ᲓᲔᲓᲐᲛᲘᲬᲐ
მზის სისტემაში სიდიდით მეხუთე პლანეტა, ხოლო მზიდან დაშორების მიხედვით — მესამე. დედამიწა პოლუსებთან ოდნავ შებრტყელებული სფეროიდია. კოსმოსიდან დედამიწის რელიეფის სხვა უმნიშვნელო უსწორმასწორობანიც შეინიშნება. პლანეტის მასა შეადგენს დაახლ. 5,98 ×1024 კგ-ს, ხოლო ფართობი — 510 000 000 კმ2-ს. დედამიწის ეკვატორული წრეწირის სიგრძე ოდნავ აღემატება 40 000 კმ-ს, ეკვატორული დიამეტრი კი 12 750 კმ-ს შეადგენს (ეს მონაცემები მიახლოებითია). ოკეანეებსა და ზღვებს დედამიწის ზედაპირის დაახლ. 71% უკავია, ხოლო ხმელეთს შესაბამისად — 29%, რაც 149 000 000 კმ2-ს შეადგენს.
დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, რაც დღისა და ღამის მონაცვლეობას განაპირობებს (დბ. 1:4, 5). მზისიერი დღე-ღამე დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდია, რომელიც 24 საათს შეადგენს. რაც შეეხება ტროპიკულ წელიწადს (განისაზღვრება წელიწადის დროთა მონაცვლეობით), ეს არის დროის შუალედი გაზაფხულის ბუნიობის წერტილში მზის ორ მომდევნო გავლას შორის. მისი საშუალო ხანგრძლივობა 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46 წამს შეადგენს. ეს ციფრი გამოიყენება მზისიერ კალენდარულ სისტემაში. ვინაიდან ის დღე-ღამეთა არა მთელი, არამედ წილადი რიცხვისგან შედგება, დროის აღრიცხვის საქმეში ერთგვარ სირთულეს ქმნის.
დედამიწის ღერძი ორბიტის სიბრტყისადმი პერპენდიკულარული მიმართულებიდან 23° 27′ კუთხით არის გადახრილი. გიროსკოპული ეფექტის გამო მზის გარშემო დედამიწის მოძრაობის დროს ეს კუთხე და ღერძის მიმართულება თითქმის არ იცვლება, რის შედეგადაც ხდება წელიწადის დროების კანონზომიერი შენაცვლება.
დედამიწას გარს არტყია ატმოსფერო, რომელიც, ძირითადად, აზოტისგან, ჟანგბადისგან, წყლის ორთქლისა და სხვა აირებისგან შედგება. ატმოსფერო დედამიწის ზედაპირიდან დაახლ. 1 000 კმ სიმაღლეზე ვრცელდება. ატმოსფეროს ზემოთ კოსმოსური სივრცე იწყება.
ბიბლიური სიტყვები და მათი მნიშვნელობები. ებრაულ წერილებში დედამიწის, როგორც პლანეტის, აღსანიშნავად გამოყენებულია სიტყვა ʼერეც. მისი სხვა მნიშვნელობებია: 1) დედამიწა (ცის საპირისპიროდ) (დბ. 1:2); 2) მიწა, ქვეყანა, ტერიტორია (დბ. 10:10); 3) მიწის ზედაპირი (დბ. 1:26); 4) დედამიწის მოსახლეობა (დბ. 18:25).
რაც შეეხება სიტყვას ʼადამაჰ, ის ნათარგმნია როგორც „მიწა“. მისი სხვა მნიშვნელობებია: 1) დამუშავებული, ნაყოფის მომცემი მიწა (დბ. 3:23); 2) ვინმეს კუთვნილი ან ზოგადად მიწის ნაკვეთი (დბ. 47:18); 3) ფხვიერი ნივთიერება, მტვერი (იერ. 14:4; 1სმ. 4:12); 4) მიწის ზედაპირი (დბ. 1:25); 5) ქვეყანა, ტერიტორია (ლვ. 20:24); 6) მთელი დედამიწა, დასახლებული დედამიწა (დბ. 12:3). სავარაუდოდ, ეს სიტყვა ეტიმოლოგიურად უკავშირდება სიტყვას ʼადამ, რომელიც მიწის მტვრისგან შექმნილ პირველ ადამიანს დაერქვა (დბ. 2:7).
ბერძნულ წერილებში სახნავი მიწისა და ნიადაგის აღსანიშნავად გამოყენებულია სიტყვა გე (მთ. 13:5, 8). მასში აგრეთვე იგულისხმება მიწა, როგორც ნივთიერება, რომლისგანაც ადამი შეიქმნა (1კრ. 15:47); დედამიწა, როგორც პლანეტა (მთ. 5:18, 35; 6:19); დედამიწა, როგორც ადამიანებისა და ცხოველების საცხოვრებელი (ლკ. 21:35; სქ. 1:8; 8:33; 10:12; 11:6; 17:26); ქვეყანა, ტერიტორია (ლკ. 4:25; ინ. 3:22); მიწის ზედაპირი (მთ. 10:29; მრ. 4:26) და ხმელეთი (ზღვისა თუ სხვა ბუნებრივი წყალსატევის საპირისპიროდ) (ინ. 21:8, 9, 11; მრ. 4:1).
სიტყვა ეკუმენე, რომელიც ნათარგმნია როგორც „მსოფლიო“, „დედამიწა“ და „ქვეყანა“, დასახლებული დედამიწის აღსანიშნავად გამოიყენება (მთ. 24:14; ლკ. 2:1; სქ. 17:6; გმც. 12:9).
ზემოთ მოყვანილ თითოეულ შემთხვევაში სიტყვის მნიშვნელობას განსაზღვრავს დედნისეული სიტყვის ფორმა, უფრო მეტად კი კონტექსტი.
ებრაელები დედამიწას კომპასის ოთხი მიმართულების შესაბამისად ოთხ რეგიონად ყოფდნენ. ებრაულ წერილებში გამოყენებული დედნისეული სიტყვა, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „წინ“, აღმოსავლეთზეც მიუთითებს (დბ. 12:8), „უკან“ — დასავლეთზე (ეს. 9:12), „მარჯვნივ“ — სამხრეთზე (1სმ. 23:24), ხოლო „მარცხნივ“ — ჩრდილოეთზე (იობ. 23:8, 9; შდრ. ბსგ). იესო ნავეს ძის 4:19-ში ებრაულ ტექსტში აღმოსავლეთის აღსანიშნავად გამოყენებული სიტყვა მზის ამოსავალს ნიშნავს. დასავლეთის აღსანიშნავად იყენებდნენ სიტყვას, რომელიც სიტყვასიტყვით მზის ჩასავალს ნიშნავს (2მტ. 32:30). მიმართულების მისანიშნებლად ზოგჯერ დედამიწის ფიზიკურ მახასიათებლებსაც იყენებდნენ. მაგალითად, „ზღვა“ (ხმელთაშუა ზღვა), რომელიც დასავლეთით თითქმის მთელ პალესტინას ესაზღვრება, დასავლეთის აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა (რც. 34:6).
შემოქმედება. ჩვენი პლანეტის შექმნის ისტორია ბიბლიაში მარტივი სიტყვებითაა გადმოცემული: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (დბ. 1:1). მაგრამ ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული, რამდენი ხნის წინ შეიქმნა ცა და დედამიწა. ამიტომ ბიბლეისტებს პლანეტის წლოვანების შესახებ მეცნიერული დასკვნების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ გააჩნიათ. მეცნიერთა ვარაუდით, ზოგი ქანი 3,5 მილიარდ წელს ითვლის, ხოლო დედამიწა — 4—4,5 მილიარდ წელს ან შესაძლოა მეტს.
ბიბლიაში უფრო კონკრეტული ინფორმაციაა მოცემული ექვსი შემოქმედებითი დღის შესახებ. ეს დღეები ეხება არა დედამიწის, როგორც ფიზიკური სხეულის შექმნას, არამედ მის მოწყობასა და მომზადებას ადამიანის საცხოვრებლად.
ბიბლიაში არ წერია, შექმნა თუ არა ღმერთმა სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც. ასტრონომებმა დედამიწის გარდა ვერც ერთ სხვა პლანეტაზე ვერ აღმოაჩინეს სიცოცხლის კვალი და ჯერჯერობით არც ეგულებათ ისეთი პლანეტა, რომელზეც სასიცოცხლო პირობები არსებობს.
განზრახვა. როგორც ყველა სხვა ქმნილება, დედამიწაც იეჰოვას ნებით შეიქმნა (გმც. 4:11). დედამიწას მარადიულად უნდა ეარსება (ფს. 78:69; 104:5; 119:90; ეკ. 1:4). იეჰოვა თავს განზრახვების ღმერთად გვაცნობს და გვარწმუნებს, რომ მისი განზრახვების შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგება (ეს. 46:10; 55:11). დედამიწის შექმნის მიზანი კარგად ჩანს ადამიანთა პირველი წყვილისთვის ნათქვამი ღვთის სიტყვებიდან: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დბ. 1:28). დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზე არსებობდა, წუნდაუდებელი იყო. ყოველივე აუცილებლის შექმნის შემდეგ იეჰოვამ დაინახა, რომ ყველაფერი „ძალიან კარგი“ იყო. იქიდან მოყოლებული ღმერთი „ისვენებს“ ანუ დედამიწაზე აღარ ეწევა შემოქმედებით საქმიანობას (დბ. 1:31—2:2).
დედამიწაზე ადამიანიც ყოველთვის იარსებებს. როდესაც ღმერთმა ადამს აუკრძალა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან ნაყოფის ჭამა, მის სიტყვებში ისიც იყო ნაგულისხმევი, რომ ადამიანს შეეძლო, მარადიულად ეცხოვრა დედამიწაზე (დბ. 2:17). იეჰოვა თავად გვარწმუნებს იმაში, რომ „სანამ დედამიწა იარსებებს, არ შეწყდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე“ (დბ. 8:22) და რომ ის წარღვნით აღარ გაანადგურებს ყოველ ხორციელს (დბ. 9:12—16). იეჰოვა ამბობს, რომ მას ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია დედამიწა, არამედ დასასახლებლად შექმნა და ის სიკვდილსაც სამუდამოდ მოუღებს ბოლოს. ამგვარად, ღმერთმა დედამიწა იმ განზრახვით შექმნა, რომ მასზე სრულყოფილმა ადამიანებმა მარადიულად და ბედნიერად იცხოვრონ (ფს. 37:11; 115:16; ეს. 45:18; გმც. 21:3, 4).
ღვთის ეს წმინდა და დაუბრკოლებელი განზრახვა კარგად ჩანს ბიბლიის შემდეგი სიტყვებიდან: „ღმერთმა მეშვიდე დღისთვის დაასრულა თავისი საქმე … აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდად გამოაცხადა, რადგან ამ დღეს ისვენებს მთელი თავისი შემოქმედებითი საქმიანობისგან, ვინაიდან შექმნა ყველაფერი, რაც განზრახული ჰქონდა“ (დბ. 2:2, 3). ექვსი შემოქმედებითი დღისგან განსხვავებით „დაბადებაში“ არაფერია ნათქვამი მეშვიდე ანუ ღვთის დასვენების დღის დასრულებაზე. მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ ეს დღე გრძელდებოდა ისრაელი ერის ისტორიის განმავლობაში და მის დროსაც ჯერ არ იყო დასრულებული (ებ. 3:7—11; 4:3—9). ღმერთმა თქვა, რომ მეშვიდე დღე მისთვის წმინდა იყო. ის შეასრულებდა დედამიწასთან დაკავშირებულ თავის განზრახვას; ამ დღის განმავლობაში მისი განზრახვა სრულად განხორციელდებოდა დედამიწაზე შემოქმედებითი საქმიანობის განახლების გარეშეც.
ბიბლია ეთანხმება მეცნიერულ ფაქტებს. ბიბლიაში, კერძოდ, იობის 26:7-ში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დედამიწა თავის ორბიტაზე, უმთავრესად, გრავიტაციული და ცენტრიდანული ძალების ურთიერთქმედების წყალობით რჩება. ეს ძალები, რა თქმა უნდა, უხილავია. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ სხვა ციური სხეულების მსგავსად, დედამიწა არაფერზეა დაკიდებული. ღვთივშთაგონებით ესაია წინასწარმეტყველი იეჰოვაზე წერდა: „ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე, რომლის მკვიდრნიც კუტკალიას ჰგვანან“ (ეს. 40:22). ბიბლიაში აგრეთვე ნათქვამია: „[ღმერთმა] წყლების ზედაპირს წრე შემოავლო“ (იობ. 26:10). სწორედ მისი ბრძანებით არ გადმოდის წყალი ნაპირებიდან, არ ტბორავს ხმელეთს და არც სივრცეში იფანტება (იობ. 38:8—11). ცხადია, იეჰოვას გადასახედიდან დედამიწას წრის ფორმა აქვს, როგორც მთვარეს აქვს წრის ფორმა ჩვენი გადასახედიდან. ვიდრე ხმელეთი გამოჩნდებოდა, მთელი პლანეტა წყლით დაფარული სფერული მასა იყო (დბ. 1:2).
ჩვენს მსგავსად ბიბლიის მწერლები ხშირად დამკვირვებლის პოზიციიდან ანუ იმ კონკრეტული გეოგრაფიული წერტილიდან გამომდინარე საუბრობდნენ, სადაც იმყოფებოდნენ. მაგალითად, ბიბლიაში ნახსენებია „მზის ამოსავლის მხარე“ (რც. 2:3; 34:15). ზოგი კრიტიკოსი ამას ჩაეჭიდა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ ბიბლია არ არის მეცნიერულად ზუსტი. მათი აზრით, ებრაელებს ეგონათ, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწა იყო და მზე მის ირგვლივ ბრუნავდა. მაგრამ ბიბლიის მწერლებს ამგვარი მოსაზრება არსად გამოუთქვამთ. კრიტიკოსებს მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ მსგავსი ფრაზები თვითონაც არაერთხელ გამოუყენებიათ თავიანთ ასტრონომიულ კალენდრებში. დღესაც ჩვეულებრივ ამბობენ, რომ მზე ამოვიდა, ან მზე ჩავიდა. ბიბლიაში აგრეთვე ნახსენებია „დედამიწის კიდეები“ (ფს. 22:27; 46:9), „დედამიწის ოთხი კიდე“ (ეს. 11:12), „დედამიწის ოთხი კუთხე“ და „დედამიწის ოთხი ქარი“ (გმც. 7:1). ეს ფრაზები სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ებრაელებს დედამიწა ოთხკუთხედი ეგონათ. ციფრი ოთხი ხშირად სისრულის აღსანიშნავადაც გამოიყენება. მაგალითად, ორიენტაციისთვის ჩვენც ქვეყნის ოთხი მხარის აღმნიშვნელ სიტყვებს ვიყენებთ და ზოგჯერ ვამბობთ ფრაზებს „დედამიწის კიდით-კიდემდე“, „დედამიწის ოთხივე კუთხეში“, რაშიც ვგულისხმობთ მთელ დედამიწას (შდრ. ეზკ. 1:15—17; ლკ. 13:29).
ფიგურალური და სიმბოლური ფრაზები. ბიბლიაში ზოგ ადგილას დედამიწა ფიგურალური მნიშვნელობით არის მოხსენიებული. მაგალითად, იობის 38:4—6-ში ის შედარებულია შენობასთან. ამ მუხლებში იეჰოვა იობს ეკითხება, იცის თუ არა, როგორ შექმნა დედამიწა და როგორ განაგებს მას. ცხადია, ამ კითხვებზე იობს პასუხები არ ჰქონდა. იეჰოვა დედამიწის ბრუნვის ხილულ შედეგსაც ხატოვანი ენით აღწერს: „ის [დედამიწა] თიხასავით იცვლება, როცა ბეჭედს ასვამენ“ (იობ. 38:14). ბიბლიურ დროში დოკუმენტებზე ავტორის ემბლემას ზოგჯერ ცილინდრული ბეჭდით სვამდნენ. რბილ თიხაზე დაწერილ დოკუმენტზე ან კონვერტზე ამ ბეჭდის გადატარებისას თიხაზე მისი ანაბეჭდი რჩებოდა. მსგავსად ამისა, როდესაც გამთენიისას დედამიწას მზის სხივები ეცემა და ის ნელ-ნელა გამოდის ღამის სიბნელიდან, მისი ფორმაცა და ფერიც თანდათან იკვეთება. ბიბლიაში დედამიწას ფიგურალურად იეჰოვას ფეხსადგამიც ეწოდება, რადგან ზეცა, როგორც იეჰოვას ტახტის სამყოფელი, დედამიწას გადმოჰყურებს (ფს. 103:11; ეს. 55:9; 66:1; მთ. 5:35; სქ. 7:49). შეოლში ანუ ჰადესში, კაცობრიობის საერთო სამარეში, მყოფებზე ბიბლია ამბობს, რომ მიწის ქვეშ არიან (გმც. 5:3).
მოციქული პეტრე ცასა და მიწას (2პტ. 3:5) სიმბოლურ ცასა და დედამიწას ადარებს (2პტ. 3:7). მე-7 მუხლში მოხსენიებულ „ცაში“ არ იგულისხმება იეჰოვას სამყოფელი ანუ მისი სატახტო ადგილი ზეცაში, ვინაიდან შეუძლებელია იეჰოვას ზეციერი სამყოფლის შერყევა. არც ამავე მუხლში მოხსენიებული „დედამიწა“ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან იეჰოვა ამბობს, რომ ის მყარად დააფუძნა (ფს. 78:69; 119:90). მაგრამ ღმერთი იმასაც ამბობს, რომ შეძრავს ცასა და მიწას (ანგ. 2:21; ებ. 12:26), დედამიწაც და ცაც გაიქცევა მისგან და დამყარდება ახალი ცა და ახალი დედამიწა (2პტ. 3:13; გმც. 20:11; 21:1). აშკარაა, რომ ამ შემთხვევებში „ცაც“ და „დედამიწაც“ სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული; ეს უკანასკნელი გულისხმობს დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს, როგორც ეს ფსალმუნის 67:7-დანაც ჩანს (იხ. ᲖᲔᲪᲐ, ᲪᲐ [ახალი ცა და ახალი დედამიწა]).
დედამიწაში სიმბოლური გაგებით საზოგადოების შედარებით სტაბილური სტრუქტურებიც იგულისხმება, ხოლო საზოგადოების მშფოთვარე, არასტაბილური ელემენტები აღელვებულ ზღვასთანაა შედარებული (ეს. 57:20; იაკ. 1:6; იუდ. 13; შდრ. გმც. 12:16; 20:11; 21:1).
იოანეს 3:31-ის თანახმად, მაღლიდან მომავალი იმაზე მაღლა დგას, ვინც მიწიდან (გე) არის. ბერძნული სიტყვა ეპიგეოს (ნიშნავს მიწიერს) მიუთითებს იმაზე, რაც ამქვეყნიური და ფიზიკურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზეციერს უპირისპირდება, და რაც ზეციერთან შედარებით მდარე და უხეშია. ადამიანი მიწისგან არის შექმნილი (2კრ. 5:1; შდრ. 1კრ. 15:46—49). მიუხედავად ამისა, მას შეუძლია ღვთის სიტყვისა და სულის კარნახით სულიერი ცხოვრებით იცხოვროს და, ამგვარად, გული გაუხაროს ღმერთს (1კრ. 2:12, 15, 16; ებ. 12:9). ადამიანი ცოდვას დაემონა და უფრო მატერიალურისკენ ისწრაფვის, ვიდრე სულიერისკენ (დბ. 8:21; 1კრ. 2:14), ამიტომ სიტყვა „მიწიერს“ შეიძლება უარყოფითი დატვირთვაც ჰქონდეს და ზნეობრივად დაცემულს ან სულის საწინააღმდეგოს გულისხმობდეს (ფლ. 3:19; იაკ. 3:15).