ბიბლიის წიგნი 44 — საქმეები
დამწერი: ლუკა
დაწერის ადგილი: რომი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 61
მოიცავს პერიოდს: ახ. წ. 33 — დაახლ. 61
1, 2. ა) რა ისტორიული ცნობებია გადმოცემული „საქმეებში“? ბ) რომელი პერიოდის მოვლენებია მასში აღწერილი?
ღვთის შთაგონებით დაწერილ ბიბლიის 42-ე წიგნში ლუკას აღწერილი აქვს იესო ქრისტესა და მისი მიმდევრების ცხოვრება, საქმიანობა და მსახურება იმ დრომდე, ვიდრე ზეცად ამაღლდებოდა. ბიბლიის 44-ე წიგნში, „მოციქულთა საქმეებში“, გრძელდება თხრობა პირველ ქრისტიანთა საქმიანობის შესახებ და გადმოცემულია, თუ როგორ ჩამოყალიბდა ქრისტიანული კრება წმინდა სულის მოქმედების შედეგად. მასში აგრეთვე აღწერილია, თუ როგორ ვრცელდებოდა ქრისტიანობა ჯერ ებრაელებში, შემდეგ კი სხვა ხალხებში. პირველ 12 თავში დიდი ყურადღება ეთმობა პეტრეს მსახურებას, მომდევნო 16 თავში კი ძირითადად პავლეს მსახურებაა აღწერილი. ლუკას ახლო ურთიერთობა ჰქონდა პავლესთან. ის ბევრჯერ ახლდა მას სამქადაგებლო მოგზაურობების დროს.
2 ლუკამ ეს წიგნი თეოფილეს მისწერა. ვინაიდან თეოფილე „ღრმად პატივცემულ“ ადამიანად არის მოხსენიებული, შესაძლოა ის მაღალი თანამდებობის პირი იყო. ან შეიძლება ლუკამ ამ სიტყვებით უბრალოდ დიდი პატივისცემა გამოხატა (ლუკ. 1:3). „საქმეებში“ ზედმიწევნით არის გადმოცემული ინფორმაცია ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებისა და ზრდის შესახებ. დასაწყისში მოთხრობილია, თუ როგორ ეცხადებოდა ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს. შემდეგ კი აღწერილია ახ. წ. 33—61 წლებში, დაახლოებით 28 წლის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები.
3. ვინ დაწერა წიგნი „საქმეები“ და როდის დასრულდა მისი წერა?
3 უძველესი დროიდანვეა აღიარებული, რომ „საქმეები“ დაწერა სახარების დამწერმა ლუკამ. ორივე წიგნი ლუკამ თეოფილეს მისწერა. „საქმეების“ პირველ მუხლებში ლუკა იმეორებს იმას, რაც სახარების ბოლოს აღწერა. ასეთი ურთიერთკავშირიც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ორ წიგნს ერთი დამწერი ჰყავს. როგორც ჩანს, ლუკამ „საქმეების“ წერა დაახლოებით ახ. წ. 61 წელს დაასრულა — სავარაუდოდ, იმ ორწლიანი პერიოდის მიწურულს, როცა პავლესთან ერთად იყო რომში. უფრო ადრე ის ვერ დაასრულებდა „საქმეების“ წერას, რადგან მასში აღწერილია ახ. წ. 61 წლამდე განვითარებული მოვლენები. „საქმეებიდან“ არ ჩანს, თუ როგორ გადაწყდა პავლეს მიერ კეისართან გასაჩივრებული საქმე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისი წერა ამ დროისთვის უნდა დასრულებულიყო.
4. რა ადასტურებს „საქმეების“ კანონიკურობასა და სანდოობას?
4 „საქმეებს“ ყოველთვის კანონიკურ წიგნად მიიჩნევდნენ. მისი ზოგიერთი მონაკვეთი გვხვდება ბერძნული წერილების დღემდე მოღწეულ უძველეს პაპირუსებში. ამ მხრივ აღსანიშნავია ახ. წ. III-IV საუკუნეებით დათარიღებული მიჩიგანის ხელნაწერი №1571 (P38) და III საუკუნით დათარიღებული ჩესტერ ბიტის ხელნაწერი №1 (P45). ორივე ხელნაწერი იმაზე მოწმობს, რომ ადრინდელი ქრისტიანები ბიბლიის სხვა წიგნებთან ერთად „საქმეებითაც“ ხელმძღვანელობდნენ და ის ადრიდანვე შედიოდა წმინდა წერილების ნუსხებში. სიზუსტის მხრივ წიგნ „საქმეებზე“ იმავეს თქმა შეიძლება, რაც ლუკას სახარებასთან დაკავშირებით იყო აღნიშნული. უილიამ რამსეი „საქმეების“ დამწერს „საუკეთესო ისტორიკოსთა“ რიცხვს მიაკუთვნებს და დასძენს: „დიდი ისტორიკოსის უპირველესი და უმთავრესი ღირსება სიმართლის თქმაა. მისი ნათქვამი ნდობას უნდა იმსახურებდეს“a.
5. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ საიდან ჩანს ლუკას მიერ გადმოცემული ინფორმაციის სიზუსტე?
5 ლუკასთვის დამახასიათებელ სიზუსტესთან დაკავშირებით მოვიყვანთ ედვინ სმითის ციტატას, რომელიც I მსოფლიო ომში ბრიტანეთის საზღვაო ფლოტს მეთაურობდა ხმელთაშუა ზღვაში საომარი მოქმედებების დროს: «ძველ დროს ხომალდები თანამედროვე გემების მსგავსად, ახტერშტევენთან დაკავშირებული ერთი საჭით კი არ იმართებოდა, არამედ კიჩოს ორივე მხარეს განთავსებული ორი დიდი ნიჩბით. ამიტომ წმინდა ლუკა მათ მრავლობით რიცხვში მოიხსენიებს [საქ. 27:40; ბერძნულ ორიგინალში „საჭის“ ნაცვლად წერია „ნიჩბები“] . . . ჩვენი გამოკვლევიდან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც წმინდა ლუკა მოგვითხრობს მყუდრო ნავსაყუდლიდან მალტამდე გემის მარშრუტთან დაკავშირებით, მაქსიმალურად დასტურდება არაბიბლიური და დამოუკიდებელი წყაროებით; თუ გავითვალისწინებთ ხომალდის მიერ გავლილ მანძილს, აშკარაა, რომ ლუკა ზუსტად გადმოგვცემს ინფორმაციას ხომალდის ზღვაში ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ. მას აგრეთვე ზუსტად აქვს აღწერილი ის ადგილი, სადაც ხომალდზე მყოფები გადავიდნენ. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ლუკა თვითონაც იყო ხომალდზე და მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია სრულ ნდობას იმსახურებს»b (The Rudder, მარტი, 1947).
6. რომელი არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს „საქმეების“ სიზუსტეს?
6 „საქმეების“ სიზუსტეს არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს. მაგალითად, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეფესოში აღმოაჩინეს არტემიდას ტაძარი და ძველი თეატრი, სადაც ეფესოელები მოციქულ პავლეს დაუპირისპირდნენ (საქ. 19:27—41). თესალონიკელ თანამდებობის პირებს ლუკა „ქალაქის გამგებლებად“ მოიხსენიებს. აღმოჩენილი წარწერები ადასტურებს ამ წოდების სიზუსტეს (17:6, 8). მალტაში ნანახი ორი წარწერა მოწმობს, რომ ლუკა პუბლიუსის წოდებასაც (ბერძნულად „პროტოს“, რომელიც „გავლენიან კაცად“ არის ნათარგმნი) სწორად გადმოგვცემს (28:7)c.
7. რა ცხადყოფს, რომ „საქმეებში“ რეალური ფაქტებია აღწერილი?
7 გარდა ამისა, პეტრეს, სტეფანეს, კორნელიუსის, ტერტულუსის, პავლესა და სხვების მიერ წარმოთქმული სიტყვები განსხვავდება სტილითა და სტრუქტურით. სხვადასხვა კატეგორიის მსმენელის წინაშე წარმოთქმული პავლეს სიტყვებიც კი სტილით განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ლუკამ მხოლოდ ის დაწერა, რაც უშუალოდ მოისმინა ან თვითმხილველებისგან გაიგო. ლუკა არ ყოფილა პროზაიკოსი.
8. რას ვიგებთ წმინდა წერილებიდან ლუკას შესახებ და პავლესთან მის ურთიერთობაზე?
8 პირადად ლუკას შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ის არ ყოფილა მოციქული, მაგრამ ურთიერთობა ჰქონდა მოციქულებთან (ლუკ. 1:1—4). მოციქული პავლე სამჯერ მოიხსენიებს ლუკას სახელით (კოლ. 4:10, 14; 2 ტიმ. 4:11; ფლმ. 24). რამდენიმე წელი ლუკა პავლეს განუყრელი თანამსახური იყო. პავლემ მას „საყვარელი ექიმი“ უწოდა. ნაცვალსახელები „მათ“ და „ჩვენ“, აგრეთვე მრავლობით რიცხვში ჩასმული ზმნები ცხადყოფს, რომ ტროაში ლუკა პავლესთან ერთად იყო მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს; რომ რამდენიმე წლით ის შესაძლოა ფილიპეში დარჩა პავლეს დაბრუნებამდე; და რომ, ის კვლავ შეუერთდა მას და რომში გაჰყვა (საქ. 16:8, 10; 17:1; 20:4—6; 28:16).
შინაარსი
9. რას იგებენ მოწაფეები იესოს ამაღლების დროს?
9 მოვლენები ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე (1:1—26). ლუკას მეორე წიგნის დასაწყისში მკვდრეთით აღმდგარი იესო თავის გულმოდგინე მოწაფეებს ეუბნება, რომ წმინდა სულით მოინათლებიან. დადგა სამეფოს აღდგენის დრო? არა. მაგრამ ისინი მიიღებენ ძალას და იქნებიან მოწმეები „დედამიწის კიდით კიდემდე“. როცა მოწაფეები ცაში ამავალ იესოს უყურებენ, თეთრებში შემოსილი ორი კაცი მათ ეუბნება: „ეს იესო, რომელიც თქვენგან ცაში იქნა აყვანილი, ისევ მოვა“ (1:8, 11).
10. ა) რა დაუვიწყარი მოვლენები ხდება ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე? ბ) რას განმარტავს პეტრე და რა შედეგი მოაქვს ამას?
10 დაუვიწყარი ორმოცდამეათე დღის დღესასწაული (2:1—42). მოწაფეები იერუსალიმში არიან შეკრებილი. უეცრად ხმაური ისმის, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო. მოწაფეებზე თითქოს ცეცხლის ენები დაეშვა. ისინი წმინდა სულით ივსებიან და „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ სხვადასხვა ენაზე იწყებენ ლაპარაკს (2:11). იქ მყოფები საგონებელში ვარდებიან. პეტრე დგება და იწყებს ლაპარაკს. ის განმარტავს, რომ წმინდა სულის გადმოსვლით იოელის წინასწარმეტყველება შესრულდა (2:28—32) და მკვდრეთით აღდგენილმა და ღვთის მარჯვნივ ამაღლებულმა იესო ქრისტემ ‘გადმოაფრქვია ის, რასაც ხედავდნენ და ისმენდნენ’. გულის სიღრმემდე შეძრული დაახლოებით 3 000 კაცი იღებს სიტყვას და ინათლება (2:33).
11. როგორ აკურთხებს იეჰოვა სამქადაგებლო საქმიანობას?
11 სამქადაგებლო საქმიანობა ფართოვდება (2:43—5:42). იეჰოვა ყოველდღე მატებს მათ გადარჩენილებს. ტაძართან პეტრე და იოანე ხვდებიან დაბადებიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილ კაცს. პეტრე მას ეუბნება: „ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით გეუბნები, იარე!“. ის მაშინვე დგება ფეხზე, ‘ხტის და ღმერთს აქებს’. შემდეგ პეტრე მოუწოდებს ხალხს, მოინანიონ და მობრუნდნენ, „რათა მოვიდეს იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“. გაღიზიანებული რელიგიური წინამძღოლები აპატიმრებენ პეტრესა და იოანეს იმის გამო, რომ ისინი იესოს აღდგომაზე ლაპარაკობენ. მიუხედავად ამისა, მორწმუნეთა რიცხვი 5 000-მდე იზრდება (3:6, 8, 19).
12. ა) რას ამბობენ მოწაფეები, როცა მათ ქადაგებას უკრძალავენ? ბ) რისთვის დაისაჯნენ ანანია და საფირა?
12 მეორე დღეს პეტრე და იოანე იუდეველ მმართველებთან მიჰყავთ დასაკითხად. პეტრე მათ პირდაპირ ეუბნება, რომ ხსნა მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი. მმართველებს სურთ ქადაგების აკრძალვა, მაგრამ პეტრე და იოანე პასუხობენ: „თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (4:19, 20). მათ ათავისუფლებენ და მოწაფეები გაბედულად აგრძელებენ ღვთის სიტყვის ქადაგებას. არავინ იშურებს საკუთარ ქონებას, რათა თითოეულს საჭიროების მიხედვით გაუნაწილონ. მაგრამ ანანია და მისი ცოლი, საფირა, ყიდიან თავიანთი ქონების ნაწილს, გარკვეულ საფასურს მალავენ და ამბობენ, რომ მთელი საფასური მიაქვთ მოციქულებთან. პეტრე ამხელს მათ, რის შემდეგაც ორივე კვდება იმის გამო, რომ წმინდა სულისა და ღვთის მოტყუება გაბედეს.
13. რაში სდებენ ბრალს მოციქულებს, რას პასუხობენ ისინი და რის კეთებას აგრძელებენ?
13 განრისხებული რელიგიური წინამძღოლები მოციქულებს კიდევ ერთხელ ყრიან საპატიმროში, მაგრამ იეჰოვას ანგელოზი ათავისუფლებს მათ. მეორე დღეს ისინი კვლავ მიჰყავთ სინედრიონში და ბრალს სდებენ იმაში, რომ ‘თავიანთი სწავლებით აავსეს იერუსალიმი’. მოციქულები პასუხობენ: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“. ისინი არც ცემასა და მუქარას უშინდებიან და ‘ტაძარში თუ კარდაკარ ყოველდღე დაუღალავად ასწავლიან და აუწყებენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე’ (5:28, 29, 42).
14. რა უძღვის წინ რწმენის გამო სტეფანეს სიკვდილს?
14 სტეფანეს ჩაქოლვა (6:1—8:1ა). სტეფანე ერთ-ერთია იმ შვიდი ძმიდან, რომლებიც წმინდა სულმა ამოირჩია საკვების გასანაწილებლად. ის შთამბეჭდავად ამოწმებს ჭეშმარიტებას და მისი გულმოდგინება მოწინააღმდეგეების რისხვას იწვევს. მათ ის მიჰყავთ სინედრიონში, სადაც მკრეხელობაში ადანაშაულებენ. სტეფანე თავს იცავს და აღნიშნავს, თუ როგორ სულგრძელობას ავლენდა იეჰოვა ისრაელის მიმართ. დასკვნისას ის უშიშრად ამბობს: „ჯიუტებო . . . თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებით წმინდა სულს . . . ანგელოზების მიერ გადმოცემული კანონი მიიღეთ, მაგრამ არ დაიცავით“ (7:51—53). ამ სიტყვებმა მათი მოთმინების ფიალა აავსო. ისინი მისცვივდნენ სტეფანეს, ქალაქიდან გააგდეს და ჩაქოლეს. სავლე იწონებდა მის მოკვლას.
15. რა მოჰყვა დევნას და რა შემთხვევა ჰქონდა ფილიპეს?
15 დევნები, სავლეს მოქცევა (8:1ბ—9:30). ამ დღიდან იწყება იერუსალიმის კრების დევნა. მოციქულების გარდა ყველა იფანტება. ფილიპე მიდის სამარიაში, სადაც ბევრი იღებს ღვთის სიტყვას. იერუსალიმიდან სამარიაში პეტრესა და იოანეს გზავნიან იმ მიზნით, რომ მორწმუნეებმა მიიღონ წმინდა სული „მოციქულთა ხელების დადებით“ (8:18). შემდეგ ანგელოზი ფილიპეს გზავნის გზაზე, რომელიც იერუსალიმიდან ღაზაში ეშვება. აქ ის ხვდება ეთიოპიის სამეფო კარზე მომსახურე საჭურისს, რომელიც ეტლში ზის და ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობს. ფილიპე უხსნის მას წინასწარმეტყველების მნიშვნელობას და ნათლავს.
16. როგორ ხდება სავლეს მოქცევა?
16 ამასობაში სავლე ‘ჯერ კიდევ ემუქრება უფლის მოწაფეებს და მათი მოკვლის სურვილი არ ასვენებს’. ის დამასკოში მიდის მათ დასაპატიმრებლად, ვისაც ‘უფლის გზაზე მდგომს იპოვის’. უეცრად ციდან სავლეს სინათლე ეფინება. ის მიწაზე ეცემა და ვეღარაფერს ხედავს. ციდან ხმა ეუბნება: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი“. სამი დღის შემდეგ დამასკოში მასთან მიდის ანანია. სავლეს მხედველობა უბრუნდება. ის ინათლება, წმინდა სულით ივსება და ენთუზიაზმით იწყებს სასიხარულო ცნობის ქადაგებას (9:1, 2, 5). მოვლენების ამგვარი შეტრიალების შემდეგ ქრისტიანების მდევნელი ახლა უკვე თვითონ ხდება დევნილი. პავლეს გაქცევა უწევს ჯერ დამასკოდან და შემდეგ იერუსალიმიდან.
17. როგორ აღწევს სასიხარულო ცნობა წინადაუცვეთელ უცხოტომელებამდე?
17 სასიხარულო ცნობა წინადაუცვეთელ უცხოტომელებამდე აღწევს (9:31—12:25). ამის შემდეგ ‘კრებას უდგება მშვიდობისა და შენების დრო, და ის იეჰოვას შიშითა და წმინდა სულის ნუგეშით რიცხობრივად იზრდება’ (9:31). იოპეში პეტრე მკვდრეთით აღადგენს ტაბითას (ქურციკს). აქ პეტრეს სთხოვენ კესარეაში ჩასვლას, სადაც მას რაზმის ასისთავი კორნელიუსი ელოდება. ის უქადაგებს კორნელიუსს და მის შინაურებს. მათზე გადმოდის წმინდა სული. პეტრე ხვდება, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“. ამიტომ ის ნათლავს მათ — წინადაუცვეთელ უცხოტომელთაგან პირველ მოქცეულებს. მოგვიანებით პეტრე ამ ყველაფერს იერუსალიმში ატყობინებს ძმებს და ისინი განადიდებენ ღმერთს (10:34, 35).
18. ა) რა ხდება ანტიოქიაში? ბ) რა მოჰყვება დევნას და აღწევს თუ არა ის თავის მიზანს?
18 სასიხარულო ცნობა სწრაფად ვრცელდება. ბარნაბა და სავლე ხალხს უქადაგებენ ანტიოქიაში და აქ „მოწაფეებს ღვთის განგებით პირველად . . . ეწოდათ ქრისტიანები“ (11:26). ისევ იწყება დევნა. ჰეროდე აგრიპა I მახვილით კლავს იაკობს, იოანეს ძმას. ის პეტრეს აპატიმრებს, მაგრამ იეჰოვას ანგელოზი მას ათავისუფლებს. ჰეროდე დიდებას არ მიაგებს ღმერთს, რის გამოც მატლებისგან შეჭმული კვდება. ‘იეჰოვას სიტყვა კი იზრდება და ვრცელდება’ (12:24).
19. რა ხდება პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს?
19 პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობა ბარნაბასთან ერთად (13:1—14:28)d. ანტიოქიაში ბარნაბა და „სავლე, რომელსაც პავლეს ეძახდნენ“ წმინდა სულისგან ახალ დავალებას იღებენ (13:9). კუნძულ კვიპროსზე ბევრი ხდება მორწმუნე, მათ შორის პროკონსული სერგიუს პავლუსი. მცირე აზიაში ისინი ექვს ან უფრო მეტ ქალაქში მიდიან. ყველგან ერთი და იგივე სურათია: მათ, ვინც სიხარულით იღებს სასიხარულო ცნობას, უპირისპირდებიან ჯიუტი მოწინააღმდეგეები, რომლებიც გახელებულ ბრბოს იეჰოვას მაცნეების ჩაქოლვისკენ აქეზებენ. ახალ ჩამოყალიბებულ კრებებში უხუცესების დანიშვნის შემდეგ პავლე და ბარნაბა სირიის ანტიოქიაში ბრუნდებიან.
20. როგორ მოგვარდა წინადაცვეთის საკითხი?
20 წინადაცვეთის საკითხის მოგვარება (15:1—35). უცხოტომელების რიცხვის ზრდის გამო წამოიჭრება კითხვა მათ წინადაცვეთასთან დაკავშირებით. პავლე და ბარნაბა ამ საკითხის მოსაგვარებლად იერუსალიმში ადიან მოციქულებსა და უხუცესებთან. მოწაფე იაკობი უძღვება შეხვედრას, რომლის შემდეგაც წერილის სახით იგზავნება ერთსულოვანი გადაწყვეტილება: „წმინდა სულმა და ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, მეტი აღარაფერი დაგვეკისრებინა თქვენთვის ამ აუცილებლის გარდა, რომ მოერიდოთ კერპთშენაწირს, სისხლს, დამხრჩვალსა და სიძვას“ (15:28, 29). ეს წერილი ძალიან ამხნევებს და ახარებს ანტიოქიელ ძმებს.
21. ა) ვინ ახლავს თან პავლეს მეორე მისიონერულ მოგზაურობაში? ბ) რა ხდება მაკედონიაში?
21 პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობა (15:36—18:22)e. „რამდენიმე დღის შემდეგ“ ბარნაბა და მარკოზი კვიპროსში მიდიან ხომალდით, პავლე და სილა კი — სირიასა და მცირე აზიაში (15:36). პავლეს ლისტრაში უერთდება ახალგაზრდა ტიმოთე. ისინი ერთად მიდიან ტროაში და ეგეოსის ზღვის გასწვრივ მდებარე ქალაქებში. პავლეს ხილვაში ვიღაც კაცი ეხვეწება, „ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“ (16:9). პავლეს უერთდება ლუკა და ისინი მიდიან ფილიპეში, მაკედონიის მთავარ ქალაქში. აქ პავლესა და სილას აპატიმრებენ. საპყრობილის ზედამხედველი მორწმუნე ხდება და ინათლება. გათავისუფლების შემდეგ ისინი მიდიან თესალონიკეში, სადაც შურიანი იუდეველები მათ წინააღმდეგ ბრბოს აქეზებენ. ძმები პავლესა და სილას იმ ღამესვე ბერეაში გზავნიან. აქაურები უფრო კეთილშობილები არიან, ‘რადგან უდიდესი გულმოდგინებით იღებენ სიტყვას და ყოველდღე გულდასმით იკვლევენ წმინდა წერილებს’ იმაში დასარწმუნებლად, რომ მოსმენილი სიმართლეს შეესაბამება (17:11). სილა და ტიმოთე ახალ კრებაში რჩებიან, ლუკა ფილიპეშია, პავლე კი სამხრეთით, ათენისკენ აგრძელებს გზას.
22. რა შედეგი მოჰყვება პავლეს ქადაგებას არეოპაგში?
22 კერპებით სავსე ამ ქალაქში ზოგიერთი ეპიკურელი და სტოიკოსი ფილოსოფოსი პავლეს დაცინვით „მოლაყბეს“ და ‘უცხო ღვთაებების მქადაგებელს’ უწოდებს. ის მიჰყავთ არეოპაგში, მარსის ბორცვზე. ორატორული ნიჭით გამორჩეული პავლე ცდილობს აღძრას მსმენელები იმისკენ, რომ ეძებონ ღმერთი, „ცისა და დედამიწის უფალი“. ის უხსნის მათ, რომ ღმერთი სიმართლით გაასამართლებს მსოფლიოს მისი მეშვეობით, ვინც მკვდრეთით აღადგინა. მკვდრეთით აღდგენის ხსენებაზე აუდიტორია ორ ნაწილად იყოფა და ზოგი მორწმუნე ხდება (17:18, 24).
23. რა ხდება კორინთში?
23 ათენიდან წასვლის შემდეგ პავლე კორინთში რჩება აკვილასთან და პრისკილასთან. აქ ის მათთან ერთად კერავს კარვებს. წინააღმდეგობის გამო პავლე ტოვებს სინაგოგას და სიტყვით გამოსვლას აგრძელებს ტიციუს იუსტუსის სახლში, რომელიც სინაგოგაზეა მიშენებული. კრისპუსი, სინაგოგის წინამძღვარი, მორწმუნე ხდება. პავლე კორინთში 18 თვე რჩება, რის შემდეგაც აკვილასა და პრისკილასთან ერთად ეფესოში მიდის. ეფესოში იგი ტოვებს მათ და აგრძელებს გზას სირიის ანტიოქიისკენ, რითაც ამთავრებს მეორე მისიონერულ მოგზაურობას.
24, 25. ა) რა ხდება ეფესოში მას შემდეგ, რაც პავლე მესამე მოგზაურობას იწყებს? ბ) რა ხდება პავლეს ეფესოში ყოფნის სამი წლის თავზე?
24 პავლე ხელახლა ინახულებს კრებებს, მესამე მოგზაურობა (18:23—21:26)f. ერთი იუდეველი, სახელად აპოლოსი, ალექსანდრიიდან (ეგვიპტე) ჩადის ეფესოში და სინაგოგაში გაბედულად ქადაგებს იესოს შესახებ. აკვილა და პრისკილა უფრო ზუსტად უხსნიან აპოლოსს „უფლის გზას“, რის შემდეგაც ის კორინთში მიდის. პავლე უკვე მესამე მისიონერულ მოგზაურობაშია და ეფესოში ჩადის. აქ ის იგებს, რომ მორწმუნეები იოანეს ნათლობით მოინათლნენ, ამიტომ მათ იესოს სახელით მონათვლაზე ესაუბრება. შემდეგ იგი ნათლავს 12-მდე ადამიანს, ხელებს ადებს მათ და მათზეც წმინდა სული გადმოდის.
25 პავლე სამი წელი რჩება ეფესოში. ‘იეჰოვას სიტყვა იზრდება და ძლიერდება’. მრავალი უარს ამბობს ქალაქის მფარველი ქალღმერთის, არტემიდას თაყვანისცემაზე (19:20). მოგების დაკარგვის შიშით ხელოსნები, რომლებიც ვერცხლის ტაძრებს ამზადებენ, ისეთ არეულობას იწვევენ ქალაქში, რომ ხალხის დაშოშმინება ძლივს ხერხდება. ცოტა ხანში პავლე მაკედონიაში და საბერძნეთში მიდის და გზად მორწმუნეებს ინახულებს.
26. ა) რა სასწაულს ახდენს პავლე ტროაში? ბ) რა რჩევას აძლევს ის ეფესოელ ზედამხედველებს?
26 პავლე სამი თვე რჩება საბერძნეთში, შემდეგ უკან ბრუნდება მაკედონიის გავლით, სადაც მას ლუკა უერთდება. ისინი ტროაში მიდიან, სადაც პავლეს მოწაფეებთან საუბარი გვიანობამდე უგრძელდება. ერთ ბიჭს, რომელიც ფანჯრის რაფაზე ზის, ძილი ერევა. ის მესამე სართულიდან ვარდება და კვდება, მაგრამ პავლე აცოცხლებს მას. მეორე დღეს პავლე და მისი თანამგზავრები მილეტში მიდიან. აქ იერუსალიმში წასვლამდე პავლე ეფესოდან ჩასულ უხუცესებს ხვდება. ის მათ ეუბნება, რომ მის სახეს ვეღარ იხილავენ. ამიტომ მათ საკუთარ თავზე უნდა აიღონ ხელმძღვანელობა და მწყემსონ ღვთის სამწყსო, ‘რომლის ზედამხედველებადაც ისინი წმინდა სულმა დანიშნა’. ის საკუთარ მაგალითს ახსენებს მათ და ურჩევს, რომ იფხიზლონ და არ დაზოგონ თავი ძმებისთვის (20:28). პავლეს აფრთხილებენ, რომ არ ავიდეს იერუსალიმში, მაგრამ ის მაინც მიდის. ბოლოს მისი თანამსახურებიც ეთანხმებიან: „იყოს იეჰოვას ნება“ (21:14). პავლე იაკობსა და სხვა უხუცესებს უყვება, როგორ აკურთხა ღმერთმა უცხოტომელებს შორის მისი მსახურება. ეს ძალიან ახარებს მათ.
27. როგორ ხვდებიან პავლეს ტაძარში?
27 პავლეს დაპატიმრება და გასამართლება (21:27—26:32). იერუსალიმის ტაძარში პავლეს გამოჩენას მტრულად ხვდებიან. აზიელი იუდეველები მთელ ქალაქს ამხედრებენ პავლეს წინააღმდეგ და რომაელი ჯარისკაცები დროულად შველიან მას.
28. ა) რა საკითხს ეხება პავლე სინედრიონის წინაშე და რა მოჰყვება ამას? ბ) სად გზავნიან პავლეს?
28 რის გამო ატყდა აურზაური? ვინ არის პავლე? რა დააშავა? ამ კითხვებზე პასუხი აინტერესებს ათასისთავს. პავლეს რომის მოქალაქეობა ეხმარება გაშოლტვისა და წამებისგან თავის დაღწევაში. ის სინედრიონთან მიჰყავთ. პავლე ხედავს, რომ სინედრიონში ფარისევლებიც არიან და სადუკეველებიც. ამიტომ იგი მკვდრეთით აღდგომის თემას ეხება, რაც მათ შორის კამათის მიზეზი ხდება. უთანხმოება ისე მწვავდება, რომ რომაელი ჯარისკაცები იძულებულნი არიან, პავლე გაიყვანონ, რათა არ გაგლიჯონ. ღამით პავლეს ჩუმად გზავნიან გამგებელ ფელიქსთან კესარეაში მრავალი ჯარისკაცის თანხლებით.
29. როგორ მიმდინარეობს პავლეს გასამართლება და რას ითხოვს ის?
29 ამბოხებაში ბრალდებული პავლე კარგად იცავს თავს ფელიქსის წინაშე. მაგრამ ფელიქსი თავს იკავებს მისი გათავისუფლებისგან იმ იმედით, რომ მისგან ფულს მიიღებს. ასე გადის ორი წელი. ფელიქსის ადგილს იკავებს პორციუს ფესტუსი, რომელიც კვლავ ნიშნავს პავლეს სასამართლო მოსმენას. პავლეს კვლავ სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ, მაგრამ ის დამნაშავედ არ თვლის თავს. ფესტუსს იუდეველების მომადლიერება უნდა და პავლეს იერუსალიმში გასამართლებას სთავაზობს. ამიტომ პავლე ამბობს: „კეისართან ვასაჩივრებ!“ (25:11). რამდენიმე დღის შემდეგ ჰეროდე აგრიპა II სტუმრობს ფესტუსს. პავლე ისევ სასამართლო დარბაზშია. ის იმდენად დამაჯერებლად საუბრობს, რომ აგრიპა ეუბნება: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (26:28). აგრიპაც აღიარებს პავლეს უდანაშაულობას და ამბობს, რომ მისი გათავისუფლება შეიძლებოდა, კეისართან რომ არ გაესაჩივრებინა.
30. რა ხდება რომისკენ მიმავალ გზაზე?
30 პავლე მიჰყავთ რომში (27:1—28:31)g. პავლე სხვა პატიმრებთან ერთად ხომალდზე აჰყავთ და იწყება რომისკენ მგზავრობის პირველი ეტაპი. პირქარი აფერხებს ხომალდის სვლას. მირაში ისინი სხვა ხომალდზე გადაჰყავთ. კრეტაზე, მყუდრო ნავსაყუდლად წოდებულ ადგილზე მისვლის შემდეგ პავლე ამბობს, რომ გამოზამთრება აქ აჯობებს. მაგრამ უმრავლესობის აზრი ჭრის და ისინი სვლას განაგრძობენ. ძლიერი ქარი იტაცებს ხომალდს და მიაქროლებს. ორი კვირის შემდეგ ხომალდი მალტის სანაპიროსთან მეჩეჩზე ჯდება და იმსხვრევა. როგორც პავლეს ჰქონდა ნათქვამი, ხომალდზე მყოფი 276 ადამიანიდან ყველა ცოცხალი რჩება. მალტის მოსახლეობა დიდ კაცთმოყვარეობას ავლენს. პავლე იმ ზამთარს იქ რჩება და ღვთის სულის დახმარებით მრავალ ადამიანს კურნავს.
31. როგორ ხვდებიან პავლეს რომში და რას აკეთებს ის პატიმრობის მიუხედავად?
31 გაზაფხულზე პავლე რომში ჩადის. ძმები გზაზე ხვდებიან. მათ დანახვაზე პავლე ღმერთს ‘მადლობას უხდის და მხნევდება’. პატიმრობის მიუხედავად, პავლეს ნებას რთავენ, ცალკე იცხოვროს ნაქირავებ სახლში ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ. დასასრულს ლუკა ამბობს, რომ პავლე გულთბილად იღებდა ყველას, ვინც მასთან მიდიოდა, „უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე და სიტყვაში უდიდესი სითამამით, შეუფერხებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე“ (28:15, 31).
რატომ არის სასარგებლო
32. როგორ დაადასტურა პეტრემ ებრაული წერილების უტყუარობა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს და მანამდე?
32 სახარებებთან ერთად „საქმეებშიც“ არის იმის მტკიცებები, რომ ებრაული წერილები ღვთისგან არის შთაგონებული და სანდოა. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის წინა პერიოდში პეტრემ აღნიშნა, თუ როგორ შესრულდა ორი წინასწარმეტყველება, რომლებიც „დავითის პირით წმინდა სულმა წინასწარ წარმოთქვა იუდას შესახებ“ (საქ. 1:16, 20; ფსალმ. 69:25; 109:8). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე გაკვირვებულ ხალხს პეტრემ უთხრა, რომ ისინი იყვნენ წინასწარმეტყველების შესრულების მოწმენი. მან თქვა: „ეს ის არის, რაც იოელ წინასწარმეტყველის პირით იყო ნათქვამი“ (საქ. 2:16—21; იოელ. 2:28—32; აგრეთვე საქმეების 2:25—28, 34, 35 შეადარეთ ფსალმუნის 16:8—11-სა და 110:1-ს).
33. როგორ უჭერდნენ პეტრე, ფილიპე, იაკობი და პავლე მხარს იმ აზრს, რომ ებრაული წერილები ღვთისგან იყო შთაგონებული?
33 სხვა შემთხვევისას, როცა ტაძართან მყოფ ხალხს მიმართავდა, პეტრემ კვლავ მოიხსენია ებრაული წერილები. მან მოიყვანა მოსეს სიტყვები და თქვა: „ყველა წინასწარმეტყველი — სამუელიდან დაწყებული მათით დამთავრებული, ვინც მის შემდეგ იყო და ლაპარაკობდა — ცხადად აუწყებდა ამ დღეების შესახებ“. მოგვიანებით სინედრიონის წინაშე პეტრემ მოიყვანა ციტატა ფსალმუნის 118:22-დან იმის საჩვენებლად, რომ ქრისტე — ქვა, რომელიც არაფრად ჩააგდეს — „კუთხის თავად იქცა“ (საქ. 3:22—24; 4:11). ფილიპემ ეთიოპ საჭურისს აუხსნა, თუ როგორ შესრულდა ესაიას 53:7, 8. ამის შემდეგ ეთიოპმა ფილიპეს სთხოვა, რომ მოენათლა (საქ. 8:28—35). როდესაც კორნელიუსს იესოს შესახებ ელაპარაკებოდა, პეტრემ თქვა: „მასზე ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს“ (10:43). წინადაცვეთასთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობისას იაკობმა თავისი აზრის განსამტკიცებლად აღნიშნა: „ამას ადასტურებს წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია“ (15:15—18). პავლე მოციქულიც წინასწარმეტყველებებს ეყრდნობოდა (26:22; 28:23, 25—27). „საქმეებიდან“ აშკარად ჩანს, რომ მოწაფეები და მათი მსმენელები ებრაულ წერილებს ღვთის სიტყვად მიიჩნევდნენ. ეს კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ებრაული წერილები ღვთისგან არის შთაგონებული.
34. რას ვიგებთ „საქმეებიდან“ ქრისტიანული კრების შესახებ და რა მსგავსებაა მაშინდელ და დღევანდელ ქრისტიანებს შორის?
34 „საქმეები“ ყველაზე უკეთ გადმოგვცემს, თუ როგორ ჩამოყალიბდა ქრისტიანული კრება და როგორ იზრდებოდა წმინდა სულის ძალით. მთელ წიგნში ვხედავთ, როგორ აკურთხებდა ღმერთი კრებებს, რა გაბედულად და სიხარულით ქადაგებდნენ პირველი ქრისტიანები და როგორ უძლებდნენ დევნებს. აგრეთვე ვხედავთ, როგორი მზადყოფნით მსახურობდნენ ისინი; მაგალითად, პავლე უყოყმანოდ გაემგზავრა მაკედონიაში საქადაგებლად (4:13, 31; 15:3; 5:28, 29; 8:4; 13:2—4; 16:9, 10). იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელ ქრისტიანულ კრებაზეც, რომლის წევრებსაც აერთიანებთ სიყვარული და საერთო მიზანი. წმინდა სულის ხელმძღვანელობით ისინიც ლაპარაკობენ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (2:11, 17, 45; 4:34, 35; 11:27—30; 12:25).
35. როგორ უნდა ქადაგებდნენ ქრისტიანები?
35 წიგნი „საქმეები“ გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ქადაგებდნენ ქრისტიანები ღვთის სამეფოს შესახებ. პავლემ თვითონ მოგვცა მაგალითი და თქვა: „თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით სახალხოდ და კარდაკარ, საფუძვლიანად ვუმოწმებდი . . .“. მთელი წიგნი ასეთი საფუძვლიანი დამოწმების შესახებ მოგვითხრობს და განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბოლო აბზაცები. პავლეს შესახებ, რომელსაც პატიმრობამაც ვერ შეუშალა ხელი მთელი გულით ქადაგებასა და სწავლებაში, ნათქვამია: „ის დილიდან საღამომდე უხსნიდა მათ ყველაფერს, საფუძვლიანად უმოწმებდა ღვთის სამეფოზე და დამაჯერებლად ელაპარაკებოდა იესოზე მოსეს კანონიდან და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან“. დაე, ჩვენც ასეთივე გულმოდგინებით ვიქადაგოთ ღვთის სამეფოს შესახებ! (20:20, 21; 28:23; 2:40; 5:42; 26:22).
36. პავლეს რომელი პრაქტიკული რჩევები გამოადგებათ დღევანდელ უხუცესებს?
36 ის, რაც პავლემ ეფესოელ ზედამხედველებს უთხრა, დღევანდელ უხუცესებსაც გამოადგებათ. რადგან უხუცესები წმინდა სულით ინიშნებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ‘ყურადღებას აქცევდნენ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს’, სათუთად ზრუნავდნენ მინდობილ ცხვარზე და იცავდნენ მათ ულმობელი მგლების დამღუპველი ზეგავლენისგან. ეს არ არის იოლი პასუხისმგებლობა. ზედამხედველებმა უნდა იფხიზლონ და ღვთის წყალობის სიტყვაზე აღაშენონ საკუთარი თავი. როდესაც სუსტებს ეხმარებიან, მათ უნდა ახსოვდეთ «უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (20:17—35).
37. რა ტაქტიანი არგუმენტები მოიყვანა პავლემ არეოპაგში მსჯელობისას?
37 პავლე თავის საუბრებში ყურადღებას ამახვილებდა ბიბლიურ პრინციპებზე. მაგალითად, მან დამაჯერებლად იმსჯელა არეოპაგში სტოიკოსებსა და ეპიკურელებთან. თავდაპირველად მან მოიხსენია სამსხვერპლოს წარწერა „უცნობ ღმერთს“, რითაც საფუძველი ჩაუყარა იმაზე მსჯელობას, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ცისა და დედამიწის უფალი, რომელმაც ერთი ადამიანისგან შექმნა ყველა ხალხი, „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“. შემდეგ ცნობილი პოეტების სიტყვები („ჩვენ მისი მოდგმა ვართ“) მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ ისინი ოქროს, ვერცხლის ან ქვის უსიცოცხლო კერპების მიერ არ იყვნენ შექმნილნი. ამგვარად, პავლემ ტაქტიანად გაუსვა ხაზი ცოცხალი ღვთის უზენაესობას. აღდგომის თემას პავლე მხოლოდ საუბრის დასასრულს ეხება და ქრისტეს მაშინაც კი არ მოიხსენიებს სახელით. მან დამაჯერებლად დაასაბუთა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის უზენაესობა, რის შედეგადაც ზოგი მორწმუნე გახდა (17:22—34).
38. რაში დაგვეხმარება გულმოდგინე კვლევა, რის საჭიროებასაც „საქმეებიდან“ ვხედავთ?
38 „საქმეებში“ ყურადღება მახვილდება „მთელი წმინდა წერილის“ გამუდმებით და გულდასმით შესწავლის მნიშვნელოვნებაზე. ბერეაში პირველად ქადაგების დროს პავლემ შეაქო იქაური იუდეველები და „კეთილშობილები“ უწოდა მათ, „რადგან უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (17:11). დღესაც რწმენას გვიმტკიცებს და დამაჯერებლობას გვმატებს იეჰოვას სულით მოქმედ კრებასთან ერთად წმინდა წერილების გამოკვლევა. სწორედ ასეთი გამოკვლევა აძლევს ადამიანს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ღრმად ჩასწვდეს ღვთიურ პრინციპებს. მაგალითად, რამდენიმე პრინციპი მოხსენიებულია საქმეების 15:29-ში. ამ მუხლის თანახმად, მოციქულებისა და სხვა უხუცესებისგან შემდგარმა ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ — თუმცა სულიერი ისრაელის წევრებისგან აღარ მოითხოვებოდა წინადაცვეთა — ისინი უნდა მორიდებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას, სისხლს და სიძვას.
39. ა) რა აძლევდა მოწაფეებს დევნის გადასატანად საჭირო ძალებს? ბ) როგორ დაამოწმეს მათ და რა შედეგი მოჰყვა ამას?
39 ეს პირველი მოწაფეები კარგად იკვლევდნენ ღვთის შთაგონებით დაწერილ წმინდა წერილებს, საჭიროების შემთხვევაში მოჰყავდათ ციტატები და ცხოვრებაში იყენებდნენ ნასწავლ პრინციპებს. საფუძვლიანი ცოდნა და ღვთის სული მათ სასტიკი დევნის გადასატანად საჭირო ძალებს აძლევდა. პეტრემ და იოანემ ერთგულ ქრისტიანებს გაბედულების შესანიშნავი მაგალითი მოგვცეს. უარყოფითად განწყობილ მმართველებს მათ უთხრეს: „თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“. სინედრიონმა მათ ‘სასტიკად აუკრძალა’ იესოს სახელით სწავლება. მაგრამ, როცა კვლავ წარადგინეს სინედრიონის წინაშე, მათ არაორაზროვნად განაცხადეს: „ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“. ასეთი გაბედულების შედეგად მმართველებმაც მოისმინეს ქადაგება და კანონის ცნობილმა მასწავლებელმა, გამალიელმა, მხარი დაუჭირა თაყვანისმცემლობის თავისუფლებას, რის წყალობითაც მოციქულები გაათავისუფლეს (4:19, 20; 5:28, 29, 34, 35, 38, 39).
40. რისკენ აღგვძრავს „საქმეები“?
40 „საქმეებში“ ყურადღება მახვილდება სამეფოსთან დაკავშირებულ იეჰოვას დიდებულ განზრახვაზეც, რომელიც მთავარ თემად გასდევს მთელ ბიბლიას. შესავალში აღნიშნულია, რომ ზეცად ამაღლებამდე 40 დღის განმავლობაში იესო „ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდა“ მოციქულებს. სწორედ სამეფოს აღდგენასთან დაკავშირებულ კითხვაზე უთხრა იესომ მოწაფეებს, რომ პირველ რიგში მათ დედამიწის კიდით კიდემდე უნდა დაემოწმებინათ (1:3, 6, 8). იერუსალიმიდან დაწყებული, მოწაფეები ყველგან გაბედულად ქადაგებდნენ სამეფოს შესახებ. დევნას მოჰყვა სტეფანეს ჩაქოლვა და მოწაფეების ახალ ტერიტორიებზე გაფანტვა (7:59, 60). „საქმეები“ მოგვითხრობს, რომ ფილიპე სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოზე წარმატებით ქადაგებდა სამარიაში, ხოლო პავლე და მისი თანამსახურები კორინთში, ეფესოსა და რომში აუწყებდნენ „ღვთის სამეფოს შესახებ“. ეს ქრისტიანები მინდობილნი იყვნენ იეჰოვაზე და მის სულზე, რითაც მაგალითი დაგვიტოვეს (8:5, 12; 14:5—7, 21, 22; 18:1, 4; 19:1, 8; 20:25; 28:30, 31). „საქმეებში“ გადმოცემული ისტორია მათი გულმოდგინების, გაბედულებისა და იმის შესახებ, თუ როგორ აკურთხებდა იეჰოვა მათ მცდელობას, ჩვენც აღგვძრავს, ერთგულად განვაგრძოთ ‘ღვთის სამეფოზე საფუძვლიანად დამოწმება’ (28:23).
[სქოლიოები]
a St. Paul the Traveller, 1895, გვ. 4.
b „გამოიღვიძეთ!“, 22 ივლისი, 1947, გვ. 22, 23 (ინგლ.); „გამოიღვიძეთ!“, 8 აპრილი, 1971, გვ. 27, 28 (ინგლ.).
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 153, 154, 734, 735; ტ. II, გვ. 748 (ინგლ.).
d „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 747 (ინგლ.).
e „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 747 (ინგლ.).
f „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 747 (ინგლ.).
g „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 750 (ინგლ.).