მისდევ უბიწოებას?
„ყოველივე, რაც სათნო [უბიწო, აქ] და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელთა 4:8).
1. რა არის ბიწიერება და რატომ ვერ ხრწნის ის იეჰოვასადმი თაყვანისცემას?
ბიწიერება არის ზნეობრივი გარყვნილება, ანუ გახრწნილება. მთელი წუთისოფელი, რომელშიც ვცხოვრობთ, გაჟღენთილია მისით (ეფესელთა 2:1–3). მაგრამ იეჰოვა ღმერთი არ დაუშვებს მისადმი წმინდა თაყვანისცემის წაბილწვას. ქრისტიანული პუბლიკაციები, კრების შეხვედრები, დიდი და პატარა კონგრესები დროულ გაფრთხილებებს გვაწვდის უღვთო საქციელის წინააღმდეგ. ჩვენ გვეძლევა გონივრული ბიბლიური დახმარება, რათა ‘მივეკრათ’ იმას, რაც ღვთის თვალში კეთილია (რომაელთა 12:9). ამიტომ, როგორც ორგანიზაცია, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ სუფთად, უბიწოდ დარჩენას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას თითოეულ ჩვენგანზე? პირადად შენ თუ მისდევ უბიწოებას?
2. რა არის უბიწოება და რატომ არის საჭირო ძალისხმევა უბიწოდ დარჩენისთვის?
2 უბიწოება არის მორალური ღირსება, სიკეთე, სწორი მოქმედება და აზროვნება. ეს პასიური თვისება კი არ არის, არამედ დადებითი, აქტიური. უბიწოებაში ცოდვისგან თავის არიდებაზე მეტი შედის; ის ნიშნავს მისდიო იმას, რაც კარგია (1 ტიმოთე 6:11). მოციქული პეტრე შეაგონებდა თანაქრისტიანებს: ‘წარმოაჩინეთ თქვენს რწმენაში სათნოება [„უბიწოება“, აქ]’. როგორ? „[ღვთის ძვირფასი აღთქმების საპასუხოდ] ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ“ (2 პეტრე 1:5). ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო საჭიროა ნამდვილი ძალისხმევა, რომ უბიწონი დავრჩეთ. და ღვთისმოშიშმა პიროვნებებმა წარსულში შეძლეს ამის გაკეთება, თუმცა ძალიან დიდი დაბრკოლებებიც ხვდებოდათ.
ის უბიწოებას მისდევდა
3. რომელ ბოროტ საქმეებში იყო დამნაშავე მეფე ახაზი?
3 საღვთო წერილი მრავალ ცნობას შეიცავს მათ შესახებ, რომლებიც უბიწოებას მისდევდნენ. მაგალითისთვის განვიხილოთ უბიწო ხიზკიას შემთხვევა. მისი მამა, იუდას მეფე ახაზი, როგორც ჩანს, მოლოქს სცემდა თაყვანს. „ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ იქცეოდა სწორად უფლის, თავისი ღვთის თვალში, როგორც იქცეოდა მამამისი დავითი. დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით; თავისი შვილიც კი ცეცხლში გაატარა, იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ“ (მეოთხე მეფეთა 16:2–4). ზოგი ამტკიცებს, რომ ‘ცეცხლში გატარება’ ნიშნავდა არა ადამიანის შეწირვას, არამედ რაღაც განმწმენდ რიტუალს. მაგრამ ჯონ დეი წიგნში „მოლოქი — ადამიანური შესაწირის ღმერთი ძველ აღთქმაში“ (Molech — A God of Human Sacrifice in the Old Testament) ამბობს: „ქანაანის ქვეყანაში ადამიანების მსხვერპლად შეწირვის ფაქტები არსებობს როგორც კლასიკურ და კართაგენულ წყაროებში, ასევე არქეოლოგიურ წყაროებში. . . ასე რომ, ეჭვის მიზეზი არ არსებობს იმის მიმართ, რასაც ძველი აღთქმა ამბობს [ადამიანურ შესაწირზე]“. უფრო მეტიც, „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ თანახმად [ინგლ.], მეორე ნეშტთა 28:3 კონკრეტულად ამბობს, რომ ახაზი ‘ცეცხლში სწვავდა თავის შვილებს’ (შეადარე მეორე რჯული 12:31; ფსალმუნი 105:37, 38). რა დიდი ბოროტება იყო!
4. როგორ იქცეოდა ხიზკია ბიწიერებით გაჟღენთილ გარემოში?
4 როგორ ცხოვრობდა ხიზკია ბიწიერებით გაჟღენთილ გარემოში? საინტერესოა 118-ე ფსალმუნი, რადგან მრავალი ფიქრობს, რომ ის ხიზკიამ შეადგინა, როცა ჯერ კიდევ უფლისწული იყო (ფსალმუნი 118:46, 99, 100). ასე რომ, მისი მდგომარეობა შეიძლება ნაჩვენები იყოს შემდეგი სიტყვებით: „დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე. დადნა [‘უძილოა’, აქ] სული ჩემი ნაღვლიანობით“ (ფსალმუნი 118:23, 28). ცრუ რელიგიის მიმდევარი სამეფო კარის წევრების გარემოცვაში ხიზკია, შესაძლოა, ძლიერი დაცინვის ობიექტი იყო და ამის გამო მას ძილი უტყდებოდა. მიუხედავად ამისა, ის მისდევდა უბიწოებას, დროთა განმავლობაში მეფე გახდა და მაინც „სწორად იქცეოდა იგი უფლის თვალში. . . უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი“ (მეოთხე მეფეთა 18:1–5).
ისინი უბიწონი დარჩნენ
5. რა გამოცდების წინაშე იდგნენ დანიელი და მისი სამი მეგობარი?
5 აგრეთვე უბიწოებაში სამაგალითოები იყვნენ დანიელი და მისი სამი ებრაელი მეგობარი, სახელად ხანანია, მისაელი და ყაზარია. ისინი სამშობლოდან ბაბილონში გადაასახლეს. ამ ოთხ ყმაწვილს დაარქვეს ბაბილონური სახელები — ბელტეშაცარი, შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო. მათ „მეფის სუფრიდან“ შესთავაზეს კვება ისეთი საჭმელებით, რომლებიც ღვთის რჯულით იკრძალებოდა. უფრო მეტიც, მათ იძულებით გაატარეს სამწლიანი მომზადების კურსი, რომელიც დაკავშირებული იყო ‘ქალდეველთა მწიგნობრობასა და ენის შესწავლასთან’. ეს მხოლოდ ენის შესწავლაზე მეტს ნიშნავდა, ვინაიდან სიტყვა ‘ქალდეველნი’, სრულიად შესაძლებელია, რომ აქ აღნიშნავდეს სწავლულთა კლასს. ასე რომ, ამ ებრაელ ახალგაზრდებს ბაბილონელების უკუღმართი სწავლებების საფრთხე დაემუქრა (დანიელი 1:1–7).
6. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ დანიელი მისდევდა უბიწოებას?
6 დანიელმა და მისმა სამმა მეგობარმა ბიწიერებას უბიწოება არჩიეს, მიუხედავად ძლიერი ზეგავლენისა, დამორჩილებოდნენ იქაურ წესებს. დანიელის 1:21-ში ნათქვამია: „იყო იქ დანიელი მეფე კიროსის პირველ წლამდე“. დიახ, დანიელი იეჰოვას უბიწო მსახური „იყო“ 80 წელზე მეტი ხნის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც რამდენიმე ძლიერი ხელისუფალი აღზევდა და დაემხო კიდეც. სექსუალური ბიწიერებისა და ზნეობრივად დაცემული თანამდებობის პირების ხრიკებისა და შეთქმულებების მიუხედავად, რომლითაც გაჟღენთილი იყო ბაბილონელების რელიგია, დანიელი ღვთის ერთგული დარჩა. ის განუწყვეტლივ მისდევდა უბიწოებას.
7. რის სწავლა შეიძლება დანიელისა და მისი სამი მეგობრის მიერ არჩეული გზიდან?
7 ღვთისმოშიში დანიელისა და მისი მეგობრებისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია. ისინი მისდევდნენ უბიწოებას და ამიტომ ბაბილონურმა კულტურამ ვერ შთანთქა ისინი. თუმცა ბაბილონური სახელები შეარქვეს, მათ არ დაკარგეს თავიანთი, როგორც იეჰოვას მსახურების, ვინაობა. და დაახლოებით 70 წლის შემდეგაც კი ბაბილონის მეფემ დანიელს ებრაული სახელით მიმართა! (დანიელი 5:13). თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე დანიელი მცირე საკითხებშიც კი არ მიდიოდა კომპრომისზე. როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მან „გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით“ (დანიელი 1:8). უეჭველია, ამ უკომპრომისო პოზიციამ გააძლიერა დანიელი და მისი სამი მეგობარი, რომ გადაეტანათ სამკვდრო-სასიცოცხლო გამოცდები, რომლებიც მოგვიანებით გადახდათ (დანიელი, მე-3 და მე-6 თავები).
უბიწოების მიყოლა დღეს
8. როგორ შეუძლია ქრისტიან ახალგაზრდობას წინააღმდეგობა გაუწიოს იმას, რომ არ შეეთვისოს სატანის წუთისოფელს?
8 დანიელისა და მისი სამი მეგობრის მსგავსად იეჰოვას ხალხი დღეს მთელი ძალებით უწევს წინააღმდეგობას იმას, რომ არ შეეთვისონ სატანის ბოროტ წუთისოფელს (1 იოანე 5:19). თუ შენ ახალგაზრდა ქრისტიანი ხარ, შესაძლოა, განიცდი თანატოლების ზეგავლენას, რომ მიბაძო მათ უკიდურეს გემოვნებას ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში, კოსმეტიკასა და მუსიკაში. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მიჰყვე ყველანაირ მოდასა თუ სტილს, რომელიც ახლა პოპულარობით სარგებლობს, მტკიცედ დადექი და თავს ნება არ დართო, რომ ‘დაემსგავსო ამ წუთისოფელს’ (რომაელთა 12:2). ‘უარყავით უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი და იცხოვრეთ ამ წუთისოფელში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით’ (ტიტე 2:11, 12). უფრო მთავარია დაიმსახურო მოწონება იეჰოვასგან და არა შენი თანატოლებისგან (იგავნი 12:2).
9. რა ზეგავლენას შეიძლება წააწყდნენ ბიზნესის სამყაროში ქრისტიანები და როგორი მოქცევა მართებთ მათ?
9 უფროსი ასაკის ქრისტიანებსაც აქვთ სხვადასხვა ზეგავლენა და ისინიც უბიწონი უნდა იყვნენ. ქრისტიანი ბიზნესმენი შეიძლება ჩავარდეს ცდუნებაში, საეჭვო მეთოდებს მიმართოს თავის საქმეში ან უგულებელყოს მთავრობის დადგენილებები და საგადასახადო წესები. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევიან კონკურენტები თუ თანამშრომლები, «გვსურს ყველაფერში კეთილად [„პატიოსნად“, აქ] ვიქცეოდეთ» (ებრაელთა 13:18). ბიბლია ჩვენგან მოითხოვს, რომ პატიოსნად და წრფელად მოვექცეთ ჩვენს უფროსებს სამუშაოზე, ჩვენს ხელქვეით მყოფ მუშა-მოსამსახურეებს, მყიდველებსა და ქვეყნიურ მთავრობას (მეორე რჯული 25:13–16; მათე 5:37; რომაელთა 13:1; 1 ტიმოთე 5:18; ტიტე 2:9, 10). მოდი ჩვენც ვეცადოთ, ჩვენი ბიზნესის საქმეები წესრიგში გვქონდეს. ზუსტი ჩანაწერების წარმოებით და შეთანხმებების წერილობით შედგენით, ხშირ შემთხვევებში, გაუგებრობებს ავირიდებთ.
ფხიზლად იყავი!
10. რატომ არის საჭირო სიფხიზლე, როცა საქმე მუსიკის შერჩევას ეხება?
10 ფსალმუნის 118:9-ში აღნიშნულია ღვთის წინაშე უბიწოდ დარჩენის სხვა მხარე. ფსალმუნმომღერალი ამბობდა: „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას [ანუ ფხიზლად იყოს] შენი სიტყვისამებრ“. სატანის ყველაზე ეფექტური იარაღი მუსიკაა, რომელსაც ემოციების აღძვრა შეუძლია. სამწუხაროდ, ზოგი ქრისტიანი არ ფხიზლობს, როცა საქმე მუსიკას ეხება, და ისინი გატაცებული არიან მუსიკის ისეთ უკიდურეს ფორმებში, როგორიცაა „რეპი“ და „ჰევი-მეტალი“. ზოგი შეიძლება ამტკიცებს, რომ ასეთი მუსიკა არ ავნებს მათ ან რომ ისინი ყურადღებას არ აქცევენ სიტყვებს. სხვები კი ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ძლიერი რიტმი ან გიტარების ხმამაღალი დაკვრა მოსწონთ. მაგრამ ქრისტიანებისთვის მთავარი ის კი არ არის, რაღაცა სასიამოვნოა თუ არა. მათ აწუხებთ საკითხი, ‘მოსაწონია თუ არა ეს უფლისთვის’ (ეფესელთა 5:10). საერთოდ, „ჰევი-მეტალი“ და „რეპ-მუსიკა“ ისეთ ბიწიერებებს უწყობს ხელს, როგორიცაა ბილწსიტყვაობა, მრუშობა და თვით სატანიზმიცa — ყოველივე ამას, რასაკვირველია, ადგილი არ უნდა ჰქონდეს ღვთის ხალხში (ეფესელთა 5:3). ახალგაზრდები ვართ თუ უფროსი ასაკის, კარგია, თუ დავფიქრდებით შემდეგ კითხვაზე: „მუსიკის არჩევით უბიწოებას მივდევ თუ ბიწიერებას?“
11. როგორ შეუძლია ქრისტიანს ფხიზლად იყოს სატელევიზიო პროგრამების, კინო- და ვიდეოფილმების საკითხში?
11 მრავალი სატელევიზიო პროგრამა, კინო- და ვიდეოფილმები ხელს უწყობს ბიწიერებას. ერთი გამოჩენილი ფსიქიატრის თანახმად, ‘ავხორცობა, სექსი, ძალადობა, სიხარბე და ეგოიზმი’ ჭარბობს მრავალ ფილმში, რომლებსაც დღეს უჩვენებენ. მაშასადამე, ფხიზლად ყოფნაში შედის იმის შერჩევაც, თუ რას ვუყურებთ. ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: „ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას“ (ფსალმუნი 118:37). ჯოზეფმა, ახალგაზრდა ქრისტიანმა, გამოიყენა ეს პრინციპი. როცა ერთ-ერთ ფილმში სექსისა და ძალადობის ამსახველი კადრები გამოჩნდა, ის წამოვიდა კინოთეატრიდან. უხერხულად ხომ არ გრძნობდა თავს, როცა გამოდიოდა? „სრულიადაც არა, — ამბობს ჯოზეფი. — უპირველესად, მე იეჰოვაზე ვფიქრობდი და იმაზე, თუ როგორ მესიამოვნებინა მისთვის“.
შესწავლისა და შესწავლილზე დაფიქრების როლი
12. რატომ არის აუცილებელი პირადი შესწავლა და შესწავლილზე დაფიქრება, რომ მივდიოთ უბიწოებას?
12 საკმარისი არ არის, მოერიდო ცუდს. მისდიო უბიწოებას აგრეთვე შეიცავს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი კარგი აზრების შესწავლასა და მათზე დაფიქრებას, რათა მისი სამართლიანი პრინციპების გამოყენება შეგეძლოს ცხოვრებაში. „რარიგად მიყვარს რჯული შენი“, — წამოიძახა ფსალმუნმომღერალმა, — ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97). ჩართული გაქვს თუ არა ყოველკვირეულ განრიგში ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების პირადი შესწავლა? მართალია, დროის გამონახვა იმისთვის, რომ საგულდაგულოდ შეისწავლო ღვთის სიტყვა და ლოცვით იფიქრო შესწავლილზე, შეიძლება ძნელი იყოს. მაგრამ ხშირად ეს შესაძლებელია, თუ დროს სხვა საქმეებისგან გამოისყიდი (ეფესელთა 5:15, 16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ალბათ, ადრიანი დილის საათები კარგ სამსახურს გაგიწევს, რომ დრო გამონახო ლოცვისთვის, შესწავლისა და შესწავლილზე დაფიქრებისთვის (შეადარე ფსალმუნი 118:147).
13, 14. ა) რატომ არის შესწავლილზე დაფიქრება ფასდაუდებელი? ბ) რომელ ბიბლიურ მუხლებზე დაფიქრება დაგვეხმარება სექსუალური უზნეობის სიძულვილში?
13 შესწავლილზე დაფიქრება ფასდაუდებელია, ვინაიდან ის გვეხმარება ნასწავლის შენარჩუნებაში. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ღვთისმოსაწონი შეხედულებების განვითარებაში გვეხმარება. მაგალითისთვის: ერთია, იცოდე, რომ ღმერთი კრძალავს მრუშობას, ხოლო სულ სხვაა, ‘განერიდო ბოროტებას და მიეკრა კეთილს’ (რომაელთა 12:9). სინამდვილეში, ჩვენ იეჰოვას მსგავსი თვალსაზრისი გვექნება სექსუალურ უზნეობასთან დაკავშირებით, თუ ვიფიქრებთ ძირითად ბიბლიურ მუხლებზე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა კოლასელთა 3:5, რომელიც მოგვიწოდებს: „მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“. შეეკითხე საკუთარ თავს: „როგორი სახის ვნება უნდა მოვაკვდინო ჩემში? რას უნდა მოვერიდო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უწმინდური სურვილები? საჭიროა თუ არა რამე ცვლილებების შეტანა საპირისპირო სქესის პირებთან ჩემს ურთიერთობაში?“ (შეადარე 1 ტიმოთე 5:1, 2).
14 პავლე მოუწოდებს ქრისტიანებს, მოერიდონ მრუშობას და თავშეკავება გამოავლინონ, „რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა“ (1 თესალონიკელთა 4:3–7). შეეკითხე საკუთარ თავს: „რით არის საზიანო მრუშობა? რა ზიანს მოვუტან საკუთარ თავსა და სხვას, თუ შევცოდავ ამ მხრივ? როგორ იმოქმედებს ეს ჩემს სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე? რა დაემართათ კრების იმ წევრებს, რომლებმაც დაარღვიეს ღვთის კანონი და არ ინანიებდნენ? რით დამთავრდა ყველაფერი მათ შემთხვევაში?“ თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რასაც ბიბლია ასეთ საქციელზე ამბობს, ეს გააძლიერებს ჩვენს სიძულვილს იმის მიმართ, რაც ღვთის თვალში ცუდია (გამოსვლა 20:14; 1 კორინთელთა 5:11–13; 6:9, 10; გალატელთა 5:19–21; გამოცხადება 21:8). პავლე ამბობს, რომ მრუში „ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს“ (1 თესალონიკელთა 4:8). რომელი ჭეშმარიტი ქრისტიანი მოისურვებდა ზეციერი მამისადმი ურჩობას?
უბიწოება და მეგობრული ურთიერთობები
15. რა წვლილი შეაქვს მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს მიერ უბიწოების მიყოლაში?
15 სხვა საშუალება, რომელიც უბიწოდ დარჩენაში დაგვეხმარება, არის კარგი საზოგადოება. ფსალმუნმომღერალი გალობდა: „თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია [იეჰოვა] და იცავს შენს მცნებებს“ (ფსალმუნი 118:63). ჩვენ გვესაჭიროება ჯანსაღ საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორიც ქრისტიანულ შეხვედრებზე გვაქვს (ებრაელთა 10:24, 25). თუ სხვებისგან განვცალკევდებით, შეიძლება ეგოცენტრულები გავხდეთ აზროვნებით და ბიწიერება ადვილად შეძლებს ჩვენს დაძლევას (იგავნი 18:1). მაგრამ თბილ ქრისტიანულ ურთიერთობას შეუძლია გაგვაძლიეროს გადაწყვეტილებაში, დავრჩეთ უბიწონი. რა თქმა უნდა, ცუდ საზოგადოებასაც უნდა მოვერიდოთ. ჩვენ გულთბილად უნდა მოვეპყროთ მეზობლებს, თანამშრომლებსა და თანაკლასელებს. მაგრამ, თუ მართლაც სიბრძნით დავდივართ, მოვერიდებით მათთან დაახლოებას, რომლებიც არ მისდევენ ქრისტიანულ უბიწოებას (შეადარე კოლასელთა 4:5).
16. როგორ გვეხმარება 1-ლი კორინთელთა 15:33-ის გამოყენება, რომ უბიწოებას მივდიოთ დღეს?
16 პავლე წერდა: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“. ამ სიტყვებით ის აფრთხილებდა მორწმუნეებს, რომ ისინი დაკარგავდნენ რწმენას, თუ დაუმეგობრდებოდნენ ვითომ ქრისტიანებს, რომლებიც უარყოფდნენ ბიბლიურ სწავლებას აღდგომის შესახებ. პრინციპი, რომელიც ჩადებულია პავლეს გაფრთხილებაში, ეხება ჩვენს ურთიერთობებს როგორც კრების გარეთ, ისე თვით კრებაშიც (1 კორინთელთა 15:12, 33). რასაკვირველია, ჩვენ თავს არ ავარიდებთ ჩვენს სულიერ და-ძმებს იმის გამო, რომ ისინი არ ეთანხმებიან, განსაკუთრებით, ჩვენს პირად აზრს რაღაცასთან დაკავშირებით (მათე 7:4, 5; რომაელთა 14:1–12). და მაინც, საჭიროა სიფრთხილე, როცა კრების რომელიმე წევრი საეჭვოდ იქცევა ან ავლენს არასასიამოვნო ან მდრტვინავ სულს (2 ტიმოთე 2:20–22). ბრძნულია, ვიყოთ ახლო ურთიერთობებში მათთან, ვისთანაც შევძლებთ ‘ერთიანი რწმენიდან ნუგეშის მიღებას’ (რომაელთა 1:11, 12). ეს დაგვეხმარება უბიწოდ სიარულსა და ‘ცხოვრების გზაზე’ დარჩენაში (ფსალმუნი 15:11).
განუწყვეტლივ მისდიე უბიწოებას
17. რიცხვნის 25-ე თავის თანახმად, რა უბედურება დაატყდათ თავს ისრაელებს და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
17 ისრაელებს ცოტაღა რჩებოდათ აღთქმული მიწის დამკვიდრებამდე და ზუსტად მაშინ მათგან მრავალმა ათასმა ბიწიერება აირჩია და უბედურებაც დაიტეხა (რიცხვნი, 25-ე თავი). დღეს იეჰოვას ხალხი სამართლიანი ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე დგას. იქ შესვლა კურთხეულ უპირატესობად მათ მიეცემათ, რომლებიც განაგრძობენ წუთისოფლისეული ბიწიერების უარყოფას. როგორც არასრულყოფილ ადამიანებს, შეიძლება გვაქვს არასწორი მიდრეკილებები, მაგრამ ღმერთი დაგვეხმარება, რომ მივყვეთ მისი სულიწმიდის სამართლიან ხელმძღვანელობას (გალატელთა 5:16; 1 თესალონიკელთა 4:3, 4). ამიტომ მოვუსმინოთ იესო ნავეს ძის შეგონებას, რომელიც მან ისრაელს მისცა: „გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად“ (იესო ნავეს ძე 24:14). პატივისცემით აღსავსე შიში, რომ არ ვაწყენინოთ იეჰოვას, დაგვეხმარება უბიწოდ სიარულში.
18. რა გადაწყვეტილებით აღსავსე უნდა იყოს ყველა ქრისტიანი ბიწიერებასა და უბიწოებასთან დაკავშირებით?
18 თუ გულით გწადია, ასიამოვნო ღმერთს, დაუყოვნებლივ მიყევი პავლეს მოწოდებას: „ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“. რას მოგიტანს ამგვარად მოქცევა? პავლემ თქვა: „[ეს ყოველივე] შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან“ (ფილიპელთა 4:8, 9). დიახ, იეჰოვას დახმარებით შენ შეძლებ ბიწიერების უარყოფას და უბიწოების მიყოლას.
[სქოლიოები]
a იხილე „სასწავლო სტატიების“ 1-ლი ბროშურა, გვ. 18–22, ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ 1993 წლის 8 მარტის გამოცემა, გვ. 15–17 და 8 ივლისის გამოცემა, გვ. 3–11 (რუს.), აგრეთვე 1996 წლის 22 ნოემბრის გამოცემა, გვ. 21–23 (რუს.).
საკითხები გამეორებისთვის
◻ რა მოითხოვება იმისთვის, რომ მივდიოთ უბიწოებას?
◻ რა პირობებში დარჩნენ უბიწონი ხიზკია, დანიელი და სამი ებრაელი?
◻ როგორ შეგვიძლია დანიელის მსგავსად წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანის ხრიკებს?
◻ რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები ფხიზლად გართობის საკითხში?
◻ რა წვლილი შეაქვს შესწავლას, შესწავლილზე დაფიქრებასა და სხვებთან ურთიერთობას უბიწოდ სიარულში?
[სურათები 15 გვერდზე]
ახალგაზრდა ხიზკია მისდევდა უბიწოებას, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო მოლოქის თაყვანისმცემლები იყვნენ.
[სურათები 17 გვერდზე]
როცა საკითხი გართობას ეხება, ქრისტიანებმა უნდა იფხიზლონ.