„მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“
ახალგაზრდები, რომლებიც გამომაცოცხლებელი ცვარივით არიან
უეჭველია, იესო ქრისტეს ახალგაზრდა მიმდევრებიც ჰყავდა მხედველობაში, როდესაც თქვა: „მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28, აქ). როდესაც ხალხს მასთან ბავშვები მიჰყავდა, მოწაფეები მათ შეჩერებას ცდილობდნენ. იესომ კი უთხრა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას“. შემდეგ „მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი“ (მარკოზი 10:14—16). უდავოა, იესო ახალგაზრდებს დიდად აფასებდა.
ბიბლია მოგვითხრობს იმ ერთგულ ახალგაზრდებზე, ასევე მოზარდებსა და პატარა ბავშვებზე, რომლებმაც ღვთისადმი მსახურების შესანიშნავი მაგალითები დაგვიტოვეს. ფსალმუნებში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი“ ნამივით გამომაცოცხლებელი იქნებოდა. ის აგრეთვე მოგვითხრობს, რომ „ჭაბუკნი“ და „ქალწულნი“ იეჰოვას სახელს განადიდებენ (ფსალმუნი 109:3, აქ; 148:12, 13).
ადგილი, სადაც ახალგაზრდები დიდ წარმატებას აღწევენ
მართებულია, რომ ახალგაზრდები ცვარს შევადაროთ, რადგან ცვარი სიუხვესა და კურთხევებს უკავშირდება (დაბადება 27:28). ცვარი ნაზი და გამომაცოცხლებელია. ახლა, ქრისტეს თანდასწრების დროს, უამრავი ახალგაზრდა ქრისტიანი ხალისითა და მონდომებით ეხმაურება მოწოდებას, ემსახუროს იეჰოვას. გამომაცოცხლებელი ცვარის მსგავსად, ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ხალისით ემსახურება ღმერთს და ეხმარება თანაქრისტიანებს (ფსალმუნი 70:17).
ახალგაზრდა ქრისტიანები არა მხოლოდ სხვებს ეხმარებიან, არამედ თვითონაც თავიანთი მსახურებით განიცდიან გამოცოცხლებას. ღვთის ორგანიზაცია ქმნის ისეთ პირობებს, სადაც მათ წარმატების მიღწევა შეუძლიათ. მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვით, ახალგაზრდები ღმერთთან ახლო ურთიერთობით ხარობენ (ფსალმუნი 118:9). კრებაში ისინიც მონაწილეობენ სასარგებლო საქმიანობაში და პოულობენ კარგ მეგობრებს. ეს კი სასიამოვნო და აზრიანი ცხოვრების საწინდარია.
‘განკურნება და გამოცოცხლება’
გრძნობენ ეს ახალგაზრდები, რომ ისინი „ცვარივით“ არიან? მაგალითად, ტანია, აქტიურად მონაწილეობს კრების საქმიანობაში და ყოველთვიურად სიხარულით უთმობს ქადაგებას 70 საათს. რას გრძნობს ის? „გამოცოცხლებული და გამხნევებული ვარ, — ამბობს ის. — იეჰოვა და მისი მიწიერი ორგანიზაცია ჩემთვის ‘განმკურნებელი და გამომაცოცხლებელი’ აღმოჩნდა (იგავნი 3:8, აქ).
არიელი, რომელიც აგრეთვე სრული დროით მსახურობს, დიდ მადლიერებას გამოხატავს იმ სულიერი საზრდოსთვის, რომელსაც კრების მეშვეობით ღებულობს. „როდესაც ქრისტიანულ შეხვედრებსა თუ კონგრესებზე მივდივარ და იმის საშუალება მაქვს, რომ იეჰოვას სულიერ ნადიმს დავესწრო, ჩემთვის სულიერად გამომაცოცხლებელია, — ამბობს ის. — აღმაფრთოვანებელია იმის ცოდნა, რომ მთელ მსოფლიოში მყავს თანამორწმუნეები“. იმის შესახებ, თუ რა არის მისთვის გამხნევების მთავარი წყარო, ის ამბობს: „გამომაცოცხლებელია, რომ იეჰოვა მყავს მეგობრად, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მესმის ან ვხედავ, რა საშინლად მოქმედებს ეს წუთისოფელი ხალხზე“ (იაკობი 2:23).
20 წლის აბიშაი სრული დროით მქადაგებელია და, ამავე დროს, თანაშემწის მოვალეობასაც ასრულებს კრებაში. აი რას ამბობს ის: „გამოცოცხლებული ვარ, რადგან ვიცი, როგორ გადავჭრა ის პრობლემები, რომლებიც დღეს გვაქვს ახალგაზრდებს. ბიბლიური ჭეშმარიტება დამეხმარა, რომ იმაზე გავამახვილო ყურადღება, რაც იეჰოვასადმი გულით მსახურებაში დამეხმარება“.
მოზარდი ანტუანი კი ძალიან ადვილად ბრაზდებოდა. ერთხელ თანაკლასელს სკამი დაარტყა, მეორეს კი ფანქარი უჩხვლიტა. მისი საქციელი ნამდვილად არ იყო სხვებისთვის გამომაცოცხლებელი! მაგრამ ბიბლიური სწავლებების წყალობით შეიცვალა. ახლა ის 19 წლისაა, კრებაში თანაშემწედ მსახურობს და, ამასთანავე, პიონერია. აი რას ამბობს ანტუანი: „მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ნება დამრთო მიმეღო მის შესახებ შემეცნება და რომ დამეხმარა, დამენახა, რამდენად აუცილებელი იყო ჩემთვის თავშეკავება და ცხოვრების კურსის შეცვლა. ამან ბევრი პრობლემა ამარიდა თავიდან“.
სხვებიც ხედავენ ახალგაზრდა ქრისტიანების გამომაცოცხლებელ დამოკიდებულებას. მათეო იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქრისტიანია. მისმა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ვინც კი კლასში ცუდ სიტყვას იტყოდა, ჯარიმა გადაეხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ, მოსწავლეებმა ჯარიმის გაუქმება ითხოვეს, რადგან, როგორც აღნიშნეს: „შეუძლებელია, რომ ცუდი სიტყვები არ თქვა“. „მაგრამ, — ამბობს მათეო, — მასწავლებელმა თქვა, რომ ეს სიმართლე არ იყო და ამის მაგალითად მე, იეჰოვას მოწმე, დამასახელა და მთელი კლასის წინაშე შემაქო, რომ არ ვბილწსიტყვაობდი“.
ტაილანდში ერთმა მასწავლებელმა 11 წლის რაჩა დაფასთან გამოიხმო და გაუგონარი კლასელების წინ კარგი ქცევისთვის შეაქო. „რატომ არ ბაძავთ რაჩას? ის ბეჯითია და კარგად იქცევა“. შემდეგ კი დასძინა: „ვფიქრობ, რომ გამოსწორდეთ, თქვენც რაჩას მსგავსად იეჰოვას მოწმეები უნდა გახდეთ“.
აღმაფრთოვანებელია ათასობით ახალგაზრდა ქრისტიანის დანახვა, რომლებიც იეჰოვას დღითი დღე უფრო კარგად ეცნობიან და მის ნებას ასრულებენ. ეს შესანიშნავი ახალგაზრდები თავის ასაკთან შედარებით მეტ სიბრძნეს ავლენენ. ღმერთი დაეხმარება მათ, წარმატებულები იყვნენ ახლაც, ხოლო მომავალში კი ბედნიერი ცხოვრებით აკურთხებს ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 4:8). ამ სულიერად ღარიბი წუთისოფლის ფონზე, რომელიც სავსეა უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ახალგაზრდებით, ქრისტიანი ახალგაზრდები მართლაცდა გამომაცოცხლებელ ატმოსფეროს ქმნიან!