ბიბლიის თვალსაზრისი
ფულის სესხება-გასესხება მეგობრებს შორის
„ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს“ (ფსალმუნი 36:21).
„ფულს ნურც სხვისგან ისესხებ და ნურც შენ ასესხებ, რადგან სესხებით ფულსაც ჰკარგავ და მეგობარსაც“, — დაწერა ინგლისელმა დრამატურგმა უილიამ შექსპირმა, რომელმაც ძველთაგან მომდინარე სიბრძნე გაიმეორა. მართლაცდა, ადამიანების ურთიერთობაში მცირე მიზეზები თუ არის განხეთქილების ისე შემტანი, როგორც ფულის სესხება-გასესხება. საუკეთესოდ შედგენილი გეგმისა და გულწრფელი განზრახვების დროსაც კი ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა (ეკლესიასტე 9:11, 12).
შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ მოვალისთვის ძნელი ან შეუძლებელიც კი გახდეს პირობის შესრულება, ან კიდევ მევალეს უცბად დასჭირდეს გასესხებული ფული. როდესაც ასეთი რამ ხდება, როგორც შექსპირმა აღნიშნა, მეგობრობასა და ურთიერთობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს.
რა თქმა უნდა, ვინმეს შეიძლება მართლაც სჭირდება ფულის სესხება. შეიძლება ფინანსურად გაუჭირდა სერიოზული შემთხვევის ან სამუშაოს დაკარგვის გამო და ფულის სესხებაშიღა ხედავს ერთადერთ გამოსავალს. ბიბლია მოუწოდებს მათ, ვისაც გაჭირვებაში მყოფთა დახმარება შეუძლია, უკან არ დაიხიონ (იგავნი 3:27). ამ დახმარებაში შეიძლება შედიოდეს ფულის გასესხება. მაგრამ როგორ უნდა უყურებდეს თავის პასუხისმგებლობას ქრისტიანი, რომელიც ასეთ საქმეში ეხვევა?
მხედველობაში მისაღები პრინციპები
ბიბლია არ არის ფინანსური საკითხების სახელმძღვანელო. ის არ განიხილავს ყველა წვრილმანს, რაც შეიძლება სესხება-გასესხებას მოჰყვეს. საჭირო იქნება თუ არა ვალის დაბრუნება პროცენტით და, თუ დიახ, რამდენით — მსგავსი საკითხების გადაწყვეტა გამსესხებელ-მსესხებელზეა დამოკიდებულიa. მაგრამ ბიბლია გვაწვდის ნათელ, სიყვარულით აღსავსე პრინციპებს, რომლებითაც პიროვნებამ ასეთი შემთხვევისას უნდა იხელმძღვანელოს.
განვიხილოთ პრინციპები, რომლებიც მსესხებელს ეხება. პავლე მოციქული ქრისტიანებს მოუწოდებდა: „არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა“ (რომაელთა 13:8). თუმცა პავლემ ამ სიტყვებით საერთო პრინციპი მოგვცა, რა თქმა უნდა, მისი რჩევა შეგვიძლია გაფრთხილებად მივიღოთ, რომ ვალში არ ჩავცვივდეთ. ხანდახან უკეთესია არ გქონდეს ფული, ვიდრე ვიღაცის გემართოს. რატომ? იგავნის 22:7 ამბობს, რომ „მოვალე მევალის მონაა“. სანამ ვალს არ გაისტუმრებს, მოვალეს უნდა ახსოვდეს, რომ გადასახდელი აქვს. პრინციპში, სახსრები მთლად თავისი არ არის. პირობის თანახმად, პრობლემები რომ არ წამოიჭრას, ვალის გადახდას ცხოვრებაში სათანადო ადგილი უნდა დაეთმოს.
გარდა ამისა, დრო თუ გადის და ვალს არ უხდიან, გამსესხებელი შეიძლება გაღიზიანდეს. თუ მოვალე ტანსაცმელს ყიდულობს, რესტორნებში დადის ან დასასვენებლად მიდის, შეიძლება მევალე დაეჭვდეს და გულისწყრომა გაიზარდოს კიდეც. მათ ან მათი ოჯახის წევრებს შორისაც კი ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს ან სულაც გაფუჭდეს. ასეთივე სამწუხარო შედეგი შეიძლება მოჰყვეს მოვალის მიერ მიცემული სიტყვის შეუსრულებლობასაც (მათე 5:37).
მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ მოვალეს თავისი სიტყვის შესრულება მისგან დამოუკიდებელი ვითარების გამო არ შეუძლია? გააუქმებს ეს ვალს? ყოველთვის არა. ფსალმუნმომღერალმა თქვა, რომ სამართლიანი „დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის“ (ფსალმუნი 14:4). ასეთ შემთხვევაში მოვალის მხრიდან მოსიყვარულე და გონივრული იქნებოდა, მევალისთვის მაშინვე აეხსნა ვითარება. მაშინ ისინი შეძლებენ სხვა ალტერნატივებზე შეთანხმებას. ეს მათ შორის მშვიდობას უზრუნველყოფს და იეჰოვას ასიამოვნებს (ფსალმუნი 132:1; 2 კორინთელთა 13:11).
სინამდვილეში, ადამიანი ვალისადმი დამოკიდებულებით თავის პიროვნებას ავლენს. ვალის გადახდასთან დაკავშირებული დაუდევარი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ ის სხვებზე არ ზრუნავს. ფაქტობრივად, ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ავლენს, რომ ეგოისტია — პირველ ადგილზე თავის სურვილებს აყენებს (ფილიპელთა 2:4). ქრისტიანი, რომელიც ვალების გადახდას შეგნებულად არიდებს თავს, ღმერთთან თავის დამოკიდებულებას საფრთხეში აგდებს და მისი მოქმედებებიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ხარბი და ბოროტია (ფსალმუნი 36:21).
გამსესხებელი
მაშინ როდესაც მთავარი ვალდებულება მსესხებელს ეკისრება, არსებობს ისეთი პრინციპებიც, რომლებიც გამსესხებელს ეხება. ბიბლია გვიჩვენებს, რომ, თუ შეგვიძლია გაჭირვებულებს დავეხმაროთ, უკან არ უნდა დავიხიოთ (იაკობი 2:14–16). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პიროვნება ვალდებულია, გაასესხოს ფული მაშინაც კი, თუ სულიერი ძმა სთხოვს. „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს“, — ამბობს ბიბლია (იგავნი 22:3).
გამჭრიახმა პიროვნებამ იცის ფულის სესხება-გასესხებასთან დაკავშირებული მახეების შესახებ, ამიტომ ყურადღებით მოეკიდება ამ საკითხს, როდესაც მას მიმართავენ. მართლა სჭირდება ფული? კარგად აწონ-დაწონა ეს საკითხი? არის მომავალი მევალე სიტყვის პატრონი და აქვს კარგი რეპუტაცია? სურს ხელშეკრულების დადება, რომელშიც შეთანხმების პირობები იქნება მოცემული (შეადარეთ იერემია 32:8–14). ნამდვილად მზად არის ვალის გასასტუმრებლად?
ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანმა უარით უნდა გაისტუმროს გაჭირვებული, რომელსაც ეტყობა, რომ ვალი შეიძლება ვერ გადაიხადოს. ქრისტიანისთვის სხვებისთვის დახმარების გაწევა კომერციულ საქმიანობაზე მაღლა დგას. „ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?“ — კითხვას სვამს მოციქული იოანე. დიახ, ქრისტიანებმა უნდა გამოავლინონ ‘სიყვარული არა სიტყვებით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით’ (1 იოანე 3:17, 18).
ზოგჯერ ქრისტიანი შეიძლება წყვეტს, რომ გაჭირვებაში მყოფ ძმას ფული სესხად კი არ მისცეს, არამედ აჩუქოს ან სხვაგვარად გაუწოდოს დახმარების ხელი. მსგავსად ამისა, როდესაც შეთანხმებასთან დაკავშირებით სიძნელეები წამოიჭრება, გამსესხებელმა შეიძლება არჩიოს, გულმოწყალედ მოიქცეს. მან შეიძლება მოისურვოს, გაითვალისწინოს მოვალის შეცვლილი ვითარება და ვალის დაბრუნებისთვის უფრო მეტი დრო მისცეს, შეუმციროს გადასახდელი თანხა ან საერთოდ არ გამოართვას. ეს პირადად გადასაწყვეტი საკითხებია.
ქრისტიანებს უნდა ახსოვდეთ, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს, და რომ იმის საფუძველზე, როგორ ვიქცევით და როგორ ვიყენებთ ჩვენს სახსრებს, ანგარიშს ჩავაბარებთ მას (ებრაელთა 4:13). ბიბლიის რჩევა — „ყოველივე . . . იყოს სიყვარულში“ — რასაკვირველია, მეგობრებს შორის ფულის სესხება-გასესხებასაც ეხება (1 კორინთელთა 16:14).
[სქოლიო]
a სესხის პროცენტით აღება-გაცემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1991 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 25—28 [რუს.].
[სურათი 18 გვერდზე]
„ფულის გადამცვლელი ცოლთან ერთად“ (1514 წელი), კვინტის მასეისი.
[საავტორო უფლება]
Scala/Art Resource, NY