წარმატებული იყავით ცხოვრებაში!
„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას . . . ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნი 1:1, 3).
1. ა) რა თვალსაზრისი აქვს წუთისოფელში ბევრ ახალგაზრდას წარმატებაზე? ბ) როგორ აღწერს ბიბლია წარმატებულ ადამიანს?
წარმატება — რას ნიშნავს ეს სიტყვა თქვენთვის? „ჩემი უმთავრესი მიზანია, წარმატებული ვიყო კომერციულ საქმიანობაში“, — თქვა ერთმა ახალგაზრდამ. ერთმა გოგონამ აღნიშნა: „ჩემი ოცნება ბედნიერი ოჯახია“. სხვა გოგონა კი ამბობს: „მეტი არაფერი მინდა, ოღონდაც მქონდეს კარგი, დიდი სახლი, ლამაზი ავტომობილი. . . ჩემი თავის გარდა არავინ მაინტერესებს“. საქმე ის არის, რომ ნამდვილი წარმატება არც ფულით, არც ოჯახით და არც თვით შემოსავლიანი კარიერით არ განისაზღვრება. ფსალმუნის 1:1—3-ში ვკითხულობთ: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას. . . უფლის რჯულშია მისი მისწრაფება. . . ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“.
2. სად შეიძლება ნამდვილი წარმატების პოვნა და მისი მიღწევის რომელი ერთადერთი საშუალება არსებობს?
2 აქ ბიბლია ისეთ რამეს გვპირდება, რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ შემოგვთავაზებს, — ეს არის ნამდვილი წარმატება! მაგრამ ის ფინანსურ მოგებაზე არ ლაპარაკობს. პირიქით, ბიბლია გვაფრთხილებს: „ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა“ (1 ტიმოთე 6:10). ნამდვილი წარმატება ღვთის მოწონების დამსახურებას მოაქვს — ამაში შედის იეჰოვას რჯულის მიყოლა. მხოლოდ ამას მოაქვს კმაყოფილების ნამდვილი გრძნობა და ჭეშმარიტი ბედნიერება! შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს ის აზრი, რომ უნდა დაექვემდებაროს იეჰოვას რჯულს და მის თანახმად მოიქცეს. მაგრამ იესომ თქვა: „ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“ (მათე 5:3, აქ). შეიძლება არც კი გიფიქრიათ ამაზე, მაგრამ თქვენ შექმნილი იყავით სულიერი მოთხოვნილებებით — მათ შორის ღრმად გამჯდარი მოთხოვნილებით, რომ იცნობდეთ ღმერთს და გესმოდეთ მისი განზრახვები. ამიტომ ნამდვილ ბედნიერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ დაიკმაყოფილებთ ამ მოთხოვნილებებს და მიჰყვებით „უფლის რჯულს“.
რისთვის გვჭირდება ღვთის კანონები
3. რატომ უნდა გვიხაროდეს, რომ იეჰოვამ ‘წარმართოს ჩვენი ნაბიჯები’?
3 წინასწარმეტყველმა იერემიამ დაწერა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ეს ეხება ყველას, ახალგაზრდასა თუ მოხუცს. ჩვენი ნაბიჯების წარსამართავად მარტო სიბრძნე, გამოცდილება და ცოდნა კი არ გვაკლია, არამედ უფლებაც კი არა გვაქვს. გამოცხადების 4:11-ში ბიბლია ამბობს: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“. როგორც ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა „სიცოცხლის წყაროა“ (ფსალმუნი 35:10). ამიტომ მან ნებისმიერზე უკეთ იცის, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ამგვარად, მან კანონები დაადგინა არა სიხარულის წასართმევად, არამედ ჩვენ სასარგებლოდ (ესაია 48:17). თუ უგულებელყოფთ ღვთის რჯულს, წარუმატებლობა არ აგცდებათ.
4. რატომ იმახინჯებს ამდენი ახალგაზრდა ცხოვრებას?
4 მაგალითად, დაინტერესებულხართ როდისმე, რატომ იმახინჯებს ცხოვრებას ამდენი ახალგაზრდა ნარკოტიკებით, სექსუალური გარყვნილებითა და სხვა ბიწიერებებით? ფსალმუნის 35:2, 3 ხსნის: „ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე. რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს“. რადგანაც არა აქვთ „შიში ღმერთისა“, ბევრი ახალგაზრდა თავს იტყუებს, რომ არასწორ საქციელს არაფერი მოჰყვება. მაგრამ, საბოლოოდ, ისინი შემდეგი უცვლელი პრინციპის წინაშე აღმოჩნდებიან: „რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს“ (გალატელთა 6:7, 8).
„დღეების დათვლა“
5, 6. ა) რატომ უნდა ‘დათვალონ თავიანთი დღეები’ ახალგაზრდებმა და რას ნიშნავს ეს? ბ) რას ნიშნავს ‘გვახსოვდეს ჩვენი გამჩენი’?
5 როგორ შეგიძლიათ წარმატებული იყოთ ცხოვრებაში და ‘მოიმკათ მარადიული სიცოცხლე’? მოსემ დაწერა: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი. . . სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ“ (ფსალმუნი 89:10). იშვიათად თუ გიფიქრიათ სიკვდილზე — თუკი საერთოდ გიფიქრიათ. ბევრი ახალგაზრდა ისე იქცევა, თითქოს ხელშეუხებლები იყვნენ. მაგრამ მოსე სამწუხარო სინამდვილის წინაშე გვაყენებს — რომ სიცოცხლე მოკლეა. იმის გარანტიაც კი არა გვაქვს, რომ 70-80 წელს ვიცოცხლებთ. „დრო და შემთხვევა“ ახალგაზრდასა და ჯანმრთელსაც კი არ ინდობს (ეკლესიასტე 9:11). მაშ, როგორ გამოიყენებთ თქვენს ძვირფას სიცოცხლეს? მოსე ლოცულობდა: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“ (ფსალმუნი 89:12).
6 რას ნიშნავს თქვენი დღეების დათვლა? არა იმას, რომ გამოთვლა დაიწყოთ, რამდენ ხანს იცოცხლებთ. მოსე ლოცულობდა, რომ იეჰოვას თავისი ხალხისთვის ესწავლებინა, როგორ გამოეყენებინათ დარჩენილი დღეები ისე, რომ დიდება მოეტანათ მისთვის. ითვლით თქვენი სიცოცხლის დღეებს და უყურებთ თითოეულ მათგანს როგორც შესანიშნავ შესაძლებლობას ღვთისთვის ქება-დიდების მოსატანად? ბიბლია ახალგაზრდებს ახალისებს: „უკუიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე უამური რამ, რადგან ბავშვობაც და სიყმაწვილეც ამაოა და წარმავალი. გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 11:10—12:1). გვახსოვდეს ჩვენი გამჩენი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე იმის არდავიწყებას, რომ ის არსებობს. „გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მოხვალ“ — როდესაც ეს სთხოვა, ბოროტმოქმედს მხოლოდ ის როდი უნდოდა, რომ იესოს მისი სახელი გაეხსენებინა. მას უნდოდა, რომ იესოს ემოქმედა, მკვდრეთით აღედგინა ის! (ლუკა 23:42; შეადარეთ დაბადება 40:14, 23; იობი 14:13). მსგავსად ამისა, გვახსოვდეს იეჰოვა აგრეთვე ნიშნავს, ვიმოქმედოთ — ვაკეთოთ ის, რაც მას მოსწონს. შეიძლება თუ არა თქვენზე ითქვას, რომ გახსოვთ იეჰოვა?
ნუ შეგშურდებათ ბოროტმოქმედებისა
7. რატომ ირჩევს ზოგი ახალგაზრდა თავიანთი გამჩენის დავიწყებას? მოიყვანეთ მაგალითი.
7 ბევრი ახალგაზრდა იეჰოვას დავიწყებას ირჩევს, რადგან მოწმეობა მეტისმეტად შემზღუდველად მიაჩნიათ. ესპანეთში მცხოვრები ერთი ძმა იხსენებს, რას გრძნობდა მოზარდობისას: „წუთისოფელი იმიტომ მიზიდავდა, რომ ჭეშმარიტება ძნელი და მკაცრი მეჩვენებოდა. საჭირო იყო ჯდომა, სწავლა, შეხვედრებზე სიარული, ჰალსტუხის ტარება — მე კი ეს არ მომწონდა“. ხომ არ ფიქრობთ ზოგჯერ, რომ, რადგანაც ღმერთს ემსახურებით, რამეს კარგავთ? შეიძლება გაგაკვირვოთ იმის გაგებამ, რომ ბიბლიის ერთ-ერთი მწერალიც იმავეს განიცდიდა. გთხოვთ გადაშალოთ ბიბლია და წაიკითხოთ 72-ე ფსალმუნი.
8. რატომ ‘შეშურდა სულელებისა’ ასაფს?
8 მოდი ცოტა დაწვრილებით განვიხილოთ ეს ფსალმუნი. მე-2 და მე-3 მუხლებში ნათქვამია: „მე კი — კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები. რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას“. შესავალი სიტყვების თანახმად, ეს ფსალმუნი ასაფმა დაწერა. ის ლევიანი მუსიკოსი და დავითის თანამედროვე იყო (პირველი ნეშტთა 25:1, 2; მეორე ნეშტთა 29:30). თუმცა მას წილად ხვდა პატივი — ღვთის ტაძარში ემსახურა — ‘შეშურდა’ მათი, ვინც უკანონობით იკვეხნიდა. როგორც ჩანდა, საქმე კარგად მისდიოდათ; თანაც, მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ. სინამდვილეში, მოჩვენებითმა წარმატებებმა ‘გულები სიბრიყვით აუვსო’ მათ (მე-5 და მე-7 მუხლები). თავიანთ ეგოისტურ საქმეებზე „ქედმაღლურად“ ლაპარაკობდნენ (მე-8 მუხლი). ‘მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარებოდა’, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ არც ცაში, არც დედამიწაზე არავის არაფრად აგდებდნენ (მე-9 მუხლი).
9. რატომ შეიძლება დღეს ზოგი ქრისტიანი ახალგაზრდა იმავეს გრძნობდეს, რასაც ასაფი გრძნობდა?
9 შეიძლება იგივე ითქვას სკოლაში თქვენს თანატოლებზე. ალბათ, გსმენიათ, როგორ უსირცხვილოდ იკვეხნიან თავიანთ სექსუალურ გარყვნილებას, ღრეობებს, ალკოჰოლის მიღებასა და ნარკოტიკების გამოყენებას. როცა მათს ეგრეთ წოდებულ სასიამოვნო ცხოვრებას ადარებთ ვიწრო გზას, რომელზე სიარულიც თქვენ გიწევთ, როგორც ქრისტიანს, შეიძლება ზოგჯერ ‘შეგშურდეთ სულელებისა’ (მათე 7:13, 14). ასაფიც კი მივიდა იქამდე, რომ თქვა: „ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე ხელები. და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე“ (მე-13 და მე-14 მუხლები). დიახ, მან ეჭვის თვალით დაუწყო ყურება ღვთისადმი მსახურებისა და პატიოსნად ცხოვრების ფასს.
10, 11. ა) რამ შეაცვლევინა ასაფს აზრი? ბ) რა გაგებით არიან ბოროტმოქმედები „მოლიპულ გზაზე“? მოიყვანეთ მაგალითი.
10 საბედნიეროდ, ასაფი დიდ ხანს არ დარჩენილა ასე გულგატეხილი. ის მალე მიხვდა, რომ ბოროტთა მოჩვენებითი მშვიდობა მხოლოდ ილუზია იყო — თანაც, დროებითი! მან წამოიძახა: „მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე. როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან!“ (მე-18 და მე-19 მუხლები). თქვენი ბევრი თანატოლიც „მოლიპულ გზაზეა“. ადრე თუ გვიან უღმერთო საქციელი ეწევა მათ, რასაც შეიძლება არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება და პატიმრობა ან სიკვდილიც კი მოჰყვეს! რაც ყველაზე უარესია, ისინი ღმერთს სცილდებიან (იაკობი 4:4).
11 ესპანეთში მცხოვრებმა ერთმა ახალგაზრდა მოწმემ პირადად გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ერთ დროს ის ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო უღმერთო ახალგაზრდების ჯგუფთან და გაორებულ ცხოვრებას ეწეოდა. მალე შეუყვარდა ერთ-ერთი მათგანი — ნარკომანი. თუმცა თვითონ თავს იკავებდა ნარკოტიკების გამოყენებისგან, მისთვის ყიდულობდა. „ნემსის შეყვანაშიც კი ვეხმარებოდი ხოლმე“, — ამატებს ის. საბედნიეროდ, ეს და გონს მოეგო და სულიერად გამოჯანმრთელდა. მაგრამ რა თავზარდამცემი იყო მისთვის მოგვიანებით იმის გაგება, რომ მისი ნარკომანი შეყვარებული შიდს-ით დაიღუპა. დიახ, როგორც ფსალმუნმომღერალმა თქვა, უღმერთოები „მოლიპულ გზაზე“ არიან. თავაშვებული ცხოვრების გამო ზოგი უდროოდ იღუპება. დანარჩენები, თუ არ შეიცვლებიან, თავს ვერ დააღწევენ ‘უფალ იესოს გამოცხადებას ციდან, თავისი ძალის ანგელოზებითურთ, რომელიც ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას’ (2 თესალონიკელთა 1:7, 8).
12. როგორ დაინახა ერთმა იაპონელმა ახალგაზრდამ, რომ უგუნურებაა გშურდეს ბოროტმოქმედი ადამიანებისა?
12 ამგვარად, როგორი უგუნურებაა, შეგვშურდეს მათი, „ვინც არ შეიცნო ღმერთი“! სინამდვილეში, უნდა „გვშურდეს“ მათი, ვინც იცნობს იეჰოვას და მარადიული ცხოვრების იმედი აქვს. იაპონიაში მცხოვრები ერთი ახალგაზრდა ძმა მიხვდა ამას. როგორც ახალგაზრდას, მასაც „მეტი თავისუფლება“ უნდოდა. ის ყვება: „მეგონა, რომ რაღაც მაკლდა. შემდეგ წარმოვიდგინე სიცოცხლე ჭეშმარიტების გარეშე — ვიცხოვრებდი 70-80 წელი და მოვკვდებოდი. იეჰოვა კი მარადიული სიცოცხლის იმედს გვაძლევს! ამის დანახვა დამეხმარა, ნამდვილად დამეფასებინა ის, რაც მქონდა“. მიუხედავად ამისა, ადვილი არ არის ერთგულების შენარჩუნება ისეთი ხალხის გარემოცვაში, რომლებიც არ მისდევენ ღვთის კანონებს. როგორ შეგიძლიათ ასეთი ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა?
ყურადღება მიაქციეთ, ვისთან გაქვთ ურთიერთობა!
13, 14. რატომ არის მნიშვნელოვანი, გონივრულად აირჩიოთ, ვისთან გქონდეთ ურთიერთობა?
13 კიდევ ერთხელ ვნახოთ, როგორ არის აღწერილი წარმატებული კაცი ფსალმუნის 1:1—3-ში: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“.
14 პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ, რომ დიდ როლს ასრულებს ის, ვისთან გაქვთ ურთიერთობა. იგავნის 13:20-ში ნათქვამია: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“. ეს არ ნიშნავს, რომ ცივი, არაკეთილგანწყობილი ან უხეში დამოკიდებულება გქონდეთ იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან. ბიბლია მოგვიწოდებს, გვიყვარდეს მოყვასი და ‘ყველა ადამიანთან მშვიდობიანად ვიყოთ’ (რომაელთა 12:18; მათე 22:39). მაგრამ, თუ მეტისმეტად ახლო ურთიერთობა გაქვთ ბიბლიური ნორმების უგულებელმყოფლებთან, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მათს ‘რჩევას მისდევთ’.
რა სარგებლობა მოაქვს ბიბლიის კითხვას
15. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს განივითარონ ბიბლიის წაკითხვის სურვილი?
15 ფსალმუნმომღერალმა ისიც თქვა, რომ წარმატებული ადამიანი ისწრაფვის, „დღედაღამ ხმადაბლა“ (აქ) იკითხოს ღვთის რჯული (ფსალმუნი 1:1, 2). მართალია, ბიბლია არ არის ადვილი წასაკითხი; მასში „ზოგი რამ . . . ძნელად გასაგებია“ (2 პეტრე 3:16). მაგრამ ბიბლიის კითხვა არ უნდა იყოს მოსაწყენი. ადამიანს შეუძლია განივითაროს ‘ნატვრა [ღვთის სიტყვის] სულიერი სუფთა რძის მიმართ’ (1 პეტრე 2:2). ეცადეთ ყოველდღე ცოტა მაინც წაიკითხოთ. თუ რამე არ გესმით, გამოიკვლიეთ. შემდეგ იფიქრეთ წაკითხულზე (ფსალმუნი 76:12, 13). თუ გიჭირთ კონცენტრირება, სცადეთ უსიტყვოდ კი არა, არამედ „ხმადაბლა“ იკითხოთ. დროთა განმავლობაში, ბიბლიის კითხვა აუცილებლად უფრო მეტად შეგიყვარდებათ. ერთი ახალგაზრდა ბრაზილიელი და იხსენებს: „ყოველთვის მეგონა, რომ იეჰოვა შორს იყო ჩემგან. მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა გავიუმჯობესე პირადი შესწავლა და ბიბლიის კითხვა და ვგრძნობ, რომ უფრო დავუახლოვდი იეჰოვას. ჩემთვის ის უფრო რეალური გახდა“.
16. როგორ შეგვიძლია კრების შეხვედრებიდან მეტი სარგებლობის მიღება?
16 სულიერი ზრდისთვის კრების შეხვედრებზე დასწრებაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ‘უკვირდებით, როგორ ისმენთ’, დიდ გამხნევებას მიიღებთ (ლუკა 8:18). ხომ არ ფიქრობთ ზოგჯერ, რომ შეხვედრები მთლად საინტერესო არ არის? მაშინ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მე რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ისინი საინტერესო იყოს? ვუკვირდები? ვემზადები? ვმონაწილეობ კომენტარებში?“ გარდა ამისა, ბიბლია გვეუბნება, „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. . . შევაგონოთ ერთმანეთს“ (ებრაელთა 10:24, 25). ამისთვის საჭიროა მონაწილეობა! რასაკვირველია, მონაწილეობა რომ მიიღოთ, საჭიროა წინასწარი შესწავლა. ახალგაზრდა და დასძენს: „როცა მომზადებული ხარ, შეხვედრებზე მონაწილეობა მართლა უფრო ადვილია“.
ღვთისმოსაწონი გზით სიარულს წარმატება მოაქვს
17. რა გაგებით არის ბიბლიის გულმოდგინე მკითხველი „წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით“?
17 შემდეგ ფსალმუნმომღერალი წარმატებულ კაცს აღწერს როგორც „წყლის ნაკადებთან დანერგილ ხეს“. წყლის ნაკადები შეიძლება ეხებოდეს რუებს, რომლებიც ხეხილის მოსარწყავად გამოიყენებოდა (ესაია 44:4). ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა კვებისა და გამოცოცხლების ასეთ უწყვეტ წყაროსთან დაკავშირებას ჰგავს (იერემია 17:8). ყოველდღიურად მიიღებთ ძალას, რომელიც გამოცდებისა და სიძნელეების გადასატანად გჭირდებათ. იეჰოვას თვალსაზრისის გაგება გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სიბრძნის შეძენაში დაგეხმარებათ.
18. როგორ შეძლებს ახალგაზრდა, წარმატებული იყოს იეჰოვასადმი მსახურებაში?
18 ზოგჯერ იეჰოვასადმი მსახურება შეიძლება ძნელი ჩანდეს. მაგრამ არასოდეს იფიქროთ, რომ ის შეუძლებელია (მეორე რჯული 30:11). ბიბლია გპირდებათ, რომ, სანამ თქვენი მთავარი მიზანია — ასიამოვნოთ იეჰოვას და გული გაუხაროთ მას, — ‘ყოველივეში, რასაც იქმთ, წარმატებული იქნებით’ (იგავნი 27:11). თანაც, გახსოვდეთ, რომ მარტო არა ხართ; იეჰოვა და იესო ქრისტე მხარს გიჭერენ (მათე 28:20; ებრაელთა 13:5). მათ იციან, რა ზეგავლენას ხვდებით, და არასოდეს მიგატოვებენ (ფსალმუნი 54:23). მხარს გიჭერენ აგრეთვე „საძმო“ და მშობლები, თუ ისინი ღვთისმოშიშები არიან (1 პეტრე 2:17). ასეთი მხარდაჭერით, აგრეთვე პირადი გადაწყვეტილებითა და ძალისხმევით შეგიძლიათ წარმატებული იყოთ ცხოვრებაში არა მარტო ახლა, არამედ მარადიულად!
გასამეორებელი კითხვები
◻ რა არის ნამდვილი წარმატება?
◻ რატომ გვჭირდება ნაბიჯების წარსამართავად იეჰოვას ხელმძღვანელობა?
◻ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ‘თავიანთი დღეების დათვლა’?
◻ რატომ არის უგუნურება, შეგვშურდეს ბოროტმოქმედებისა?
◻ როგორ დაეხმარება ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა და შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება ახალგაზრდებს, წარმატებული იყვნენ ცხოვრებაში?
[სურათი 20 გვერდზე]
რადგანაც არა აქვთ „შიში ღმერთისა“, ბევრი ახალგაზრდის საქციელი მავნებელი ხდება.
[სურათი 22 გვერდზე]
ახალგაზრდები ხშირად თავიანთი საქციელის შედეგებზე არ ფიქრობენ.
[სურათი 23 გვერდზე]
შეიყვარეთ ბიბლიის კითხვა.
[სურათი 23 გვერდზე]
შეხვედრები უფრო სასიამოვნო გახდება თქვენთვის, თუ მონაწილეობას მიიღებთ.