მარადიულობა, უსასრულობა
ებრაული სიტყვა ʽოლამ განუსაზღვრელი ან გაურკვეველი ხანგრძლივობის პერიოდის აზრს ატარებს. ლექსიკოგრაფ გესენიუსის განმარტებით, ის არის „დაფარული დრო ... გაურკვეველი და ხანგრძლივი, რომლის დასაწყისი ან დასასრული განუსაზღვრელია“ (A Hebrew and English Lexicon of the Old Testament, ინგლისური თარგმანი ე. რობინსონისა, 1836, გვ. 746). ამგვარად, ამ დედნისეული სიტყვის აზრს სათანადოდ გამოხატავს ისეთი სიტყვები და გამოთქმები, როგორიცაა „უხსოვარი დრო“ (ფს. 25:6), „საუკუნო“ (აბკ. 3:6), „ძველი დრო“ (დბ. 6:4), „დიდი ხნის წინათ“ (იეს. 24:2; იგ. 22:28; 23:10) და „დიდხანს“ (ეკ. 12:5).
ზოგჯერ სიტყვა ʽოლამ უკავშირდება იმას, რაც მარადიულია (1მფ. 2:45). წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: „მარადიული ღმერთია იეჰოვა — დედამიწის კიდეების შემოქმედი“ (ეს. 40:28). იეჰოვა „უსასრულობიდან უსასრულობამდეა“ (ფს. 90:2, იხ. სქ.). იეჰოვა უკვდავია, ამიტომ ის მარადიულად იქნება ღმერთი (აბკ. 1:12; 1ტმ. 1:17). თუმცა ებრაული სიტყვა ʽოლამ თავისთავად არ ნიშნავს მარადიულს. ხშირ შემთხვევაში ის გამოიყენება ისეთ რამესთან, რასაც დასასრული აქვს, თუმცა მას შეიძლება „მარადიული“ ვუწოდოთ, რადგან მისი დასრულების დრო ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. მაგალითად, „მარადიული“ კანონის შეთანხმება დასრულდა, როცა იესო მოკვდა და ახალი შეთანხმება შევიდა ძალაში (გმ. 31:16, 17; რმ. 10:4; გლ. 5:18; კლ. 2:16, 17; ებ. 9:15). მსგავსად დასრულდა აარონის საგვარეულოს „სამარადისო“ მღვდლობა (გმ. 40:15; ებ. 7:11—24; 10:1).
ებრაული სიტყვა ʽად ნიშნავს უსასრულო მომავალს, მარადიულობას (1მტ. 28:9; ფს. 19:9; ეს. 9:6; 45:17; აბკ. 3:6). ზოგჯერ სიტყვები ʽოლამ და ʽად ერთად გვხვდება, მაგალითად ფსალმუნის 45:6-ში, და შეიძლება ითარგმნოს როგორც „უკუნითი უკუნისამდე“ (სსგ) და „სამარადისოდ, სამუდამოდ“ (აქ). ფსალმუნმომღერალმა დედამიწის შესახებ თქვა: „არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფს. 104:5).
მარადიულობის აღმნიშვნელი სხვა ებრაული სიტყვაა ნეცახ. ის შეიძლება ითარგმნოს როგორც „სამუდამოდ“ (იობ. 4:20; 14:20; ეს. 57:16) და „ყოველთვის“ (ფს. 9:18). ზოგჯერ ერთად გვხვდება ნეცახ და ʽოლამ (ფს. 49:8, 9), ზოგჯერ კი — ნეცახ და ʽად (ამ. 1:11). სამივე სიტყვა გვხვდება ფსალმუნის 9:5, 6-ის ებრაულ ტექსტში: «შენ კიცხავ ხალხებს ... სამუდამოდ [სიტყვასიტყვით, „სამუდამოდ, სამარადისოდ“, ებრ. ლეʽოლამ ვაʽედ] შლი მათ სახელს. დასასრულს [სიტყვასიტყვით, „სამუდამო დასასრულს“, ებრ. ლანეცახ] მიუახლოვდა მტრის გაპარტახება» (შდრ. სსგ).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა ეონ შეიძლება მიუთითებდეს გაურკვეველი ან განუსაზღვრელი ხანგრძლივობის პერიოდზე, ხანგრძლივ, თუმცა არა უსასრულო დროზე. მაგალითად, ლუკას 1:70-სა და საქმეების 3:21-ში ეონ შეიძლება ითარგმნოს „ძველ დროდ“ (RS, AT, აქ). მაგრამ ხშირ შემთხვევაში კონტექსტიდან ჩანს, რომ ის მიუთითებს განუსაზღვრელ პერიოდზე, რადგან ამ პერიოდს დასასრული არა აქვს (ლკ. 1:55; ინ. 6:50, 51; 12:34; 1ინ. 2:17). მსგავსად, მონათესავე სიტყვა ეონიოს კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება ითარგმნოს როგორც „დიდი ხანი“ (რმ. 16:25; 2ტმ. 1:9; ტიტ. 1:2) და „მარადიული“ (მთ. 18:8; 19:16, 29). კიდევ ერთი ბერძნული სიტყვა აიდიოს პირდაპირი გაგებით ნიშნავს მარადიულს, სამარადისოს (რმ. 1:20; იუდ. 6, აქ, სსგ, RS, AT; ეონის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. ეპოქა; ქვეყნიერება).