სასწავლო სტატია 22
გამოხატეთ მადლიერება იეჰოვასგან ბოძებული უხილავი ძღვნისთვის
„ვუყურებთ . . . უხილავს; ხილული დროებითია, უხილავი კი — მარადიული“ (2 კორ. 4:18).
სიმღერა 45 ჩემი გულის ზრახვები
მოკლე შინაარსიa
1. რა თქვა იესომ განძის ზეცაში მოგროვებაზე?
ღვთისგან ბოძებული ყველაზე ძვირფასი ძღვენი უხილავია. მთაზე ქადაგებისას იესომ იქ შეკრებილ ხალხს მოუწოდა, განძი ზეცაში მოეგროვებინათ, რადგან ასეთი განძი ყოველგვარ სიმდიდრეს აღემატება. შემდეგ კი დასძინა: „სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც“ (მათ. 6:19—21). როგორც წესი, ჩვენი გული იმისკენ ისწრაფვის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ. როცა იესო განძის ზეცაში მოგროვებაზე საუბრობდა, ღვთის წინაშე კარგი სახელის შექმნას გულისხმობდა. ასეთ განძს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.
2. ა) 2 კორინთელების 4:17, 18-ის თანახმად, რისკენ მოგვიწოდებს მოციქული პავლე? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 მეორე კორინთელების 4:17, 18-ში მოციქული პავლე მოგვიწოდებს, რომ ვუყუროთ უხილავს (წაიკითხეთ). ამ მუხლებში მოხსენიებულ სიტყვა „უხილავში“ ის კურთხევებიც მოიაზრება, რომლებსაც ახალ ქვეყნიერებაში მივიღებთ. თუმცა ამ სტატიაში ვისაუბრებთ ოთხ უხილავ ძღვენზე, რომლითაც დღესვე შეგვიძლია დავტკბეთ. ეს არის ღმერთთან მეგობრობა, ლოცვის პატივი, ღვთის წმინდა სულის მხარდაჭერა და მსახურებაში იეჰოვას, იესოსა და ანგელოზებთან თანამშრომლობა. აგრეთვე განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ თითოეული ამ ძღვნისთვის.
იეჰოვასთან მეგობრობა
3. რა არის ყველაზე ძვირფასი უხილავი ძღვენი და როგორ მივიღეთ ეს ძღვენი?
3 ყველაზე ძვირფასი უხილავი ძღვენი იეჰოვა ღმერთთან მეგობრობაა (ფსალმ. 25:14). რის საფუძველზე მეგობრობს წმინდა ღმერთი ცოდვილ ადამიანებთან? ღმერთი იესოს გამოსასყიდის საფუძველზე უწვდის ადამიანებს მეგობრობის ხელს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იესოს „ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი“ ეწოდება (იოან. 1:29). იეჰოვამ წინასწარ იცოდა, რომ თავისი ძე სიკვდილამდე ერთგულებას შეინარჩუნებდა და კაცობრიობას ცოდვისგან დაიხსნიდა. ღმერთი სწორედ ამის საფუძველზე მეგობრობდა იმ ადამიანებთან, რომლებიც ქრისტემდე ცხოვრობდნენ (რომ. 3:25).
4. ვინ იყვნენ ქრისტემდე მცხოვრები მამაკაცები, რომლებიც იეჰოვას დაუმეგობრდნენ?
4 ვისაუბროთ ქრისტემდე მცხოვრებ ზოგ მამაკაცზე, რომლებიც ღმერთს დაუმეგობრდნენ. მაგალითად, აბრაამი გამორჩეული რწმენის მქონე კაცი იყო. მისი სიკვდილიდან 1 000 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი იეჰოვამ ის მეგობრად მოიხსენია (ეს. 41:8). ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც თავის მეგობრებად მიიჩნევს. აბრაამი მის მეხსიერებაში დღესაც ცოცხალია (ლუკ. 20:37, 38). დავფიქრდეთ იობის მაგალითზეც. ერთხელ, როცა ანგელოზები ზეცაში შეიკრიბნენ, იეჰოვამ იობის შესახებ ბევრი კარგი რამ თქვა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იობი „უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში . . . და ბოროტებისგან შორს“ მდგარი ადამიანი იყო (იობ. 1:6—8). რას ფიქრობდა იეჰოვა დანიელზე, რომელიც დაახლოებით 80 წლის განმავლობაში წარმართთა შორის ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს? ხანში შესული დანიელი იეჰოვას ანგელოზმა სამჯერ დაარწმუნა, რომ ღვთისთვის „ძალიან ძვირფასი“ იყო (დან. 9:23; 10:11, 19). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა თავის ერთგულ მეგობრებს მკვდრეთით აღადგენს (იობ. 14:15).
5. რა არის აუცილებელი, რომ იეჰოვას დავუმეგობრდეთ?
5 დღეს მილიონობით არასრულყოფილ ადამიანს აქვს ღმერთთან ახლო ურთიერთობა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უამრავი მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი თავისი საქმეებით ამტკიცებს, რომ ღმერთთან მეგობრობა სურს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვა „მართლებთან ახლოს არის“ (იგავ. 3:32). ღმერთთან დამეგობრების საშუალებას იესოს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენა გვაძლევს. სწორედ გამოსასყიდის საფუძველზე გვეძლევა შესაძლებლობა, თავი მივუძღვნათ იეჰოვას და მოვინათლოთ. ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმით ღვთისადმი მიძღვნილ და მონათლულ მილიონობით ქრისტიანს ვუერთდებით, რომლებიც სამყაროში უდიდეს პიროვნებასთან ახლო ურთიერთობით ტკბებიან.
6. რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასთან მეგობრობას?
6 რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იეჰოვასთან მეგობრობას? აბრაამმა და იობმა ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში უერთგულეს ღმერთს. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანია ვემსახურებით იეჰოვას, ჩვენც ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება ამ დრომოჭმულ ქვეყნიერებაში. დანიელის მსგავსად იეჰოვასთან მეგობრობა ჩვენთვის სიცოცხლეზე ძვირფასი უნდა იყოს (დან. 6:7, 10, 16, 22). ღვთის დახმარებით ნებისმიერ განსაცდელს ავიტანთ და შევძლებთ ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ მასთან (ფილ. 4:13).
ლოცვა ღვთის ძღვენია
7. ა) იგავების 15:8-ის თანახმად, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთვის ჩვენი ლოცვები? ბ) როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე?
7 კიდევ ერთი უხილავი ძღვენი ლოცვის შესაძლებლობაა. ჩვეულებრივ, ახლო მეგობრებს სიამოვნებთ თავიანთი ფიქრებისა და გრძნობების ერთმანეთისთვის გაზიარება. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობაზეც. ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გველაპარაკება და თავის ფიქრებსა და გრძნობებს გვიმჟღავნებს. ჩვენც შეგვიძლია ლოცვაში ვესაუბროთ მას და გავანდოთ გულისნადები. იეჰოვა სიამოვნებით გვისმენს, როცა ვლოცულობთ (წაიკითხეთ იგავების 15:8). მოსიყვარულე მეგობრის მსგავსად იეჰოვა არა მხოლოდ გვისმენს, არამედ გვპასუხობს კიდეც ლოცვებზე. ზოგჯერ პასუხს მალევე ვიღებთ, ზოგ შემთხვევაში კი საჭიროა, განვაგრძოთ კონკრეტულ საკითხზე ლოცვა. როგორც არ უნდა იყოს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა შესაფერის დროს საუკეთესო სახით გვიპასუხებს. ცხადია, ღმერთი ყოველთვის ისე არ გვპასუხობს, როგორც ამას ჩვენ მოველით. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში მან შეიძლება პრობლემა არ აგვარიდოს, მაგრამ სიბრძნე და მოთმინების ძალა მოგვცეს (1 კორ. 10:13).
8. რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ლოცვის შესაძლებლობას?
8 რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ ლოცვის შესაძლებლობას? ამის ერთ-ერთი საშუალებაა, გავითვალისწინოთ იეჰოვას რჩევა და განუწყვეტლივ ვილოცოთ (1 თეს. 5:17). ღმერთი არ გვაიძულებს მასთან საუბარს. ის პატივს სცემს ჩვენს ნების თავისუფლებას, თუმცა ამავე დროს მოგვიწოდებს, გამუდმებით ვილოცოთ (რომ. 12:12). ასე რომ, მადლიერებას გამოვავლენთ, თუ დღის განმავლობაში ხშირად მივმართავთ მას ლოცვით. რა თქმა უნდა, ლოცვის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მადლიერების გამოხატვა და ჩვენი ზეციერი მამის განდიდება (ფსალმ. 145:2, 3).
9. როგორი დამოკიდებულება აქვს ერთ ძმას ლოცვისადმი და რისი თქმა შეიძლება თქვენზე?
9 რაც უფრო დიდი ხანია ვემსახურებით იეჰოვას და ვხედავთ, როგორ გვპასუხობს ლოცვებზე, მით უფრო ვაფასებთ ლოცვის შესაძლებლობას. მაგალითად, ერთი ძმა, კრისი, რომელიც 47 წელია, სრული დროით ემსახურება იეჰოვას, ამბობს: „დილით, ადრე ვიღვიძებ, რომ იეჰოვას ლოცვით მივმართო. ვერაფერი შეედრება იეჰოვასთან საუბარს მაშინ, როცა მზის პირველი სხივები ცვრიან ბალახს ეფინება! ამის შემხედვარე სურვილი მიჩნდება, მადლობა ვუთხრა შემოქმედს ყველაფრისთვის, მათ შორის ლოცვის შესაძლებლობისთვის. როდესაც დღის ბოლოს ვლოცულობ, მშვიდად ვიძინებ, რადგან იეჰოვას გული გადავუშალე“.
წმინდა სულის ძღვენი
10. რატომ უნდა დავაფასოთ წმინდა სულის ძღვენი?
10 წმინდა სული ღვთისგან ბოძებული კიდევ ერთი უხილავი ძღვენია. იესო მოგვიწოდებს, არ შევწყვიტოთ წმინდა სულისთვის ლოცვა (ლუკ. 11:9, 13). იეჰოვა ამ სულის მეშვეობით გვაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7; საქ. 1:8). წმიდა სულის დახმარებით ღმერთი ნებისმიერ განსაცდელს აგვატანინებს.
11. რა მხრივ გვეხმარება წმინდა სული?
11 წმინდა სული ამა თუ იმ უნარის განვითარებაშიც გვეხმარება, რათა თეოკრატიული დავალებები უკეთ შევასრულოთ. კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი წარმატება, რასაც ღვთისმსახურებაში ვაღწევთ, წმინდა სულის დახმარების შედეგია.
12. ფსალმუნის 139:23, 24-ის თანახმად, რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს წმინდა სული?
12 კიდევ რით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ წმინდა სულის ძღვენს? ერთ-ერთი საშუალებაა, ვთხოვოთ ღმერთს, დაგვანახვოს, ხომ არ შემოგვეპარა არასწორი ფიქრები და სურვილები (წაიკითხეთ ფსალმუნის 139:23, 24). თუ ამაზე ვლოცულობთ, იეჰოვა თავისი წმინდა სულის მეშვეობით დაგვანახვებს ჩვენს არასწორ აზროვნებასა თუ ცოდვილ მიდრეკილებებს. როცა საკუთარ თავში სისუსტეებს აღმოვაჩენთ, ღმერთს წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, რათა არასწორი სურვილებისა და ფიქრების მოსაშორებლად ძალა მოგვცეს. ასე ვაჩვენებთ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს, ისეთი რამ არ ჩავიდინოთ, რის გამოც იეჰოვა წმინდა სულს წაგვართმევდა (ეფეს. 4:30).
13. რა დაგვეხმარება უფრო მადლიერები ვიყოთ წმინდა სულის ძღვნისთვის?
13 მადლიერება გაგვიღრმავდება, თუ ვიფიქრებთ, რამდენი რამ კეთდება წმინდა სულის მეშვეობით. სანამ ზეცად ამაღლდებოდა, იესომ მოწაფეებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები . . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ეს სიტყვები დღეს გასაოცარი სახით სრულდება. წმინდა სულის ძალით გახდა შესაძლებელი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები დაახლოებით რვა მილიონ-ნახევარი ადამიანი იეჰოვას თაყვანისმცემლობაში გაერთიანებულიყო. გარდა ამისა, დღეს სულიერ სამოთხეში ვართ, რადგან ღვთის წმინდა სული გვეხმარება, განვივითაროთ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება. ამ თვისებების ერთობლიობას ბიბლია „სულის ნაყოფს“ უწოდებს (გალ. 5:22, 23). წმინდა სული მართლაც ფასდაუდებელი ძღვენია!
ზეციური მხარდაჭერა მსახურებაში
14. რა უხილავი მხარდაჭერა გვაქვს ქადაგების დროს?
14 იეჰოვასთან და მისი ორგანიზაციის ზეციერ ნაწილთან თანამშრომლობა კიდევ ერთი უხილავი ძღვენია, რომელსაც ძალიან ვაფასებთ (2 კორ. 6:1). მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მაშინ გვეძლევა, როცა მოწაფეების მომზადების საქმეში ვმონაწილეობთ. პავლემ საკუთარ თავზე და თანამსახურებზე ასეთი რამ თქვა: „ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9). რის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ იესოსთანაც ვთანამშრომლობთ? გავიხსენოთ, რა უთხრა მან თავის მიმდევრებს, როცა მოწაფეების მომზადების საქმე დაავალა. იესომ თქვა: „მე . . . თქვენთან ვარ“ (მათ. 28:19, 20). რას ვიტყოდით ანგელოზებზე? რაოდენ მადლიერები ვართ, რომ ანგელოზები გვხელმძღვანელობენ, რათა „მარადიული სასიხარულო ცნობა“ ვახაროთ „დედამიწის მკვიდრთ“ (გამოცხ. 14:6).
15. რომელი ბიბლიური მაგალითიდან ჩანს, რომ იეჰოვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამქადაგებლო საქმის წინსვლაში?
15 რა შედეგებს ვაღწევთ ზეციური მხარდაჭერის დახმარებით? როცა სამეფოს თესლს ვთესავთ, ზოგი თესლი კარგ ნიადაგზე ხვდება და იზრდება (მათ. 13:18, 23). ვინ ზრდის ჭეშმარიტების თესლს ადამიანის გულში და ვისი მეშვეობით გამოაქვს ნაყოფი? იესომ თქვა, რომ ვერავინ გახდებოდა მისი მიმდევარი, თუ მამამ არ მიიზიდა (იოან. 6:44). ეს ბიბლიაში ჩაწერილი შემთხვევიდანაც ჩანს. ერთხელ პავლემ ქალაქ ფილიპესთან ახლოს შეკრებილ ქალებს უქადაგა. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია ერთ-ერთ მათგანზე, სახელად ლიდიაზე: „იეჰოვამ მას გული გაუხსნა, რომ ყურადღებით მოესმინა პავლეს ნათქვამი“ (საქ. 16:13—15). ლიდიას მსგავსად იეჰოვამ მილიონობით ადამიანი მიიზიდა თავისკენ.
16. ვის უნდა მივაგოთ პატივი მსახურებაში მიღწეული წარმატებისთვის?
16 ვისი დამსახურებაა წარმატება, რომელსაც მსახურებაში ვაღწევთ? ამ კითხვაზე პასუხს გვცემს კორინთის კრებისთვის მიწერილი პავლეს სიტყვები: „მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ასე რომ, არც დამრგველია რამე, არც მომრწყველი, არამედ ღმერთი, რომელიც ზრდის“ (1 კორ. 3:6, 7). პავლეს მსგავსად მსახურებაში მიღწეული ნებისმიერი წარმატებისთვის პატივი იეჰოვას უნდა მივაგოთ.
17. როგორ გამოვხატოთ მადლიერება იმისთვის, რომ იეჰოვასთან, იესოსთან და ანგელოზებთან თანამშრომლობის პატივი გვაქვს?
17 როგორ გამოვხატოთ მადლიერება იმისთვის, რომ გვაქვს პატივი, ვითანამშრომლოთ იეჰოვასთან, იესოსთან და ანგელოზებთან? ამის ერთ-ერთი საშუალებაა, ვეძებოთ შესაძლებლობები, სასიხარულო ცნობა სხვებს გავუზიაროთ. ქადაგებისთვის არაერთ მეთოდს მივმართავთ. მაგალითად, ვქადაგებთ „სახალხოდ და კარდაკარ“ (საქ. 20:20). გარდა ამისა, ბევრი იეჰოვას მოწმე სიამოვნებით ქადაგებს არაფორმალურად. როცა ისინი უცნობებს ხვდებიან, თბილად ესალმებიან და საუბრის წამოწყებას ცდილობენ. თუ შეატყობენ, რომ ადამიანი განწყობილია მოსასმენად, საუბარს ტაქტიანად ისე წარმართავენ, რომ სასიხარულო ცნობის გაზიარება შეძლონ.
18, 19. ა) როგორ უნდა მოვრწყათ ჭეშმარიტების თესლი? ბ) როგორ დაეხმარა იეჰოვა ერთ მამაკაცს?
18 როგორც ღვთის თანამშრომლებმა, არა მხოლოდ უნდა დავთესოთ ჭეშმარიტების თესლი, არამედ უნდა მოვრწყათ კიდეც. როცა ვინმე ინტერესს ავლენს, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, განმეორებით მოვინახულოთ ან შეგვიძლია სხვას ვთხოვოთ, დაუკავშირდეს მას იმ მიზნით, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყოს. უდიდეს სიხარულს გვანიჭებს იმის დანახვა, როგორ იზრდება სულიერად შემსწავლელი და როგორ გარდაქმნის იეჰოვა მის გულსა და გონებას.
19 განვიხილოთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ერთი ექიმბაშის, რაფალალანის შემთხვევა. მართალია, მას მოსწონდა ბიბლიიდან ნასწავლი, მაგრამ უჭირდა იმის გათვალისწინება, რასაც ღვთის სიტყვა გარდაცვლილ წინაპრებთან ურთიერთობის დამყარებაზე ამბობს (კან. 18:10—12). თანდათანობით მან ღმერთს მისცა საშუალება, შეეცვალა მისი აზროვნება. დროთა განმავლობაში რაფალალანმა შეწყვიტა ეს საქმიანობა მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. დღეს რაფალალანი 60 წლისაა. ის ამბობს: „ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვას მოწმეების. ისინი ბევრ რამეში დამეხმარნენ, სამსახურიც კი მაშოვნინეს. თუმცა ყველაზე მეტად იეჰოვას ვემადლიერები, რომ ცხოვრების წესის შეცვლაში დამეხმარა. ახლა იეჰოვას მოწმე ვარ და ბიბლიურ ცნობას სხვებსაც ვუზიარებ“.
20. რა გაქვთ გადაწყვეტილი?
20 ამ სტატიაში ვისაუბრეთ ოთხ უხილავ ძღვენზე. მათგან ყველაზე განსაკუთრებული იეჰოვასთან მეგობრობის პატივია. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სხვა უხილავი ძღვნითაც ვისარგებლოთ — ლოცვით დავუახლოვდეთ ღმერთს, ვიგრძნოთ წმინდა სულის ძალა და ზეციური მხარდაჭერა მსახურებაში. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მადლიერება გავიღრმაოთ ყველა ამ უხილავი ძღვნისთვის და ყოველთვის ვმადლობდეთ ჩვენს შეუდარებელ მეგობარს, იეჰოვას!
სიმღერა 145 ღვთის მიერ დაპირებული სამოთხე
a წინა სტატიაში ვისაუბრეთ ღვთისგან ბოძებულ ხილულ ძღვენზე. ამ სტატიაში კი ვიმსჯელებთ სხვადასხვა უხილავ ძღვენზე და გავიგებთ, როგორ შეგვიძლია დავაფასოთ თითოეული. წინამდებარე სტატია აღგვძრავს, უფრო მეტად გამოვავლინოთ მადლიერება ყოველივე კარგის მბოძებლის, იეჰოვას მიმართ.
b სურათის აღწერა: 1) და ტკბება ღვთის შემოქმედებით და იეჰოვასთან მეგობრობაზე ფიქრობს.
c სურათის აღწერა: 2) ის იეჰოვას ლოცვაში გაბედულებას სთხოვს, რომ იქადაგოს.
d სურათის აღწერა: 3) წმინდა სული გაბედულებას მატებს და ის არაფორმალურად ქადაგებს.
e სურათის აღწერა: 4) და ბიბლიის შესწავლას ატარებს მასთან, ვისაც არაფორმალურად უქადაგა. მას ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში ანგელოზები ეხმარებიან.