სასწავლო სტატია 17
იეჰოვასთვის ძალიან ძვირფასი ხარ!
„იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით“ (ფსალმ. 149:4).
სიმღერა 108 ღმერთი ერთგულებას და სიყვარულს ავლენს
მოკლე შინაარსიa
1. რას ხედავს იეჰოვა თავის ხალხში?
იეჰოვა ღმერთი „ხარობს თავისი ხალხით“ (ფსალმ. 149:4). ამის ცოდნა ჩვენში სასიამოვნო გრძნობას იწვევს. იეჰოვა ხედავს ჩვენს კარგ თვისებებს, იცის ჩვენი უნარი და შესაძლებლობები და გვეხმარება, დავუახლოვდეთ მას. თუ მისი ერთგულები ვიქნებით, ჩვენი მეგობრობა მარადიულად გასტანს (იოან. 6:44).
2. რატომ უჭირს ზოგს იმის დაჯერება, რომ იეჰოვას უყვარს?
2 ზოგმა შეიძლება თქვას: „ვიცი, რომ იეჰოვას მთლიანობაში უყვარს თავისი ხალხი, მაგრამ მიჭირს იმის დაჯერება, რომ პირადად მეც ვუყვარვარ“. რატომ უჩნდება ზოგს ასეთი აზრი? ოქსანა,b რომელსაც უბედური ბავშვობა ჰქონდა, ამბობს: „როცა მოვინათლე და პიონერობა დავიწყე, ძალიან გახარებული ვიყავი. მაგრამ 15 წლის შემდეგ წარსულის მტკივნეულმა მოგონებებმა თავი შემახსენა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს იეჰოვასთვის მოსაწონი აღარ ვიყავი და მის სიყვარულს აღარ ვიმსახურებდი“. ერთი პიონერი და, იუე, რომელსაც ასევე მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ასეთ რამეს ამბობს: „იეჰოვას თავი იმიტომ მივუძღვენი, რომ მინდოდა გამეხარებინა. მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ მას ოდესმე თავს შევაყვარებდი“.
3. რას განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში?
3 ზემოხსენებული ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად, შეიძლება თქვენც გიყვართ იეჰოვა, მაგრამ ეჭვი გეპარებათ, მასაც უყვარხართ თუ არა. რატომ არის აუცილებელი იმაში დარწმუნება, რომ ღმერთს ნამდვილად უყვარხართ? რა დაგეხმარებათ ასეთი უარყოფითი ფიქრების დაძლევაში? მოდი ამ კითხვებზე ვიმსჯელოთ.
რატომ არის ჩვენთვის საზიანო ღვთის სიყვარულში დაეჭვება
4. რატომ არის ჩვენთვის საზიანო ღვთის სიყვარულში დაეჭვება?
4 სიყვარულს დიდი ძალა აქვს. თუ ეჭვი არ გვეპარება იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერაში, ვერანაირი სირთულე ვერ შეგვიშლის ხელს მისადმი გულმოდგინედ მსახურებაში. მაგრამ, თუ ეჭვი გვეპარება იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში, გული გაგვიტყდება და „ძალა გამოგვეცლება“ (იგავ. 24:10). ამ შემთხვევაში კი სატანისთვის ადვილი სამიზნე აღმოვჩნდებით (ეფეს. 6:16).
5. როგორ იმოქმედა ზოგზე ღვთის სიყვარულში დაეჭვებამ?
5 ზოგი ერთგული ქრისტიანი ეჭვებმა სულიერად დაასუსტა. მაგალითად, ერთი უხუცესი, სახელად ჯეიმზი, ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ბეთელში ვმსახურობდი და უცხოენოვან კრებაში მსახურება დიდ სიხარულს მანიჭებდა, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, მისაღები იყო თუ არა იეჰოვასთვის ჩემი მსხვერპლი. ის კი არა, იმაშიც დავეჭვდი, საერთოდ თუ ისმენდა იეჰოვა ჩემს ლოცვებს“. ევა, რომელიც სრული დროით მსახურობს, ამბობს: „იმ დასკვნამდე მივედი, რომ იეჰოვას სიყვარულში დაეჭვებას კარგი არაფერი მოაქვს. ეს სულიერ მადასაც გიქვეითებს და იეჰოვას მსახურების ხალისსაც გიკარგავს“. მაიკლი, ერთი უხუცესი ძმა, რომელიც პიონერად მსახურობს, ამბობს: „თუ ღვთის მზრუნველობაში ეჭვი შეგეპარება, ადვილად ჩამოშორდები მას“.
6. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ღვთის სიყვარულში ეჭვი გეპარებათ?
6 ამ მაგალითებიდან ვხედავთ, რა საზიანოა უარყოფითი ფიქრები. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეჭვი გეპარებათ ღვთის სიყვარულში? დაუყოვნებლივ იმოქმედეთ და იეჰოვას სთხოვეთ, მოგაშოროთ ისეთი ფიქრები, რომლებიც სულს გიფორიაქებთ, და მოგცეთ ღვთის მშვიდობა, „რომელიც დაიცავს თქვენს გულსა და გონებას“ (ფსალმ. 139:23; ფილ. 4:6, 7). ისიც გახსოვდეთ, რომ ასეთი ფიქრები სხვა ერთგულ და-ძმებსაც უჩნდებათ. მათაც უწევთ ჭიდილი უარყოფით გრძნობებთან. ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებსაც ეუფლებოდათ მსგავსი განცდები. განვიხილოთ, რისი სწავლა შეგვიძლია ამ მხრივ პავლე მოციქულისგან.
რას ვსწავლობთ პავლესგან
7. რა სირთულეებს შეხვდა პავლე?
7 ზოგჯერ ისეთი შეგრძნება ხომ არ გიჩნდებათ, რომ თავს ვეღარ ართმევთ თქვენზე დაკისრებულ მრავალ პასუხისმგებლობას? თუ ასეა, მაშინ ადვილად გაუგებთ პავლეს, რომელიც მხოლოდ ერთ კრებაზე კი არა, „ყველა კრებაზე“ წუხდა (2 კორ. 11:23—28). თუ ქრონიკული ავადმყოფობა გიკარგავთ ხალისს, გაიხსენეთ, რომ პავლეს მუდმივად აწუხებდა „ეკალი სხეულში“, რაც შეიძლება ავადმყოფობა ყოფილიყო. მას მთელი გულით სურდა ამ „ეკლის“ სხეულიდან მოშორება (2 კორ. 12:7—10). თუ საკუთარი სისუსტეების გამო გული გიტყდებათ, გახსოვდეთ, რომ პავლესაც ზოგჯერ მსგავსი გრძნობა ეუფლებოდა. მან საკუთარ თავს „საწყალი ადამიანი“ უწოდა, რადგან გამუდმებით უწევდა ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლა (რომ. 7:21—24).
8. რა დაეხმარა პავლეს, რომ სირთულეების მიუხედავად მსახურება არ შეეწყვიტა?
8 მრავალი განსაცდელისა თუ გულის გამტეხი სიტუაციის მიუხედავად, პავლეს იეჰოვას მსახურება არ შეუწყვეტია. რამ მისცა მას ამის ძალა? მართალია, ის კარგად ხედავდა თავის ნაკლოვანებებს, მაგრამ ეჭვი არასდროს შეჰპარვია იესოს გამოსასყიდის მხსნელ ძალაში. პავლესთვის ცნობილი იყო იესოს დაპირება, რომ „ყველას, ვისაც [იესო] სწამს, მარადიული სიცოცხლე“ ექნება (იოან. 3:15; რომ. 6:23). თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ნამდვილად სწამდა გამოსასყიდი. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა მზად არის, აპატიოს მას, ვინც მთელი გულით ინანიებს წარსულში ჩადენილ, თუნდაც მძიმე, ცოდვებს (ფსალმ. 86:5).
9. რა ვსწავლობთ გალატელების 2:20-ში ჩაწერილი სიტყვებიდან?
9 პავლეს მსახურების გაგრძელებაში იმის ცოდნაც დაეხმარა, რომ იეჰოვას ძალიან უყვარდა ის. ამ სიყვარულში ის არწმუნებდა, რომ იეჰოვამ თავისი ძე მისთვისაც გაიღო მსხვერპლად. მან თავისი რწმენა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ღვთის ძემ . . . შემიყვარა და თავი გასწირა ჩემთვის“ (წაიკითხეთ გალატელების 2:20). პავლეს არასწორი წარმოდგენა არ შეუქმნია ღვთის სიყვარულზე და ასე არ უფიქრია: „ვიცი, რომ იეჰოვას უყვარს ჩემი და-ძმები, მაგრამ ის მე ვერასოდეს შემიყვარებს“. პავლემ რომაელებს შეახსენა: „ქრისტე მაშინ მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომ. 5:8). ფაქტია, ღმერთს თითოეული თავისი მსახური უყვარს!
10. რას ვსწავლობთ რომაელების 8:38, 39-დან?
10 წაიკითხეთ რომაელების 8:38, 39. პავლეს ეჭვი არ ეპარებოდა ღვთის უსაზღვრო სიყვარულში. ის თავად წერდა, რომ ვერაფერი „ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“. პავლემ კარგად იცოდა, როგორი მოთმინებითა და გულმოწყალებით ეპყრობოდა იეჰოვა ისრაელს. მისი მსჯელობა შეგვიძლია ასე შევაჯამოთ: თუ იეჰოვამ თავისი ძე გამოგზავნა, რომ ჩემთვის მომკვდარიყო, არანაირი მიზეზი არ მაქვს, ეჭვი შევიტანო მის სიყვარულში (რომ. 8:32).
11. პავლეს მიერ ჩადენილი ცოდვების მიუხედავად, რომლებზეც 1 ტიმოთეს 1:12—15-შია საუბარი, რატომ იყო ის ღვთის სიყვარულში დარწმუნებული?
11 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 1:12—15. პავლეს, როგორც ჩანს, მოსვენებას უკარგავდა წარსულზე ფიქრი. შესაძლოა სწორედ ამიტომ უწოდა თავის თავს ცოდვილთა შორის პირველი. ჭეშმარიტების გაგებამდე ის გაშმაგებული დევნიდა ქრისტიანებს არაერთ ქალაქში, ზოგიერთს საპყრობილეში ყრიდა და ზოგიერთის სიკვდილით დასჯასაც ემხრობოდა (საქ. 26:10, 11). წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა პავლე თავს, თუ გაქრისტიანების შემდეგ შეხვდებოდა ახალგაზრდა ქრისტიანს, რომლის მშობლებიც თავის დროზე მისი ხელშეწყობით გამოასალმეს სიცოცხლეს. მან მოინანია ჩადენილი შეცდომები, თუმცა იმასაც აცნობიერებდა, რომ წარსულს ვეღარ შეცვლიდა. პავლემ ირწმუნა, რომ ქრისტე მისთვის მოკვდა. ამიტომ სრული დამაჯერებლობით წერდა: „ღვთის წყალობით ვარ ის, ვინც ვარ“ (1 კორ. 15:3, 10). რით არის ეს შენთვის საყურადღებო? გჯეროდეს, რომ ქრისტე შენთვის მოკვდა და საშუალება მოგცა, იეჰოვასთან თბილი, ახლო ურთიერთობა განგევითარებინა (საქ. 3:19). იეჰოვასთვის მთავარია, რას ვაკეთებთ ახლა და რას გავაკეთებთ მომავალში და არა ის, რა შეცდომები დავუშვით წარსულში. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვიყავით თუ არა იმ დროს იეჰოვას მოწმე (ეს. 1:18).
12. როგორ დაგვეხმარება 1 იოანეს 3:19, 20-ში ჩაწერილი სიტყვები, თუ თავს ღვთის სიყვარულის ღირსად არ ვთვლით?
12 ზოგს უჭირს იმის დაჯერება, რომ იესოს მსხვერპლს შეუძლია მისი ცოდვების გადაფარვა და უღირსობის გრძნობით შეპყრობილი ფიქრობს, რომ ასეთ მსხვერპლს არ იმსახურებს. რატომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს ასეთი აზრი? ზოგჯერ ჩვენი გული გვატყუებს და გვაჯერებს, რომ არაფრის ღირსი არა ვართ, მათ შორის, არც სიყვარულის (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19, 20). ასეთ დროს უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ „ღმერთი ჩვენს გულზე დიდია“. ზეციერ მამას ძალიან ვუყვარვართ და დიდსულოვნად გვპატიობს. თუ შევეცდებით, მისი თვალით შევხედოთ საკუთარ თავს, მაშინ ჩვენს გულში ადგილი აღარ დარჩება უარყოფითი გრძნობებისთვის. იეჰოვას თვალით იმ შემთხვევაში შევხედავთ საკუთარ თავს, თუ ვიკვლევთ მის სიტყვას, ხშირად ვლოცულობთ და ახლო ურთიერთობა გვაქვს მის ერთგულ მსახურებთან. რატომ არის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი?
ბიბლიის კვლევის, ლოცვისა და მეგობრების როლი
13. როგორ გვეხმარება ღვთის სიტყვის კვლევა? (იხილეთ ჩარჩო „როგორ ეხმარება მათ ღვთის სიტყვა?“).
13 თუ ყოველდღიურად იკვლევთ ღვთის სიტყვას, უფრო ნათლად დაინახავთ იეჰოვას არაჩვეულებრივ თვისებებს. ასე უფრო მეტად დარწმუნდებით, რომ იეჰოვას სათუთი გრძნობები აქვს თქვენდამი. თუ ყოველდღიურად იფიქრებთ ღვთის სიტყვის ამა თუ იმ მონაკვეთზე, სწორი აზროვნება ჩამოგიყალიბდებათ და მოიშორებთ არასწორ ფიქრებსა და სურვილებს (2 ტიმ. 3:16). ერთი უხუცესი, სახელად კევინი, რომელსაც დაბალი თვითშეფასება ჰქონდა, ამბობს: „103-ე ფსალმუნის კითხვა და გაანალიზება დამეხმარა, საღად მეაზროვნა და იეჰოვას თვალით დამენახა საკუთარი თავი“. ზემოხსენებული ევა ამბობს: „დღის ბოლოს დროს გამოვყოფ იმისთვის, რომ მშვიდ გარემოში ჩავუღრმავდე იეჰოვას აზრებს. ეს შინაგან სიმშვიდეს მანიჭებს და რწმენას მიძლიერებს“.
14. როგორ გვეხმარება ლოცვა?
14 ხშირად ილოცეთ (1 თეს. 5:17). მეგობრობა წარმოუდგენელია ხშირი და გულწრფელი საუბრების გარეშე. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვასთან მეგობრობაზეც. როცა მას ჩვენს გრძნობებს, ფიქრებსა და წუხილს ვუზიარებთ ლოცვაში, ვაჩვენებთ, რომ ნდობას ვუცხადებთ მას და ეჭვი არ გვეპარება მის სიყვარულში (ფსალმ. 94:17—19; 1 იოან. 5:14, 15). ზემოხსენებული იუე ამბობს: „ლოცვის დროს მხოლოდ განვლილი დღის ამბებს კი არ ვუყვები ღმერთს, გულს ვუშლი მას და ჩემს გრძნობებზე ვესაუბრები. ეს დამეხმარა, იეჰოვა აღმექვა, როგორც მოსიყვარულე მშობელი და არა როგორც კომპანიის დირექტორი“ (იხილეთ ჩარჩო „წაგიკითხავთ ეს წიგნი?“).
15. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ზრუნავს თქვენზე?
15 იმეგობრეთ იეჰოვას ერთგულ მსახურებთან. ისინი ღვთისგან ბოძებული ძღვენი არიან (იაკ. 1:17). ის ფაქტი, რომ გვყავს სულიერი ოჯახი, რომელიც ჭირსა თუ ლხინში გვერდში გვიდგას, იეჰოვას მზრუნველობაზე მეტყველებს (იგავ. 17:17). კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ მოიხსენია ზოგიერთი ქრისტიანი, რომლებიც მას მხარში ედგნენ და თქვა, რომ ისინი მისთვის ნუგეში იყვნენ (კოლ. 4:10, 11). თვით ქრისტე იესოსაც სჭირდებოდა ზეციერი თუ მიწიერი მეგობრების მხარდაჭერა, რისთვისაც ის ძალიან მადლიერი იყო (ლუკ. 22:28, 43).
16. როგორ გვეხმარებიან სულიერად მოაზროვნე მეგობრები იეჰოვასთან დაახლოებაში?
16 უარს ხომ არ ამბობთ იმ ძღვენზე, რომელიც იეჰოვამ მეგობრების სახით გიბოძათ? სანდო მეგობრისთვის გულის გადაშლა სისუსტის მაჩვენებელი სულაც არ არის; ეს გვიცავს კიდეც. აი, რას ამბობს ზემოხსენებული ჯეიმზი: „სულიერად მოწიფული ქრისტიანები ჩემთვის მაშველი რგოლივით არიან. როცა უარყოფითი ფიქრები მომეძალება ხოლმე, ჩემი ძვირფასი მეგობრები მოთმინებით მისმენენ და თავიანთ სიყვარულში მარწმუნებენ. მათი მეშვეობით ვხედავ, როგორ ვუყვარვარ იეჰოვას და როგორ ზრუნავს ჩემზე“. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, დავუმეგობრდეთ სულიერად მოაზროვნე და-ძმებს!
დარჩით იეჰოვას სიყვარულში
17, 18. ვის უნდა დავუგდოთ ყური და რატომ?
17 სატანას სურს, დაგვათმობინოს ჩვენი ქრისტიანული პოზიცია. მას უნდა, დაგვარწმუნოს, რომ იეჰოვას არ ვუყვარვართ და გადარჩენას არ ვიმსახურებთ. მაგრამ როგორც ამ სტატიამ შეგვახსენა, ეს მტკნარი სიცრუეა!
18 იეჰოვას უყვარხარ და მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ. თუ იესოს მსგავსად დაემორჩილები, შენც მარადიულად დარჩები მის სიყვარულში (იოან. 15:10). ასე რომ, ყურს ნუ დაუგდებ სატანას და შენს მაცდურ გულს. ნაცვლად ამისა, მოუსმინე იეჰოვას, რომელიც თითოეულ ჩვენგანში კარგს ხედავს. გახსოვდეს, „იეჰოვა ხარობს თავისი ხალხით“, მათ შორის შენით!
სიმღერა 141 სიცოცხლის სასწაული
a ზოგიერთ ჩვენს და-ძმას უჭირს იმის დაჯერება, რომ იეჰოვას უყვარს ისინი. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვას თითოეული ჩვენგანი უყვარს და რა უნდა გავაკეთოთ, თუ ეჭვი გვეპარება მის სიყვარულში.
b ზოგი სახელი შეცვლილია.
c სურათის აღწერა: წარსულში პავლემ მრავალი ქრისტიანი ჩაყარა საპყრობილეში. მაგრამ ის შეიცვალა, როცა დააფასა ქრისტეს მსხვერპლი. იქიდან მოყოლებული, პავლე ამხნევებდა თანაქრისტიანებს, რომელთა ოჯახის წევრებსაც შესაძლოა წარსულში თავად დევნიდა.