მკითხველები გვეკითხებიან
რამდენ ხანს იარსებებს დედამიწა?
ჩვენი პლანეტა დედამიწა არ განადგურდება კატაკლიზმებისგან. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი ამაში? იმიტომ, რომ ღვთის დაპირებისამებრ დედამიწა „არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). მართალია, „თაობა მიდის, თაობა მოდის“, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ „დედამიწა მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4).
ფსალმუნის 104:5 ორ ებრაულ სიტყვას იყენებს იმის ხაზგასასმელად, რომ დედამიწა მარადიულად იარსებებს. ამ მუხლში გამოყენებულია სიტყვები „ოჰლამ“, რომელიც ნათარგმნია როგორც „მარადიულად“, და „ადჰ“, რომელიც გადმოთარგმნილია როგორც „სამარადისოდ“. „ოჰლამ“ შეიძლება ითარგმნოს როგორც „მრავალი წელი“ ან „მუდმივი“. ერთი ნაშრომის თანახმად „ადჰ“ ნიშნავს „ხანგრძლივობას, მარადიულობას, მარადისობას“. ამ ორი ებრაული სიტყვით ხაზგასმულია ის აზრი, რომ დედამიწა ნამდვილად მარადიულად იარსებებს. განვიხილოთ ბიბლიიდან კიდევ სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ დედამიწა არასოდეს განადგურდება („Students’ Hebrew and Chaldee Dictionary“).
პირველი: ღმერთმა დედამიწა ადამიანების საცხოვრებლად შექმნა — ღვთის განზრახვის თანახმად ის ულამაზესი სამოთხის ბაღი უნდა ყოფილიყო და მთლიანად უნდა დასახლებულიყო. ესაიას 45:18-ში იეჰოვას შესახებ ნათქვამია, რომ ის არის „ცის შემოქმედი, ჭეშმარიტი ღმერთი, დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა!“
მეორე: ღვთის დაპირების თანახმად მისი მორჩილი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე მშვიდობიან გარემოში. მიქას 4:4-ში ვკითხულობთ: „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ, რადგან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“. ამგვარად, ღვთის განზრახვის მიხედვით დედამიწა ადამიანების მარადიული სახლი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ღმერთს ტყუილუბრალოდ დაუდია პირობა (ფსალმუნი 119:90; ესაია 55:11; 1 იოანე 2:17).
მესამე: ღმერთმა ადამიანს დაავალა დედამიწაზე ზრუნვა. „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში (ფსალმუნი 115:16). განა მოსიყვარულე მამა, რომელიც მშვენიერ საჩუქარს აძლევს შვილს, შემდეგ წაართმევს მას და გაანადგურებს?! რასაკვირველია, არა! მსგავსადვე, არც იეჰოვა მოიქცევა ასე დედამიწისა და მასზე მცხოვრებლების მიმართ, რადგან „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
იესო ქრისტეც გვარწმუნებს, რომ ღვთის სიტყვები უტყუარია. ის ამბობს: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). ხოლო ღმერთი, რომელმაც შეუძლებელია იცრუოს, გვპირდება: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29; ტიტე 1:2).
[Picture Credit Line on page 31]
Globe: Based on NASA photo