდვებს?
12 აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველებისას მიქამ მტკიცე რწმენა გამოხატა, რომ მონანიების შემდეგ იეჰოვა უსათუოდ აპატიებდა თავის ხალხს: „რომელი ღმერთი პატიობს შენსავით დანაშაულს და გვერდს უვლის თავისი ხალხის დარჩენილი ნაწილის ცოდვას?! . . . ზღვის სიღრმეებში მოისვრი ჩვენს ცოდვებს“ (მიქა 7:18, 19). წარმოიდგინე, რამდენად ძვირფასი იქნებოდა ეს სიტყვები ბიბლიურ დროში მცხოვრებთათვის. განა მოახერხებდა ვინმე ზღვის სიღრმიდან რამის ამოღებას?! ამრიგად, მიქა გვეუბნება, რომ იეჰოვა გვპატიობს და სამუდამოდ გვაშორებს ცოდვებს.
13. რას ნიშნავს იესოს სიტყვები „გვაპატიე ჩვენი ვალები“?
13 იესომ მოვალისა და მევალის ურთიერთობის მაგალითი გამოიყენა იეჰოვას მიმტევებლობის აღსაწერად. მან მოგვიწოდა, ლოცვისას გვეთქვა: „გვაპატიე ჩვენი ვალები“ (მათე 6:12). იესომ ცოდვები ვალებს შეადარა (ლუკა 11:4). როდესაც ვცოდავთ, იეჰოვას „მოვალეები“ ვხდებით. ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია სიტყვით „გვაპატიე“, ერთ ცნობარში იხსნება, როგორც „ვალის პატიება და აღარ მოთხოვნა“. შეიძლება ითქვას, რომ, როდესაც ცოდვებს გვპატიობს, იეჰოვა ივიწყებს ვალებს, რომელთა გადახდაც მოგვეთხოვებოდა. ეს ნამდვილად მანუგეშებელია შემცოდველისთვის, რომელიც ინანიებს. იეჰოვა არასდროს მოგვთხოვს „ვალების გადახდას“, თუკი უკვე გვაპატია! (ფსალმუნი 32:1, 2).
14. რა აზრი შეიძლება იყოს ჩადებული სიტყვებში „წაიშალოს თქვენი ცოდვები“?
14 იეჰოვას მიმტევებლობა საქმეების 3:19-შიც არის აღწერილი: „მოინანიეთ და მობრუნდით, რათა წაიშალოს თქვენი ცოდვები“. სიტყვით „წაიშალოს“ ნათარგმნია ბერძნული ზმნა, რომელიც შეიძლება „აღგვას. . . გაუქმებას ან განადგურებას“ ნიშნავდეს. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ მასში ხელნაწერის წაშლის აზრია ჩადებული. როგორ იშლებოდა იმ დროში ხელნაწერი? ძველად მელნად იყენებდნენ სითხეს, რომელიც ნახშირით, წებოვანი ნივთიერებითა და წყლით მზადდებოდა. ასეთი მელნის გამოყენების შემდეგ ადამიანს შეეძლო სველი ნაჭრით წაეშალა ნაწერი. აი, ახლა უკვე ნათლად გამოჩნდა იეჰოვას გულმოწყალების მშვენიერი სურათი. პატიებისას იეჰოვა თითქოს სველ ნაჭერს იღებს და ნაწერივით შლის ჩვენს ცოდვებს.
15. რის თქმა სურს ჩვენთვის იეჰოვას?
15 განა ამ მაგალითების განხილვის შემდეგ ნათელი არ არის, რისი თქმა სურს ჩვენთვის იეჰოვას?! განა არ ჩანს, რომ ის მზად არის, გვაპატიოს ცოდვები, თუ ხედავს, რომ გულწრფელად ვინანიებთ?! არ უნდა გვეშინოდეს, რომ მომავალში მოგვკითხავს პასუხს წარსულში ჩადენილ ცოდვებზე. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რასაც ბიბლია ცხადყოფს იეჰოვას უდიდესი გულმოწყალების შესახებ: იეჰოვას მიმტევებლობა ცოდვების დავიწყებასაც ნიშნავს.
იეჰოვას სურს ვიცოდეთ, რომ მზად არის, მოგვიტევოს.
„აღარ გავუხსენებ ცოდვას“
16, 17. რას ნიშნავს ბიბლიის სიტყვები, რომ იეჰოვა ივიწყებს ჩვენს ცოდვებს და რატომ პასუხობ ასე?
16 იეჰოვა დაჰპირდა ახალი შეთანხმების მონაწილეებს: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვას“ (იერემია 31:34). ნიშნავს ეს იმას, რომ პატიების შემდეგ იეჰოვას ძალა არ შესწევს, გაიხსენოს ადამიანის ცოდვები? ცხადია, არა. ბიბლიაში მოთხრობილია ბევრ ადამიანზე, რომლებსაც იეჰოვამ მიუტევა. ერთ-ერთი მათგანი დავითია (2 სამუელი 11:1—17; 12:13). უეჭველია, იეჰოვას დღესაც ახსოვს, რა ცოდვები ჩაიდინა თითოეულმა მათგანმა. ჩვენც შეგვიძლია წავიკითხოთ ის, რაც წმინდა წერილებშია ჩაწერილი — თუ როგორ შესცოდეს მათ, როგორ მოინანიეს და როგორ მიუტევა ღმერთმა ცოდვები (რომაელები 15:4). მაშ, რას ნიშნავს სიტყვები, რომ იეჰოვა აღარ „გაუხსენებს“ ცოდვებს მას, ვისაც აპატია?
17 ებრაული ზმნა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „აღარ გავუხსენებ“, წარსულის გახსენებაზე მეტს ნიშნავს. „ძველი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ ნათქვამია, რომ მასში „სათანადო მოქმედებაც იგულისხმება“. აქედან გამომდინარე, ცოდვების გახსენება შემცოდველების წინააღმდეგ მოქმედებასაც ნიშნავს (ოსია 9:9). მაგრამ სიტყვებით „აღარ გავუხსენებ ცოდვას“ ღმერთი გვარწმუნებს, რომ შემცოდველს, რომელსაც მონანიების შემდეგ ცოდვებს მიუტევებს, მომავალში აღარასოდეს აგებინებს პასუხს ამავე ცოდვების გამო (ეზეკიელი 18:21, 22). ამრიგად, იეჰოვა იმ გაგებით ივიწყებს, რომ კვლავ და კვლავ აღარ წამოჭრის ჩვენი ცოდვების საკითხს იმისათვის, რომ ბრალი დაგვდოს და დაგვსაჯოს. განა მანუგეშებელი არ არის, რომ ჩვენი ღმერთი ცოდვებს გვპატიობს და ივიწყებს?!
ცოდვის შედეგები
18. რატომ არ ნიშნავს ცოდვების პატიება იმას, რომ შემცოდველი არასწორი მოქმედებით გამოწვეული შედეგებისგან დაცულია?
18 ნიშნავს თუ არა იეჰოვას მიმტევებლობა იმას, რომ შემცოდველი მონანიების შემდეგ თავს დააღწევს არასწორი მოქმედების შედეგებს? არა. შეუძლებელია, შევცოდოთ, მაგრამ არ დავისაჯოთ. პავლე მოციქულმა დაწერა: „კაცი, რასაც დათესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7). მოსალოდნელია, წინ დაგვხვდეს ჩვენი მოქმედების შედეგები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოდვების პატიების შემდეგ იეჰოვა სირთულეებს გვახვედრებს. პრობლემების წინაშე ქრისტიანმა არ უნდა იფიქროს, რომ წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო იეჰოვასგან ისჯება (იაკობი 1:13). მაგრამ იეჰოვა არც ჩვენი არასწორი საქციელით გამოწვეული უსიამოვნებისგან გვიცავს. შეიძლება თავი ვერ დავაღწიოთ ისეთ სამწუხარო შედეგებს, როგორიცაა განქორწინება, არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ნდობის ან პატივისცემის დაკარგვა. არ დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ აპატია დავითს ბათშებასთან ჩადენილი ცოდვა და ურიას მკვლელობა, მაგრამ არ დაუცავს ის ცოდვების საშინელი შედეგებისგან (2 სამუელი 12:9—12).
19—21. ა) რა მხრივ იყო სასარგებლო ლევიანების 6:1—7-ში ჩაწერილი კანონი, როგორც დაზარალებულისთვის, ისე შემცოდველისთვის? ბ) როგორი მოქმედება მოეწონება ღმერთს, თუ ჩვენ მიერ ჩადენილმა ცოდვამ სხვებსაც მიაყენა ზიანი?
19 ცოდვას შეიძლება სხვა რამეც მოჰყვეს შედეგად, მით უმეტეს, თუ სხვებსაც მივაყენეთ ზიანი ჩვენი მოქმედებით. მაგალითად, განვიხილოთ ლევიანების მე-6 თავში ჩაწერილი ინფორმაცია. მოსეს კანონში მოყვანილია შემდეგი სიტუაცია: ერთმა ისრაელმა მოჰპარა, გამოსძალა ან გამოსტყუა თანამოძმეს ქონება. შემდეგ მან დაფარა დანაშაული და ცრუდ დაფიცებაც კი გაბედა. ერთი კაცი პირზე დაადგა, მაგრამ დანაშაული არ აღიარა. მოგვიანებით კი სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და აღიარა ცოდვა. ღმერთმა რომ აპატიოს დანაშაული, მან კიდევ სამი რამ უნდა გააკეთოს: პატრონს უნდა დაუბრუნოს მიტაცებული ქონება, გადაუხადოს ჯარიმა, რაც ანაზღაურებული საქონლის 20 პროცენტს შეადგენს, და დანაშაულის გამოსასყიდად ვერძი შესწიროს. ამის შემდეგ, როგორც კანონშია ნათქვამი, „მღვდელმა გამოსყიდვის წესი შეასრულოს მისთვის იეჰოვას წინაშე და მას ჩადენილი დანაშაული ეპატიება“ (ლევიანები 6:1—7).
20 ამ კანონით ღვთის გულმოწყალება ვლინდებოდა. მას სარგებლობა მოჰქონდა დაზარალებულისთვის, რომელიც დანაკარგს იბრუნებდა და უეჭველად დიდ შვებას გრძნობდა, როდესაც საბოლოოდ დამნაშავე ცოდვას აღიარებდა. ამავე დროს, კანონი სასარგებლო იყო თავად დამნაშავისთვისაც, რომელსაც ბოლოს და ბოლოს სინდისი შეაწუხებდა, დანაშაულს აღიარებდა და გამოასწორებდა შეცდომას. ცხადია, ასე თუ არ მოიქცეოდა, ღმერთი არ აპატიებდა ცოდვას.
21 მართალია, დღეს ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ მოსეს კანონით, მაგრამ ის გვეხმარება, ჩავწვდეთ ამა თუ იმ საკითხის შესახებ ღვთის თვალსაზრისს — მაგალითად, გავიგოთ, რას ფიქრობს იეჰოვა პატიების შესახებ (კოლოსელები 2:13, 14). თუ ჩვენ მიერ ჩადენილმა ცოდვამ სხვებსაც მიაყენა ზიანი, ღმერთს მოეწონება, რომ ყოველმხრივ შევეცადოთ მდგომარეობის გამოსწორებას (მათე 5:23, 24). ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს ცოდვის გაანალიზება, დანაშაულის აღიარება და ბოდიშის მოხდაც. ამის შემდეგ შეგვიძლია იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე მივმართოთ იეჰოვას და ვიგრძნოთ, რომ ღმერთმა გვაპატია დანაშაული (ებრაელები 10:21, 22).
22. პატიებასთან ერთად როგორ შეიძლება მოგვექცეს იეჰოვა?
22 მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, იეჰოვამ შეიძლება გვაპატიოს, მაგრამ შეგვაგონოს კიდეც (იგავები 3:11, 12). ცოდვის მონანიების შემთხვევაშიც კი ქრისტიანს შეიძლება უხუცესად, მომსახურედ ან პიონერად მსახურების შეწყვეტა მოუწიოს. მისთვის, ალბათ, მტკივნეული იქნება გარკვეული დროით ასეთი ძვირფასი მსახურების შეწყვეტა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იეჰოვამ არ აპატია დანაშაული. უნდა გვახსოვდეს, რომ დასჯით იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს ავლენს. სასჯელზე სათანადოდ რეაგირება თავად ჩვენთვის იქნება სასარგებლო (ებრაელები 12:5—11).
23. რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა ჩვენდამი არ გამოავლენს გულმოწყალებას და რატომ უნდა მივბაძოთ მას მიმტევებლობაში?
23 რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი ღმერთი მზად არის, მოგვიტევოს! დაშვებული შეცდომების მიუხედავად, არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვას გულმოწყალება ჩვენზე არ გავრცელდება. თუ გულწრფელად ვინანიებთ, ნაბიჯებს ვდგამთ შეცდომის გამოსასწორებლად და იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის საფუძველზე მხურვალედ ვლოცულობთ პატიებისთვის, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვაპატიებს (1 იოანე 1:9). მოდი მივბაძოთ მას და მივუტევოთ ერთმანეთს. თუ იეჰოვა, რომელიც არასდროს სცოდავს, სიყვარულით გვპატიობს, განა ჩვენ, ცოდვილი ადამიანები, არ უნდა ვცდილობდეთ ერთმანეთისთვის პატიებას?!
a ერთი მკვლევრის აზრით, ალისფერი „მკვეთრი ფერი იყო. არც ნესტს, წვიმასა და რეცხვას გადაჰყავდა და არც დროთა განმავლობაში გადადიოდა“.