რა არის უმთავრესი შენს ცხოვრებაში?
„მაუწყე, რომელი გზით ვიარო“ (ფსალმუნი 142:8).
1. რა დაასკვნა მეფე სოლომონმა ადამიანთა გატაცებებისა და მიღწევების შესახებ?
შენთვის ალბათ ცნობილია, რომ ცხოვრებაში უამრავი საქმე და საზრუნავია. როდესაც ამაზე ფიქრობ, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანი გგონია. სხვა საქმეები და საზრუნავი — უმნიშვნელოდ, ან საერთოდ არაფრად მიგაჩნია. რადგანაც დაინახე ცხოვრების ეს სინამდვილე, ეთანხმები ადამიანთა შორის უბრძნესი პიროვნების, მეფე სოლომონის აზრს. მას შემდეგ, რაც მან ბოლომდე გადახედა ცხოვრების ყველა მხარეს, დაასკვნა: „ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 2:4–9, 11; 12:13). რა მნიშვნელობა აქვს ამას დღეს ჩვენთვის?
2. რომელი ძირითადი კითხვა უნდა დაუსვან საკუთარ თავს ღვთისმოშიშმა ადამიანებმა და რა კითხვებს უკავშირდება ის?
2 თუ გსურს, რომ ‘ღვთისა გეშინოდეს და მისი მცნებანი დაიცვა’, დაუსვი შენს თავს მნიშვნელოვანი კითხვა, „რა არის უმთავრესი ჩემს ცხოვრებაში?“ მართალია, შენ ყოველდღიურად ვერ იფიქრებ ამ კითხვაზე, მაგრამ იქნებ ახლა განგვეხილა? სინამდვილეში ამ კითხვას უკავშირდება სხვა კითხვებიც, მაგალითად: „იქნებ გადაჭარბებულ ყურადღებას ვაქცევ სამუშაოს, პროფესიასა თუ მატერიალურ ნივთებს?“ „რა ადგილი უკავია სახლს, ოჯახსა და ახლობლებს ჩემს ცხოვრებაში?“ ახალგაზრდას შეიძლება დაებადოს კითხვა: „რამდენ დროსა და ყურადღებას იკავებს განათლება? სინამდვილეში არის თუ არა რამე ჰობით, სპორტით, ზოგიერთი სახეობის გართობითა თუ ტექნიკური საკითხებით გატაცება უმთავრესი ჩემთვის?“ ასაკისა თუ მდგომარეობის მიუხედავად, პირდაპირ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: „რა ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში ღვთისადმი მსახურებას?“ შენ ალბათ ეთანხმები პრიორიტეტების აუცილებლობას. მაგრამ, როგორ და სად შეგვიძლია ვიპოვოთ მხარდაჭერა მათ ბრძნულ განაწილებაში?
3. რას შეეხება ქრისტიანებისთვის პრიორიტეტების დადგენა?
3 „უმთავრესი“ — ამ ფრაზის ძირითადი აზრი მიგვანიშნებს იმაზე, რაც წინა პლანზე, ანუ რაც პირველ ადგილზე უნდა იყოს დაყენებული. იეჰოვას მოწმეს წარმოადგენ თუ ბიბლიის მილიონობით გულწრფელ შემსწავლელთა შორის ხარ, რომლებიც მოწმეებთან არიან დაკავშირებული, გონებაში აწონ-დაწონე შემდეგი ჭეშმარიტი სიტყვები: „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3:1). ფაქტია, ეს ეხება შენს მიერ ოჯახურ ურთიერთობებში მოსიყვარულე მზრუნველობის გამოვლენას (კოლასელთა 3:18–21). და აგრეთვე ეხება ქვეყნიური სამსახურის მეშვეობით ოჯახის კეთილსინდისიერად უზრუნველყოფასაც (2 თესალონიკელთა 3:10–12; 1 ტიმოთე 5:8). და რომ არ იყოს ყოველდღიური ერთფეროვნება, შესაძლოა ხანდახან ნახულობ დროს რაიმე ჰობისთვის ან გართობისა თუ დასვენებისთვის (შეადარე მარკოზი 6:31). მთელი სერიოზულობით რომ დაფიქრდე, ნუთუ არ მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრებაში ეს არ არის უმთავრესი? ფაქტია, რომ რაღაც სხვა წარმოადგენს უფრო მნიშვნელოვანს.
4. როგორ უკავშირდება ფილიპელთა 1:9, 10 ჩვენს მიერ პრიორიტეტების დადგენას?
4 შენ ალბათ ბიბლიის სახელმძღვანელო პრინციპები ფასეულ დახმარებად მიგაჩნია პრიორიტეტების დადგენასა და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში. მაგალითად, ფილიპელთა 1:9, 10 ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ‘უფრო და უფრო გაიზარდონ შემეცნებასა და შეგრძნებაში’. რა მიზნით? პავლე მოციქულმა განაგრძო: „რათა გამოსცადოთ უმჯობესი [‘უფრო მნიშვნელოვანი’, აქ]“. ნუთუ ეს სიტყვები არაფერზე მიგვანიშნებს? ზუსტი შემეცნების საფუძველზე გონიერი ქრისტიანი გადაწყვეტს, თუ რა უნდა წარმოადგენდეს უპირველესი ინტერესის საგანს — უმთავრესს — ცხოვრებაში.
მაგალითი, თუ რა არის უმთავრესი
5. ქრისტიანებისთვის დატოვებული მაგალითის განხილვისას, როგორ გვიჩვენებს საღვთო წერილი, თუ რა იყო იესოს ცხოვრებაში უმთავრესი?
5 პეტრე მოციქულის სიტყვებში ვნახულობთ შემეცნების შესანიშნავ შტრიხს: „ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ“ (1 პეტრე 2:21). დიახ, რომ გავყვეთ აზრის მსვლელობას — რა არის ცხოვრებაში უმთავრესი — შეგვიძლია განვიხილოთ, თუ რას ფიქრობდა იესო ქრისტე ამის შესახებ. ფსალმუნის 39:9-ში მასზე ნაწინასწარმეტყველებია: „შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია“. იგივე აზრი მან შემდეგი სიტყვებით გამოთქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34; ებრაელთა 12:2).
6. როგორ შეგვიძლია იგივე შედეგები გვქონდეს, როგორიც იესოს ჰქონდა ღვთის ნების პირველ ადგილზე დაყენებით?
6 ყურადღება მიაქციე, რომ მთავარია — ღვთის ნების შესრულება. იესოს მაგალითი ხაზგასმით გვიჩვენებს, რომ მისმა მოწაფეებმა სწორად უნდა გადაწყვიტონ, თუ რა არის უმთავრესი მათ ცხოვრებაში, რადგან იესომ თქვა: „ყველა, ვინც გაასრულებს, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი“ (ლუკა 6:40). როდესაც იესო თავისი მამის განზრახვის თანახმად ცხოვრობდა, მან ცხადყო, რომ ღვთის ნების უმთავრესად მიჩნევა და შესრულება არის ‘სიხარულის სისავსე’ (ფსალმუნი 15:11; საქმეები 2:28). ხვდები თუ არა ამ სიტყვების მნიშვნელობას? როდესაც ქრისტეს მიმდევრები ირჩევენ ღვთის ნების შესრულებას — და ეს საქმე მათთვის უმთავრესს წარმოადგენს ცხოვრებაში — განიცდიან ‘სიხარულის სისავსეს’ და აქვთ ნამდვილი ცხოვრება (1 ტიმოთე 6:19). ასე რომ, ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ნების შესრულების პრიორიტეტისთვის არაერთი საფუძველი არსებობს.
7, 8. რა განსაცდელები გადაიტანა იესომ და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამით?
7 მას შემდეგ, რაც იესომ სიმბოლურად თავი წარადგინა ღვთის ნების შესასრულებლად, ეშმაკი მთელი ძალებით ცდილობდა იესოს გზიდან აცდენას. რა ხერხებს მიმართა მან? სამ საკითხში გამოცდას. ყოველი გამოცდისას იესომ სავსებით ნათელი სიტყვებით ბიბლიიდან უპასუხა (მათე 4:1–10). მაგრამ მას კიდევ ელოდა გამოცდები — დევნა, დაცინვა, იუდას ღალატი, ცრუ ბრალდება და შემდეგ წამების ძელზე სიკვდილი. მაგრამ ვერც ერთმა გამოცდამ ვერ აიძულა ღვთის ერთგული ძე, რომ მამის მითითებები დაერღვია. კრიტიკულ წუთებში იესო ლოცულობდა: „არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“ (მათე 26:39, 42). ნუთუ გულისამაჩუყებელი არ არის ყოველი ჩვენგანისთვის იესოს ერთგულების მაგალითი, რომელიც დაგვიტოვა და ნუთუ არ უნდა წაგვახალისოს, რომ ვიყოთ ‘ლოცვაში მდგრადნი’? (რომაელთა 12:12).
8 დიახ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ვადგენთ პრიორიტეტებს, ძირითად დამხმარეს ღვთის ხელმძღვანელობა წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჭეშმარიტების მტრებისა და ღვთის ნების მოწინააღმდეგეების პირისპირ ვართ. გაიხსენე დავით მეფის ვედრება ხელმძღვანელობისთვის, როდესაც მტრებისგან წინააღმდეგობა ჰქონდა. ამას დავინახავთ 142-ე ფსალმუნის განხილვისას. ეს დაგვეხმარება, რომ გავიგოთ, თუ როგორ შევძლებთ გავაძლიეროთ პირადი ურთიერთობა იეჰოვასთან და განვმტკიცდეთ, რომ ღვთის ნების შესრულება ყოველთვის უმთავრესი იყოს ჩვენს ცხოვრებაში.
იეჰოვას ესმის ჩვენი ლოცვები და გვპასუხობს
9. ა) მიუხედავად იმისა, რომ დავითმა ცოდვები ჩაიდინა, რას გვიჩვენებს მისი სიტყვები და მოქმედებები? ბ) რატომ არ უნდა დავნებდეთ არაფერს, რომ ვაკეთოთ ის, რაც სწორია?
9 მიუხედავად იმისა, რომ დავითმა სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინა, სწამდა, რომ იეჰოვა მოისმენდა მის ვედრებას. ის თავმდაბლობით ემუდარებოდა: „უფალო, ისმინე ლოცვა ჩემი, ყურად იღე ჩემი ვედრება შენი ჭეშმარიტებით, მიპასუხე შენი სიმართლით. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება“ (ფსალმუნი 142:1, 2). დავითს ესმოდა საკუთარი არასრულყოფილება, მაგრამ მისი გული მთლიანად ღვთისკენ იყო მიმართული. ამგვარად, ის დარწმუნებული იყო, რომ სამართლიანად მიიღებდა ლოცვაზე პასუხს. ნუთუ ეს არ გვამხნევებს? მიუხედავად იმისა, რომ ღვთის წინაშე ყოველთვის მართლად ვერ ვმოქმედებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი მოგვისმენს თუ მთელი გულით მივმართავთ (ეკლესიასტე 7:20; 1 იოანე 5:14). როდესაც ლოცვაში მდგრადი ვართ, გადაწყვეტილებით უნდა ვიყოთ აღსავსე, რომ ამ საზარელ დროს ‘კეთილით ვძლიოთ ბოროტს’ (რომაელთა 12:20, 21; იაკობი 4:7).
10. რატომ ჰქონდა დავითს დაძაბული პერიოდები?
10 დავითსაც ჩვენს მსგავსად ჰყავდა მტრები. მან ბევრი მშფოთვარე დღე გადაიტანა მაშინ, როდესაც საულისგან დევნილი იძულებული იყო თავშესაფარი მარტოობაში, მიუვალ ადგილებში ეძებნა და მაშინაც, როდესაც მეფობდა და მტრებისგან იყო შეწუხებული. დავითი თავის მწუხარებას შემდეგი სიტყვებით აღწერს: „დევნა მტერმა ჩემი სული. . . დამსვა ბნელეთში. . . და შეწუხდა ჩემზე სული ჩემი, ჩემს შიგნით დანაღვლიანდა გული ჩემი“ (ფსალმუნი 142:3, 4). გაქვს თუ არა შენც საფუძველი, რომ მსგავსად იგრძნო თავი?
11. რა დაძაბული პერიოდების წინაშე დგებიან ღვთის დღევანდელი მსახურები?
11 მტრების შემოტევა, საშინელი ეკონომიკური გასაჭირით გამოწვეული მრავალი განსაცდელი, მძიმე ავადმყოფობები და სხვა მტანჯველი პრობლემები ღვთის ზოგ მსახურს სასოწარკვეთილებაში აგდებს. ხანდახან ისინიც თავს ისე გრძნობენ, თითქოს გული გაუქვავდათ. მათ თითქოს პირადად წამოუძახიათ: „შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე. . . მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად“ (ფსალმუნი 70:20, 21). როგორ პოვეს მათ დახმარება?
როგორ გავუმკლავდეთ მტრის შემოტევას
12. როგორ გაუმკლავდა დავითი მრავალ საშიშროებასა და განსაცდელს?
12 ფსალმუნის 142-ე თავის მე-5 მუხლში ვკითხულობთ, თუ როგორ მოიქცა დავითი, როდესაც საფრთხესა და დიდ განსაცდელში იყო: „ვიხსენებ ადრინდელ დღეებს, ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ“. დავითი იხსენებდა ღვთის საქმეებს, რაც თავისი მსახურებისთვის გააკეთა და იმასაც, თუ თვითონ როგორ გრძნობდა შვებას. ის ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოიმოქმედა იეჰოვამ თავისი დიდებული სახელისთვის. დიახ, დავითი ღვთის საქმეებზე ზრუნვას აგრძელებდა.
13. როგორ დაგვეხმარება მოთმინების გამოვლენაში ერთგული მსახურების ძველ და თანამედროვე მაგალითებზე ფიქრი განსაცდელში ყოფნისას?
13 ვიხსენებთ თუ არა ჩვენც ხშირად ღვთის ურთიერთობას მის ხალხთან? რასაკვირველია! ეს შეეხება ქრისტიანობამდელ ‘მოწმეთა ღრუბელის’ შესახებ ჩანაწერებს (ებრაელთა 11:32–38; 12:1). პირველი საუკუნის ცხებული ქრისტიანებიც წახალისებული იყვნენ, რომ ‘გაეხსენებინათ უწინდელი დღეები’ და ყველაფერი, რაც გადაიტანეს (ებრაელთა 10:32–34). რა შეიძლება ითქვას ღვთის დღევანდელი მსახურების მიერ გადატანილზე, მაგალითად მათზე, რომლებზეც ვკითხულობთ წიგნებში „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.) და „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“ (რუს.)a? ეს წიგნები და სხვა პუბლიკაციები, სადაც ყველა ინფორმაცია ფაქტებს წარმოადგენს, გვეხმარება გავიხსენოთ, თუ როგორ დაეხმარა იეჰოვა მათ, რომლებიც უძლებდნენ აკრძალვებს, პატიმრობას, ბრბოს თავდასხმებს, საკონცენტრაციო და ტყვეთა შრომა-გასწორების ბანაკებს. საშინელი განსაცდელი იყო ომის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყნებში, მაგალითად ლიბერიაში, ბურუნდიში, რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაში. წინააღმდეგობის დროს ღვთის მსახურები ითმენდნენ, რადგან იეჰოვასთან მტკიცე ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. ის ეხმარებოდა მათ, რომლებისთვისაც მისი ნების შესრულება უმთავრესი იყო ცხოვრებაში.
14. იეჰოვას კიდევ რომელ საქმეებზე უნდა ვიფიქროთ?
14 საკმაოდ გამამხნევებელია, როდესაც დავითის მსგავსად იეჰოვას საქმეებზე ვფიქრობთ. საკუთარი განზრახვის შესასრულებლად იეჰოვამ თავისი ძის სიკვდილით, აღდგომითა და განდიდებით ხსნა გვიბოძა (1 ტიმოთე 3:16). მან დაამყარა ზეციური სამეფო, სატანა და მისი დემონებისგან გაწმინდა ზეცა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღადგინა აქ, დედამიწაზე (გამოცხადება 12:7–12). მან სულიერი სამოთხე გააშენა და აკურთხა თავისი ხალხი სიმრავლით (ესაია 35:1–10; 60:22). მისი ხალხი ახლა, დიდი გასაჭირის დაწყებამდე საბოლოო დამოწმებას იძლევა (გამოცხადება 14:6, 7). დიახ, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საფიქრალი.
15. რითი დაინტერესებისკენ მოგვიწოდებენ და რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენზე?
15 როდესაც დაინტერესებული ვართ ღვთის ხელის ნამოქმედარით და ადამიანურ მისწრაფებებს არ ვართ აყოლილი, ჩვენზე შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ იეჰოვას მიერ გამოყენებულ ძალას წინ ვერაფერი დაუდგება. ეს საქმეები მხოლოდ ცისა და დედამიწის მშვენიერი ფიზიკური ქმნილებებით არ შემოიფარგლება (იობი 37:14; ფსალმუნი 18:2; 103:24). მის შესანიშნავ საქმეებში შედის ვერაგი მტანჯველებისგან თავისი ხალხის გათავისუფლება, როგორც ეს ნაჩვენები იყო წარსულში ყოფილი რჩეული ხალხის მაგალითით (გამოსვლა 14:31; 15:6).
ცოდნა, თუ რომელი გზით ვიაროთ
16. რამდენად რეალური იყო იეჰოვა დავითისთვის და როგორ შეგვიძლია ჩვენც დავრწმუნდეთ ამაში?
16 დავითი ლოცულობდა დახმარებისთვის, რომ ცხოვრების ყოველგვარი სიხარული არ ამოშრეტილიყო მასში: „ვიწვდი ხელებს შენსკენ. ჩემს სულს, ვითარცა მიწას გამოფიტულს, მოსწყურდი შენ. სწრაფად მიპასუხე, უფალო, სული ჩემი გაილია. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ დავემგვანები საფლავში ჩასულებს“ (ფსალმუნი 142:6, 7). ცოდვილმა დავითმა იცოდა, რომ ღვთისთვის დაფარული არ იყო მისი მდგომარეობა (ფსალმუნი 30:8). ხანდახან შესაძლოა ჩვენც ვგრძნობთ, რომ ჩვენი სულიერობა დაეცა. მაგრამ მდგომარეობა არაა უიმედო. იეჰოვა, რომელიც ისმენს ჩვენს ლოცვებს, დააჩქარებს ჩვენს „გამოჯანმრთელებას“, რადგან გამოგვაცოცხლებს მოსიყვარულე უხუცესების ან „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატიების მეშვეობით, ან კიდევ ქრისტიანული შეხვედრების იმ ნაწილებით, რომელიც თითქოს ზუსტად ჩვენთვის არის განკუთვნილი (ესაია 32:1, 2).
17, 18. ა) რა უნდა იყოს იეჰოვასადმი ჩვენი გულწრფელი მუდარა? ბ) რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული?
17 იეჰოვაზე მინდობა აგღვძრავს, რომ ვევედროთ მას: „მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო“ (ფსალმუნი 142:8). ნუთუ იეჰოვა გაგიცრუებს იმედს, თუ მისი ნების შესრულება უმთავრესი იქნება შენს ცხოვრებაში? ეშმაკსა და მის ანგელოზებს სურთ, რომ ხელი შეგვიშალონ ან სრულიად შეაჩერონ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგების საქმიანობა. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, იქ, სადაც ჭეშმარიტება ნებადართულია თუ იქ, სადაც აკრძალულია, ჩვენი ერთიანი ლოცვები ეთანხმება დავითის ვედრებას: „გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს“ (ფსალმუნი 142:9). სულიერი განადგურებისგან თავდაცვა შესაძლებელია უზენაესის საფარში დამკვიდრებით (ფსალმუნი 90:1).
18 ჩვენგან იმის აღიარებას, თუ რა არის ცხოვრებაში უმთავრესი, მტკიცე საფუძველი აქვს (რომაელთა 12:1, 2). არ დანებდე წუთისოფლის მცდელობას, რომ ტვირთად დაგადოს ის, რაც წუთისოფლისეული აზროვნების თანახმად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში. არ შეჩერდე და ეცადე, რომ შენი ცხოვრების ყოველ სფეროში მეფობდეს ის, რაც იცი, რომ უმთავრესია, ხოლო ეს უმთავრესი — ღვთის ნების შესრულებაა (მათე 6:10; 7:21).
19. ა) რა ვისწავლეთ დავითის შესახებ ფსალმუნის 142:1–9-დან? ბ) როგორ ავლენენ დღეს ქრისტიანები დავითის სულისკვეთებას?
19 ფსალმუნის 142-ე თავის პირველი ცხრა მუხლი ხაზგასმით გვიჩვენებს დავითის ახლო ურთიერთობას იეჰოვასთან. როდესაც ის მტრებისგან იყო შევიწროებული, თავისუფლად ევედრებოდა ღმერთს ხელმძღვანელობისთვის. მან გული გადაუშალა ღმერთს და სწორ გზაზე სიარულისთვის დახმარებას მასთან ეძებდა. მსგავსად არიან დღეს დედამიწაზე სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და მათი თანმხლებნი. მათთვის იეჰოვასთან ურთიერთობა ძვირფასია, რადგანაც ხელმძღვანელობისთვის მას ევედრებიან დახმარებას. ეშმაკისა და წუთისოფლისგან შემოტევის მიუხედავად მათთვის უმთავრესია ღვთის ნების შესრულება.
20. რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ სამაგალითონი ვიყოთ, როდესაც სხვებს ვასწავლით თუ რა არის უმთავრესი ცხოვრებაში?
20 მილიონობით ადამიანი, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან სწავლობს ბიბლიას, უნდა მიხვდეს, რომ ღვთის ნების შესრულებაა უმთავრესი. ჩვენ შეგვიძლია ამის დანახვაში დავეხმაროთ მათ შესწავლისას, როდესაც განვიხილავთ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ მე-13 თავს, სადაც ყურადღება გამახვილებულია პრინციპებზე, რომლებიც ღვთის სიტყვის მორჩილებას შეეხებაb. რასაკვირველია, ჩვენ მათთვის სამაგალითოს უნდა წარმოვადგენდეთ იმაში, რასაც ვასწავლით. დროის შედარებით მოკლე პერიოდში ისინიც მიხვდებიან, თუ რომელია ის გზა, რომელზეც უნდა იარონ. როდესაც მილიონობით ადამიანი პირადად ღებულობს გადაწყვეტილებას თუ რა უნდა იყოს მათ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი მნიშვნელობის მქონე, მრავალს ებადება სურვილი, რომ მიძღვნისა და ნათლობისკენ გადადგას ნაბიჯი. შემდეგ კრებას შეუძლია დაეხმაროს მათ, რომ არ შეჩერდნენ ცხოვრების გზაზე სიარულისას.
21. რომელი კითხვები იქნება განხილული შემდეგ სტატიაში?
21 მრავალი მაშინვე აცნობიერებს, რომ ღვთის ნებას ყველაზე მთავარი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მათ ცხოვრებაში. მაგრამ როგორ ასწავლის წარმატებებით იეჰოვა თავის მსახურებს მისი ნების შესრულებას? რა კურთხევა მოაქვს ამას მათთვის? ეს კითხვები განხილული იქნება შემდეგ სტატიაში წამყვან მუხლთან, ფსალმუნის 142:10-თან ერთად.
[სქოლიოები]
a ორივე წიგნი გამოქვეყნებულია საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.
b გამოქვეყნებულია 1995 წელს საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ შეგვიძლია დავადგინოთ პრიორიტეტები ფილიპელთა 1:9, 10-ის თანახმად?
◻ როგორ აჩვენა იესომ, თუ რა იყო მის ცხოვრებაში უმთავრესი?
◻ რა შეგვიძლია ვისწავლოთ განსაცდელში ყოფნის დროს დავითის მოქმედებიდან?
◻ რით გვეხმარება ფსალმუნის 142:1–9 დღეს?
◻ რა უნდა იყოს უმთავრესი ჩვენს ცხოვრებაში?
[სურათი მე-7 გვერდზე]
დავითის მოქმედებები ამტკიცებდა, რომ მინდობილი იყო იეჰოვაზე.
[საავტორო უფლება]
Reproduced from Illustrirte Pracht - Bibel/Heilige Schrift des Alten und Neuen Testaments, nach der deutschen Uebersetzung D. Martin Luther’s