ნაწილი 2
ვის შეუძლია გვითხრას?
1, 2. რომელი საუკეთესო გზა არსებობს, რომ გავიგოთ იმის მიზანი, რაც შექმნილია?
1 ვის შეუძლია გვითხრას, სინამდვილეში, რა არის სიცოცხლის აზრი? დავუშვათ, შენ წახვედი რაიმე მექანიზმის კონსტრუქტორთან და ხედავ, რომ ის მუშაობს შენთვის უცნობი მექანიზმის რთულ ნაწილზე, როგორ შეგიძლია გაიგო, რისთვის არის განკუთვნილი ეს მექანიზმი? — ყველაზე უკეთესი საშუალება იქნებოდა, გეკითხა თავად კონსტრუქტორისთვის.
2 მაშ, რა შეიძლება ითქვას დიდებულ კონსტრუქციაზე, რომელსაც ვხედავთ დედამიწაზე, ჩვენს გარშემო, ცოცხალი ორგანიზმებით დაწყებული და უმცირესი ცოცხალი უჯრედით დამთავრებული? თვით პატარა მოლეკულები და ატომები, რომლისგანაც უჯრედი შედგება, საოცრად და წესრიგით არის შექმნილი. ასევე, რა შეიძლება ითქვას სასწაულებრივად შექმნილი ადამიანის ტვინის შესახებ? ჩვენს მზის სისტემაზე ან ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომზე, ან სამყაროზე? ნუთუ ყველა ამ მოწიწების მომგვრელ კონსტრუქციას არ სჭირდებოდა კონსტრუქტორი? მას, უსათუოდ, შეუძლია გვითხრას, რატომ შექმნა ყოველივე ეს.
წარმოიშვა თუ არა სიცოცხლე შემთხვევით?
3, 4. როგორია ალბათობა იმისა, რომ სიცოცხლე შემთხვევით წარმოიშვა?
3 ენციკლოპედია „ამერიკანა“-მ (The Encyclopedia Americana) აღნიშნა „ცოცხალი ქმნილებების სირთულისა და სტრუქტურის არაჩვეულებრივი დონე“ და განაცხადა: „ყვავილების, მწერებისა და ძუძუმწოვრების გულმოდგინე შესწავლა ცხადყოფს მათი ნაწილების დაუჯერებლად ზუსტ განლაგებას“. როდესაც მოიხსენიებდა ცოცხალი ორგანიზმების ქიმიურ შედგენილობას, ბრიტანელი ასტრონომი სერ ბერნარდ ლოველი წერდა: „ალბათობა. . . შემთხვევითი მოვლენისა, რომელსაც მოჰყვებოდა ცილის უმცირეს მოლეკულათაგან ერთ-ერთის შექმნა, წარმოუდგენლად მცირეა. . . ის, სინამდვილეში, ნულის ტოლია“.
4 მსგავსად ამისა, ასტრონომმა ფრედ ჰოილმა თქვა: „საყოველთაოდ აღიარებული ბიოლოგიის მთლიანი სისტემა ჯერ იმ თვალსაზრისისაა, რომ სიცოცხლე წარმოიშვა შემთხვევით. მაგრამ, რადგანაც ბიოქიმიკოსები სიცოცხლის საოცარი სირთულის შესახებ უფრო და უფრო მეტ აღმოჩენებს აკეთებენ, ნათელია: შემთხვევითი წარმოშობის შანსები იმდენად მცირეა, რომ შეიძლება მათი სრული გამორიცხვა. სიცოცხლე ვერ წარმოიშობოდა შემთხვევით“.
5-7. როგორ ამტკიცებს მოლეკულური ბიოლოგია, რომ ცოცხალი არსებების შემთხვევით წარმოშობა შეუძლებელია?
5 მეცნიერების ერთ-ერთი უახლესი დარგი, მოლეკულური ბიოლოგია, იკვლევს ცოცხალ არსებებს გენურ, მოლეკულურ და ატომურ დონეზე. მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი მაიკლ დენტონი გაკეთებულ აღმოჩენებს ასეთ კომენტარს უკეთებს: „უჯრედთა ცნობილი ტიპებიდან, თვით უმარტივესი უჯრედიც კი იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია დავუჯეროთ იმ თეორიას, რომელიც ამტკიცებს ასეთი ობიექტის შემთხვევით წარმოშობას, რომელიმე არამდგრადი, უკიდურესად დაუჯერებელი მოვლენის წყალობით“. „მაგრამ ასე სერიოზულად დამაფიქრებელია არა მხოლოდ ცოცხალი სისტემების სირთულე, არამედ წარმოუდგენელი გამომგონებლობა, რომელიც ძალიან ხშირად ჩანს მათ კონსტრუქციაში“. „ბიოლოგიური კონსტრუქციის გენიალობა და მიღწეული მიზნების სრულყოფილება უფრო აშკარა ხდება. . . მოლეკულურ დონეზე“.
6 შემდეგ დენტონი აცხადებს: „საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა სიღრმეებსაც არ უნდა ჩავუკვირდეთ, ჩვენ ვაწყდებით აბსოლუტურად უმაღლესი ხარისხის სინატიფესა და გამომგონებლობას, რომლებიც ასე ასუსტებენ შემთხვევითობის იდეას. ნამდვილად სარწმუნოა თუ არა, რომ შემთხვევითმა პროცესებმა შეძლეს არსებული სინამდვილის შექმნა, რომლის უმცირესი ელემენტი — ფუნქციონალური ცილა, ანუ გენი — ჩვენს შემოქმედებით შესაძლებლობებზე რთულია და წარმოადგენს არსებულ სინამდვილეს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შემთხვევითობის იდეას და ყოველმხრივ აღემატება ყველაფერს, რაც ადამიანის გონებამ შექმნა?“ ის, ასევე, აცხადებს: „ცოცხალ უჯრედსა და თვით ყველაზე მაღალორგანიზებულ არაბიოლოგიურ სისტემებს შორის, როგორებიცაა კრისტალი ან თოვლის ფიფქი, არის წარმოუდგენლად დიდი და გადაულახავი უფსკრული“. აგრეთვე, ფიზიკის პროფესორი ჩეტ რეიმო აცხადებს: „მე განცვიფრებული ვარ. . . იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითოეული მოლეკულა სასწაულებრივადაა გამოგონილი თავისი დავალებისთვის“.
7 მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი მაიკლ დენტონი ასკვნის: „მათ, რომლებიც ჯერ კიდევ დოგმატურად იცავენ იმ შეხედულებას, რომ მთელი ეს ახლად აღმოჩენილი სინამდვილე არის მხოლოდ შემთხვევითობის შედეგი“, სწამთ მითი. სინამდვილეში, დარვინის შეხედულებას, ცოცხალი არსებების შემთხვევით წარმოშობაზე, მან „მეოცე საუკუნის უდიდესი კოსმოგონიური მითი“ უწოდა.
კონსტრუქცია მოითხოვს კონსტრუქტორს
8, 9. მოიყვანე მაგალითები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ყოველივეს, რაც შექმნილია უნდა ჰყავდეს შემოქმედი.
8 ალბათობა, რომ არაცოცხალ მატერიას შემთხვევით შეეძლო გამხდარიყო ცოცხალი, რაღაც შემთხვევითი მოვლენით, იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელი ჩანს. შესანიშნავად შექმნილი ყველა ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე შემთხვევით ვერ გაჩნდებოდა, რადგანაც ყველაფერს, რაც შექმნილია, უნდა ჰყავდეს შემოქმედი. თუ იცი რამე გამონაკლისი? — გამონაკლისი არ არსებობს. და რაც უფრო რთულია კონსტრუქცია, კონსტრუქტორიც უფრო გონიერი უნდა იყოს.
9 ჩვენ, ასევე, შეგვიძლია ამ საკითხს ასეთი ილუსტრირება გავუკეთოთ: როდესაც ვუყურებთ ნახატს, ჩვენ ვაღიარებთ მხატვრის არსებობას; როდესაც ვკითხულობთ წიგნს, ვაღიარებთ ავტორის არსებობას; როდესაც ვუყურებთ სახლს, ვაღიარებთ მშენებლის არსებობას; როდესაც ვუყურებთ შუქნიშანს, ვიცით, რომ არსებობს წესების დამდგენი რაიმე ორგანო. ყოველივე ეს შექმნეს ამ პიროვნებებმა რაღაც მიზნით. თუმცა, შეიძლება, ყველაფერი არ ვიცით მათ შესახებ, რომლებმაც ეს საგნები გამოიგონეს, ჩვენ არ გვეეჭვება ამ ადამიანების არსებობა.
10. რა მტკიცებები შეიძლება იხილო, რომ უზენაესი კონსტრუქტორი არსებობს?
10 ამის მსგავსად, უზენაესი კონსტრუქტორის არსებობის მტკიცებები შეიძლება იხილო დედამიწის ცოცხალი არსებების კონსტრუქციაში, წესრიგსა და სირთულეში. ყოველ მათგანს ამჩნევია უზენაესი ინტელექტის ანაბეჭდი. იგივე შეიძლება ითქვას კონსტრუქციაზე, წესრიგსა და სირთულეზე, რომელიც ახასიათებს სამყაროს თავისი მილიარდობით გალაქტიკებითურთ და მათში შემავალ მილიარდობით ვარსკვლავებს. და ყველა ციურ სხეულს კონტროლს უწევს ზუსტი კანონები, როგორიცაა მოძრაობის, სითბოს, სინათლის, ბგერითი, ელექტრომაგნეტიზმისა და გრავიტაციის. შეიძლება თუ არა არსებობდეს კანონები კანონმდებლის გარეშე? სარაკეტო დანადგარების დარგის მეცნიერმა, დოქტორმა ვერნერ ფონ ბრაუნმა, განაცხადა: „სამყაროს ბუნებრივი კანონები იმდენად ზუსტია, რომ საერთოდ არ გვიძნელდება კოსმოსური ხომალდების აშენება, რათა გავფრინდეთ მთვარეზე, და შეგვიძლია გამოვთვალოთ ფრენის ხანგრძლივობა წამზე მეტი სიზუსტით. ეს კანონები ვიღაცას უნდა დაეწესებინა“.
11. რატომ არ უნდა უარვყოთ უზენაესი კონსტრუქტორის არსებობა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ მას?
11 მართალია, ჩვენ ვერ ვხედავთ უზენაეს კონსტრუქტორსა და კანონმდებელს ჩვენი თვალებით. მაგრამ უარვყოფთ თუ არა ისეთი რამის არსებობას, როგორიცაა მიზიდულობა, მაგნეტიზმი, ელექტრობა ან რადიოტალღები, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ მათ? — რა თქმა უნდა, არა, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია დაკვირვება მოვახდინოთ მათ ზემოქმედებაზე. მაშინ, რატომ უნდა უარვყოთ უზენაესი კონსტრუქტორისა და კანონმდებლის არსებობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ მას, როცა შეგვიძლია დავაკვირდეთ მისი განსაცვიფრებელი შემოქმედების შედეგს?
12, 13. რას ამბობს ფაქტები შემოქმედის არსებობის შესახებ?
12 ფიზიკის პროფესორი, პოლ დეივისი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის არსებობა არ წარმოადგენს, უბრალოდ, ბედის კაპრიზს. ის აცხადებს: „ნამდვილად რაღაც მნიშვნელობა აქვს ჩვენს აქ ყოფნას“. ასევე, სამყაროს შესახებ ის ამბობს: „ჩემი მეცნიერული მუშაობის განმავლობაში უფრო და უფრო დავრწმუნდი, რომ ეს მატერიალური სამყარო ისეთი საკვირველი გამჭრიახობით არის შექმნილი, რომ მე, უბრალოდ, არ შემიძლია ვაღიარო ეს აზრს მოკლებულ მტკიცებად. მე ვფიქრობ, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს უფრო ღრმა ახსნა-განმარტება“.
13 მაშასადამე, ფაქტები გვეუბნება, რომ სამყარო, დედამიწა და მასზე არსებული ცოცხალი ორგანიზმები ვერ გაჩნდებოდნენ მხოლოდ შემთხვევის წყალობით. ყოველი მათგანი უსიტყვოდ ამოწმებს უმაღლესად გონიერ და ძლევამოსილ შემოქმედზე.
რას ამბობს ბიბლია
14. რა დასკვნას აკეთებს ბიბლია შემოქმედზე?
14 ბიბლია, კაცობრიობის უძველესი წიგნი, იმავე დასკვნამდე მიდის. მაგალითად, ბიბლიის წიგნი, „წერილი ებრაელთა მიმართ“, რომელიც დაწერილია პავლე მოციქულის მიერ, გვამცნობს: „ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს ამშენებელი ღმერთია“ (ებრაელთა 3:4). იოანე მოციქულის მიერ დაწერილი ბიბლიის ბოლო წიგნი, ასევე, ამბობს: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და იქმნენ“ (გამოცხადება 4:11).
15. როგორ შეგვიძლია ჩავწვდეთ ღმერთის ზოგიერთ თვისებას?
15 ბიბლია ცხადყოფს, რომ თუმცა ღმერთის ნახვა შეუძლებელია, მისი ნამოქმედარის საშუალებით შეიძლება, გავიგოთ, თუ როგორი ღმერთია ის. მასში ნათქვამია: „[შემოქმედის] უხილავი. . . მარადიული ძალა და ღვთაება ქვეყნიერების დასაბამიდან ქმნილებათა განხილვით დაინახება“ (რომაელთა 1:20).
16. რატომ უნდა ვიყოთ ბედნიერები იმის გამო, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ იხილონ ღმერთი?
16 მაშასადამე, ბიბლიას მივყავართ შედეგიდან მიზეზისკენ. შედეგი — მოწიწების მომგვრელი ქმნილებები — წარმოადგენს გონიერი, ძლევამოსილი მიზეზის, ღმერთის შესახებ მტკიცებას. ასევე, ჩვენ შეგვიძლია მადლიერნი ვიყოთ იმის გამო, რომ ღმერთი უხილავია, რადგან როგორც მთელი სამყაროს შემოქმედი, უეჭველია, ის ფლობს ისეთ უზარმაზარ ენერგიას, რომ ხორცისა და სისხლის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ იხილონ ის და ჰქონდეთ ცოცხლად დარჩენის მოლოდინი. სწორედ ამას ამბობს ბიბლია: ‘ისე ვერ იხილავს ადამიანი [ღმერთს], რომ ცოცხალი დარჩეს’ (გამოსვლა 33:20).
17, 18. რატომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი ჩვენთვის კონცეფცია შემოქმედის შესახებ?
17 დიდებული კონსტრუქტორის, უზენაესი არსების, ანუ ღმერთის შესახებ კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენთვის. თუ ჩვენ შემოქმედმა შეგვქმნა, უდავოდ მას ამისთვის რაღაც საფუძველი, მიზანი უნდა ჰქონოდა. თუკი ჩვენ შექმნილი ვართ იმისთვის, რომ გვქონდეს ცხოვრებაში მიზანი, მაშინ არსებობს საფუძვლიანი იმედი, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. სხვაგვარად, ჩვენ მხოლოდ ვიცოცხლებთ და მოვკვდებით ყოველგვარი იმედის გარეშე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ ღმერთის განზრახვა ჩვენს მიმართ. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, გვსურს თუ არა ვიცხოვროთ ამ განზრახვის თანახმად.
18 ბიბლია, აგრეთვე, აცხადებს, რომ შემოქმედი არის მოსიყვარულე ღმერთი, რომელიც ძალიან ზრუნავს ჩვენზე. პეტრე მოციქულმა განაცხადა: „ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7; ასევე, ნახე იოანე 3:16 და 1 იოანე 4:8, 16). ერთ-ერთ შესაძლებლობას, რომ დავინახოთ, რამდენად მზრუნველია ღმერთი, წარმოადგენს იმაზე დაფიქრება, თუ რა შესანიშნავად ვართ აგებული მის მიერ, ფსიქიკურად და ფიზიკურად.
„საოცრებით. . . შენივთული“
19. რომელი ჭეშმარიტებისადმი მიმართა ჩვენი ყურადღება ფსალმუნმომღერალმა დავითმა?
19 ფსალმუნმომღერალმა დავითმა ბიბლიაში მადლიერებით წარმოთქვა: „საოცრებით ვარ შენივთული“ (ფსალმუნი 138:14). უეჭველად, ეს მართალია, რადგანაც ადამიანის ტვინი და სხეული განსაცვიფრებლად არის აგებული უზენაესი კონსტრუქტორის მიერ.
20. როგორ აღწერს ერთი ენციკლოპედია ადამიანის ტვინს?
20 მაგალითად, შენი ტვინი უფრო რთულია, ვიდრე რომელიმე კომპიუტერი. „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ (The New Encyclopedia Britannica) აღნიშნავს: „ინფორმაციის გადაცემა ნერვულ სისტემაში უფრო რთულია, ვიდრე უდიდეს სატელეფონო სადგურში; პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა ადამიანის ტვინში დიდად აღემატება ყველაზე უძლიერესი კომპიუტერის შესაძლებლობას“.
21. რა დასკვნამდე უნდა მივიდეთ, როდესაც ვიგებთ, თუ რას აკეთებს ჩვენი ტვინი?
21 ასობით მილიონი ფაქტი და აზრობრივი სურათი ინახება შენს ტვინში, მაგრამ ტვინი უბრალოდ ფაქტების საწყობი არ არის. მისი საშუალებით შენ შეგიძლია ისწავლო სტვენა, პურის გამოცხობა, უცხო ენებზე მეტყველება, კომპიუტერის გამოყენება ან თვითმფრინავის მართვა. შენ შეგიძლია წარმოიდგინო, თუ რა შესანიშნავი შვებულება შეიძლება გქონდეს ან რა გემო ექნება რომელიმე გემრიელ ხილს. შენ შეგიძლია გააანალიზო და გააკეთო რამე. შენ, აგრეთვე, შეგიძლია დაგეგმვა, მადლიერების გამოხატვა, სიყვარული და შენი ფიქრების დაკავშირება წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. რადგანაც ჩვენ, ადამიანები, ვერ შევქმნით ისეთ რამეს, როგორიცაა ადამიანის საოცარი ტვინი, მაშინ ნათელია, რომ მას, რომელმაც შექმნა ეს ტვინი, აქვს აღმატებულად უფრო მეტი სიბრძნე და შესაძლებლობა, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს.
22. რას აღიარებენ მეცნიერები ადამიანის ტვინთან დაკავშირებით?
22 ტვინის შესახებ მეცნიერებმა აღიარეს: „სავსებით წარმოუდგენელია, თუ როგორ გადაიცემა ეს ფუნქციები საუცხოოდ მოდელირებული, მოწესრიგებული და ფანტასტიკურად რთული მექანიზმის მეშვეობით. . . ადამიანები, შესაძლოა, ვერასოდეს გადაწყვეტენ ტვინის მიერ შემოთავაზებულ ცალკეულ თავსატეხებს“ („საიენტიფიკ ამერიკენ“ [Scientific American]). აგრეთვე, ფიზიკის პროფესორი რეიმო ამბობს: „სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, როგორ ინახავს ადამიანის ტვინი ინფორმაციას ან როგორ შეუძლია მას სურვილის მიხედვით გამოიძახოს მოგონებები. . . ადამიანის ტვინში არის ას მილიარდამდე ნერვული უჯრედი. თითოეული უჯრედი სხვა ათასობით უჯრედთან დაკავშირებულია ხის მსგავსად დატოტვილი სინაფსების მეშვეობით. შესაძლო ურთიერთკავშირები განსაცვიფრებლად რთულია“.
23, 24. დაასახელე სხეულის რამდენიმე შესანიშნავად შექმნილი ნაწილი; რა კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ინჟინერმა?
23 შენს თვალებს, ნებისმიერ კამერაზე უფრო მეტი სიზუსტე და შეგუების უნარი აქვს; სინამდვილეში, თვალები მთლიანად ავტომატური, თვითმაფოკუსირებელი და ფერადი კინო-კამერებია. შენს ყურებს შეუძლია დაიჭიროს სხვადასხვა ბგერები, მოგცეს იმის წარმოდგენა, თუ საიდან გამომდინარეობს ეს ბგერები და დაგეხმაროს წონასწორობის შენარჩუნებაში. შენი გული არის ტუმბო, ისეთი შესაძლებლობებით, რომლის გამეორებაც ვერ შეძლეს ყველაზე საუკეთესო ინჟინრებმა. მსგავს გაოცებას იწვევს სხეულის სხვა ნაწილები: ცხვირი, ენა და ხელები, ასევე, შენი სისხლის მიმოქცევისა და საჭმლის მომნელებელი სისტემები და სხვა.
24 ამიტომ, ერთ-ერთი ინჟინერი, რომელიც დაკვეთით მუშაობდა დიდი კომპიუტერის პროექტირებასა და აწყობაზე, ასე მსჯელობდა: „თუ ჩემი კომპიუტერი მოითხოვს კონსტრუქტორს, მაშინ რამდენად უფრო საჭიროა ის ისეთი რთული ფიზიო-ქიმიო-ბიოლოგიური მექანიზმისთვის, როგორიცაა ჩემი სხეული, რომელიც, თავის მხრივ, თითქმის უსასრულო კოსმოსის ძალიან უმცირესი ნაწილია“
25, 26. რისი თქმა შეუძლია ჩვენთვის დიდებულ კონსტრუქტორს?
25 როგორც ადამიანები ითვალისწინებენ რაიმე მიზნის მიღწევას, როდესაც ქმნიან თვითმფრინავებს, კომპიუტერებს, ველოსიპედებსა და სხვა ხელსაწყოებს, ასევე ადამიანის ტვინისა და სხეულის კონსტრუქტორს უნდა ჰქონოდა რაღაც განზრახვა, როდესაც გვქმნიდა ჩვენ. აგრეთვე, ამ კონსტრუქტორს უნდა ჰქონდეს უფრო აღმატებული სიბრძნე, ვიდრე ადამიანებს, რადგანაც არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია იმის გამეორება, რაც მის მიერ არის შექმნილი. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ეს ის პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია გვითხრას, თუ რატომ შეგვქმნა, რატომ დაგვასახლა დედამიწაზე და საით მივდივართ.
26 როდესაც ჩვენ ვიგებთ ყოველივე ამას, მაშინ ღმერთის მიერ ბოძებული სასწაულებრივი ტვინი და სხეული შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი მიზნის მისაღწევად ცხოვრებაში. მაგრამ სად შეიძლება გავიგოთ მისი განზრახვების შესახებ? სად იძლევა ის ამ ცნობებს?
[სურათი 7 გვერდზე]
ყველაზე საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, თუ რისთვის შექმნეს რაიმე, არის ის, რომ შეეკითხო თავად კონსტრუქტორს.
[სურათი 8 გვერდზე]
ცოცხალი არსებების სირთულე და კონსტრუირება შეიძლება იხილო დნმ-ის მოლეკულაში.
[სურათი 9 გვერდზე]
„პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობა ადამიანის ტვინში დიდად აღემატება ყველაზე უძლიერესი კომპიუტერის შესაძლებლობას“.